მცენარის თესლი
თესლი მცენარის ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მატარებელი ორგანიზმია. ამიტომ მათ ხარისხზე მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია მიღებული მოსავლის სიდიდე და ხარისხი.
არჩევენ თესლის ჯიშურ, თესვით და მოსავლიანობით თვისებებს. ჯიშურ მემკვიდრეობით თვისებებში იგულისხმება მათი კუთვნილება გარკვეულ ჯიშთან, ჯიშური სიწმინდე, რეპროდუქცია, ტიპიურობა (ჯვარედინ დამამტვერიანებლებში), რომლებიც ისაზღვრება მინდვრად აპრობაციის შედეგების მიხედვით.
ჯიშიანად ცნობილი ნათესები ეკუთვნიან ჯიშური სიწმინდის გარკვეულ კატეგორიას. პირველ კატეგორიას ეკუთვნიან ჯიშები, რომლებსაც აქვთ ჯიშური სიწმინდე არანაკლებ 99,5%, მეორეს-98 და მესამეს 95%.
საწარმოო პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დარაიონებული, ყველაზე უფრო ძვირფასი ჯიშებისა და ჰიბრიდების თესვით.
დროთა განმავლობაში გამოყვანილი ჯიშები და ჰიბრიდები უარესდება, ეს ხდება მექანიკური ან ბიოლოგიური დასარევლიანების შედეგად, აგროტექნიკის დაბალი დონით და ა.შ. ამიტომ (ხშირად) ძველი ჯიშები და ჰიბრიდები ჯიშთა გამოცდის შედეგების საფუძველზე, გარკვეული დროის გავლის შემდეგ იხსნებიან დარაიონებიდან.
ახალი ჯიშები რამდენიმე გადათესვის შემდეგ ამცირებენ თავიანთ ხარისხს, ამიტომ უნდა მოხდეს ჯიშთა განახლება- ჯიშიანი თესლის შეცვლას იგივე ჯიშის თესლებით უკეთესი ხარისხით, უფრო მაღალი თესვითი ღირსების მქონე თესლს ელიტას უწოდებენ, ხოლო მისი თესვის შედეგად მიღებულს- პირველ რეპროდუქციას, ამ უკანასკნელის თესვის შედეგად- მეორე რეპროდუქციას და ა.შ.
დასათესად ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ შეირჩეს მაღალი თესვითი ღირსების მქონე თესლი. თესვითი თვისებების ქვეშ იგულისხმება თესლის თვისებათა და ნიშანთა ერთობლიობა (სიწმინდე, აღმოცენება, გაღივების ენერგია, და სხვა). მათ საზღვრავენ თესლის პარტიიდან აღებული საშუალო ნიმუშის ანალიზით, სტანდარტით დადგენილი წესების ზუსტად დაცვით.
მცენარის თესლი ხარისხი
- თესლის სიწმინდე
თესლის სიწმინდეში იგულისხმება ძირითადი კულტურის თესლის მასა, გამოხატული პროცენტობით. მაგალითად 100გ სათესლე მასალაში 95 გ სუფთა თესლის მასა შეადგენს 95%-ს და ნარჩენი 5 გ –ს, პროცენტი იქნება ცოცხალი და მკვდარი მინარევები (მიწა, ჩალა, თესლი, რომელსაც აღმოცენების უნარი არა აქვს, მწერები, ჭუპრები და სხვა. თესლს შესაბამისი მანქანებით წმენდენ და ახარისხებენ სათესლე ნაკვეთებიდან მოსავლის აღებისთანავე.
- თესლის სიმსხო
ბიოლოგიური არაერთგვაროვნების გამო, აგრეთვე ამინდის პირობებზე და აგროტექნიკაზე დამოკიდებულებით, ერთი და იგივე კულტურის თესლის სიმსხო შეიძლება განსხვავებული იყოს. რაც უფრო მსხვილია თესლი, მით უფრო სიცოცხლისუნარიან მცენარეს იძლევა. მოცემული მაჩვენებელი ხასიათდება 1000 მარცვლის მასით გრამებში. იგი მერყეობს მნიშვნელოვან ფარგლებში კულტურაზე და მოყვანის პირობებზე დამოკიდებულებით ( მაგ. ხორბალში 32-50).
- თესლის გამოთანაბრებულობა.
მხოლოდ გამოთანაბრებული თესლით ნათესი იძლევა ერთგვაროვან აღმონაცენს, რაც დიდ როლს თამაშობს შემდგომში ყველა მცენარის განვითარებაში. თესლის ზომის მიხედვით გამოთანაბრება მიიღწევა თესლის საწმენდი მანქანებით დახარისხებით.
- თესლის ტენიანობა
უმეტესი კულტურების თესლის ნორმალური ტენიანობა ტოლია 14-18%- ისა. უფრო მაღალი ტენიანობისას მათ შეიძლება დაკარგონ შენახვის პროცესში აღმოცენების უნარი, ამიტომ საჭიროა დამატებით გაშრობა.
- თესლის აღმოცენება
თესლის აღმოცენებად ითვლება 100 ცალი თესლიდან ნორმალურად გაღივებული თესლის რაოდენობა, რომელიც გამოიხატება %-ით. თესლის სიწმინდეზე და აღმოცენებაზეა დამოკიდებული თესლის სასოფლო- სამეურნეო ვარგისიანობა, რაშიც იგულისხმება თესლის პარტიაში ძირითადი კულტურის თესლის შემცველობა (პროცენტობით), რომელსაც აქვს ნორმალური აღმოცენების უნარი. მას თესვის ნორმის გაანგარიშებისათვის იყენებენ.
- თესლის სამეურნეო ვარგისიანობა ისაზღვრება ფორმულით:
Q= A x B : 100.
სადაც Q არის– სამეურნეო ვარგისიანობაა (%);
A – თესლის სიწმინდე (%-ით);
B –თესლის აღმოცენება (%-ით).
მაგალითად თუ თესლის სიწმინდე 98,7 %-ია და აღმოცენება 92,3%, მაშინ სამეურნეო ვარგისიანობა იქნება Q= A x B : 100 = 98,7 X 92,3 : 100 = 91%. ამ შემთხვევაში თესვის ნორმა უნდა გადიდდეს 9 %-ით.
საწყობებში თესლის ნორმალურად შენახვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ტენიანობას. რადგან მაღალი ტენიანობის დროს თესლი შეიძლება ჩახურდეს, დაავადდეს სოკოებით, მავნებლებით და თესლი დაკარგავს აღმოცენების უნარს.
თესლის ხარისხის შეფასებისა და თესვის ნორმის დადგენისათვის პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს 1000 ცალი თესლის მასის სიდიდეს (წონას). მისი მაჩვენებლები შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს თესლის დასრულება, მასში სამარაგო ნივთიერებების შემცველობა და თესლის თესვითი ხარისხიანობა.
- გაღივების ენერგია და მინდვრული აღმოცენება
პირველი 3-4 დღის განმავლობაში გაღივებულ თესლების რაოდენობა გვიჩვენებს მოცემული კულტურისა და ჯიშის თესლის გაღივების ენერგიას (ერთდროულობას) პროცენტებში. მაღალი გაღივების ენერგიის თესლი უფრო თანაბრად აღმოცენდება, უკეთესად იყენებენ ზრდის ფაქტორებს, მათი აღმონაცენი ნაკლებად იჩაგრება სარეველებით, უფრო გამძლენი არიან არახელშემწყობი პირობებისადმი.
დაბალი აღმოცენებისუნარიანი თესლი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს სიცოცხლის უნარიანობა, ექვემდებარება თბილი ჰაერით დამუშავებას, მაგრამ თუ ამ შემთხვევაშიც არ მიაღწევს აღმოცენების მაჩვენებელი სტანდარტის მოთხოვნას, ის იწუნება და სასაქონლო მარცვლის კატეგორიაში გადის.
მინდვრული აღმოცენება არის თესლების რაოდენობა, რომლებიც იძლევიან აღმონაცენს მინდორში, გარკვეული პროცენტობით, დათესილი თესლის საერთო რაოდენობასთან შედარებით. იგი დამოკიდებულია გაღივების ენერგიაზე. ლაბორატორიულ აღმოცენებაზე, აგრეთვე აგროტექნიკის დონეზე, ეკოლოგიურ პირობებზე, თესლის დაავადების ხარისხზე და დაზიანებაზე.
- თესლის სათესი ღირსება
სათესლე მასალის სათეს ვარგისიანობაში იგულისხმება სუფთა და ერთდროულად აღმოცენებადი თესლების რაოდენობა. სათესი ღირსების დასადგენად სიწმინდის პროცენტს ამრავლებენ აღმოცენების პროცენტზე და წარმოებულს ყოფენ 100-ზე. თესლის სათეს ვარგისიანობას ადგენენ მხოლოდ კონდიციური თესლისათვის. იგი საჭიროა შესწორების შესატანად ამა თუ იმ კულტურის თესლის წონით ნორმაში.
- თესლის ნატურა
თესლის ნატურა არის ერთი ლიტრი თესლის მასა გრამებში. რაც უფრო მეტია თესლის ნატურა, მით მეტია თესლის ხარისხი. თესლის ნატურას საზღვრავენ სპეციალურ სასწორებზე, რომელთაც პურკებს უწოდებენ. ყველაზე უფრო გავრცელებულია მეტრული ერთლიტრიანი პურკა. ერთი ლიტრი მოცულობის თესლის მასა შეიძლება მერყეობდეს მნიშვნელოვან ფარგლებში მის სიმკვრივეზე, სიწმინდეზე, სინოტივეზე და სხვა პირობებზე დამოკიდებულებით.
- თესლის სიჯანსაღის განსაზღვრა
სათესლე, სასურსათე და საფურაჟე მარცვალი უნდა იყოს დაუვადებელი ავადმყოფობით და დაუზიანებელი მავნებლებით. თესლის ანალიზის დროს საზღვრავენ მისი დაავადების პროცენტს ავადმყოფობით (გუდაფშუტით და სხვა დაზიანებით, მავნე-კუსებურათი, ბეღლის ცხვირგრძელათი, ტკიპებით და სხვა). დაავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებენ ზომებს მათი გაუვნებლობისათვის (დამატებითი გაწმენდა, განიავება, შეწამვლა და სხვა). დაავადებული თესლის დათესვა, როგორც წესი არ დაიშვება.
სოფლის მეურნეობის საფუძვლები, ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე.
იხილეთ აგრეთვე: ნიადაგის დამუშავების სისტემა, ხვნის სიმწიფე, სიღრმე და წესი