ბამბა – თესვა, მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

ბამბა, თესვა, მოვლა

ზოგადი ინფორმაცია

სართავი მცენარეებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ბამბა. მრავალმხრივი გამოყენებისა და მისი ბოჭკოს ძვირფასი თვისებების გამო მას ,,თეთრი ოქრო” შეარქვეს.

საფეიქრო მრეწველობის ძირითად ნედლეულს მსოფლიოში ბამბის ბოჭკო წარმოადგენს, ფართო გამოყენება აქვს მას საავტომობილო, საავიაციო, ცელულოზის და მრეწველობის სხვა დარგებში.

ბამბის ბოჭკოსაგან მზადდება სხვადასხვანაირი სპეციალური და ძვირფასი ქსოვილები: ბატისტი და მარკიზეტი, სახაზავი კალკა, უმაღლესი ხარისხის სატინი, ჩითი, ფანელი, ძაფი, კორდა – ავტომობილების საბურავებისათვის და სხვ. ბამბის ბოჭკოს მატყლში შერევით მზადდება ნახევრად შალის ძვირფასი თხელი ქსოვილები.

100კგ ხამი ბამბა (ბოჭკო-თესლიანად) იძლევა დაახლოებით 32კგ სართავ ბოჭკოს, 65კგ თესლსა და 1კგ მოკლე ბოჭკოს (ლინტერს). ერთი კგ ბამბის ბოჭკოდან კი შეიძლება დამზადდეს 20მ თეთრეულის ქსოვილი, ან 12მ ჩითი, ან 8მ ზეწარი, ან 150 ცალი კოჭის ძაფი.

ბამბის მეორე დიდმნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს მისი თესლი, რომელიც ხამი ბამბის მოსავლის 65%-ს უდრის, ბამბის თესლი 20-27%-მდე ზეთს შეიცავს.

მას ფართო გამოყენება აქვს მარგარინის, საპნის, საცხებ-საზეთ, გლიცერინის და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ერთი ცენტნერი ბამბის თესლიდან შეიძლება მიღებული იქნეს 17-19კგ ზეთი, 40-42კგ კოპტონი და 38-40კგ ჩენჩო.

ბამბის ღეროს იყენებენ მთრიმლავ ნივთიერებათა მისაღებად, საწვავ მასალად და ნიადაგში ჩასახნავად, როგორც სასუქს ბამბის ფოთოლში 10%-მდე ლიმონმჟავაა, რომელიც შეიძლება მიღებული იქნეს ქარხნული წესით.

დიდი აგროტექნიკური მნიშვნელობა აქვს ბამბას, როგორც სათოხნ მცენარეს. ამ მხრივ ის კარგი კომპონენტია თესლბრუნვაში მარცვლეული  და სხვა კულტურებისათვის. ყოველივე ზემოთქმულის გარდა – ბამბა ითვლება აგრეთვე ერთ-ერთ კარგ თაფლოვან მცენარედ.

ბამბის მოყვანას მისდევს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ნათესი ფართობი 45 მილიონ ჰექტარს აღწევს. წინა საუკუნი ოცდაათიან წლებში, მებამბეობამ ფართო სამრეწველო გავრცელება მიიღო აღმოსავლეთ საქართველოში, ბამბის ნათესმა ფართობებმა ალაზნის ველზე, საგარეჯოს, გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში 18 ათას ჰექტარს მიაღწია, თუმცა ბამბის სამრეწველო თესვა მალევე შეწყდა.

ბოტანიკური დახასიათება

ბამბა ტროპიკული, მრავალწლიანი, ბუჩქოვანი მცე-ნარეა. ეკუთვნის ბალბისებრთა ოჯახს. ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, ნიადაგში ჩადის 2-2,5 მ-მდე. უხვად იტოტება და პირველ პერიოდში სწრაფად იზრდება, გვერდითი ფესვები ვრცელდება 1,5მ სიგანეში.

ფესვების ძირითადი მასა ნიადაგის სახნავ ფენაშია მოქცეული. ღერო – სწორმდგომი, მტკიცე, ფუძეში გახევებული, დაფარულია ბუსუსით. ფოთლის იღლიებში 2-3 კვირტი, ხშირად ღეროს ქვედა ფოთლის იღლიებში მდებარე კვირტები არ ვითარდება. გვერდითი ტოტები გა-მოდის მე-3-5 და ზევით მდებარე ფოთლის იღლიებიდან. ქვედა ტოტები უფრო გრძელია, ვიდრე შუაწელისა და წვეროს ტოტები, ამის გამო ბამბის ბუჩქს ერთგვარი პირამიდული ფორმა აქვს.

ბამბას ორნაირი ტოტები უვითარდება: ზრდისა (მონოპოდიალური), და სანაყოფე (სიმპოდიალური). ზრდის ტოტები გამოდიან მთავარი ღეროს ქვედა ნაწილიდან მახვილი კუთხით, მიემართებიან ზევით და უფრო დიდებია ვიდრე სანაყოფე ტოტები. ზრდის ტოტებზე თავის მხრივ ფოთლების გარდა, შეიძლება განვითარდეს, როგორც ზრდის, ისე სანაყოფე ტოტები.

უშუალოდ ზრდის ტოტზე კი, ისევე როგორც მთავარ ღეროზე, კოკორი, ყვავილი და ნაყოფი არ ვითარდება. სანაყოფე ტოტი მთავარი ღეროდან გამოდის უფრო დიდი კუთხით, თითქმის ჰორიზონტალურად, ზოგჯერ ქვემოთაც არის დახრილი.

სანაყოფე ტოტის წვეროს კვირტიდან ვითარდება ყვავილი, ხოლო მისი სიგრძეზე ზრდა წარმოებს გვერდითი კვირტებიდან. ამის გამო სანაყოფე ტოტი იზრდება არა სწორი ხაზით, არამედ კლაკნილად, ტეხილებით. ამ თვისების გამო სანაყოფე ტოტებს უწოდებენ სომპოდიალურს ან სიმპოდიებს (მრავალმუხლიანებს).

ბამბის სხვადასხვა ჯიშების სანაყოფე ტოტებს სხვადასხვა რაოდენობის მუხლები და მუხლთშორისები ახასიათებთ. ზოგიერთ მათგანს თითო მუხლთშორისი აქვს, რომლის ბოლოში ყველა კვირტი ივითარებს ყვავილსა და ნაყოფს და ამის გამო მისი სიგრძეზე ზრდა აღარ ხდება. მას ზღვრული ტიპის ტოტებს უწოდებენ.

მრავალ მუხლთშორისიან სანაყოფე ტოტებს – არაზღვრული ტიპი ეწოდება და მათ ერთმანეთისაგან მუხლთშორისების სიგრძით ანსხვავებენ. იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის სანაყოფე ტოტებს ინვითარებს მცენარე, ბუჩქი შეიძლება იყოს გადაშლილი (არაზღვრული ტიპის დროს) ან შეკრული (ზღვრული ტიპის დროს). ზღვრული ტიპის სიმპოდიალური ტოტებიანი ბამბა უფრო მცირე მოსავლიანია და მისი ბოჭკოს ხარისხიც შედარებით დაბალია.

ფოთოლი შედგება ყუნწისა და ფირფიტისაგან. პირველი 2-3 ფოთოლი, რომელიც მთავარ ღეროზე ვითარდება ლებნების ამოტანის შემდეგ, გულისებრი მოყვანილობისაა და დაუნაკვთავია. დანარჩენი ფოთლები დანაკვთულია სხვადასხვა ინტენსივობით, 3-დან 7 ნაკვთამდე. თითოეული ფოთლის ყუნწის ძირში ზის ორი ფოთოლი. ფოთლები განლაგებულია მთავარ ღეროსა და ზრდის ტოტებზე მუხლებად, ხოლო სანაყოფე ტოტებზე, თითოეულ კოკორთან. ფოთოლი ქვედა მხრიდან შებუსვილია.

ყვავილი ზის ყვავილსაჯდომზე, ხუთი გვირგვინის ფურცლით, რომლებიც ძირში ერთად არიან შეზრდილი. გვირგვინის ფურცლები ჯიშების მიხედვით, ყვითელი ან თეთრია. ნაყოფი – კოლოფია, მომრგვალო-კვერცხისებრი, 3-4 ან 5 საგდულიანი.

თესლი – კვერცხისებრი მოყვანილობის, სიგრძით 9-12მმ და სიგანით 6-8მმ. ბოჭკოს მოცილების შემდეგ თესლზე რჩება მოკლე ბეწვიანი გინგლი, თუმცა არის ე.წ შიშველთესლიანი უგინგლო ბამბის ჯიშებიც, რომელთა თესლი მცირედ არის შებუსვილი. გინგლი უმეტესად თეთრი ფერისაა, იშვიათად მწვანე ან ყავისფერი, იგი თესლის წონის 3-4%-ს შეადგენს.

თესლი გარედან დაფარულია საკმაოდ მაგარი, გახევებული კანით, რომლის შიგნით მოთავსებულია აპკისებური გარსი. კანგაცლილი თესლი შედგება ორი ლებნისაგან, ფესვებისა და ღეროს ჩანასახისაგან. 1000 თესლის მასა მერყეობს 60-დან 125 გ-მდე.

ბიოლოგიური თავისებურებანი

ბამბა ტიპიური სამხრეთის მცენარეა. ზრდა-განვითარებისათვის საჭიროებს სითბოს მეტ რაოდენობას, ვიდრე მინდვრის სხვა რომელიმე მცენარე. მართალია ბამბის თესლი გაღივებას იწყებს ნიადაგში 10-120C სითბოს პირობებში, მაგრამ მისი ნორმალური გაღივება მიმდინარეობს 20-250C სითბოს დროს. თვით მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა უფრო მაღალი ტემპერატურა 25-300C.

თესლიდან პირველად გამოდის ფესვის ჩანასახი, რომელიც ღრმად მიემართება ნიადაგში, შემდეგ მცენარეს მიწის ზევით ამოაქვს ლებნები. ნათესის აღმოცენებიდან ერთი კვირის შემდეგ მცენარე ივითარებს პირველ ნამდვილ ფოთოლს, ხოლო შემდეგ ყოველ 3-5 დღეში ჩნდება ახალი ფოთლები, 7–8 ფოთლის განვითარების შემდეგ, მე-4-5 ფოთლის იღლიაში ჩნდება პირველი კოკორი, ანუ პირველი სანაყოფე ტოტის ჩანასახი.

პირველი ფოთლის გამოტანიდან 20-30 დღის შემდეგ მცენარე იწყებს კოკრების განვითარებას. კოკრების ჩანასა-ხიდან ყვავილობის დაწყებამდე გადის 25-35 დღე, ხოლო ყვავილობიდან ნაყოფის მომწიფებამდე და კოლოფის გახსნამდე მცენარეს ესაჭიროება კიდევ 50-65 დღე.

მცენარის სავეგეტაციო პერიოდი დათესვიდან კოლოფის მომწიფებამდე გრძელ-დება 120-140 დღე, ხოლო ნაზბოჭკოიანი ჯიშებისა 145-160 დღემდეც.

ბამბა ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას, სულ უმნიშვნელო ყინვაც კი 0,5-1,00C ღუპავს მცენა-რეს, ხოლო 10–120Cსითბოს დროს ბოჭკო არ იზრდება და არ მწიფდება.

ბამბა სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა. ბამბის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და უხვი მოსავლისათვის აუცილებელია მისი მორწყვა.

ბამბის სახეობანი და ჯიშები

ბამბის გვარი 35-მდე სახეობას მოიცავს, მათგან კულტურაში გავრცელებულია მხოლოდ 5 სახეობა. პრაქტიკაში კი ფართოდ მისდევენ ორი სახის ბამბის მოყვანას: ეს არის ჩვეულებრივი ბამბა (მექსიკური ანუ ცენტრალურ–ამერიკული წარმოშობის) და ე.წ ,,ეგვიპტური” ბამბა–ბარბადენზე (სამხრეთ ამერიკული წარმოშობის).

ადგილი თესლბრუნვაში

მინდვრის სხვა კულტურებიდან შედარებით ბამბა უკეთესად იტანს ზედიზედ თესვას 5_6 წლის და უფრო მეტი ხნის განმავლობაში. მაგრამ დიდი ხნით ერთსა და იმავე ადგილზე ბამბის თესვას თან სდევს ყველა ის უარყოფითი მოვლენა, რასაც საერთოდ ადგილი აქვს მონოკულტურის დროს.

ეს არის ნიადაგის სტრუქტურის ზედმეტად დაშლა, სახნავი ფენის გამკვრივება, ნიადაგის ზედაპირზე ქერქის გაჩენა და ამასთან დაკავშირებით აერაციისა და წყლის რეჟიმის ნორმალური პროცესების დარღვევა, მავნებლებისა და დაავადებათა გავრცელება და სხვ.

ბამბისათვის საუკეთესო წინამორბედად ითვლება იონჯა. 2-3 წლის მანძილზე იონჯას არსებობა თესლბრუნვაში 0,4-0,5%-ით ზრდის ჰუმუსის შემცველობას ნიადაგში, რაც ჰექტარზე 12-18 ტ ნეშომპალის დაგროვებას უდრის.

იონჯა ამცირებს ბამბის მინდვრების დაავადებას ვილტით (ჭკნობით), რომლის გამომწვევი სოკო იონჯას ფესვებზე ვერ ვითარდება და დროთა განმავლობაში იღუპება.

ნიადაგის განოყიერება

ბამბა დიდ მოთხოვნილებას იჩენს სასუქების მიმართ. საკმარისია აღინიშნოს, რომ ერთი ტონა ხამი ბამბის მოსავლის შესაქმნელად მცე-ნარეს ესაჭიროება 45-50კგ აზოტი, 12-17კგ ფოსფორი და 40-50კგ კალიუმი. ბამბის მაღალი მოსავლის მიღება სასუქების გამოყენების გარეშე თითქმის შეუძლებელია.

ბამბის მცენარის მიერ საკვები ელემენტების შეთვისების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ განვითარების პირველ პერიოდში, კოკრების წარმოქმნამდე, მცენარე სუსტად ითვისებს საკვებს, მთელი მოთხოვნილების მხოლოდ 2-5%-ს.

კოკრების განვითარებიდან – ყვავილობამდე საკვების შეთვისების ტემპი იზრდება და მთელი მოთხოვნილების 20-30%-ს უდრის, ხოლო შემდგომ სტადიაში–ყვავილობიდან მომწიფებამდე, მცენარის ინტენსიურად ზრდასთან ერთად, იზრდება აგრეთვე საკვებ ნივთიერებათა შეთვისებაც. საკვების მთელ დანარჩენ რაოდენობას 65-75% მცენარე ამ პერიოდში ითვისებს.

განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბამბის მცენარე განვითარების პირველ ფაზაში ფოსფორის მიმართ. შემოდგომაზე ძირითადი განოყიერების დროს, ნიადაგში შე-აქვთ როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები.

ნიადაგის დამუშავება

მებამბეობის ძირითად რაიონებში, უკლებლივ ყველგან მიღებულია ბამბისათვის ნიადაგის დამუშავების მზრალად ხვნის სისტემა.

თესლის მომზადება და თესვა 

დასათესად იყენებენ დარაიონებული ჯიშის ბამბის თესლს მიღებულს მაღალმოსავლიანი ნაკვეთებიდან. თესლი კარგად უნდა იყოს მომწიფებული და გასუფთავებული გინგლისაგან. ბამბის მაღალხარისხიანი თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გაღივების უნარი არანაკლებ 90%, სისუფთავე – არანაკლებ 97% და ტენიანობა არაუმეტეს 11%.

თესლის გასუფთავება წარმოებს ბამბის ქარხნებში, სადაც მას ჯერ აცლიან ბოჭკოს ე.წ. ჯინის მანქანებით, ხოლო შემდეგ ასუფთავებენ გინგლისაგან–ლინტერის მანქანებით. თესლის გინგლიანობა არ უნდა აღემატებოდეს 0,4-0,8%.

მექანიკური გასუფთავების დროს თესლის გარკვეული ნაწილი ზიანდება და შემდეგ აღმონაცენს აღარ იძლევა. ასეთი თესლის რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

უკანასკნელ დროს შემოიღეს ბამბის თესლის გასუფთავება აეროქიმიური მეთოდით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თესლს ამუშავებენ სხვადასხვა მჟავების ორთქლით. ამ დროს გინგლი დაშლას განიცდის და შემდეგ ადვილად სცილდება სპეციალური ჯაგრისებითა და ჰაერის ნაკადით. ამ შემთხვევაში თესლის მექანიკური დაზიანება თავიდან არის აცილებული. გინგლისაგან გასუფთავებული თესლი ერთმანეთს აღარ ეწებება და ადვილად ითესება მანქანებით.

ფესვის სიდამპლის, გომოზისა და სხვა დაავადებათა საწინააღმდეგოდ ბამბის თესლს წამლიან სათანადო ფუნგიციდებით.

თესვამდე 2-3 კვირით ადრე მიმართავენ ბამბის თესლის ჰაერთბურ დამუშავებას 30 საათის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვნად ზრდის თესლის გაღივების ენერგიას და აღმოცენების უნარს.

ნათესის აღმოცენების დაჩქარების მიზნით, ზოგჯერ მიმართავენ თესლის დალბობას გამდინარე წყალში 1-2 დღე-ღამის განმავლობაში. ბამბის თესვა იწყება მაშინ, როდესაც ნიადაგი 10 სმ სიღრმეზე გათბება 120C-მდე.

ბამბის თესვის ფართოდ გავრცელებული წესია კვადრატულ-ბუდობრივი თესვა. ამ შემთხვევაში მოსავალი მეტია ჩვეულებრივ მწკრივად თესვასთან შედარებით 5-7ც-ით ჰექტარზე. კვადრატულ – ბუდობრივი თესვის დროს მიღებულია კვების არედ 60X60 სმ, ან 50X50 სმ ჯიშისა და ადგილობრივი პირობების მიხედვით.

მცირე დახრილობის ნოყიერ ნიადაგებზე კარგ შედეგებს იძლევა ბამბის გადა-შლილ-ბუჩქებიანი ჯიშების თესვა, მანძილით 60X60 ს, ბუდნაში 3 მცენარის დატოვებით, რაც ჰექტარზე 83 ათას მცენარეს შეადგენს. შედარებით ღარიბ ნიადაგებზე ბამბა ითესება კვების არეთი 50X50 სმ, ორი-სამი მცენარის დატოვებით.

თესვის წესების შესაბამისად ბამბის სათესი ნორმაც სხვადასხვანაირია – 35-40კგ-დან, 60-70 კგ-მდე ჰექტარზე. ვიწრო მწკრივებად თესვის დროს, როდესაც გამოხშირვას მიმართავენ მექანიზებულად, და თაიგულების წესით ჰექტარზე ითესება 90-120 კგ.

ნათესის მოვლა

ბამბის ნათესის მოვლის პირველი ღონისძიება იწყება ნიადაგის ზედაპირზე გაჩენილი ქერქის მოსპობით. ნიადაგის ქერქის დაშლას აღწევენ, მსუბუქი ფარცხებით ან როტაციული მათოხების საშუალებით, რომელსაც ატარებენ ნათესის მწკრივების გარდი-გარდმო.

ნორმალურ პირობებში დათესილი ბამბა ერთი კვირის შემდეგ იწყებს აღმოცენებას. როგორც კი მწკრივები გამოჩნდება, მიმართავენ რიგთა შორის კულტივაციას და მცენარეთა გამოხშირვას. ეს სამუშაოები უნდა შესრულდეს შემჭიდროვებულად და რაც შეიძლება ადრეულ ვადებში, პირველი წყვილი ფოთლის ფაზაში. კულტივაციისა და გამოხშირვის დროს ითხრება პირველ რიგში დაავადებული და სუსტად განვითარებული მცენარეები, ისპობა სარეველები და ფხვიერდება ნიადაგი.

კვადრატულ-ბუდობრივი განლაგებისათვის ჩვეულებრივ მწკრივად ნათეს ბამბას მანქანების საშუალებით ხშირავენ, რისთვისაც მწკრივების გარდი-გარდმო ატარებენ კულტივატორს ბრტყლად მჭრელი დანებით ისე, რომ გამოხშირვის შემდეგ მივიღოთ 12-15 სმ სიგრძის თაიგულები. მეორე დღესვე წარმოებს თაიგულების გამოხშირვა ხელით, თაიგულის ცენტრში სტოვებენ ყველაზე საღსა და კარგად განვითარებულ 2-3 მცენარეს. სარწყავ რაიონებში ბამბის ნორმალური სიხშირეა 80-100 ათასი მცენარე, წვრილბოჭკოიანი ჯიშებისათვის კი – 70-90 ათასი მცენარე ჰექტარზე.

ამის შემდეგ ნათესის მოვლის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მწკრივთა შორის ნიადაგის გაფხვიერება. მწკრივთა შორის პირველი კულტივაცია ტარდება 8-10 სმ სიღრმეზე. გარდი-გარდმო კულტივაცია წარმოებს პირველი სავეგეტაციო მორწყვისთანავე, როგორც კი ნიადაგის ზედაპირი შეშრება.

შემდეგ, ყოველი სავეგეტაციო მორწყვიდან 2-3 დღის შემდეგ, კვლავ მიმართავენ კულტივაციას. მეორე კულტივაციის დროს კულტივატორის თათები დაყენებული უნდა იქნეს ისე, რომ მწკრივებს შორის არსებული მანძილის ცენტრი ფხვიერდებოდეს 12-15 სმ სიღრმეზე. ხოლო მისი ნაპირები მცენარეები-საკენ 8-10 სმ სიღრმეზე.

შემდგომი კულტივაციები ტარდება უფრო ნაკლებ სიღრმეზე, 10-12 და 6-სმ-ზე. როდესაც მწკრივები იმდენად შეივსება, რომ იქ მანქანების გავლა დააზიანებს მცენარეებს, კულტივაციას აღარ ატარებენ.

კვადრატულ – ბუდობრივად ნათეს ბამბაში 4-5-ჯერ ტარდება მწკრივთშორის კულტივაცია და 3-4-ჯერ გარდი გარდმო კულტივაცია, რაც გამორიცხავს ხელით შრომას. სარეველების წინააღმდეგ ფართოდ იყენებენ ჰერბიციდებს.

მორწყვა

ბამბის მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა მორწყვა. მებამბეობის ძირითად რაიონებში დიდი ხანია დამკვიდრე-ბულია ორგვარი მორწყვა: სამარაგო (თესვამდე) და სავეგეტაციო.

მებამბეობის ძირითად რაიონებში ბამბის მორწყვას იწყებენ ჩვეულებრივ, მცენარის მიერ 3-5 ფოთლის განვითარების ფაზაში. შემდგომი მორწყვები ტარდება ამინდისა და ნათესის მდგომარეობის მიხედვით. ზოგიერთ წლებში ბამბისათვის საკმარისია 3-4 მორწყვა, ზოგჯერ კი მორწყვის რაოდენობა იზრდება 11-მდე. განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს მორწყვას მცენარე ყვავილობის პერიოდში.

მებამბეობის რაიონებში მიღებულია რწყვის ასეთი სქემა: 1-2-1 ან 2-4-1 და ა.შ. პირველი ციფრი ნიშნავს მორწყვის რაოდენობას ბამბის ყვავილობამდე. მეორე–მორწყვის რაოდენობას ყვავილობიდან, კოლოფების მომწიფებამდე და მესამე–მორწყვის რაოდენობას კოლოფების მომწიფების პერიოდში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მორწყვას ყვავილობამდე.

მცენარის განვითარების პერიოდების მიხედვით იცვლება რწყვის ნორმებიც. ყვავილობამდე ის უდრის 700-800 კუბ.მ ყვავილობის დროს 800-1000 კუბ.მ, ხოლო კოლოფების გახსნის შემდეგ – 600-700 კუბ.მ ჰექტარზე. სარწყავი ნორმა მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში შეადგენს 5000-8000 კუბ.მ ჰექტარზე.

მოსავლის აღება

ბამბის მომწიფება და კოლოფების გახსნა მცენარეზე ერთ-დროულად არ ხდება, ეს პროცესი გრძელდება 1,5-2,0 თვემდე, პირველი ყინვების დაწყებამდე. შემოდგომაზე სიცივეების მოახლოვებისა და დღის განათების შემცი რებასთან დაკავშირებით, ბამბის მომწიფების ტემპიც მცირდება, რის გამოც თვით ერთი მცენარის ფარგლებშიაც კი ბოჭკოსა და თესლის ხარისხი სხვადასხვანაირია.

ადრე გახსნილი კოლოფები ყველაზე უფრო მაღალხარისხოვან ბოჭკოსა და თესლს იძლევა. ამასთან, მას მეტი წონა აქვს და ბოჭკოს დიდი გამოსავლიანობით ხასიათდება.

მცენარის ამ თვისებათა გამო ბამბის მოსავლის აღება რამდენჯერმე წარმოებს. პირველი მოსავლის აღებას იწყებენ მაშინ, როდესაც ბუჩქის დაახლოებით 25%-ზე გაიხსნება 1-2 კოლოფი. მეორე და მესამე კრეფა წარმოებს კოლოფების გახსნის შესაბამისად, პირველი ყინვების დაწყებამდე.

პირველი ყინვების შემდეგ მასობრივად იწყება შემოუსვლელი კოლოფების გახსნა, რომლის ბოჭკო დამაკმაყოფილებელი თვისებებით ხასიათდება. ყინვების შემდეგ გახსნილი და ნახევრად გახსნილი კოლოფებიდან მიღებული მოსავალი ხარისხით ჩამორჩება ყინვებამდე აღებულ მოსავალს, ამიტომ, ის ცალკე გროვდება და იგზავნება.

მოსავლის აღების დაგვიანება დაუშვებელია, რადგან ეს იწვევს გახსნილი კოლოფებიდან ბამბისა და თესლის გამოცვენას და ადიდებს დანაკარგებს. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2,5-3,0 ტონას შეადგენს.

ამჟამად კონსტრუირებულია მაღალი წარმადობის ბამბის ასაღები რთული მანქანები. ბამბის პირველი კრეფა მანქანებით იწყება მაშინ, როდესაც მცენარეებზე კოლოფების 50-60% გაიხსნება, ხოლო მეორე კრეფა – როდესაც დარჩენილი კოლოფების 80-90% გადაიშლება.

ბამბის საკრეფი მანქანების შეუფერხებლად მუშაობისათვის მიმართავენ ე.წ. დეფოლაციას, ფოთლებზე ქიმიური ნივთიერების შესხურებას, რომელიც იწვევს ფოთლების დაწვას და ჩამოცვენას. დეფოლაცია ხორციელდება სპეციალური მანქანებით და თვითმფრინავებითაც. დეფოლაციის შემდეგ კოლოფები სწრაფად მწიფდება და იხსნება, ადვილდება მანქანების მუშაობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს დეფოლაციის ჩატარების ვადას. ნაადრევად გატარებულმა ამ ღონისძიებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მოსავლიანობის შემცირება, ხოლო დაგვიანებით გატარების შემთხვევაში მისი ეფექტი მცირდება, რადგან გაუხეშებულ ფოთლებზე ქიმიური ნივთიერება ეფექტიანად ვეღარ მოქმედებს.

ბამბის მოსავლის მთლიანად აღების შემდეგ მინდორი უნდა გაიწმინდოს ღეროებისაგან, რათა ნიადაგი წესიერად მომზადდეს მომდევნო კულტურისათვის. ხამი ბამბა უნდა გაშრეს 10-15% ტენიანობამდე და გაიგზავნოს ჩასაბარებლად.

ავტორი: რ. ძიძიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

თქვენი რეკლამა