ნიადაგის გაფხვიერება ანუ დაფხვნა

932 Views

ნიადაგის დამუშავების მთავარი ამოცანაა _ სახნავი შრე მოვიყვანოთ ფხვიერ, კოშტოვან მდგომარეობაში, მოესპოს ბალახის კორდს ცხოველმოქმედების უნარი, გაიწმინდოს მინდვრები სარეველებისაგან, კულტურულ მცენარეთა ზოგიერთი დაავადებისა და მავნებლისაგან; ნიადაგში შევიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქები; ნიადაგი მომზადდეს თესლის უკეთესი ჩათესვისათვის და სხვა.

ნიადაგის დამუშავება დიდ გავლენას ახდენს წყლის, ჰაერისა და სითბოს რეჟიმზე, ფიზიკურქიმიური და ბიოლოგიური პროცესების დინამიკაზე.

ნიადაგის სწორი და დროული დამუშავება უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების პირობების გაუმჯობესებას, აძლიერებს ნიადაგში მცენარეულობის ნაშთებისა და ნეშონპალის დაშლის პროცესებს, ხელს უწყობს საკვები ელემენტების გადასვლას ადვილად შესათვისებელ ფორმაში.

ღრმა ფენების გაფხვიერების წყალობით აძლიერებს საკვები ელემენტების ბრუნვას, თავიდან გვაცილებს ეროზიულ პროცესებს. ნიადაგის დამუშავების შედეგად დიდდება მცენარეთა საკვების ბიოლოგიური მიმოქცევა, ძლიერდება ორგანული ნივთიერებების შექმნისა და დაშლის ტემპები.

ნიადაგის დამუშავების შედეგად მის კაპილარულ და არაკაპილარულ შუალედებს შორის შეფარდება უკეთესი ხდება. დამუშავების ყველა ხერხი გავლენას ახდენს მთელი სახნავი ფენის ან მისი ნაწილის შენებაზე.

დამუშავებული ნიადაგი კარგად ატარებს წყალს, არამარტო სახნავ შრეში, არამედ ფესვების გავრცელების ქვესახნავი ფენის ნაწილშიც. ქვესახნავ ფენაში ჩაჟონილი წყალი უფრო მეტ ხანს ინახება და კულტურული მცენარის წყლით მომარაგების იმედიან წყაროს წარმოადგენს.

აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად მიმართავენ ნიადაგის დამუშავების სხვადასხვა ხერხს.

საჭიროა აღინიშნოს ის ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც სრულდება ნიადაგის მექანიკური დამუშავების დროს. ასეთია: ა) ბელტის გაფხვიერება; ბ) ბელტის გადაბრუნება; გ) სახნავი ფენის გადარევა; დ) ნიადაგის გამკვრივება და ე) ზედაპირის მოსწორება.

ნიადაგის გაფხვიერება ანუ დაფხვნა

დამუშავებული ნიადაგი ნალექებისა და საკუთარი წონის მოქმედების შედეგად ჯდება, მკვრივდება და იტკეპნება. მას მტკიცე კოშტოვანი სტრუქტურაც რომ ჰქონდეს, სახნავ ფენაში კაპილარული შუალედები მაინც ჭარბობენ.

მკვრივ სახნავ ფენაში მტკიცე სტრუქტურის დადებითი როლი მკვეთრად ეცემა, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს კაპილარული და არაკაპილარული ფორიანობის ხელსაყრელ თანაფარდობას. ამიტომ საჭიროა ნიადაგის პერიოდულად გაფხვიერება ანუ დაფხვნა ტარდებოდეს წყლის, ჰაერისა და სითბოს რეჟიმის უზრუნველსაყოფად და მიკრობიოლოგიური პროცესებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

გაფხვიერების რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის გამკვრივების სისწრაფეზე. მექანიკურ შედგენილობასა და სტრუქტურულ მდგომარეობაზე, დასარევლიანების ხასიათზე, სასოფლოსამეურნეო კულტურების თავისებურებაზე და სხვ.

საერთოდ, უფრო სწრაფად და ძლიერად მკვრივდებიან არამტკიცე სტრუქტურის მქონე თიხნარი და თიხა, ნიადაგები, ვიდრე მსუბუქი, ქვიშნარი ნიადაგები, ანდა მძიმე მექანიკური შედგენილობის სტრუქტურული ნიადაგები.

მიკრობიოლოგიური აქტიურობა უფრო ძლიერად არის გამოსახული სახნავი ფენის ზედა ნაწილში. აქვე გროვდება მეტი ნეშომპალა და საჭირო პირობების არსებობის დროს, საკვების მეტი რაოდენობა.

გადაბრუნება საჭიროა საკვები ელემენტების გადანაწილებისათვის სახნავი ფენისათვის მეტი ერთგვარობის მისაცემად. რადგან სახნავი ფენის სხვადასხვა ნაწილი მუდმივ ერთგვარი არ არის ამიტომ გადაბრუნება დროგამოშვებით გავიმეოროთ.

მისი სიხშირე და სახნავი ფენის სხვადასხვა ნაწილის გადანაწილების სიღრმე უნდა იცვლებოდეს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და მინდვრის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების თავისებურებათა მიხედვით.

მაგრამ ბელტის გადაბრუნება ყოველთვის არაა ხელსაყრელი. გვალვიან პირობებში გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ქვედა უფრო ტენიანი ფენის ამოტანა იწვევს მის სწრაფ გაშრობას, იმ რაიონებში სადაც ეროზიული მოვლენებია გაბატონებული, ნაწვერალისა და სხვა ნარჩენების სრული ჩაფვლის შედეგად, არამხოლოდ ტენი იკარგება ნიადაგიდან, არამედ ქარს მიაქვს ნიადაგის ნაყოფიერი ნაწილიც.

სახნავი ფენის გადარევას მიმართავენ საკვები ელემენტების თანაბარი განაწილებისათვის, მიკროორგანიზმების თანაბარი განაწილებისა და მთელი სახნავი ფენისათვის ერთგვარობის მისაცემად. მას უმთავრესად ატარებენ წინამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, ხოლო ზოგიერთი კულტურისათვის არაშავმიწიან ზოლში ფესვის წინ, როცა ანეულების გადახვნა ხდება საშემოდგომო თავთავიანი კულტურებისათვის.

სახნავი ფენის გადარევა უნდა ხდებოდეს განსაზღვრულ დროს, ჩვეულებრივ წელიწადში არაუმეტეს ერთხელ, რაც ტარდება ისეთი იარაღით, რომელიც ნიადაგს ბელტის ამოუბრუნებლად აფხვიერებს.

ნიადაგის გამკვრივებას ჩვეულებრივად მიმართავენ მინდვრის კულტურების მცენარეთა თესლის გაღვივებისათვის საჭირო ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, მეტადრე გვალვიან რაიონებში. ნიადაგის გამკვრივება ჩვეულებრივად თესვის შემდეგ ხდება, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვანაირად მოწყობილ სატკეპნებს.

სახნავი ფენის გაფხვნიერებისა და გამკვრივების გარდა, ხშირად საჭიროა ნიადაგის ზედაპირის მოსწორება, სარეველების მოჭრა, კვლებისა და ბაძოების შექმნა და სხვ.

ნიადაგის ზედაპირის მოსწორება განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება უსწორმასწორო მიკრორელიეფიანი ნაკვეთის სარწყავად მომზადებისათვის. ამ ოპერაციას ხშირად მინდვრების პლანირებას ანუ მოშანდაკებას უწოდებენ და სრულდება გრეიდერით, კაბდონით და სხვ. იარაღებით.

გრეიდერები მინდორს აცლიან მაღლობებს და ასწორებენ ჩადაბლებულ ადგილებს. უფრო ხშირად ხნულის ზედაპირის მოსწორება ხდება კაბდოთი, ფაცხით, ან მსუბუქი სატკეპნებით, მინდვრის და ტექნიკური კულტურების თესვის წინ ჩათესვის საუკეთესო ლოჟირების მისაღწევად.

სარეველა მცენარეების მოჭრა ხორციელდება ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიური პროცესების დროსვე, მაგრამ ზოგჯერ მათ წინააღმდეგ საჭიროა სპეციალური იარაღები, როგორიცაა: დანებიანი, შტანგიანი და სხვა კულტივატორები.

კვლებისა და ბაძოების შექმნა საჭირო ხდება ჭარბტენიან ზონაში ზედმეტი ტენის მოწილების (მიწების დაშრობა) და ნიადაგის ჰაერის, სითბოსი და კვების რეჟიმების რეგულირების, აგრეთვე, წყლიერი ეროზიის თავიდან აცილების მიზნით.

ნიადაგი რომ სრულყოფილად დამუშავდეს, ამისათვის არაა საკმარისი მისი მოხვნა. ამის შემდეგ საჭიროა მთელი რიგი ოპერაციების შესრულება, რომლებიც მოხვნასთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებ სიღრმეზე ტარდება. აქედან გამომდინარე, ვარჩევთ: ა) ნიადაგის ძირითად (სრულ სიღრმეზე) დამუშავებას და ბ) ნიადაგის ზედაპირულ დამუშავებას.

ნიადაგის დამუშავების ხარისხი

ნიადაგის დამუშავების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და რა პირობებშია ჩატარებული ხვნა. ხვნის დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარებაზე კი დამოკიდებულია სხვა დანარჩენი ოპერაციების ხარისხი.

ნიადაგის დამუშავების ხარისხი მრავალ პირობაზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დამამუშავებელი იარაღების სამუშაო ორგანოების კონსტრუქციულ თავისებურებას, როგორც, მაგალითად, ფრთის ფორმას, კულტივატორის თათების მოყვანილობას და მიმაგრების ხასიათს და სხვა.

აღნიშნული იარაღების მუშაობის ხარისხი ბევრად დამოკიდებულია ამა თუ იმ ოპერაციის შესრულების დროსა და აგროტექნიკური მოთხოვნილების დაცვაზე, მოძრაობის სისწრაფეზე, ნიადაგის მექანიკურ და სტრუქტურულ შედგენილობაზე, ტენიანობაზე, აგრეთვე, მნიშვნელობა აქვს მინდვრის მდგომარეობას (კორდი, ნაწვერალი, დასარევლიანება და სხვა).

ნიადაგის დამუშავების ხარისხი მნიშვნელოვან წილად განპირობებულია ნიადაგის ტექნოლოგიური თვისებებით, როგორიცაა: ბმულობა, პლასტიკურობა და სიმტკიცე. ეს თვისებები კი დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზე, აგებულობაზე, სტრუქტურიანობაზე, ორგანული ნივთიერების მოცულობაზე, შთანთქმულ ფუძეებსა და ტენის რაოდენობაზე.

დამუშავების ხარისხი პირველ რიგში დამოკიდებულია თვით ნიადაგის მდგომარეობაზე და უწინარეს ყოვლისა მისი ტენიანობის ხარისხზე _ ნიადაგის სიმწიფეზე. ნორმალური ტენიანობა, როდესაც ნიადაგი კარგად ფხვიერდება, მისი სრული ტენტევადობის 50-60%-ს უდრის.

ზედმეტი ტენიანობის ან გამოშრობის შემთხვევაში ნიადაგის დამუშავება ძნელდება და მისი ხარისხიც მეტად დაბალია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მძიმეთიხიანი ნიადაგები. ასეთ ნიადაგების ნაკლები ტენიანობის პირობებში მოხვნას სჭირდება დიდი გამწევი ძალა (5-6-ჯერ მეტი), ხნული დიდბელტიანია (დიამეტრით 6 სმ-ზე მეტი), ნაწილობრივ კი გამტვერებული.

ის კარგავს იმ მცირეოდენ ტენსაც, რაც მასში იმყოფება და უფრო მეტად იგვალვება. თუ წვიმა არ მოვიდა, ასეთი ხნულის შემდგომი დამუშავება (ფარცხვა, კულტივაცია და სხვა) შეუძლებელია ისე ჩატარდეს, რომ მისი დიდი გამტვერიანება არ გამოიწვიოს.

თუ იმავე ნიადაგებს ჭარბი ტენიანობის პირობებში მოვხნავთ, მართალია, შედარებით ნაკლები გამწევი ძალა იქნება საჭირო, მაგრამ ხნული მეტად ცუდი ხარისხის გამოვა. სველ მდგომარეობაში თიხიანი ნიადაგი იზილება, ბელტი არ იშლება და ხვნის შემდეგ ტენს სწრაფად კარგავს, ბელტი შრება მაგრდება და კიდევ უფრო ძნელი დასაშლელი ხდება.

ამ შემთხვევაშიც მისი შემდგომი დამუშავება შეუძლებელია ისე ჩატარდეს, რომ ძალიან არ გამტვერდეს. ეს არ ითქმის მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგების შესახებ, რადგან მათი დამუშავება შეიძლება უფრო მეტი ტენიანობის პირობებშიც და შედარებით მშრალ მდგომარეობაშიც.

ნიადაგის ფიზიკური სიმწიფის, ანდა მისი ოპტიმალური ტენიანობის დროს (ქვიშნარი ნიადაგის გამოკლებით), ნიადაგი სხვა დროს შეუმჩნეველ ძალზე მნიშვნელოვან კომპლექსურ თვისებებს ამჟღავნებს.

როგორც აღინიშნა, ნიადაგი ამ დროს ყველაზე უკეთესად იშლება კოშტებად და ფხვიერდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დროს ადგილი აქვს ნიადაგის უწვრილესი ნაწილაკების კოშტებად შეწებებაშეერთებას. ასეთი კოშტები ერთი შეხედვით იქმნება ურთიერთსაწინააღმდეგო ორი პროცესის შედეგად: თუ ერთი მხრივ ხვნის დროს ბელტი იშლება წვრილ აგრეგატებად, მეორე მხრივ უწვრილესი ნაწილაკები კოშტებად იკვრება.

უკანასკნელი ათეული წლების გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ეს პროცესები ხორციელდება მხოლოდ ნიადაგის ფიზიკური სიმწიფისათვის დამახასიათებელი ოპტიმალური ტენიანობის პირობებში დამუშავების დროს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ უწვრილესი ნაწილაკების შეკოწიწება მათი ერთიმეორესთან ისეთ მანძილზე მიახლოების შედეგად, რა დროსაც თავს იჩენს ურთიერთმიზიდულობის ძალები.

ადვილი გასაგებია, რომ, თუ ნიადაგი გამომშრალია, ნაწილაკები ფიცირებულია და არ ემორჩილება გადაადგილებას. მათი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ ხდება, ასევეა ჭარბტენიანობის დროსაც: ნაწილაკების ურთიერთმიახლოება შეუძლებელია, რადგან ყველა ნაწილაკი წყლის გარსშია მოქცეულია, ანუ, როგორც ამბობენ საკმაოდ სქელ ჰიდრატულ გარსში ზის, ეს კი აბრკოლებს მათ ურთიერთმოქმედების მანძილზე მიახლოებას აქედან ცხადია, რომ ნიადაგის ფიზიკური სიმწიფის ანუ ოპტიმალური აგრეგაციის ტენიანობის პირობებში ნიადაგის ნაწილაკები ამჟღავნებენ უნარს, მიაუახლოვდნენ ერთმანეთს და მკვრივად შეკოწიწდნენ.

ოპტიმალური აგრეგაციის ტენიანობა მით მაღალია, რამდენადაც ნიადაგში მეტია თიხისა და კოლოიდური ნაწილაკები. ქვიშნარ ნიადაგებში ასეთი შეწებების ნაწილაკთა ურთიერთმოქმედების მოვლენა სრულიად არ შეიმჩნევა. ნაწილაკები ისე დიდია, რომ მათი შეწებება არ ხდება, ნაწილაკების სიმძიმე აღემატება მათი ურთიერთშეწებების ძალებს.

ავტორი: ა. კორახაშვილი /მემინდვრეობა/.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB