მრავალწლოვანი ბალახები საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში

ბალახები

მრავალწლოვან ბალახებს მინდვრად საკვებწარმოების გადიდებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პირუტყვის საკვებად მისი გამოყენების ფორმა მრავალგვარია: მწვანე საკვებად, თივად, მაღალი ხარისხის სენაჟის და სილოსის დასამზადებლად, საძოვრად და სხვა. განუზომლად დიდია მათი როლი ასევე ნიადაგის სტრუქტურის აღდგენისა და მისი ნაყოფიერების ამაღლების თვალსაზრისით.

მეტად საყურადღებო და თითქმის შეუცვლელია მათი მნიშვნელობა ასევე ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან დაცვის საქმეში.

1. მრავალწლოვანი ბალახები უმჯობესია დაითესოს ბალახნარევის სახით, დასაშვებია მათი თესვა ასევე სუფთა სახითაც;

2. მრავალწლოვანი ბალახები ითესება მარტივი და რთული ბალახნარევის სახით.

მარტივი ბალახნარევები უნდა შედგებოდეს ორი ბიოლოგიური ჯგუფის _ პარკოსანი და მეჩხერბუჩქიანი ბალახებისაგან;

რთული ბალახნარევი შედგება სამი ბიოლოგიური ჯგუფისაგან: პარკოსანი, მეჩხერბუჩქიანი და ფესურიანი ბალახებისაგან;

3. მოკლევადიანი სათიბ-საძოვრების მოსაწყობად ბალახნარევი მარტივი უნდა იყოს, ხოლო გრძელვადიანი სათიბ-საძოვრებისათვის და ეროზიის საწინააღმდეგო დანიშნულებისათვის რთული.

მარტივ ბალახნარევში დასაშვებია ერთი პარკოსანი და ერთი მეჩხერბუჩქიანი მარცვლოვანი ან ორი მეჩხერბუჩქიანი და ერთი პარკოსანი კომპონენტი ან პირიქით.

რთული ბალახნარევი უნდა შეგებოდეს სამი და მეტი კომპონენტისაგან, მასში უნდა იყოს მაღალმოზარდი _ სათიბად და დაბალმოზარდი საძოვრად ვარგისი;

4. მრავალწლოვანი ბალახების თესვა საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში უნდა წარმოებდეს შემდეგი დარაიონების მიხედვით:

მინდვრად თესლბრუნვისა და მოკლევადიან სათიბ-საძოვრებისათვის:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავში და დასავლეთ საქართველოს ალუვიურ და კარბონატულ ნიადაგებზე ზღვის დონიდან 600-800 მ-ის სიმაღლემდე _ ლურჯი იონჯა, სამყურა, მრავალსათიბი კოინდარი, სათითურა ან მათი ნარევები;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს ურწავ დაბლობებსა და ვაკეზე _ ლურჯი იონჯა, მრავალსათიბი კოინდარი, სათითურა ან მათი ნარევი;

გ) მთის მდელოსა და ველებზე, ტრამალებზე და ტყე-ველებზე ზღვის დონიდან 600-800 მეტრის ზევით ყველგან უკარბონატო ნიადაგების გარდა იონჯა, ესპარცეტი, სამყურა, მდელოს ტიმოთელა, სათითურა ან მათი ნარევები;

დ) დასავლეთ საქართველოს დაბლობის წითელ და ყვითელ მიწებზე, ეწერ და გაეწერებულ ნიადაგებზე _ სამყურა, კურდღლის ფრჩხილა, საძოვრის კოინდარი, მრავალსათიბი კოინდარი ან მათი ნარევები.

გრძელვადიან სათიბ-საძოვრებისათვის:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავებში და დასავლეთ საქართველოს ალუვიურ და კარბონატულ ნიადაგებზე ზღვის დონიდან 600-800 მ-ის სიმაღლემდე _ ლურჯი იონჯა, თეთრი სამყურა, საძოვრის კოინდარი, სათითურა, მდელოს წივანა ნარევებში;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს ურწავ დაბლობებსა და ვაკეზე, იქ სადაც ახლოა გრუნტის წყლები _ ლურჯი იონჯა, ესპარცეტი, სათითურა, უფხო შვრიელა ნარევებში;

გ) ტყის სარტყლის ყომრალ, გაეწერებულ და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე _ წითელი ან ვარდისფერი სამყურა, კურდღლის ფრჩხილა, მდელოს ტიმოთელა ან სათითურა ნარევებში;

დ) აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი რაიონების მთის კალთების და ქედების ჩამორეცხილ ხირხატიან ნიადაგებზე – კურდღლის ფრჩხილა, თეთრი სამყურა, უფხო შვრიელა ნარევებში ან ესპარცეტი და ყვითელი იონჯა და უფხო შვრიელა ნარევებში;

აღნიშნული ბალახნარევებიდან, რომელიმე კომპონენტის თესლის უქონლობის შემთხვევაში დასაშვებია მისი ამოღება ან შეცვლა იმ პირობით, რომ ბალახნარევში დარჩეს ერთ-ერთი წარმომადგენელი იმ ბიოლოგიური ჯგუფისა, რომელსაც ის ეკუთვნის.

მრავალწლოვანი ბალახები, ჩვეულებრივ ორი ან მეტი წლის სარგებლობით ითესება, მაგრამ ტენიან და სარწყავ რაიონებში, სადაც მრავალწლოვანი ბალახები ერთ წელიწადში ორსა და მეტ გათიბვას იძლევა, შეიძლება ერთი წლითაც დაითესოს.

გ.ცაგურიშვილი  – სსმმა აკადემიკოსი.

იხილეთ აგრეთვე: ერთწლოვანი საკვები ბალახების – თესვის ვადები, ნორმები და წესები

თქვენი რეკლამა