ბორდოული ხსნარის მომზადების და გამოყენების წესი

ბორდოული, ბორდოს. ხსნარი

ბორდოული ხსნარის გამოყენებას მევენახეობაში, მებაღეობაში და მებოსტნეობაში, ფრანგმა ფერმერმა დაუდო სათავე, რომელმაც ჭრაქის (მილდიუ) წინააღმდეგ ვენახის შესაწამლად, ეკონომიის მიზნით შაბიამანი და ჩამქრალი კირი შეურია ერთმანეთს.

ამ ხსნარის ჭრაქის წინააღმდეგ გამოყენება ძალიან ეფექტურის გამოდგა და მიუხედვად იმისა, რომ დღეს, საკმაოდ წარმატებით გამოიყენება სპილენძის შემცველი სხვა პრეპარატები, გარკვეული დაავადებების წინააღმდეგ, ამ პრეპარატის გამოყენება ისევ აქტუალურია.

ალბათ ამაში თავის როლს მისი მომზადების სიმარტივეც განსაზღვრავს.

ბორდოული ხსნარის მომზადების წესი

10 ლიტრი 1%-იანი ბორდოული ხსნარის მოსამზადებლად, 100 გრ. შაბიამანს, გახსნიან 9 ლიტრ თბილ წყალში (არა უმეტეს 50°С), კარგად აურევენ, მეორე ჭურჭელში 120-150 გრ. ჩამქრალ კირს გახსნიან 1 ლიტრ ცივ წყალში, დამატება ხდება მცირე დოზებით.

ხსნარი მზადდება მინის, ხის, თიხის ან პლასტმასის ჭურჭელში, ლითონის ჭურჭელი ამ მიზნით არ გამოყენება.

შემდეგ ეტაპზე შაბიამნის ხსნარს წვრილი ნაკადით, მუდმივი მორევით, ვასხავთ კირხსნარში (თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში, ბორდოული ხსნარი ხარისხი დაბალი იქნება). შერევისას ორივე ხსნარი ცივი უნდა იყოს.

სწორი მომზადების შემთხვევაში ხსნარი მოცისფრო-მოლურჯო შეფერილობისაა და სუსტი ტუტე ან ნეიტრალური რეაქცია აქვს.

რეაქციის შესამოწმებლად ხსნარში 1,0-1,5 წუთის განმავლობაში ლითონის ნაჭერს დებენ (ლურსმანს, მავთულს და ა.შ), თუ ხსნარში ჩაშვებული ლითონის ზედაპირი წითელი ნადებით დაიფარა ეს ნიშნავს, რომ ხსნარი მჟავე რეაქციისაა და შეიძლება მცენარის დამწვრობა გამოიწვიოს. ამ დროს აუცილებელია მცირე რაოდენობით კირხსნარის დამატება.

3%-იანი ბორდოული ხსნარის მოსამზადებლად 10 ლიტრ წყალზე აიღეთ 300 გრ. შაბიამანი და 400 გრ. ჩამქრალი კირი.

ბორდოულ ხსნარს იყენებენ: ვაზის, ხეხილის, ბოსტნეულის, კარტოფილის და სხვა კულტურების ძირითადი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ.

ბორდოულ ხსნარს ახასიათებს:

  • უნივერსალური მოქმედება ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ;
  • კარგი დამკავებლობისა და ფუნგიციდური აქტივობის დიდხანს შენარჩუნების უნარი;
  • მასტიმულირებული მოქმედება: ვარჯის უკეთ განვითარება, ფოთლების გვიანი ცვენა, ნაყოფში შაქრის კონცენტრირება; მარეგულირებელი მოქმედება ფოტოსინთეზზე, სუნთქვაზე, ნახშირწყლებისა და ცილების ცვლაზე;
  • გვალვა-ყინვა და სიცხეგამძლეობის ამაღლება;
  • პრეპარატის ნაწილაკების თანაბარი განაწილება ფოთლის ზედაპირზე, ინფექციისაგან დაცავი საიმედო ბარიერის შექმნა.

ბორდოულ ხსნარის გამოყენება – რამდენიმე მცენარე

ბორდოს სითხეს ხილკენკროვანი მცენარეების სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ.

არ შეიძლება ბორდოს სითხის შენახვა მისი დამზადებიდან 24 საათის შემდეგ, რადგან იგი სწრაფად იცვლის შედგენილობას. იმის გამო, რომ სწრაფად ილექება, სასხურებლის გავსებამდე კარგად უნდა ავურიოთ.

  • ატამი

ატამი ფოთლის სიხუჭუჭის, კლასტერიოსპორიოზის, ბაქტერიული კიბოს წინააღმდეგ. შესხურება ტარდება შემოდგომით ფოთოლცვენისას და ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე. პრეპარატის ხარჯვის ნორმაა 15-20 კგ ტონა წყალზე.

  • ვაშლი

ვაშლი ყავისფერი სიდამპლის წინააღმდეგ, გამოიყენება კვირტების დაბერვის ფაზაში 15-20 კგ/ 1ტონა წყალზე. ვაშლის ქეცის წინააღმდეგ – მწვანე, კონუსის ფაზაში 7-10 კგ 1- ტონა წყალზე.

  • ალუბალი

ალუბლის ქაჯის ცოცხის, ბლის ბაქტერიული კიბოს, ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ. გაზაფხულზე ადრეული შესხურება კვირტების დაბერვის წინ 15-20 კგ/ ტონა წყალზე.

  • ციტრუსი

ციტრუსი ყავისფერი სიდამპლის, ანთაქნოზის, ნეკროზის ციტრუსბლასტის, ბაქტერიული კიბოს წინააღმდეგ. პრეპარატის გამოყენების კონცენტრაცია 8-10კგ/ ტონა წყალზე.

ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებულ კონცენტრაციებისა და ვადების დაცვის შემთხვევაში არ შეიმჩნევა ფიტოტოქსიკურობა.

ავტორები: გოჩა წერეთელი, აგროკავკასია

იხილეთ აგრეთვე: ბაღის მალამო – მომზადების რეცეპტები და გამოყენება

თქვენი რეკლამა