ვარდის დაკალმება – ვარდის კალმით გამრავლება

ვარდი, კალამი, გამრავლებ

ვარდის კალმით გამრავლება შედარებით ადვილი, ხელმისაწვდომი და პრაქტიკულია, ხოლო თვით დაკალმების პროცესი ნაკლებად შრომატევადი.

ამ მეთოდით ვარდის გამრავლებისას მიიღება საკუთარფესვებიანი მცენარეები.

კალმით გამრავლების რიგი უპირატესობები:

  • შესაძლებელია მრავალი უფასო სარგავი მასალის მიღება;
  • საკუთარფესვიან მცენარეებს არ უვითარდებათ ფესვის ველური ამონაყარი;
  • ბუჩქის დაზიანების შემთხვევაში სწრაფად ხდება ახალი ყლორტების ზრდა;
  • დაკალმებული ვარდი კარგად ეგუება გვალვას და ამასთან ყინვაგამძლეცაა;
  • ახასიათებს ხანგრძლივი ყვავილობა.

დაფესვიანება, ხდება როგორც გამერქნებული, ასევე მწვანე ნახევრადგამერქნებული კალმების.

დასაფესვიანებელ კალმებს არჩევენ პირველი ყვავილობის შემდეგ.

დაკალმება

კალმები იჭრება ბასრი დანით ან მჭრელი სეკატორით;

vardis_dakalmeba_10009355570001

კალმებს იღებენ კარგად განვითარებული ძლიერი დედა ბუჩქის ერთწლიანი ყლორტების შუა ნაწილიდან, რომლის სიმსხო 4-5 მმ უნდა იყოს.

vardis_dakalmeba_20008344480002

კალმის სიგრძე 12-15სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, 2-4 კვირტით.

კალმის ქვედა მხარეს კვირტთან ახლოს კეთდება ირიბი ჭრილი, ზედა ჭრილი კეთდება კვირტიდან 0.7-0.9 სმ-ზე.

vardis_dakalmeba_310074406470003

დაჭრილ კალმებს ათავსებენ ზრდის სტიმულატორიან ხსნარში ან უბრალო წყალში, რამდენიმე საათს ან უსვავენ გადანაჭერზე ჰეტეროაუქსინ-კორნევინის სტიმულატორს (ან სხვა ხელმისაწვდომ სტიმულატორს).

vardis_dakalmeba_43116777390004

კალმების დამზადება უნდა მოხდეს დილის ან საღამოს საათებში.

კალმის სიცოცხლის უნარიანობისთვის დაცული უნდა იყოს წყლის ბალანსი-აორთქლებასა და მიწოდებას შორის. კალმის მოშორების შემდეგ დედა მცენარისაგან წყლის მიწოდება წყდება, მაგრამ აორთქლება იგივეა, რასაც ამცირებენ დაკალმებულ მცენარეებზე საფარის მოწყობით.

vardis_dakalmeba_55110093430005

საკმარისია მზის პირდაპირი სხივების მოქმედება სულ მცირე დროის განმავლობაში, რომ ფოთლებმა დაჭკნენ.

დაფესვიანება

დასაფესვიანებლად იყენებენ კვალსათბურებსა და ჩვეულებრივ კვლებს, სათბურში-სტელაჟებს, კვლებს და ყუთებს.

  • კვალსათბურის ძირში პირველ ფენად ყრიან 10-15 სმ სისქის ნაკელს;
  • მეორე ფენად 8-10 სმ სისქის ფოთლებს ან ნეშომპალის ნარევს, ფენას კარგად ტკეპნიან და რწყავენ;
  • მესამე ფენად აყრიან ნოყიერი მიწის ნარევს (კორდის მიწა 2 წილი, კარგად გამომწვარი ნაკელი 1, ქვიშა 1 წილი, შესაძლებელია დაემატოს 0.5 წილი ნახერხიც-უმჯობესია გაშავებული), რომელსაც გაშლიან უკვე მოტკეპნილ და მორწყულ კვალსათბურში და კარგად დატკეპნიან;
  • ბოლო ფენას შეადგენს 5-10 სმ-ის სისქის მდინარის გარეცხილი ან ფორმალინის ხსნარით დამუშავებული ქვიშა (1 მ3 ქვიშის დასამუშავებლად საკმარისია 20 ლიტრი ფორმალინის 1%-იანი ხსნარი).

კალამი ირგვება ქვიშაში ცერად (ოდნავ დახრილი), 2,5-4,0 სმ-ის სიღრმეზე, მიწის ზევით რჩება 1-2 კვირტი. მწკრივებს შორის მანძილი 8-10 სმ უნდა იყოს, ხოლო მცენარეებს შორის 7-8 სმ.

დარგვის შემდეგ დაფესვიანებამდე კალმებს ხშირად უნდა ვასხუროთ წყალი. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ფრთხილად, რომ არ მოხდეს ჩალპობა.

vardis_dakalmeba_60093544220191541

კალმები დაფესვიანების შემდეგ სასურველია გადაირგოს პატარა ზომის ქოთნებში ან ყუთებში და მოხდეს მათი გამოსაზამთრებლად მომზადება, თუ არ არის საჭირო ფართის შესაძლებლობა, კალმებს ფარავენ ჩამოცვენილი ფოთლებით, ნახერხით ან ხავსით ყინვისა და გამოშრობისაგან დასაცავად.

ვარდის კალმის გახარება ოთახში

თუ თქვენს ხელში მოხვდა ისეთი ვარდი ან ვარდების თაიგული, რომელიც მოგეწონათ, ვარდის კალმის გახარება შესაძლებელია ოთახშიც ან ღია ცის ქვეშ:

  • გადაყვავილების შემდეგ ვარდი ამოიღეთ წყლიდან;
  • გამოჭერით კალამი;
  • ფხვიერი, ნოყიერი მიწა ჩაყარეთ ქოთანში;
  • ჩარგვის ადგილას ერთი მუჭა ქვიშა დაუმატეთ;
  • ჩარგეთ;
  • მორწყეთ;
  • დააფარეთ მინის ქილა.

ამავე თანმიმდევრობით შეგიძლიათ კალამი დარგოთ ღია ცის ქვეშ, ნახევრად მოჩრდილულ ადგილზე.

ჩარგულ კალამს კვალსათბურში იქნება ეს თუ ღია ცის ქვეშ, ესაჭიროება აერაცია, ამიტომ ხსირად უნდა ავხადოთ სახურავი, გავანიავოთ, მოვაპკუროთ წყალი და ისევ დავახუროთ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ჯიშის ვარდი ერთნაირად არ ფესვიანდება; კარგად ფესვიანდება პოლიანტები, ბენგალიის ვარდი, დამასკური და ეთერზეთოვანი ვარდები. შედარებით სუსტად ფესვიანდება ჩაისა და ვარდის ჰიბრიდები, ხოლო რემონტანტული ვარდის ჯიშები ძნელად ფესვიანდება.

თქვენი რეკლამა