ფერმერის რჩევები შემოდგომის დასაწყისისთვის

მებაღეობა

სექტემბერი მცენარეული თუ მიწასთან დამოკიდებული სამუშაოებისთვის ნაკლებად აქტიური თვეა, თუმცა, გარკვეული სამუშაოები შესასრულებელია.

საუკეთესო საშუალება გვეძლევა, წინასწარ არაერთი საქმე მოვითავოთ, რომ შემოდგომის ბოლოს ერთად საკეთებელი არ დაგვიგროვდეს. ახლა, ძირითადად, სათივე მასის დამზადება უნდა დავიწყოთ.

უნდა დავთესოთ თვის და ზამთრის ბოლოკი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში, წიწმატი, საფოთლე ხახვი ანუ იგივე მრავალკბილა.

დათესვისას უნდა გავითვალისწინოთ ტენიანობის დონე, რაც სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურას სხვადასხვანაირად სჭირდება. მაგალითად, ზამთრის ბოლოკი, თვის ბოლოკი, ნიახური, კამა, კომბოსტო და სალათის ფოთლები ტენის მოყვარული მცენარეებია.

ცხელი ამინდები შესაძლოა სექტემბერშიც გაგრძელდეს. ამასთანავე, სექტემბრიდან ტემპერატურის ცვლილება თანდათანობითი და თითქოს, შეუმჩნეველია. სწორედ ამიტომ სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა ახალ ნათესებს, რომ მომავალი წლის ადრიან გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში უპირველესი მოთხოვნის მწვანილეული ჯეჯილივით ბიბინებდეს.

ნათესები, ცხელი ამინდის პირობებში, უმჯობესია, ყოველთვის დილით ადრე მორწყოთ და არა საღამოს, როცა მიწა ჯერ კიდევ არაა გაგრილებული და ცივი წყლის დასხმა მცენარის ფესვზე უარყოფითად უფრო მოქმედებს.

რაკი სექტემბერში სამეურნეო სამუშაოები შედარებით შენელებულია, დავიწყოთ გამხმარი ბუჩქების, ხეების თუ სხვადასხვა სარეველა მცენარეების ამოთხრა, ამოძირკვა, მოფოცხვა.

ხეებისგან საშეშე მასალა ამოვკაფოთ, ნარჩენები ყველა ერთად დავაქუცმაცოთ და ნაკვეთიდან მოშორებით სანეშომპალე გროვა გავაკეთოთ, რომ მომავალ გაზაფხულზე საუკეთესო ბიოსასუქი გვქონდეს.

ეცადეთ, ასეთი სამუშაოებისთვის დღეჩაგდებით მაინც მოიცალოთ ერთი-ორი საათით, რადგან შემოდგომის ბოლოს იმდენი გასაწმენდი სამუშაოები გელოდებათ, დროში ძნელად ჩაეტევით. ამასთანავე, შესაძლოა, ცუდმა ამინდებმა შეგიშალოთ ხელი.

სექტემბერში, ასევე, ხმელი ტოტები და ფოთლები აუცილებლად უნდა შემოვაცალოთ კურკოვანებს. განსაკუთრებით სჭირდება გამოხშირვა მოცხარს, ჟოლოს, ხურტკმელს.

მოცხარის ბუჩქი ბარის პირით გავყოთ, მიწის ბოლქვიანად ამოვიღოთ და გადავრგოთ სხვა ორმოში. ეს პროცესი არ აურიოთ ხეხილოვნების საყოველთაო დარგვის პროცესში, რომელიც შემოდგომის ბოლოს, მცენარეების ფოთლების დაცვენის შემდეგ იწყება.

წყარო: gurianews.com

თქვენი რეკლამა