„ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს

ნადირობის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის სამუშაო ვერსია დაინტერესებულ მხარეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნადირობის შესახებ ახალი კანონი  ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას.  კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.

შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა ახალი კანონპროექტის  სამუშაო ვერსიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

„ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებულ მონადირეს ექნება მონადირეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატი. ახალი კანონით საქართველოში დაიწყება ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ბრაკონიერობის შემცირებასა  და  ამ სექტორიდან მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლების მიღებას“, – აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა

კანონის პროექტი „ნადირობის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს  ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის  მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს მთავრობისა და შვედეთის სამეფოს მთავრობის ურთიერთანამშრომლობის მიმდინარე პროექტია, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების, მათ შორის, ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“.

თქვენი რეკლამა