ვანო მეჭურჭლიშვილი – სამართლიანად განაწილებული წყალი სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარების საფუძველია

წყალი, სამართლიანი, განაწილება

          საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი მელიორაციის სექტორის  განვითარების კუთხით სარწყავი წყლის მართვის მნიშვნელობაზე საუბრობს:

          „სარწყავი წყლის მართვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. წლების განმავლობაში წყლის განუსაზღვრელი და უმიზნო მოხმარება საფრთხეს უქმნიდა როგორც მოსავლის ხარისხს, ისე ფერმერების ინტერესებს. სწორედ ამ რეალობამ განაპირობა ის, რომ სემეკი ჩაერთო მელიორაციის სფეროს ზედამხედველობაში.

          სემეკი 2023 წლიდან არეგულირებს მელიორაციის სექტორს. ამ პერიოდში მელიორაციის სფეროში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა — შეიქმნა წესები და ნორმები, რომლებიც საირიგაციო მიზნით წყლის მიწოდებაზე ქმნის პრიორიტეტულ გარემოს, ასევე განსაზღვრავს, ვის, როდის და რა რაოდენობის წყალი ეკუთვნის.  თითოეული მომხმარებელი თანასწორ პირობებში ხვდება, ხოლო წყლის მოხმარება დასაშვებია შეთანხმებული განრიგითა და მოცულობით. ეს არა მხოლოდ ამცირებს წყლის რესურსის ფუჭად ხარჯვის რისკს, არამედ გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით ქმნის სამართლიან გარემოს ფერმერებისთვის.

          საირიგაციო წყლის მიწოდების წესები ზუსტად ასახავს, რა შემთხვევაში შეუძლია ფერმერს წყლის მიღება, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება სარწყავი პერიოდის დაწყებისა და დასრულების შესახებ და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული განრიგი ირღვევა. მაგალითად, მომხმარებელი ვალდებულია წყალი მიიღოს მხოლოდ იმ პერიოდში და იმ მოცულობით, რაც შეთანხმებული განრიგით არის განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საირიგაციო წყლის მოხმარება ჩაითვლება უკანონო მოხმარებად, რაც გამოიწვევს როგორც ადმინისტრაციულ სანქციის დაკისრებას მომხმარებელზე, ისე უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულების დარიცხვას.

          ახალი წესები ითვალისწინებს შემთხვევებსაც, როდესაც მომხმარებელი შეთანხმების მიუხედავად ვერ იღებს წყალს. ასეთ შემთხვევაში, მას აქვს უფლება მიმართოს მელიორაციის კომპანიას და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება. თუ პრობლემა არ მოგვარდა, მომხმარებელს შეუძლია მელიორაციის კომპანიას წერილობით მოსთხოვოს დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება, რაც გულისხმობს საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის რესურსის მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებზე წარმართვას.

          ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც განსაკუთრებით ფერმერის ინტერესებს ემსახურება, არის საირიგაციო სისტემის გაჩერების სპეციალურად განსაზღვრული პერიოდის რეგულირება. ხშირად, ფერმერებს უჩნდებოდათ საფუძვლიანი კითხვა იმაზე, თუ რატომ წყდებოდა საირიგაციო წყლის მიწოდება სარწყავი სეზონის განმავლობაში ან/და თუ მიმდინარეობდა ის სამუშაოები რაც აუცილებელია სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისა და წყლის ხარისხისთვის. ახლა ეს პროცესი მკაფიოდ რეგულირდება: მელიორაციის კომპანია ვალდებულია მის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ასეთი სამუშაოების ნუსხა, ხოლო ყოველ წელს მიწოდების რეჟიმით, წინასწარ (ახალი საირიგაციო წლის დაწყებამდე), ზუსტად განსაზღვროს სისტემის გაჩერების პერიოდი (მიწოდების რეჟიმში კონკრეტული სამუშაოების მითითებით). ასევე, უშუალოდ სისტემის გაჩერების დაწყებამდე, მინიმუმ ორი დღით ადრე, შეატყობინოს შესაბამის არეალში არსებულ ყველა მომხმარებელს SMS შეტყობინებით საირიგაციო სისტემის გაჩერების წინასწარ გამოცხადებული პერიოდის დაწყების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სისტემის გაჩერების პერიოდი განისაზღვრება კონკრეტული საირიგაციო სისტემის საინჟინრო და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე და აუცილებელია იმ სამუშაოების ჩასატარებლად, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემის ხანგრძლივ და გამართულ ფუნქციონირებას — იქნება ეს სარემონტო, გაწმენდითი ან სხვა სახის საექსპლუატაციო სამუშაო. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ საირიგაციო სისტემა გადის სრულყოფილ ტექნიკურ მომსახურებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის როგორც წყლის მიწოდების საიმედოობას, ისე გააუმჯობესებს წყლის ხარისხს. შესაბამისად, საირიგაციო სისტემის საინჟინრო და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე სამუშაოების თავის დროზე ჩატარება იცავს როგორც მელიორაციის კომპანიის, ისე ფერმერის ინტერესს — მისი ინფრასტრუქტურა წვეთოვანი, მისხურების თუ სხვა სისტემა, იქნება დაზიანების ნაკლები რისკის წინაშე და მორწყვის პროცესი უფრო ეფექტიანი გახდება.

          აღსანიშნავია, მელიორაციის სექტორში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დანერგილი მნიშვნელოვანი სიახლე. მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სახეზე გვაქვს უპრეცედენტო და ინოვაციური მიდგომა ამ სექტორისთვის, რამაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა მელიორაციის კომპანიასა და მომხმარებლის (ფერმერის) ურთიერთობაში. მარეგულირებელი კომისიისა და იუსტიციის სახლის ერთობლივმა პროექტმა მელიორაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კერძოდ, მელიორაციის კომპანიის მომხმარებლებს უკვე აქვთ  შესაძლებლობა აბონენტად რეგისტრაციის, დავალიანების გადანაწილების, წყალმომარაგების პრობლემის დაფიქსირების ან სხვა ტექნიკური ხარვეზის შესახებ მელიორაციის კომპანიას მიმართონ განაცხადით. და ეს მომსახურება ხელმისაწვდომია  იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და 20 მობილურ სამსახურში. ამავე სივრცეში, მელიორაციის კომპანიის მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სემეკს, თუ მელიორაციის კომპანიისგან ვალდებულებების შეუსრულებლობა დაფიქსირდა.

          სემეკის მიზანი მხოლოდ წყალზე წვდომის გაკონტროლება კი არ არის, არამედ მომხმარებელთა მოლოდინების სწორად ჩამოყალიბება და მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა — იმის ცოდნა, როდის, რა მოცულობის წყალს მიიღებს ფერმერი, მას საქმიანობის წინასწარ დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს. ახალი წესები კი ქმნის გარემოს, სადაც წყალი სამართლიანად ნაწილდება, სერვისები ხელმისაწვდომია და სისტემა პროგნოზირებადი“.

თქვენი რეკლამა