თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზს და მცენარეთა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების ხვედრითი წილის გაზრდას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე დეკორატიული და ტყის მცენარეულობის დაცვის სისტემაში.
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვა ნიშნავს ბუნებაში დაბრუნებას. ეს შედარებით ხანგრძლივი გზაა და ამ გზით უნდა იაროს ადამიანმა ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა შენარჩუნებულ იქნას ბუნების თვითმყოფადობა. ამ მეთოდის საფუძველს წარმოადგენს ცოცხალ სამყაროში ყველა კომპონენტის ურთიერთკავშირზე დაკვირება, გამოვლენა და გამოყენება.
მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივ პირობებში ორგანიზმები ერთმანეთისაგან იზოლირებულად კი არ ცხოვრობენ, არამედ ეწევიან თანაცხოვრებას.
თვით ბიოლოგიური მეთოდის ძირითად მიმართულებად ამჟამად განიხილება მცენარეთა მავნე ორგანიზმებთან საბრძოლველად ამ ორგანიზმების ბიოლოგიური მტრების – მტაცებლების, პარაზიტების, ანტაგონისტებისა და ჰერბიფაგების გამოყენება.
მცენარეთა მავნე ორგანიზმებთან ბიოლოგიური ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით მცენარეთა ბიოლოგიურ დაცვაში ადრე იგულისხმებოდა – ცოცხალი სასარგებლო ორგანიზმი, ცოცხალი მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ. ამჟამად ამ წესდების მიხედვით ბიოლოგიურ მეთოდში იგულისხმება ცოცხალი ორგანიზმის ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტების გამოყენებით მავნე ორგანიზმების მიერ მიყენებული ზარალის თავიდან აცილება ან შემცირება
მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდის უპირატესობაა – მათი მოქმედების სპეციფიურობა და უსაფრთხოება ადამიანისა და გარემოს მიმართ. მცენარეთა ბიოლოგიურ დაცვას აქვს უდიდესი პერსპექტივა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე სატყეო მეურნეობაში, ხოლო ორგანული მიწათმოქმედების განვითარებაში ალტერნატივა არა აქვს.
უფრო კონკრეტულად მცენარეთა ბიოლოგიური კონტროლი ნიშნავს:
-
- მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბუნებრივი მტრების გამოყენებას;
- ბიოლოგიური პრეპარატების მიმართ მავნე ორგანიზმების რეზისტენტობის არარსებობას;
- ფიტოტოქსიკურობის გამორიცხვას;
- სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. მეურნეობის რენტაბელობასა და ეკოლოგიური უსაფრთხოებისაკენ შემობრუნებას;
- ნიადაგის მიკრობიოტების გაჯანსაღებისა და ნაყოფიერების გაზრდას;
- სატყეო მეურნეობებსა და დაცულ ტერიტორიებზე ეკოლოგიური წონასწორობის და უსაფრთხოების სტაბილურობას;
- ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის მეთოდი ეფუძნება მავნე ორგანიზმების ბუნებრივი მტრების და მათი ცხოველქმედების პროდუქტების გამოყენებას. შესაბამისად, მდგრადი სატყეო და სოფლის მეურნეობის განვითარება ემყარება ბიოლოგიზაციის ტექნოლოგიებს, რაც გულისხმობს მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ მეთოდებს, სოფლის მეურნეობაში ბაქტერიული სასუქების, ზრდის ბიოსტიმულატორებისა და სხვა ბუნებრივი აგენტების გამოყენებას.
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მავნე ორგანიზმთა მართვის ინტეგრირებულ სისტემაში, ისე დამოუკიდებლად. როგორც ალტერნატიული და ამავე დროს მისი სპეციფიური თავისებურებების გამო გვევლინება როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიკურად ეფექტური.
ბიოლოგიური საშუალებები, პრაქტიკულად შესაძლებელია გამოყენებული იქნას მცენარეთა ყველანაირი მავნებლებისა და დაავადებების მიმართ იმდენად, რამდენადაც ისინი პოტენციურად არსებობენ ბუნებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის მეთოდი უფრო ეფექტურია მავნებლების წინააღმდეგ, ვიდრე მცენარეთა პათოგენების მიმართ.
მცენარეთა დაავადებებთან ბიოლოგიური მეთოდით ბრძოლა ტარდება სამი ძირითადი მიმართულებით: ანტაგონისტების, ანტიბიოტიკების და ჰიპერპარაზიტების გამოყენებით.
ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.
იხილეთ აგრეთვე: თესლბრუნვა და მისი როლი მცენარეთა დაცვაში