მაჯაღვერი (Daphne) ოჯახი Thymelaceae – მაჯაღვერისებრნი. გვარი აერთიანებს 50 სახეობას, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია ევრაზიაში.
თავისი ტყავისებური ფოთლებით ისინი დაფნას ჰგვანან. ფოთოლმცვენი ან მარადმწვანე პატარა ბუჩქებია ჯამისებური ან გადაშლილი ვარჯით. მათი სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.
მოკლეყუნწიანი კიდემთლიანი ფოთლები მორიგეობითაა განწყობილი. ისინი ლანცეტა ან ელიფსური ფორმისაა, მაგარი და გლუვი ზედაპირით. ყვავილები მრავალრიცხოვანია, სურნელოვანი, მჯდომარე, თითქმის მთლიანად ფარავს გასული წლის ყლორტებს.
ნაყოფები ლამაზია, დიდხანს რჩება ტოტებზე. თაფლოვანია. თავისი მიმზიდველობის მიუხედავად, ბაღებში ნაკლებად იყენებენ, რადგან მისი ყველა ნაწილი შხამიანია. თუმცა ფრინველები უპრობლემოდ ჭამენ ნაყოფს, რითაც ხელს უწყობენ მცენარის გავრცელებას.
სურნელოვანი მაჯაღვერი (Daphne odora)
2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, მარადმწვანე სწორი ტოტებით. ბუნებრივად გავრცელებულია ჩინეთ-იაპონიაში. ფოთლები მომრგვალო-ელიფსურია, 5-8 სმ სიგრძის, წვერწაწვეტებული.
ყვავილედები კენწრულია, ჯგუფური, რომელშიც მოწითალო-მოვარდისფრო ყვავილებია თავმოყრილი, გარედან შებუსვილია, სურნელოვანი, ყვავილობს მარტიდან მაისამდე. მრავლდება ნახევრადგამერქნებული კალმებით ივლის-აგვისტოში.
სრულიად ადაპტირებულია დასავლეთ საქართველოში.
ფორმები: Daphne odora f.alba – თეთრი ყვავილებით; Daphne odora f.aureomarginata – ფოთლები ყვითელი ლაქებით.
პონტოს მაჯაღვერი (Daphne pontica)
1,5 მ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. ღერო დაფარულია მოწითალო ნაცრისფერი, პრიალა, თხელი ქერქით. ბუნებრივად გავრცელებულია კავკასიაში.
ფოთლები ტოტების ბოლოებზეა ჯგუფურად განლაგებული. თითქმის მჯდომარე, უკუკვერცხისებური ან ლანცეტაა, თავში მახვილად წაწვეტებული, 40-12 მმ სიგრძისა და 15-40 მმ სიგანის, ტყავისებური, ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ქვევიდან ღია ფერის.
ყვავილები მომწვანო-მოყვითალოა, სურნელოვანი, ერთი ან სამი შეკრებილია 10-35 მმ სიგრძის ღეროზე. ყვავილობს აპრილ-ივნისში. ნაყოფი კურკიანაა, შავი, კვერცხისებური ფორმის.
საქართველოს ტყეებში ყველგან გვხვდება. აზონალური სახეობაა – არის ყველა ვერტიკალურ სარტყელში სუბალპებამდე.
ჩვეულებრივი მაჯაღვერი (Daphne mezereum)
1 მ-მდე სიმაღლის ფოთოლმცვენი სწორმდგომი ბუჩქია. ქერქი მონაცრისფროა, პრიალა, მერქანი დრეკადია. ნედლ ქერქსა და მერქანს სპეციფიკური სუნი აქვს. ბუნებრივად გავრცელებულია კავკასიაში.
ფოთლები მოგრძო ლანცეტაა, ბლაგვი, ზოგჯერ წაწვეტილი. ფირფიტა ძირში მოკლე ყუნწში გადადის, ზედა მხრიდან პრიალაა, მწვანე, ქვემოდან – ღია ფერის. ფოთლები ტოტების ბოლოებზეა შეკრებილი, იშლება აყვავების შემდეგ.
ყვავილები ვარდისფერია, სურნელოვანი, შეკრებილია მცირერიცხოვან კონებში, ხშირად ფოთლების ქვემოთ ტოტებზე. უბისებრია. ყვავილობს ფოთლის გაშლამდე – მარტი-აპრილი-მაისი. ნაყოფი კენკრაა, კვერცხისებრი, წითელი, წვნიანი, არ იჭმევა. მცირე დოზებში სამკურნალოდ იხმარება როგორც ნაყოფი, ისე ქერქი. მრავლდება თესლითა და ამონაყარით.
საქართველოს ტყეებში ყველგან გვხვდება, დაბლობებიდან სუბალპური სარტყლის ჩათვლით.
ზოგადი აგროტექნიკა
ჩრდილისამტანებია, მაგრამ უკეთ ვითარდებიან ნახევრადდაჩრდილულ ან ღია ადგილებში. რგავენ ჰუმუსით მდიდარ, ტენიან, მაგრამ კარგად დრენირებულ ნიადაგებზე. ვერ იტანენ ნიადაგის გამოშრობას.
შემოდგომის მიწურულს აშორებენ დაავადებულ და სუსტ ყლორტებს, რათა შენარჩუნებულ იქნას ბუჩქის საერთო სიმეტრია. მაგრამ ძლიერი სხვლა დაუშვებელია, რადგან მცენარე პრაქტიკულად არ ივითარებს ახალ ყლორტებს, ზრდა ხდება მხოლოდ ვარჯის პერიმეტრზე.
მნიშვნელოვანია, რომ პირველ წელსვე მოხდეს ვარჯის სწორი ფორმის მიღება – ყლორტების დამოკლებით სტიმულირებული იქნას მათი დატოტვა.
რეკომენდებულია ნიადაგის მულჩირება, რათა ფესვებს უფრო კარგი პირობები შეექმნათ, კერძოდ, სიგრილე და ტენიანობა. გარდა ამისა, მულჩა იძლევა საშუალებას, რომ ნიადაგს დამუშავება არ დასჭირდეს, რადგან ამ დროს ზედაპირული წვრილი ფესვების დაზიანება მათი სიდამპლით დასნებოვნებას იწვევს, რასაც საბოლოო ჯამში, მცენარის დაღუპვა მოჰყვება.
ზაფხულის პერიოდში საჭიროა მორწყვა. რაც შეეხება ყინვებს, სურნელოვანი მაჯაღვერი მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურის მიმართ. საჭიროა მიკროკლიმატის შერჩევა.
გამწვანებაში გამოყენება
მაღალდეკორატიულია. ლამაზია როგორც ყვავილობაში, ისე ნაყოფობის პერიოდში. გამოიყნება როგორც ჯგუფურ, ისე ცალკეულ ნარგაობაში, ალპინარიუმებში, ადრემოყვავილე ბოლქვოვნების ჯგუფებში და სხვა.
წყარო: „ბაღის დიზაინერი“ შედგენაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე; ქეთევან გელაშვილი; მანანა ელბაქიძე.
იხილეთ აგრეთვე: ტიტას ხე – ლირიოდენდრონი, ხეტიტა