ინტროდუცირებული (უცხოური) კაკალნაყოფიანი მცენარეებიდან საქართველოსთვის ყველაზე მეტად საყურადღებო პეკანია.
პეკანის გვარი 21 სახეობას აერთიანებს, რომელთაგან 20 სახეობის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, ხოლო ერთისა ჩინეთი.
ჩვენთვის უპირატესობა ენიჭება თხელნაჭუჭა, წარგძელებულ თხილის ფორმის ამერიკულ პეკანს (Carya illinoinensis). იგი 25 _ 60 მ სიმაღლის და 2.0_2.5 მ დიამეტრის ხეა.
მერქანი მძიმე, მაგარი, ღია ყავისფერი. გამოიყენება სპორტული ინვენტარისა და ავეჯის დასამზადებლად.
იმის გამო, რომ პეკანის მერქანს ახასიათებს როკიანობა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მერქნის ხარისხზე, ნარგაობაში ადრეული ასაკიდანვე სჭირდება სპეციალური მოვლა.
იმისთვის, რომ გავზარდოთ პეკანის 4 – მეტრიანი უროკო შტამბი, საჭიროა სამჯერადი მოვლა, კერძოდ: თესლნერგიდანვე უნდა შეეცვალოს გვერდითი კვირტები. ეს გრძელდება 5-6 წელს, ხოლო თუ გვინდა 6.0_6.5 მეტრიანი უროკო შტამბის აღზრდა, კვირტების შეცვლა გრძელდება 7_9 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ პეკანს აქვს მაღალხარისხოვანი მერქანი, მის მთავარ ღირსებად მაინც მიჩნეულია უაღრესად დიდი კვებითი თვისების ნაყოფის წარმოება. მის ნაყოფს ცხიმიანობა და ყუათიანობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე კაკალს _ (ჩვეულებრივი) ან სხვა კაკალნაყოფიანებს.
ამასთან, პეკანს, კაკალთან შედარებით ის უპირატესობაც აქვს, რომ კაკალი ვერ იტანს ნადგომ წყალს და გრუნტის წყლის სიახლოვეს, პეკანისათვის კი, პირიქით, აუცილებელია ჭარბტენიანობა.
პეკანი სითბოს მოყვარული მცენარეა. იგი ბუნებრივად გავრცელებულია თბილი და ზომიერი ჰავის პირობებში. საქართველოში მის შემოტანას 100 წლის ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში კარგი შედეგებია მიღებული დასავლეთ საქართველოს ქვედა _ ჭარბტენიან ზონაში.
ეგუება აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობის ტემპერატურას, განსაკუთრებით ალაზნის მარცხენა ნაპირზე. პეკანი გვალვა და ყინვაგამძლეა იტანს -20, -25 გრადუსამდე ტემპერატურას, ხოლო მცირე დროით -30 გრადუსსაც უძლებს.
ნიადაგის მიმართ ამჟღავნებს განსაზღვრულ მოთხოვნილებას. სამშობლოში უფრო ხშირად გავრცელებულია თიხნარ ნიადაგებზე, სადაც საკმაო რაოდენობის ჰუმუსი მოიპოვება.
საქართველოში კარგად იზრდება ღრმა ალუავიურ, ყვითელმიწა, ტყის ყომრალ და რუხ_ქვიშნარი ნაფენების ნიადაგებზე.
პეკანი სწრაფმზარდი სახეობაა, რომელიც 1000 წლამდე ცოცხლობს. ნაყოფმსხმოიარობას მე-6-8 წელს იწყებს და მისი მატების ინტენსივობა 200_250 წლამდე გრძელდება.
საქართველოში პეკანის რიგი ეგზემპლარები 100 კგ-ზე მეტ ნაყოფს იძლევა, თუმცა მსოფლიოში არის შემთხვევები, როცა გაცილებით მეტი ნაყოფი მოუკრეფიათ.
პეკანის გასაშენებლად საუკეთესოდ ითვლება მდინარისპირა, არხისპირა, ტენიანი 1.0 – 2.0 მეტრი სიღრმის გრუნტისწყლიანი ნიადაგები.
სანაყოფე პეკანის პლანტაციების გაშენების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეგზემპლართა კვების არეს. საუკეთესოდ მიჩნეულია 14X14 და 16X16 მეტრზე განლაგება. რიგთაშორისები გამოიყენება სასოფლო სამეურნეო კულტურების გასაშენებლად.
პეკანის ნაყოფის მომწიფება ხეზე ხანგრძლივად, თითქმის ერთ თვეს გრძელდება. ნაყოფის დამზადება შეიძლება ოქტომბერ_ნოემბერში. თესლი აღმოცენების უნარს 5_6 თვეს ინარჩუნებს. გრძივ მეტრზე ითესება 100 გრ, ჰექტარზე 3000 კგ.
უმჯებესია მისი შემოდგომაზე, ნაყოფის დამზადებისთანავე დათესვა, მაგრამ ჭირს მისი ნათესარის მღრღნელების, შინაური და გარეული ცხოველებისა და ფრინველებისაგან დაცვა.
პეკანი სწრაფად ივითარებს გრძელ ღერძულა ფესვს, ამიტომ სანერგეში მას გაზაფხულზე თესავენ. სათესლე პეკანს ინახავენ ჰაერგამჭოლ, გრილ სათავსოში, მშრალად და თესვის წინ სტრატიფიკაციას უკეთებენ გამდინარე წყლით ან წყლის ყოველდღიური შეცვლით 3-5 დღის განმავლობაში.
ფუნჯა ფესვების განვითარების მიზნით, ნათესარებს სანერგეში სპეციალური საკვეთით, 25-30 სმ სიღრმეზე, წაკვეთენ ცენტრალურ ფესვს. აღნიშნული ოპერაციისთანავე ნათესარები ჭარბად უნდა მოირწყას.
თბილისის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის კაკალნაყოფიანთა საცდელ-სამეურნეო საწარმომ, თავის დროზე გამოიყენა პეკანის ის თვისება, რომ მას არ ეშინია გრუნტის წყლების სიახლოვისა და კაკლის არეალის გაფართოების მიზნით, ჩაატარა კაკლის მყნობა პეკანის საძირეებზე.მყნობა ჩატარდა ე.წ. ვაზის მყნობის მეთოდით.
პეკანის სამრეწველო პლანტაციების შექმნით და ერთეული ძირების დარგვით, ქვეყანაში უახლოეს მომავალში შეიძლება გაუმჯობესდეს მოსახლეობისა და კვების მრეწველობის მოთხოვნილება ნიგოზზე.
ავტორი: ტრისტან ჩერქეზიშვილი
მასალა მოგვაწოდა ჟურნალმა „აგრარული საქართველო“
*საქართველოში პეკანი პირველად შემოიტანეს ჩაქვში 1901 წელს.
იხილეთ გარეთვე: პეკანის პლანტაციის აგროტექნოლოგია