მიხაკი

მიხაკი (Dianthus) ოჯ. Caryophyllaceae. გვარში დაახლოებით 300 სახეობაა, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში.

სახეობათა უმრავლესობა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა; იშვიათად გვხვდება ორწლოვანი და ერთწლოვანი სახეობებიც.

მიხაკს ერთდროულად აღენიშნება ვეგეტატიური და გენერაციული (მოყვავილე) ყლორტების არსებობა. ვეგეტატიური ყლორტები გაცილებით მოკლე და დაუტოტავია. ფოთლები ხაზურია, ან ხაზურ-ლანცეტა, ზოგჯერ მახათისებური; ყოველთვის მოპირისპირედ განლაგებული.

მუხლები გამსხვილებულია. ზოგჯერ ხნოვანი ეგზემპლარების ღეროების ქვედა ნაწილები ხევდება და ამის გამო მცენარე ნახევარბუჩქს მოგვაგონებს. გენერაციული ყლორტები დატოტვილია.

ყვავილედი საგველა ან თავაკია, იშვიათად გვხვდება მარტოული ყვავილებიც. ჯამი მილისებურია, შეზრდილი, ხუთკბილა. ჯამის ფუძესთან განვითარებულია ყვავილთანური ქერცლების 1-4 წყვილი, რაც თითოეული სახეობის სისტემატიკურ ნიშანს წარმოადგენს. გვირგვინის ფურცელი 5-ია, ჰორიზონტალური ფირფიტით და გრძელი ფრჩხილით. ფირფიტას ხშირად ბოლოში ძაფები აქვს, რომლებიც ერთიანობაში წვერს ქმნიან.

მიხაკი, Dianthus

კულტურაში ხშირად გვხვდება ბუთხუზა და ნახევრადბუთხუზა ყვავილებიანი ფორმები. გვირგვინის ფირფიტები შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი, წითელი, იშვიათად – ლავანდისფერი და ყვითელი. მიღებულია რემონტანტული მიხაკების იისფერი, ნარინჯისფერი და მწვანე ყვავილებიანი ჯიშები.

ნაყოფი წაგრძელებული, ერთბუდიანი  კოლოფია,  რომელიც  წვერზე  ოთხი კბილით  იხსნება. კოლოფში ვითარდება დიდი რაოდენობით შავი, ბრტყელი, მომრგვალო ან წაგრძელებული თესლი.

მიხაკი, Dianthus

ჩინური მიხაკი (Dianthus chinensis)

სამშობლო –  ჩინეთი, კორეა.  50 სმ  სიმაღლის ღეროები ქმნიან გადაშლილ ან კომპაქტურ ბუჩქებს, რომლებიც ხშირად ბალიშების სახით იზრდება. ფოთლები მოპირისპირეა, ლანცეტა ან ვიწროლანცეტა; ღეროსეული ქვედა ფოთლები ადრე ხმება.

ყვავილები უფრო მეტად მარტოულია, ვარდისფერი ან იასამნისფერი, უსუნო, 2,5-3 სმ დიამეტრის. ზოგჯერ კი ისინი შეკრებილია კენწრულ, ფარისებურ ყვავილედად. მრავლდება თესლით.

მიხაკი, Dianthus

ესაჭიროება ღია და მზიანი ადგილი. ნიადაგი არამჟავე, ნოყიერი და ზომიერად ტენიანი უნდა იყოს. ვერ იტანს ჭარბ და დამდგარ წყალს. არ საჭიროებს დამატებით ორგანულ კვებას, მაგრამ ხანგრძლივი და უხვი ყვავილობისათვის საჭიროა პერიოდულად მცენარის მინერალური სასუქებით გამოკვება და რეგულარული უხვი რწყვა. მისთვის საშიშია გაზაფხულის წაყინვები.

გამოიყენება  ყვავილნარებში,  ბორდიურებად,  ალპინარიუმებში,  კონტეინერებში და ასაჭრელად.

მიხაკი, Dianthus

ბაღის დიზაინერი

შექმნაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი; მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

თქვენი რეკლამა