ლავათერა, ქატმი

ლავათერა, ქატმი

ლავათერა, ქატმი (Lavatera – ოჯ. Malvaceae) გვარს სახელი მიანიჭა კარლ ლინემ ცნობილი ექიმებისა და ნატურალისტების, ძმები ლავათერების საპატივსაცემოდ.

გვარში დაახლოებით 25 სახეობაა, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია შუა აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.

ერთ ან მრავალწლოვანი  ფესურიანი ბალახოვანი მცენარეებია, ზოგჯერ ბუჩქებიც. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული,  ვარსკვლავისებური ბეწვებით დაფარული.

ყვავილები დიდია, ვარდისფერი, ალისფერი ან ყვითელი, მარტოული, ან  რამდენიმე ერთად ყვავილთანური ფოთლების უბეებში. ერთიანობაში ღეროების წვერზე ვითარდება მტევნისებური ან თავთავისებური ყვავილედი.

ლავათერა, ქატმი

ყველაზე ხშირად ქალაქების სკვერებში და კერძო ბაღებში აშენებენ ლავათერას ამ სახეობას – Lavatera trimestris (Rose mallow).

80-120 სმ სიმაღლის ძლიერად დატოტვილი მცენარეა. არსებობს მისი დაბალმოზარდი (60  სმ-მდე) ფორმებიც. აქვს მძლავრი, დატოტვილი ფესვთა სისტემა და ლამაზი, გულისებური ფოთლები. ზედა

ფოთლები 3-5-ნაკვთიანია. ყვავილები დიდია, მარტოული, ძაბრისებური, 10 სმ დიამეტრის, ფოთლების უბეებში განლაგებულნი, განსაკუთრებით უხვად კი ბუჩქის ზედა ნაწილში, რითაც ქმნიან ერთიან მოყვავილე ხალიჩას.

გვირგვინი 5-ფურცლიანია, ვარდისფერი, წითელი, მუქი ძარღვებით ან თეთრი.

გააჩნია მრავალი ჯიში: P Pink Beauty – ვარდისფერი ყვავილებით, Silver Cup – მოვერცხლისფრო-ვარდისფერი მუქწითელძარღვიანი ყვავილებით, Lave lines – ღია ვარდისფერი ყვავილებით, Mont Blanc – მუქძარღვიანი თეთრი ყვავილებით. მრავლდება თესლით.

ლავათერა, ქატმი

ახასიათებს  სწრაფი ზრდა. სინათლის მოყვარულია, გვალვაგამძლე და ამასთან სიცივის ამტანია.

ნიადაგების მიმართ მომთხოვნი არაა, მაგრამ უკეთ იზრდება ფზვიერ და ზომიერად ნოყიერ ნიადაგზე.

ასეთ პირობებში ყლორტები ზომაზე მეტად არ მიიწევენ სიმაღლეში და მასიური და უხვი ყვავილობა აღინიშნება. ვერ იტანს ზედმეტ ტენს, მაგრამ ხანგრძლივი გვალვის დროს საჭიროა რეგულარული და უხვი რწყვა. მაღალმოზარდი ჯიშებს ესაჭიროებათ სარებზე მიმაგრება.

ახალი კოკრების წარმოქმნის სტიმულირებისათვის საჭიროა გადყვავილებული ღეროების გადაჭრა.

გამოიყენება ჯგუფურ ნარგაობებში, მიქსბორდერებში, ბორდიურებად. მოჭრილი ყვავილები დეკორატიულობას ერთი კვირის მანძილზე ინარჩუნებენ.

ლავათერა, ქატმი

ბაღის დიზაინერი

შექმნაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი; მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

თქვენი რეკლამა