მანდარინის საბაღე ნაკვეთის შერჩევა
მანდარინის ბაღების გაშენებისას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილის ოპტიმალური პირობების შერჩევას და მის სწორ ორგანიზაციას.
ტერიტორიის ორგანიზაციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რელიეფს. არჩევენ ვაკე და მცირე დაქანე-ბის (0-50), საშუალო დაქანების (5-200) ფერდობებს, ძლიერ დაქანებული კი 20-30 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
ნიადაგის რგვისწინა დამუშავებისა და მცენარეთა გაშენებისათვის საჭიროა გარკვეული ღონისძიებების გატარება, რათა სამუშაო წესიერად და მცენარეთა მოთხოვნილების შესაბამისად შესრულდეს.
ხარისხიან დაპლანტაჟებაზე დიდადაა დამოკიდებული მანდარინის ნარგავების სიცოცხლისუნარიანობა და მოსავლიანობა. ეს იმით აიხსნება, რომ უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, წყლის გამტარიანობა.
პლანტაჟის დროს ნიადაგის ქვედა ფენა ზევით ბრუნდება და წლის განმავლობაში სითბო-სიცივის, მინერალური და ორგანული ნივთიერებების გავლენით კულტურული ნიადაგის თვისებებს ღებულობს. ქვედა ფენაში მოქცეული ზედა ფენა კი, მცენარეების უკეთ ზრდა-განვითარებას განაპირობებს.
ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მანდარინის დარგვის წინ პარკოსანი კულტურების თესვას. პარკოსან მცენარეებს კულტურულ მდგომარეობაში მოყავს დარეცხილი ეწერი და მცირე სისქის ნიადაგები, აუმჯობესებს მათ თვისებებს, ამიტომ, სასურველია ბაღის გაშენებამდე 2-3 წლით ადრე პარკოსანი მცენარეების თესვა და ნიადაგში ჩახვნა.
მანდარინის ჯიშები განსხვავდებიან განვითარების სიძლიერითა და ხანგრძლივობით, ამიტომ ისინი სხვადასხვა კვების არეს მოითხოენ. მცენარეთა განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირეები, ადგილის კლიმატური და ნიადაგური პირობები და სხვა ფაქტორები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სუბტროპიკულ ზონაში სადაც მცენარეები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყინვისაგან არ ზიანდებიან, მეტად გახშირებული ნარგავების გაშენება მიზანშეწონილი არ არის და ამას არც წარმოების მუშაკებიც უჭერენ მხარს.
ამიტომაა, რომ აგროწესების განხილვისას მანდარინის კვების ოპტიმალურ არედ მიღებულია 5X2-მ, ე. ი. 1000 ძირი ჰექტარზე.
მ ჟ ა ვ ი ა ნ ო ბ ა pH. მანდარინი კარგად იზრდება საშუალო მჟავიანობის პერიოდში, როცა pH=5,5–6-ია. მაღალი მჟავიანობის დროს ხდება მოკირიანება დოლომიტის, დეფეკაციური ტალახის ან კირის შეტანით. მათი დოზების განსაზღვრა ხდება ქიმიური ანალიზის საფუძველზე.
ნერგის დარგვა
დასარგავი ორმოების ამოღების ვადები და მათი ზომები დამოკიდებულია ნაკვეთის მომზადების წესზე.
მანდარინს რგავენ შემოდგომაზე – ოქტომბერში ან გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომაზე რგვა კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის, რადგან ასეთ ამინდში უკეთ ხდება დაფესვიანება და მცენარე ზრდას ადრე გაზაფხულზე იწყებს.
გაზაფხულზე დარგული მცენარეები კი, სუბტროპიკული რაიონებისათვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდიან. შემოდგომაზე რგვის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლებელია გამოზამთრების პირველსავე წელს მცენარე ყინვამ დააზიანოს.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თუ მცენარეები 25 ოქტომბრამდე გაშენდა, და მათ დარგვისთანავე შემოეყარა საკმარისი მიწა, დაღუპვისაგან დაცული იქნება. ყინვების შემთხვევაში დაზიანდება მიწისზედა ნაწილი, რაც პირველსავე წელს სწრაფად აღდგება.
ორმო უნდა იყოს 1 მ დიამეტრის და 0,4–05 მ სიღრმის. ორმოდან ამოღებული მიწის ფენები იწყობა ცალ–ცალკე.
დარგვამდე 2-3 კვირით ადრე ორმოებს ავსებენ. მანამდე, ამოღებული მიწის ზედა ფენას ურევენ ორგანულ და მინერალურ სასუქებს. მათი დოზები დამოკიდებულია ნიადაგის შედგენილობაზე. სასურველია დარგვამდე ფესვების წუნწუხში ამოვლება.
თუ სასუქი ნიადაგის დამუშავებამდე არ იყო შეტანილი, დარგვისას შეაქვთ 10-25 კგ-მდე გადამწვარი ნაკელი და 0,5-0,8 კგ-მდე სუპერფოსფატი. მძიმე თიხნარ ნიადაგებს უმატებენ 30 კგ ქვიშას, მჟავე ნიადაგებზე კი – კირს.
ნერგი არ უნდა დაირგოს ღრმად, ან ზერელედ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის მომავალი განვითარებისათვის. ნარგავის ფესვის ყელი 2-4 სმ-ით მაღლა უნდა იყოს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მიწის დასკდომის შემდეგ ნერგი ნიადაგში ნორმალურად მოთავსდეს.
დარგვის შემდეგ მცენარე უნდა მოვრწყათ და საიმედოდ მივაკრათ ჭიგოს, რადგან აუკვრელი ნერგი ქარის დროს ქანაობს, ფესვები ერყევა და ცუდად ვითარდება.
ავტორი: რეზო ჯაბნიძე ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი/სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/
იხილეთ აგრეთვე: მანდარინი — დარგვა, მოვლა–მოყვანა, ბაღის გაშენება