ლავზონიის კვიპაროსელა (ხამეციპარისი)

ხამეციპარისი, ლავზონიის, კვიპაროსელა

ხამეციპარისი, კვიპაროსელა (Chamaecyparis), ოჯ. Cupressaceae – კვიპაროსისებრნი,  გვარში 7 სახეობაა და ყველა მათგანია, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიასა და ჩინეთში.

ახალგაზრდა მცენარეებს გააჩნიათ კომპაქტური, მკვრივი, უფრო ხშირად ოვალურ-მომრგვალებული ფორმის ვარჯი; ხნოვანებს – ხშირი, კეგლისებური, არათანაბრად განლაგებული ტოტებით. პატარა ტოტები გაბრტყელებულია და დაფარულია ოჯახისათვის დამახასიათებელი ტიპური ქერცლისებური წიწვებით. აღმონაცენებსა და ნორჩ მცენარეებს სხვანაირი წიწვები აქვთ – ნემსისებური, ძალზე წვრილი და რბილი. ასაკოვან მცენარეებს ორივე ტიპის წიწვები აქვთ, ხოლო ჯიშებს შეიძლება ჰქონდეთ ნებისმიერი, მათ შორის კომბინირებულიც.

მამრობითი და მდედრობითი „ყვავილები“ ვითარდება ერთსა და იმავე მცენარის გვერდით ტოტებზე. გირჩები მწიფდება პირველსავე წელს. ისინი წვრილია, მომრგვალო და უხეში. თესლი წვრილია, ორფრთიანი, ელიფსური ან მრგვალი, 2-5 ცალი ერთ ნაყოფში.

ლავზონის კვიპაროსელა (ხამეციპარისი) – Chamaecyparis lawsoniana

ბოტანიკური აღწერა

დიდი ზომის ეფექტური ხეა, რომელიც იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში სამხრეთ-დასავლეთ ორეგონიდან ჩრდილო-დასავლეთ კალიფორნიამდე. ღერო სწორია, 25-30 მ სიმაღლის და 1,7 მ დიამეტრის.

დიდი ტოტები მოკლეა, ჰორიზონტალური. ტოტების წვერები ქვემოთაა დაშვებული, რის გამოც ვარჯი ღებულობს მახვილკეგლისებურ ფორმას გვერდით გადახრილი კენწეროთი. პატარა ტოტები ბრტყელია, ერთ დონეზე თითქმის ჰორიზონტალურად განლაგებული.

ქერქი მოწითალო-ყავისფერია, მრგვალი ქერცლისებური ფირფიტებით. მოზრდილ მცენარეთა წიწვი ქერცლისებურია, ზემოდან მომწვანო-ლეგა ფერის, ქვემოდან – ლეგა მომწვანო. გირჩები მოცისფრო-მწვანეა, მრავალრიცხოვანი, წვრილი (დაახლოებით 8 მმ დიამეტრის), მომრგვალო, მწიფდება პირველსავე წელს.

გირჩი, ხამეციპარისი, ლავზონიის, კვიპაროსელა

აგროტექნიკა

კვიპაროსელა სინათლის მოყვარული, მაგრამ ამავე დროს ჩრდილისამტანი მცენარეა. ჩრდილში ზრდის დროს ის სრულად ინარჩუნებს თავის დეკორატიულობას. უფრო მეტიც, ჩრდილოეთის ბაღებში ღია მზიან ადგილებში მისი დარგვა სასურველი არაა – ჩრდილში ისინი უკეთ იზამთრებენ, გაზაფხულის მზეზე კი დამწვრობებს ღებულობენ. თუმცაღა ოქროსფერწიწვიანი ჯიშების ინტენსიურ ჩრდილში დარგვა მიზანშეწონილი არაა, რადგან ამ შემთხვევაში მათთვის დამახასიათებელ შეფერილობას კარგავენ.

მოზრდილ ეგზემპლარებს გააჩნიათ მძლავრი, დატოტვილი ფესვთა სისტემა, რის გამოც დამატებით კვებას არ საჭიროებენ. ნორჩ მცენარებს კი გაზაფხულზე, თოვლის გადნობის შემდეგ, კომპლექსური ან კომბინირებული მინერალური სასუქების ნოტიო მიწაში შეტანა ესაჭიროებათ. სასუქების მაღალი კონცენტრაციები დამღუპველია!

გადარგვას ადვილად იტანს. ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. მაგრამ თუ ფესვთა კოშტი ფორმირებულია, შეიძლება მთელი ზაფხულის განმავლობაშიც.

მსხვილი ეგზემპლარების გადარგვას ახდენენ მხოლოდ ფესვთა კოშტის ფორმირების შემდეგ. ამისათვის დაგეგმილ გადარგვამდე 6-12 თვით ადრე ვარჯის გარშემოწერილობაზე ბარით რამდენჯერმე ღრმად ჩაჭრიან ფესვებს. გადარგვის შემდეგ აუცილებელია უხვად მორწყვა. აქტიური ზრდის პერიოდში გადარგულ მცენარეებს აუცილებლად მოუჩრდილავენ და დაფესვიანებამდე წყალს ასხურებენ.

კვიპაროსელა ტენისმოყვარულია, მაგრამ ვერ იტანს დამდგარ გრუნტის წყლებს. მოზრდილი, კარგად განვითარებული ეგზემპლარები გვალვაგამძლენი არიან. გვალვიან ზაფხულში კვიპაროსელამ შეიძლება ნაზარდი არ განივითაროს შემოდგომის წვიმიანი ამინდების დადგომამდე, რის გამოც შესაძლებელია ცუდად მომწიფებული ნორჩი ყლორტების ზამთარში გაყინვა, მაგრამ მცენარე ამით არ იღუპება.

ვერ იტანს ხანგრძლივ მკაცრ ზამთარს. ყინვის მიმართ ასაკოვანი მცენარები უფრო გამძლენი არიან, ვიდრე ნორჩები. ზამთრის მიწურულს – გაზაფხულის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს გასული წლის ყლორტების ყინვისაგან დაზიანება. მცენარეს ასეთ ყლორტებს აშორებენ. გაზაფხულზე ერთდროული გაღვიძებისათვის რეკომენდებულია უხვი რწყვა და წყლის შესხურება.

გამწვანებაში გამოყენება. კვიპაროსელა საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია არა მხოლოდ თბილი, არამედ ზომიერად ცივი რეგიონების ბაღებშიც. სახეობებს შორის მებაღეობაში უდავო ლიდერია ლავზონიის კვიპაროსელა. ამ სახეობის მრავალრიცხოვან და მრავალგვარ ფორმებს უნივერსალური გამოყენება აქვთ: თავისუფლად მოზარდი – სოლიტერად და ჯგუფების შესაქმნელად: პირამიდული და სვეტისებური – დომინანტად და გაკრეჭილი ცოცხალი ღობის ფორმირებისათვის; ბურთისებური – ბორდიურებისა და როკარიუმისათვის.

ხამეციპარისი, ლავზონიის, კვიპაროსელა

კვიპაროსელას აშენებენ ზამთრის ბაღებშიც

ყველა ფორმა საკმაოდ ჩრდილისამტანია, მაგრამ სინათლის ნაკლებობა დეკორატიულობის დაკარგვას იწვევს, რადგან ვარჯი ნაკლებად მკვრივი ხდება. ოქროსფერწიწვებიანი ჯიშები სილამაზეს ინაჩუნებენ მხოლოდ ძლიერი განათებისას, ხოლო ზამთარში და ძლიერი დაჩრდილვისას მწვანდებიან. კარგად იზრდება მხოლოდ სათბურის გრუნტში ან დიდ ვაზონში ფხვიერ ნოყიერ თიხნარ ნიადაგში.

კვიპაროსელა გვალვაგამძლეა, მაგრამ აქტიური ზრდის პერიოდში საჭიროებს უხვ რწყვას. ზამთარში ისე უნდა მოირწყას, რომ ფესვთა კოშტი არ გამოშრეს. ზაფხულში მისი მოვლა რთულია არაა, მაგრამ სათბურში გადახურებამ შეიძლება წიწვების გაყვითლება გამოიწვიოს. ამისათვის ზაფხულში გატანილ უნდა იქნას გარეთ, დაჩრდილულ ადგილზე.

ზამთარში დგამენ ცივ ორანჟერეაში, სადაც ტემპერატურას +5-150C-ის ფარგლებში ინარჩუნებენ. კვიპაროსელა ადვილად იტანს სხვლას, რითაც მიიღწევა არა მხოლოდ მისი ვარჯის კომპაქტურობა, არამედ შესაძლებელი ხდება ბონსაის სტილში ჯუჯა ხის ფორმირებაც.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ შედგენაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე; ქეთევან გელაშვილი; მანანა ელბაქიძე.

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა