რა სამუშაოები ესაჭიროება ბაღს მაისსა და ივნისის დასაწყისში

ბაღის, მოვლა, მაისში

მაისი  მებაღეებისთვის ყველაზე აქტიური თვეა _ ამ დროს ზამთრისგან თავდაღწეული ბუნება უკვე აქტიურად იღვიძებს, მცენარეები ჰყვავის და ათასფერს იძენს, სითბო კი ყოველდღე უფრო აქტიურად გვაგრძნობინებს ზაფხულის მოახლოებას.

თუმცა, სანამ მიწა თბება და იღვიძებს, სწორედ მაისში ბაღს და მიწის ნაკვეთს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რომ წლის ბოლოს მოსავალმა არ გაგვაწბილოს. ამ დროს საქმის და ბაღის მოვლის გადადება მოსავლიანობაზე ძალიან ცუდად აისახება.

უპირველესად უნდა განვსაზღვროთ, აპრილში და შედარებით ცივი გაზაფხულის პერიოდში მოსამზადებელი სამუშაოები, დავასრულეთ თუ არა. იქნებ სადმე დაუბარავი, გაუწმენდავი ან გადასარგავი და მოუვლელი დაგვრჩა მიწის ნაკვეთი ან რაიმე მცენარე. სწორედ დაუსრულებელი სამუშაოები უნდა დავასრულოთ და დასარგავი ან დასათესი თუკი რაიმე დაგვრჩა, სასწრაფოდ უნდა მივხედოთ ამ საქმეს, უკვე ღია გრუნტში.

აუცილებელია, პირველ ეტაპზე ბაღის მოწესრიგება. უნდა შეგროვდეს ყველა ნარჩენი (მცენარეების ნარჩენები, ხმელი და მოტეხილი ტოტები) და დაიწვას. უნდა შევამოწმოთ შრომის იარაღებიც და საჭიროების შემთხვევაში შევაკეთოთ ან მოვაწესრიგოთ. თორემ როცა ისინი დაგვჭირდება, მათი გაუმართაობა ხშირად დროში შეგვაფერხებს ან უამრავ დროს დაგვაკარგვინებს.

ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ ნაყოფისმომცემი ხეებისა და ბუჩქების ძირი გავაფხვიეროთ, გავმარგლოთ და სარეველები მოვაშოროთ, ზაფხულში ეს ცოტა რთულია. გაფხვიერებისა და გაწმენდის შემდეგ კი სასუქი  შევიტანოთ და კარგი იქნება მულჩირებაც ანუ ვარჯის ძირში ნახერხის ან ხმელი ნამჯის დაყრა, რაც ტენიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და ზედმეტი ტენი არ დაიკარგება. მულჩირება კომპოსტით ან კარგი მიწის ნაზავითაც შეიძლება.

დამატებით უნდა გამოვკვებოთ სასუქით ხეხილოვანი მცენარეები (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი და სხვები). კარგი და სასურველია რომ ეს ყვავილობამდე გვექნა, მაგრამ თუკი სასუქს დავუმატებთ (სასურველია ორგანული) მცენარისათვის უკეთესია. სასუქის დამატების შემთხვევაში მცენარე აუცილებლად კარგად უნდა მოირწყას.

თუ ცივმა გაზაფხულმა გაახანგრძლივა გადარგვის პერიოდი. თუმცა, ვინაიდან მცენარეების ვეგეტაცია დაწყებულია, გადარგვის შემთხვევაში აუცილებელია ნერგის ამოთხრა და გადატანა ისე მოხდეს, რომ მიწის დიდი გუნდა ამოვაყოლოთ, რათა ფესვები არ დაზიანდეს. გადარგვის შემდეგ კი სასურველია მულჩირება. უნდა გვახსოვდეს, რომ მაისის მეორე ნახევარში გადარგვა  მიზანშეწონილი ნაკლებად არის, თუმცა მიწის მოზრდილი გუნდის ამოყოლებით, შედეგი სასურველი იქნება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგიერთი ხეხილის შეწამვლა. განსაკუთრებით ეს ეხება ატამს, რომელიც დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობის გამო, ხშირად ავადდება სოკოვანი და სხვა პარაზიტებით. ამიტომ მას რამდენჯერმე სჭირდება პრეპარატებით დამუშავება.

ყურადღება სჭირდება კენკროვანებსაც ჟოლოს, მოცხარს და სხვას. რათა მოსავლიანობის პერიოდში ხმელმა ტოტებმა ან საყრდენის არქონამ მცენარე არ დააზარალოს. ჟოლოს გამაგრება ესაჭიროება საყრდენებით, მოცხარს კი გამოხშირვა მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

გარკვეულ მოვლას საჭიროებს გაზონებიც ან მდელოები ეზოში, რომელიც გურიაში ბევრ ოჯახს გააჩნია. ბალახის გაკრეჭის შემდეგ საჭიროა მისი საგულდაგულო დაფოცხვა. აუცილებელია, რომ ეს მოხდეს პერპენდიკულარულად. შემდეგ კი თუკი სასუქსაც მოვაბნევთ ან მოვასხამთ, ზაფხულში იგი უფრო ხასხასა და ხშირი იქნება.

ყურადღებას მოითხოვს ბოსტანიც, სადაც ერთწლოვანი და ბოსტნეული კულტურებია დარგული, უმეტეს შემთხვევაში კი აწი უნდა დაირგოს. კარგი იქნება, თუ დარგვამდე კულტურებს ისე გავანაწილებთ, რომ გავითვალისწინებთ ამა თუ იმ კულტურის მოთხოვნებს მზის სინათლისადმი ან ჩრდილისადმი. უნდა გვახსოვდეს, რომ პომიდორს, კიტრსა და ყაბაყს მზე უყვარს. ნახევრადჩრდილიან ადგილებს კარგად იტანენ სტაფილო, ხახვი და კომბოსტო (მათ შორის კეჟერა ფხალიც).

უნდა მოვამზადოთ ადგილი, სადაც რაიმეს დათესვას ვაპირებთ. აუცილებელია ამ ადგილის კარგად გაფხვიერება და გადამწვარი ნაკელით განაყოფიერება. იქ სადაც მჟავე ნიადაგია, საჭიროა გადამწვარი კირიც (მჟავე ნიადაგი რაც არ უნდა გავანოყიეროთ, დაბალ მოსავალს მოგვცემს. ამიტომ სჯობს, მჟავიანობის დაწევაზე ვიზრუნოთ). მწირი ნიადაგი მოსავლიანობაზე და მცენარის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს და შემდგომში განაყოფიერება უკვე ისეთ ეფექტს ვერ გამოიღებს.

მაისში, ივნისის დასაწყისშიც,  უამრავი ბოსტნეულის დათესვა შეიძლება (თუ ადრე არ დაგვითესია ან ამინდის გამო ნათესი არ ამოვიდა). მათ შორისაა ბოლოკი, სტაფილო, სალათი, ოხრახუში, ქინძი, კვლიავი, ლობიო, ნიორი, ხახვი, კიტრი და სხვა. ვეგეტაციის დასაჩქარებლად შესაძლებელია ნათესის ცელოფნის პარკით დახურვაც.  ამ დროს თბილა, მაგრამ ასე უფრო მალე ამოვა. ასეთ შემთხვევაში ცხელ დღეებში ცელოფანი უნდა გადავხადოთ და პერიოდულად მორწყვაც არ უნდა დაგვავიწყდეს. საღამოობით კი კვლავ უნდა დავხუროთ.

ავტორი: ზურა ბაუჟაძე, gurianews.com

იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები რუბრიკაში – ფერმერთა სკოლა

თქვენი რეკლამა