თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თესლის ხარისხიანობისა, რადგან თესლის აღმოცენების სხვადასხვა უნარზეა დამოკიდებული პირველ რიგში თესვის ნორმა, შემდგომ კი მთელი რიგი ბიოლოგიური მახასიათებლები.
თესვას, წინასწარი თესლის აღმოცენების უნარის დადგენის გარეშე შეიძლება მოჰყვეს მთელი რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ბრმად წარმოებული საქმიანობის ტოლფასი იქნება.
რას გულისხმობენ თესლის აღმოცენების უნარში. ეს არის აღმოცენებული თესლის რაოდენობა, გამოხატული პროცენტებში, დათესილი თესლის საერთო რაოდენობის მიმართ. უფრო მარტივად – ესაა თესლის უნარი მოგვცეს ნორმალური აღმონაცენი დროის გარკვეულ ვადაში და აღმოცენების გარკვეულ პირობებში.
თესლის აღმოცენების უნარის დასადგენად უნდა ავიღოთ 100-100 თესლის ნიმუში. დათვლილი თესლი თავსდება ცალცალკე სველ ფილტრის ქაღალდზე პეტრის ჯამში (პეტრის ჯამი წრიული ან მართკუთხა ფორმის მინის ან პოლიმერის მცირედ ჩაღრმავებულ ჭურჭელი-აგროკავკასია) ან უბრალო თეფშზე და ახურავენ თავზე (ლაბორატორიული მეთოდი).
თესლი გასაღივებლად უნდა მოთავსდეს ოთახის ტემპერატურატზე(18-200C).
გაღივებული თესლის დათვლას აწარმოებენ ორ ვადაში. პირველად – დადგენილი დღეების შემდეგ ზრდის ენერგიის განსაზღვრისთვის (3 დღეში), მეორედ – ისევ დადგენილი დღეების შემდეგ აღმოცენების უნარისთვის (მე-5-7 დღეს).
უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კულტურის თესლს სჭირდება სხვადასხვა დრო აღმოცენებისთვის. თუმცა უმეტესობას სჭირდება 7-14 დღე. იხ ცხრილი.
დღე-ღამის რაოდენობა ბოსტნეული კულტურების თესლების გაღივების და ენერგიის განსაზღვრისათვის.
ზრდის ენერგიის ქვეშ გულისხმობენ თესლის გაღივებას ერთდროულად და მოკლე ვადაში. გაღივების მაღალი ენერგია გამოვლინდება ნათესის ერთდროულად აღმოცენებაში, განვითარებაში და მომწიფებაში. ენერგიას ანგარიშობენ %-ში, გაღივებული თესლების რაოდენობის მიხედვით მოცემულ ვადაში.
გაღივებულ თესლად ითვლება ისეთი თესლი, რომელსაც განუვითარდა ნორმალური პირველადი ფესვი და ის არ არის თესლის სიგრძეზე ნაკლები. ხორბალში, ჭვავში და სიმინდში ყურადღებას აქცევენ ღეროს ნაზარდსაც, რომელმაც უნდა მიაღწიოს თესლის სიგრძის ნახევარს მაინც.
ზოგიერთი თესლი, განსაკუთრებით პარკოსნების (ხანჭკოლა, იონჯა, სამყურა და სხვა), დათვლის ვადისათვის ვერ აღწევს წყლით გაჯირჯვებას (გაჟღენთვას). ასეთ თესლს მაგარ თესლს უწოდებენ. მათ აქვთ სქელი კანი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გაღივდნენ. ამიტომ მათ ცალკე ითვლიან და უმატებენ აღმოცენებულებს.
აღმოუცენებელ თესლებად ითვლება ისეთი თესლები, რომლებმაც არ განივითარეს ღეროს ნაზარდი, ან განივითარეს, მაგრამ უსუსური, მახინჯი, დაავადებული ან განივითარეს ღეროს ნაზარდი, ხოლო ფესვი ბოლომდე არ განვითარდა. დამპალი თესლი ცალკე უნდა დაითვალოს.
საბოლოოდ აღმოცენებაც და გაღივებაც იანგარიშება %-ში, ისევე როგორც ყველა ნიმუში. გადახრა ცალკეულ ნიმუშს შორის უნდა იყოს მცირე და არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ სიდიდეებს: აღმოცენება საშ. %-ში: 100-98%; 97,9-95,0%; 94,9-90,0%; 89,9-85.0%; 84,9-80,0%; დასაშვები გადახრის ამპლიტუდა ± 2 ± 3 ± 4 ± 5 ± 5,5.
ლაბორატორიულ პირობებში განსაზღვრული აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი და მინდვრის აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი, რა თქმა უნდა ერთმანეთს მთლიანად არ დაემთხვევა.
საერთოდ მინდვრის აღმოცენება უფრო დაბალია ლაბორატორიულზე, მაგრამ ლაბორატორიული აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი გვიჩვენებს ხელსაყრელ პირობებში, როგორი შედეგია მოსალოდნელი. ასე, რომ ლაბორატორიული აღმოცენების მაჩვენებელი ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
ავტორები: ლ. ალფაიძე; ე.მოთიაშვილი; ნ.ჭანკვეტაძე
/მებოსტნეობის სახელმძღავნელო/
იხილეთ აგრეთვე: ჩითილების გამოყვანის მეთოდები და თავისებურებები