ანეულს უწოდებენ განსაზღვრული დროის განმავლობაში დაუთესავად დატოვებულ ნაკვეთს, რომელიც დასვენების პერიოდში სისტემატიურად მუშავდება, რათა გაუმჯობესდეს მისი ნაყოფიერება, უკეთ მომარაგდეს წყლითა და საკვები ნივთიერებით.
დამუშავების სისტემა განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ რომელი წინამორბედის შემდეგ უნდა დაითესოს ესა თუ ის საშემოდგომო კულტურა.
საშემოდგომო თესვას აწარმოებენ ძირითადად ანეულზე, კორდზე, სათოხნი კულტურების შემდეგ და ნაწვერალზე. ამასთან ანეულის თესლბრუნვაში ჩართვას სარეველა მცენარეთა რაოდენობის შემცირებასა, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და კულტურული მცენარეთა მოსავლიანობის გაზრდის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს.
ანეულები ორ გჯუფად იყოფა: სუფთა და მოთესილი. სუფთა ანეული შემოდგომისაა და დაუთესავია გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში (შემოდგომოდან-შემოდგომამდე) და მასზე ითესება საშემოდგომო კულტურა მხოლოდ მომდევნო წელს. მაგრამ საგაზაფხულო კულტურასაც თესავენ იქ სადაც საშემოდგომო თესავას არ მიმართავენ.
ადრე ასაღები კულტურები მოთესილ ანეულებზე გაზაფხულზე ითესება, რომლებიც ხელს არ უშლიან მინდვრის გაანეულების ამოცანების შესრულებას.
ნიადაგის ანეულად დამუშავება
როდესაც ნაკვეთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში თავისუფალია მოსაყვანი კულტურისაგან, ხოლო ნიადაგი არის დამუშავებული, ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა – სუფთა ანეულს უწოდებენ. ასეთ ნაკვეთზე წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება არ ხდება.
სუფთა ანეულს ყოფენ შემდეგ სახეებად: ა) საშემოდგომო ანუ შავი ანეული, ბ) საგაზაფხულო ანუ ადრეული ანეული, გ) საგვიანო ანეული.
ნაწვერლის წინასწარი აჩეჩვის შემდეგ, საშემოდგომო ანეულისათვის, შემოდგომაზე წარმოებს ძირითადი ხვნა, ხოლო მომავალი წლის შემოდგომამდე მინდორი „გადაშავებულია“, ამიტომაც მიიღო შავი ანეულის სახელწოდება.
საადრეო ანეულის ეფექტურობა მკვეთრად იზრდება იმ შემთხვევაში თუ შემოდგომაზე ჩავატარებთ აჩეჩვას, ხოლო გაზაფხულზე დროულად მოვხნავთ. ხვნა წარმოებს წინმხვნელიანი გუთნით, ერთდროულად ატარებენ ფარცხვასაც.
სარეველების გამოჩენისთანავე ატარებენ აოშვას დისკოებიანი საოშით, ივნისის დასაწყისში ატარებენ ღრმა ხვნას გუთნით, ე.ი. ბელტის გადაუბრუნებლად 40-50 სმ –ის სიღრმეზე, ფარცხვით, ზაფხულის განმავლობაში სარეველების განვითარების მიხედვით.
სარეველების გამოჩენის შემთხვევაში თესვის წინ ნიადაგი უნდა დამუშავდეს თათებიანი „ზიგზაგებიანი“ ფარცხით და ითესება საგაზაფხულო კულტურა შემდეგ, 3- 4 წლის განმავლობაში ნაკვეთი არ იხვნება, საგაზაფხულო კულტურის მოსავლის აღების შემდეგ 7-8 სმ სიღრმეზე ტარდება 1-2 დადისკოება, გაზაფხულზე ნაკვეთი დაიფარცხება და დაითესება.
ბელტის გადაუბრუნებლად მოხვნა ყველგან გამართლებული არ არის, ის დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე. ასეთი წესით ნიადაგის დამუშავება მიღებულია მხოლოდ სარეველებისგან სუფთა სტრუქტურიან ნიადაგებზე. ბელტის გადაუბრუნებლად მოხვნა დასარევლიანების გადიდებას იწვევს.
საადრეო ანეულის მოხვნის ვადები ადგილობრივ პირობებისდა მიხედვით ცვალებადობს. საუკეთესოდ ითვლება ხვნა აპრილ–მაისში, ან არაუგვიანეს ივნისის პირველი დეკადისა.
ადრეულ ანეულებზე ორგანული სასუქი შეაქვთ ძირითადი ხვნის წინ, ან მომდევნო გადახვნის წინ. ხნულის შემდგომი დამუშავება ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში, იმავე წესით და იმავე ვადებში ტარდება, როგორც შავი ანეულის დამუშავებისას.
საგვიანო ანეულს წინათ ფართოდ იყენებდნენ ერთპიროვნული გლეხური მეურნეობის პირობებში. მოხვნამდე მინდორი აბალახებული იყო და საძოვრად გამოიყენებოდა, ძოვების დროს მინდორი იტკეპნებოდა, უარესდებოდა ნიადაგის ფიზიკური თვისებები, ხვნას გვიან აწარმოებდნენ, ხნული უხარისხო იყო და საშემოდგომო თესვისათვის ვერ ასწრებდა მომწიფებას. ამიტომ ასეთი ანეულები აგროღონისძიებებიდან ამოღებულ იქნა.
კულისებიანი ანეული
სუფთა ანეულის სახესხვაობას კულისებიანი ანეული წარმოადგენს იმ განსხვავებით, რომ შემოდგომაზე მოხნულ მინდორზე გაზაფხულ-ზაფხულში კულისებად, ზოლ-ზოლად ითესება მაღალღეროიანი მცენარეები, თოვლის დაგროვების, ყინვისა და ქარისაგან საშემოდგომო ნათესის დაცვის მიზნით.
კულისებიანი ანეულის ძირითადი დანიშნულებაა მაღალღეროიანი მცენარეების თესვის საშუალებით მინდვრებზე თოვლის შეკავება და ნიადაგში ტენის მარაგის გადიდება.
ამიტომ კულისებიან ანეულებს იყენებენ მშრალ რაიონებში, სადაც მცირეთოვლიანი მკაცრი და მასთან ქარიანი ზამთარი იცის, ტენიანობის გადიდების გარდა ასეთი ანეული თოვლის საბურველის გადიდების გამო ხელს უწყობს ტემპერატურული რეჟიმის გაუმჯობესებას და საშემოდგომო კულტურების უკეთ გამოზამთრებას.
საკულისო მცენარეებად მიჩნეულია სიმინდი, მზესუმზირა, სორგო და სხვა მაღალღეროიან მცენარეები, ითესება მწკრივებად, ზამთარში გაბატონებული ქარების საწინააღმდეგო მიმართულებით და მწკრივების ერთიმეორისაგან 10-20 მეტრის დაშორებით.
ამ მცენარეთა მწკრივებს კულისები ეწოდება, ხოლო მანძილს მათშორის კულისთაშორისი მანძილი. კულისებში მცენარეთა შორის მწკრივებში მანძილი ისეთივე უნდა იყოს, რაც საერთოდ მიღებულია. კულისები შეიძლება იყოს ერთი, ორი, ან სამმწკრივიანი. ერთი და ორმწკრივიანი კულისები უფრო უკეთესია აგროტექნიკური თვალსაზრისით.
სამმწკრივიანი კულისები ვერ ქმნიან ნაკვეთზე თოვლის თანაბარ საფარს და მიუღებელია აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარების სიძნელის გამოც, რადგან კულისებში მცენარეთა მოვლა ზედმეტ დროსა და შრომას მოითხოვს.
საკულისე კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ღეროებს არ ჭრიან, არამედ ისე ტოვებენ თოვლის შესაკავებლად, გაზაფხულზე კი ქარების პერიოდის გავლის შემდეგ ჭრიან და გამოაქვთ ნაკვეთიდან.
ბოლო დროს ბევრ გვალვიან რაიონში საკულისო მცენარეებს თესავენ უფრო გვიან ზაფხულში, ივლისის მეორე ნახევარში, ეს იძლევა საშემოდგომო პურეული კულტურების საკულისო მცენარეების მწკრივების გარდიგარდმო მიმართულებით თესვის საშუალებას, მათ დაუზიანებლივ, რადგან ამ დროს საკულისო მცენარეების სიმაღლე აღწევს მხოლოდ 25-40 სმ.
ამ შემთხვევაში მიწის ფართობს მთლიანად იყენებენ; თოვლი კარგად გროვდება და თანაბრად ნაწილდება ნაკვეთზე. ზაფხულში თესვის შემთხვევაში საკულისო მცენარე არ იძლევა მოსავალს, მაგრამ თოვლის შეკავებისა და დაგროვების დანიშნულებას კარგად ასრულებს და მოსავალსაც ზრდის.
მოთესილი ანეულები
სუფთა ანეულების აგროტექნიკური მნიშვნელობა ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების საქმეში, განსაკუთრებით სარეველებთან ბრძოლაში, მეტად დიდია. მაგრამ ეკონომიურად იგი მისაღებია მხოლოდ მშრალ რაიონებში, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა მცირეა და მაღალი მოსავლის მიღებას ვერ უზრუნველყოფს.
სუფთა ანეულზე ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მოსავლის მიღება შეიძლება. ნიადაგის ერთი წლით “მოცდენა” ყველა მეურნეობისათვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან თესვისათვის გამოსაყენებელი ფართობი მცირდება.
თავიანთ აგროტექნიკურ დანიშნულებას მოთესილი ანეულები იმ შემთხვევაში გაამართლებენ, თუ სწორად იქნება შერჩეული მოსათესი კულტურა, გავანოყიერებთ მინდორს და ჩავატარებთ მაღალ აგროტექნიკას. ანეულზე დათესილი კულტურა მოკლე ვეგეტაციის უნდა იყოს, რათა მოსავლის აღების შემდეგ დროულად და ხარისხიანად დამუშავდეს ნიადაგი საშემოდგომო კულტურის თესვისათვის.
გარდა ამისა მოსათესი კულტურა ნიადაგს არ უნდა ფიტავდეს წყლითა და საკვებით, დიდ გავლენას უნდა ახდენდეს თავისი ბიოლოგიური თავისებურებებით და აგროტექნიკით ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებაზე.
ასეთებია პირველრიგში ერთწლოვანი პარკოსანი კულტურები (ცერცველა, ცულისპირა, ბარდა, ოსპი, ხანდური და სხვა), სათოხნი კულტურები (კარტოფილი, სასილოსე სიმინდი, საკვები ბაღჩეულები, სათესლე ძირხვენების მეორე წლის ნარგავები და სხვა) კარგია აგრეთვე სამარცვლე პარკოსნები (ლობიო, მარდა, სოია და სხვა.).
ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და დასარევლიანების ხასიათის მიხედვით სხვადასხვა სახის მოთესილ ანეულებს იყენებენ: არასათოხნი კულტურებით მოთესილი, სათოხნი კულტურებით მოთესილი და სიდერალური ანეულები.
სიდერალური ანეული
სიდერალური ანეული საკმაოდ გავრცელებული სახეა. სიდერალური ანეულის მინდორზე დათესილი პარკოსანი კულტურების (ხანჭკოლა, ბარდა, ცულისპირა, სოია, ცერცველა, ჩიტიფეხა, ძიძო და სხვა) სიდერატები, როგორც წვანე სასუქები ბუნებრივ, ანუ სამეურნეო სასუქთა შორის დიდი ყურადღების ღირსია.
სიდერატების გამოყენებას განსაკუთრებული ყურადღება ეძლევა აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემაში, როგორც მაღალეფექტურს, იაფსა და ადვილად გასატარებელ ღონისძიებას. სასოფლო სამეურნეო ლიტერატურაში სიდერატების ცნების ქვეშ იგულისხმება ისეთი აგრონომიული ღონისძიებახერხი, რომლის საშუალებით ვაუმჯობესებთ მცენარეთა კვების რეჟიმს ნიადაგში ჩახვნის გზით.
სიდერატები- მწვანე სასუქად გამოყენების მხრივ შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: სრული მწვანე სასუქი, როცა ნიადაგში ჩაიხვნება მწვანე მასის მიწისზედა ნაწილი ფესვთა სისტემასთან ერთად და მეორე არასრული მწვანე სასუქი–როდესაც მცენარის მიწისზედა ნაწილის სხვა დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ (თივად, სილოსად სხვა ადგილზე გადასატანად და ჩასახნავად) და მარტო ფესვთა სისტემას ჩავხნავთ ნიადაგში.
ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების საქმეში ეს ანეული დიდ ეფექტს იძლევა მეტადრე მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე (მსუბუქი თიხნარები, ქვიშნარები, ქვიშები) საკმაოდ ტენიან რაიონების პორობებში ან სარწყავ მიწებზე.
სიდერატების ანეულად გამოყენება კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე უსტრუქტურო მძიმე მექანიკური შედგენილობის, ნიადაგებზეც.
ანეულზე მოთესილი სიდერატები ხელს უწყობენ, აგრეთვე საკვების ძნელადხსნადი შენაერთების გადასვლას მცენარისათვის უფრო მისაწვდომ ფორმაში, სიდერატები ნიადაგიდან მინერალური საკვების გამორეცხვას ამცირებს.
სიდერატებით მოთესილი ანეულები ხელს უწყობენ მინდვრების სარეველა მცენარებისგან გაწმენდას, რაც გამოიხატება იმაში, რომ კარგად განვითარებული სიდერატებით ნიადაგის ზედაპირი მთლიანად იფარება (იჩრდილება) მწვანე მასით და იწვევს სარეველების ჩახშობას.
სიდერატებად იყენებენ, როგორც პარკოსან, ისე მარცვლოვან კულტურებს და ხშირად მათ ნარევსაც, მაგრამ უმთავრესი მნიშვნელობა მაინც პარკოსან მცენარეებს ეკუთვნის.
პარკოსნებს უნარი შესწევთ კოჟრის ბაქტერიების საშუალებით გამოიყენონ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტი და ამგვარად გაამდიდრონ ნიადაგი ამ მნიშვნელოვანი და ძირითადი საკვები ელემენტით.
მრავალი ავტორის გამოკვლევათა მიხედვით პარკოსანი კულტურები აზოტის 65-75% ითვისებენ ჰაერიდან, ხოლო დანარჩენ 25-35% ნიადაგიდან. ამგვარად პარკოსნებს მწვანე სასუქად გამოყენების საქმეში დიდი უპირატესობა აქვთ მარცვლოვან მცენარეებთან შედარებით.
როგორც ავღნიშნეთ, სიდერატების ჩახვნით, ნიადაგს ვამდიდრებთ ორგანული ნივთიერებით და აზოტით, რის საფუძველზეც უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესები.
სასიდერატოდ გამოსაყენებელი მცენარეები ღრმად ინვითარებენ ფესვთა სისტემებს, აფხვიერებენ ნიადაგის ქვედა ფენებს, ამოაქვთ იქიდან მცენარეთათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებანი, ხოლო ზოგიერთი ძნელად ხსნადი ნივთიერებანი ადვილად შესათვისებელი ხდებიან მომდევნო კულტურებისათვის.
ცნობილია, რომ ორგანული სასუქის ძირითად წარმომადგენლად ნაკელი ითვლება, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ლიტერატურული მონაცემები იმის შესახებ, რომ მწვანე სასუქი არა თუ არ ჩამორჩება, არამედ ხშირ შემთხვევაში უპირატესობასაც კი ამჟღავნებს ნაკელის წინაშე. ჯერ ერთი, სიდერატად დათესილი ადგილზევე მოყვანილია და იქვე ჩაიხვნება ნიადაგში და არ საჭიროებს არავითარ ტრანსპორტს გადასატანად.
სოფლის მეურნეობაში სიდერატების მწვანე სასუქად გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ დროის განმავლობაში მათი დადებითი მოქმედება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ზრდის თვალსაზრისით მრავალჯერ იქნა დადასტურებული.
ამჟამად, სიდერატები პერსპექტიულ აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემაში შედის და წარმოებაში ფართოდ უნდა დაინერგოს, როგორც ნიადაგის ნაყოფიერების გამაუმჯობესებელი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა მაღალი მოსავლის მიღებას.
ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე. სოფლის მეურნეობის საფუძვლები.
იხილეთ აგრეთვე: ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიების მიმოხილვა