ნეკერჩხლის გვარი 120-მდე სახეობას აერთიანებს. საქართველოში კი ამ სახეობებიდან გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ქართული ნეკერჩხალი Acer Ibericum; მაღალმთის ნეკერჩხალი Acer Trautvetteri Medw; მინდვრის ნეკერჩხალი Acer Campestre; ქორაფი Acer Leaturm; ლეკის ხე Acer Platanoides; მთის ბოყვი Acer Pseudoplatanus; დიადი ბოყვი Acer Welutinum Boiss; თათრული ნეკერჩხალი Acer Tataricum; ამერიკული ნეკერჩხალი Acer Negundo.
ქართული ნეკერჩხალი „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეა. იგი ტანდაბალი, 10 მ-მდე სიმაღლის ხეა, პატარა და ლამაზი ვარჯით.
ქართული ნეკერჩხალი ძლიერი სიმშრალის და სიცივის ამტანი მცენარეა. გავრცელებულია როგორც დაბლობ ადგილებში, ისე მთებში. იგი ჩვენი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი მცენარეა.
მაღალმთის ნეკერჩხალი ტანდაბალი, 10-15 მ სიმაღლის ხეა, ბურთისებრი გაშლილი ვარჯით. განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ვარჯი უხვადაა დაფარული წითელი ფერის ფრთიანი ნაყოფებით, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად მოჩანს მწვანე ფოთლებიდან.
მინდვრის ნეკერჩხალი საშუალო, მეორე სიდიდის 15-20 მ-მდე სიმაღლის ხეა. იგი სინათლისა და სითბოს მომთხოვნი სახეობაა. იტანს მშრალ პირობებსაც. გვხვდება როგორც ჭალის მდიდარ, ისე ფერდობების თხელ ნიადაგებზე. მრავლდება როგორც თესლით, ასევე ამონაყრით. იგი ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიაში, როგორც ევროპასა და აზიაში.
ქორაფი მეორე სიდიდის 20-25 მ-მდე სიმაღლის ხეა. იგი უფრო სითბოს მომთხოვნია, ვიდრე სიცივის ამტანი. მრავლდება როგორც თესლით, ასევე ამონაყრითა და ფესვების ნაბარტყით.
ლეკის ხე მეორე სიდიდის 20-25 მ-მდე სიმაღლის ხეა. იგი უფრო სიცივის ამტანია, ვიდრე ქორაფი და უფრო ნაკლებ სიმშრალის ამტანი. ლეკის ხე მთებში ზღვის დონიდან 1 800 მ-ის სიმაღლეზე ადის. ქმნის როგორც წმინდა კორომებს, ასევე ერევა წიფელს, ნაძვს, სოჭს, რცხილას და სხვა.
მთის ბოყვი ტანმაღალი, 30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მსხვილი, გაშლილი ვარჯით. იგი სინათლის მომთხოვნი სახეობაა, მაგრამ იტანს საკმაო დაჩრდილვას და შერეულია ჩრდილის ამტან სახეობებთან. გავრცელებულია კავკასიაში, შუა და სამხრეთ ევროპასა და აზიაში. ლამაზი, დეკორატიული მცენარეა.
დიადი ბოყვი ტანმაღალი 30-40 მ-მდე სიმაღლისა და 2 მ-მდე დიამეტრის, მსხვილი და გაშლილი ვარჯით. მისი მერქანი გამოიყენება სადურგლო-სახარატო საქმიანობასა და მშენებლობაში.
თათრული ნეკერჩხალი ხე, ან უფრო ბუჩქია. ნაყოფი ფრთიანია, წითელი, რის გამოც ძალიან ლამაზ ხეს ან ბუჩქს წარმოადგენს. ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში.
ამერიკული ნეკერჩხალი ტანდაბალი ხეა გაშლილი ვარჯით. მისი სამშბოლო ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური და დასავლეთი შტატებია. ევროპასა და კავკასიაში იგი ხელოვნურად ფართოდაა გავრცელებული.
საინტერესო ფაქტები:
→ კონგოს რესპუბლიკაში, 2005 წელს, პირველად დამზადდა ხის მონეტა, რომელიც ჩვეულებრივ მსყიდველუნარიანია და წარმოადგენს 5 ფრანკს. მონეტაზე გამოსახულია გორილა და ფრანგულ ენაზე წარწერა – „დავიცვათ ცხოველთა სამყარო“. აღნიშნული მონეტა დამზადებულია ნეკერჩხლისგან;
→ ნეკერჩხლის ფოთოლი კანადის დროშაზე ერის ერთიანობის სიმბოლოა;
→ იაპონიასა და ჩინეთში ნეკერჩხლის ფოთოლი სიყვარულის სიმბოლოა;
→ ტროპიკებში გავრცელებულია ისეთი მარადმწვანე ნეკერჩხალი, რომლის ფოთლები არასდროს ყვითლდება;
→ 70-იანი წლებიდან ნეკერჩხლის მერქანი წარმოადგენს სკეიტბორდების დამზადების ერთადერთ მასალას.
ეროვნული სატყეო სააგენტო