ნიადაგი და მასზე მოზარდი მცენარეულობა წარმოქმნიან ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ სისტემას. ამიტომ, ყოველი მცენარეული თანასაზოგადოების ქვეშ განვითარებულია ნიადაგის განსაზღვრული ტიპი.
ნიადაგი განიცდის განუწყვეტლივ განვითარებას, მასში ხდება ენერგიების და ნივთიერებების გარდაქმნის რთული პროცესები. მწვანე მცენარეების ცხოველმყოფელობის შედეგად, ორგანული ნივთიერებების სახით კონსერვდება მზის ენერგია. მწვანე მცენარეები ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებენ დედა ქანში გაბნეულ მინერალურ ნაერთებს და აგროვებენ მათ ნიადაგის ზედაპირულ ფენებში ორგანულ-მინერალური შენაერთების სახით.
ბუნებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესი სხვადასხვა მიკროორგანიზმების საშუალებით, რომელთათვისაც ორგანული ნივთიერებები კვების წყაროს წარმოადგენს. უმთავრესად ეს ხდება ბაქტერიების და სოკოების საშუალებით.
დაშლის (ხრწნის) პროცესის სიჩქარე განპირობებულია წყალ-ჰაეროვანი და თბური რეჟიმებით, ორგანულ ნარჩენებში ნაცრის ელემენტების და აზოტის არსებობით. ამრიგად, ნიადაგწარმოქმნის პროცესში წამყვან როლს ასრულებს ურთიერთქმედება ნიადაგსა და მცენარეულობას შორის, ე.ი. ნივთიერებათა და ენერგიების ცვლა.
ნიადაგის საერთო ფიზიკური და ტექნოლოგიური თვისებები
ნიადაგი შედგება: მყარი, თხიერი და გაზისებრი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან.
ნიადაგის მყარი ნაწილი შედგება: მინერალური და ორგანული ნივთიერებებისაგან. თხიერი ნაწილი -შედგება წყლისა და მასში გახსნილი მარილებისაგან. გაზისებრი ნაწილი – შედგება ჰაერისაგან.
ნიადაგის სიკვრივე – ნიადაგის სიმკვრივის მაჩვენებლად ითვლება მისი 1სმ3 მოცულობის მასა გრამებში. სიმკვრივე დამოკიდებულია მინერალურ შედგენილობასა და ორგანულ ნივთიერებაზე.
ნიადაგების უდიდესი ნაწილის სახნავი ფენის საშუალო სიმკვრივე 2,5-2,65გ/სმ3-ის ტოლია, ჰუმუსის შემცველ შავმიწებში- 2,37სმ3, დიდი რაოდენობით რკინის ჟანგის შემცველ წითელმიწებსა და ყვითელმიწებში -2,8გ/სმ3-ის ტოლია.
გადიდებული სიმკვრივე არახელსაყრელად აისახება წყლის რეჟიმზე, აერაციაზე და ბიოლოგიურ აქტიობაზე. სახნავი ფენის სიმკვრივე იცვლება 0,8-1,5გ/სმ3 ინტერვალში. ქვიშრობ ნიადაგში ეს მაჩვენებელი 1,82გ/სმ3-ია, გაეწერებულ თიხნარში -1,2გ/სმ3 , ტიპიურ შავმიწაში 1გ/სმ3-ია.
ზედმეტი სიმკვრივის გამო მცირდება თესლის მინდვრული აღმოცენება, ფესვის ჩაღწევის სიღრმე და მოცულობა. ფესვთა სისტემის ზრდა ნიადაგის 1,4-1,5გ/სმ3 სიმკვრივის შემთხვევაში გაძნელებულია, ხოლო 1,6გ/სმ3 შემთხვევაში შეუძლებელია. არახელსაყრელია ნიადაგის ძლიერ ფხვიერი აგებულებაც. მცენარეთა უმრავლესობისათვის ოპტიმალურია 1-1,3გ/სმ3 სიმკვრივე.
ნიადაგის ფორიანობა – არის ნიადაგის ნაწილაკებს შორის სივრცეების მოცულობა(%-ში ნიადაგის მოცულობასთან). ის დამოკიდებულია ნიადაგის სტრუქტურაზე. ჰუმუსით მდიდარ ზედა ფენებში საერთო ფორიანობა აღწევს 50-60%, თიხიან და თიხნარ ნიადაგებში 35-45%, ქვიშნარში-30-35%. სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ოპტიმალური ფორიანობაა 55-60%-ია.
ნიადაგის სიმწიფე – არის ნიადაგის მზადყოფნა დასამუშავებლად. ნიადაგის მდგომარეობას, როცა ნიადაგი ადვილად მუშავდება გამწევი ძალის მინიმალური დახარჯვით და კარგად იფშვნება კოშტებად, ფიზიკურ სიმწიფეს უწოდებენ.
ნიადაგის სიმაგრე – ნიადაგის წინააღმდეგობაა, რომელსაც უწევს მასში შესულ მაგარ სხეულს გარკვეულ სიღრმეზე. მას განსაზღვრავენ სპეციალური ხელსაწყოთი -სიმაგრის მზომით და გამოსახავენ კგ-ით 1სმ2 -ზე. მაღალი სიმაგრე ცუდი ფიზიკო-ქიმიური თვისებების მქონე ნიადაგების ნიშანთვისებაა.
ნიადაგის წყალგამტარობა – არის ნიადაგის თვისება, გაატაროს თავის მასაში წყალი, რომელიც სიმძიმის ძალით ჟონავს ზემოდან ქვევით. მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგი წყალს ატარებს, მძიმე ნიადაგი კი პირიქით, ცუდი წყალგამტარობით ხასიათდება.
ნიადაგის წყალტევადობა(ტენტევადობა) – გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია ნიადაგს შეაკავოს თავის მასაში განსაზღვრული რაოდენობის წყალი. ასხვავებენ ტენტევადობის შემდეგ სახეებს: უმცირესი(მოლეკულური) და სრული(კაპილრული) ტენტევადობა. უმცირესი ტენტევადიბის დროს წყლით შევსებულია ფორების 50-70%.
სრული ტენტევადობისას ნიადაგის ყველა ფორი შევსებულია წყლით. მინდვრის კულტურებისთვის ოპტიმალურია 70-80% ტენტევადობა, ბოსტნეული კულტურებისთვის – 70-90%.
ნიადაგის გაჯირჯვება და დაჯდომა – გაჯირჯვება და დაჯდომა არის ნიადაგის უნარიანობა დატენიანებისას გადიდდეს მოცულობაში.
ნიადაგის სითბური თვისებებიდან აღსანიშნავია: ნიადაგის სითბოს შთანთქმისუნარიანობა, სითბოტევადობა, სითბოგამტარობა, სითბოს განსხივების უნარიანობა. ნიადაგის სითბურ რეჟიმს განსაზღვრავს არა მარტო მზის სხივების რაოდენობა, არამედ ნიადაგის შეფერვა, სტრუქტურა, ჰაერაცია და ტენიანობა.
ნიადაგის სითბოტევადობას – განსაზღვრავს სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მშრალი ნიადაგის გარკვეული მოცულობის გასათბობად. თბოტევადობა მეტია თიხიან ნიადაგებში, ნაკლებია ქვიშიან ნიადაგებში. მიუხედავად ამისა, ქვიშიანი ნიადაგები ადრე თბება და ადრე ცივდება.
თიხიან ნიადაგებში სითბოს მეტი რაოდენობა იხარჯება წყლის აორთქლებაზე, ამიტომ მეტ სითბოს შთანთქავს და ნაკლებად თბება, რის გამოც თიხნარებს „ცივ“ ნიადაგებს უწოდებენ. მასათან შედარებით ქვიშა უფრო თბილია. ასევე თბილია ჰუმუსით მდიდარი ნიადაგები.
ნიადაგის pH – მცენარეთა კვების თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს ნიადაგის არეს რეაქციას. ნიადაგის არეს რეაქცია სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ როგორია ნიადაგწარმოქმნის პირობები. ის შეიძლება იყოს: მჟავე ან ტუტე. მჟავიანობის სიდიდის მაჩვენებელს პირობითად აღნიშნავენ pH-ით. მისი სიდიდე საშუალოდ მერყეობს 3-დან -11-მდე. მაშინ, როცა pH = 7 რეაქცია ნეიტრალურია, როცა pH > 7 ტუტეა, ხოლო როცა pH < 7 რეაქცია მჟავეა.
ყველაზე მჟავე რეაქცია აქვს ჭაობიან ნიადაგებს. მჟავეა ასევე ეწერიანი და კორდიან-ეწერიანი ნიადაგები (pH 4-6). შავმიწების რეაქცია ნეიტრალურთან ახლოსაა, ხოლო ტუტე რეაქცია ახასიათებს ბიცობებს (pH 8-9 და მეტი). როგორც ცნობილია სასოფლო-სამეურნეო კულტურები სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებენ ნიადაგის არის რეაქციას. მათი უმრავლესობისათვის უკეთესია ნეიტრალური რეაქციის ნიადაგები.
საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგის მრავალი ტიპი გვხვდება: მთა-მდელოს, წითელმიწა, ყვითელმიწა, ყვითელმიწა-ეწერი, ჭაობიანი, ყავისფერი, შავმიწა, ბიცობიანი, დამლაშებული ნიადაგები და სხვა.
იხილეთ: საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების აგროქიმიური დახასიათება
დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია შემდეგი ტიპის ნიადაგები: ბარის- წითელმიწა, ყვითელმიწა, ჭაობიანი, ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური; მთიანეთში – ყომრალი, მთა-ტყე-მდელოს და მთა-მდელოს ნიადაგები.
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია: ბარის- ყავისფერი, შავმიწა, ბიცობიანი და ბიციანი, ალუვიური ნიადაგები; მთიანეთში – ყომრალი, ნეშომპალა-კარბონატული, მთის შავმიწა, მთა-ტყე-მდელოს და მთა-მდელოს ნიადაგები.
შავმიწა ნიადაგები – მაღალნაყოფიერი ნიადაგებიბა, ჰუმუსს შეიცავს 4-15%, ხასიათდება ნეიტრალური რეაქციით. მდიდარია საკვები ნივთიერებებით, განსაკუთრებით აზოტით.
წაბლა ნიადაგები – ახასიათებს არამტკიცე სტრუქტურა, ჰუმუსის შემცველობა მცირეა 2-5%, ხასიათდება სუსტი ტუტე რეაქციით. ნიადაგების ნაყოფიერების გასადიდებლად საჭიროა ტენით უზრუნველყოფა.
წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები – საქართველოში გავრცელებულია აჭარაში, აფხაზეთში, გურიაში, სამეგრელოში. ჰუმუსი 5-10-12%, ნიადაგის არეს რეაქცია 3,8-4,3. წითელმიწებში საკვები ნივთიერება ცოტა არაა, მიუხედავად ამისა კარგია აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქების შეტანა.
ყვითელმიწა ნიადაგების დიდი ნაწილი ეროზირებულია. ამიტომ მათი თვისებების გაუმჯობესებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ნიადაგდაცვის ღონისძიებების კომპლექსი. ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგების ნაყოფიერების აღსადგენად სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოიყენება ღრმა დამუშავება, მჟავე და ძლიერ მჟავე ნიადაგების მოკირიანება. ორგანული, მინერალური და მწვანე სასუქების გამოყენება.
ყავისფერი ნიადაგები – საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთში: ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში, სადაც ჰუმუსი 5-6%-ია.
ნეშომპალაკარბონატული ნიადაგები – დასავლეთ საქართველოს ბარის ნიადაგების ქვეოლქშია მოქცეული, ხოლო აღმოსავლეთში -მთიანეთის ნიადაგურ ოლქში. ღრმა და საშუალო სიღრმის ნეშომპალაკარბონატული ნიადაგები რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებას არ მოითხოვენ. მცირე სიღრმის პრიმიტიული ნიადაგების ეროზიისგან დასაცავად უნდა ვაწარმოოთ გატყევება, ძოვების მოწესრიგება, ფოსფორიანი სასუქების, ხოლო ეროზირებულ ფერდობებზე აზოტიანი სასუქების გამოყენება.
ალუვიური ნიადაგები – შეიძლება იყოს დაჭაობებული, დამლაშებული, მჟავე რეაქციის და კარბონატული. თითოეული მათგანი, იმის მიხედვით, თუ რისთვის გამოყენება და როგორი თვისებებით ხასიათდება მოითხოვს განსხვავებული ღონისძიებების გატარებას. დასავლეთ საქართველოში საჭიროა ჩატარდეს დაშრობითი, ხოლო აღმოსავლეთში – საირიგაციო ღონისძიებები. კარგ შედეგს იძლევა ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება. სიდერაცია, მრავალწლიანი და ერთწლიანი ბალახების თესვა.
მთა-მდელოს და მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები – გამოყენებულია სათიბ საძოვრად, მცირე ნაწილი კი სახნავად. ამ ნიადაგების დაცვის ღონისძიება მათი გამოყენების ხასიათის შესაბამისად უნდა იყოს განხორციელებული. აგროსაწარმოო თვისებების გაუმჯობესების მიზნით საჭიროა ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ძოვების რეგულირება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, ღვარცოფების შეკავება, მინერალური სასუქების გამოყენება.
ბიცობიანი და ბიციანი ნიადაგები – არიდული ქვეზონის ნიადაგებია. დამლაშება გამოწვეულია გრუნტის წყლის ამოწევით. ბუნებრივი მცენარეულობა და ამ ნიადაგების გამოყენების ხარისხი დამლაშების ხასიათის შესაბამისად იცვლება.
ბიციანი ნიადაგები წარმოიქმნება უწრეტ ვაკეებზე მლაშე გრუნტის წყლის ამოწევით, დახრილ ფერდობებზე კი დროებითი ღვარებით მოტანილი მარილებით. ასეთი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა საშუალება: ჩარეცხვა რამოდენიმე განმეორებით. როცა გრუნტის წყლები ახლოსაა, ჩარეცხვას წინ უნდა უსწრებდეს სადრენაჟო არხების მოწყობა. მელიორირების შემდეგ საჭიროა შესაფერისი თესლბრუნვის შედგენა, სწორი რწყვა, ნიადაგის სტრუქტურის შექმნა, ნაყოფიერების ამაღლება.
კარგ შედეგს იძლევა ამ ნიადაგებზე მინერალური და მწვანე სასუქების გამოყენება. კომპლექსური ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვს ბიციან-ბიცობიანი ნიადაგები. ამ ნიადაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ღონისძიებების ერთდროული გამოყენება.
იხილეთ: საქართველოს ნიადაგები
ბოსტნეული მცენარეების მოსაყვანად თითქმის ყველანაირი ტიპის ნიადაგია გამოსადეგი. მაგრამ, საერთოდ სხვადასხვაგვარი ტიპის ნიადაგებიდან თავისი მექანიკური შედგენილობის მიხედვით ყველაზე უკეთესად ითვლება სტრუქტურული, ნეშომპალით მდიდარი ქვიშნარი და საშუალო და მსუბუქი თიხნარი ნიადაგები.
ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები ბოსტნეულის მოსაყვანად ნაკლებ გამოსადეგია. ბოსტნეული მცენარეების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ხსნარის კონცენტრაციას. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყველა ბოსტნეული კარგად ხარობს, როდესაც ხსნარის კონცენტრაცია ნეიტრალურთანაა ახლოს.
ავტორები: ლ. ალფაიძე; ე.მოთიაშვილი; ნ. ჭანკვეტაძე. /სახელმძღვანელო მებოსტნეობაში/.