ზოგადი ინფორმაცია
ტყემალი (ლათ. Prunus cerasifera) – ვარდისებრთა ოჯახის, კურკოვანთა გვარის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა.
ტყემალი ხე ან ზოგჯერ ხისმაგვარი ბუჩქია, ძლიერ დატოტვილი, ეკლიანი ან უეკლო. ხის სიმაღლე 3-10 მ აღწევს. ველური და კულტურული ჯიშები გავრცელებულია ბალკანეთში, შუა და მცირე აზიაში, ირანში, ამიერკავკასიაში და სხვა.
ნაყოფი მომრგვალო, მობრტყო-მომრგვალო ან უკუკვერცხისებრი აქვს. ფერად ყვითელი, წითელი და იისფერია, ზოგჯერ თითქმის შავი.
საქართველოში უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მ-მდე.
კულტურული ტყემლის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): შაქრებს 4-10, მჟავებს 1,5-4, პექტინს 0,3-1,5, А, С, В1, В2, Е, Р, РР. В ვიტამინებს.
ქართული სამზარეულოში ტყემალს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მისგან მზადდება კომპოტი, მურაბა, წვენი, ტყლაპი და რაც მთავარია საწებელი.
ბიოლოგიური თავისებურებანი
ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნი, დაავადებებისადმი მედეგი, სინათლის, სითბოს და ტენის მოყვარული, ყინვაგამძლე კულტურაა.
ფესვს კარგად ინვითარებს დატოტვით და სიღრმეში გატანით, რის გამოც იტანს როგორც ნიადაგის სიმშრალეს, ისე ნოტიო პირობებს;
კარგ საძირედ ითვლება, მეხილეობაში ფართოდ გამოიყენება ქლიავის, ატმისა და გარგარის საძირედ.
ტყემლის უპირატესობები სხვა კურკოვნებთან შედარებით
- მაღალი და სწრაფი მოსავლიანობა (15კგ. 2-3 წელს, 40 კგ. 3-4 წელს-ერთ ძირზე);
- გვალვა და ყინვაგამძლე;
- ნიდაგისადმი არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები;
- მაღალი გამძლეობა, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ;
- ადვილი მოსავლელია;
- დეკორატიულია.
ტყემლის ბაღის გაშენება
ნაკვეთი, სადაც ტყემლის დარგვას ან ბაღის გაშენებას ვაპირებთ, უნდა იყოს მზიანი და ქარებისგან დაცული. კარმიდამოში სასურველია დავრგათ შენობების სამხრეთ მხარეს, ასეთ შემთხვევაში მცენარე შედარებით დაცული იქნება ქარისგან.
ნიადაგის მჟავიანობა ოპტიმალურია (ჯიშებიდან გამომდინარე) ph=6.5-7.5.
გრუნტის წყლები არ უნდა იყოს 1.5 მ-ზე ახლოს.
დარგვა შეიძლება განხორციელდეს შემოდგომით, (შესაძლებელია ზამთრის დასწყისშიც, თუ ნიადაგი გაყინული არ არის, ჰაერის საშუალო ტემპერატურა არ არის უარყოფითი), გაზაფხულზე ხეხილის დარგვა სასურველია დასრულდეს აპრილის შუა რიცხვებამდე.
დარგვა
ტყემლის დასარგავად უნდა ამოვთხაროთ, 60სმ X 60სმ X 60სმ-ზე ორმო, ყოველი ორმოსთვის უნდა მომზადდეს დასარგავი ნარევი: ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, 15 კგ. გადამწვარი ნაკელი (ან კომპოსტი), 100 გრ. სუპერფოსფატი, 60გრ. კალიუმის მარილი.
ნიადაგის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა დაემატოს: ტორფი, ქვიშა, მჟავე ნიადაგებისთვის დილომიტის ფქვილი და ა.შ.
დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყას. 1 ნერგზე საჭიროა არანაკლებ 20-25 ლიტრი წყალი. შემდეგ მორწყვა უნდა განმეორდეს მოკლე 2-3 დღის ინტერვალებით, ნერგის გახარებამდე.
- სუსტადმზარდ საძირეზე 3.5მ-4მ (რიგთაშორის) X 1.5მ-ზე (რიგში მცენარეთა შორის);
- საშუალო ზრდის საძირეზე 5მ X 2.5მ, 5მ X 3მ-ზე;
- ძლიერ საძირეზე 6მ X 5მ, 7მ X 4მ-ზე.
დამტვერვის აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, თითოეულ ჯიშს ჰქონდეს 1-2 დამამტვერიანებელი ჯიში. დამამტვერიანებელი ჯიშის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ საკითხებს: ერთდროული ყვავილობა, ურთიერთგანაყოფიერების მაღალი ხარისხი, ზრდის და სიმწიფის მსგავსი პერიოდები.
ნერგების შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, ჯიშის შესაბამობა თქვენი რეგიონის კლიმატურ პირობებთან და ნიადაგთან. ზოგადად ნერგები უმჯობესია შეიძინოთ, თქვენს რეგიონში არსებულ სანერგეში.
გასხვლა-ფორმირება
ტყემლის ფორმირება რეკომენდებული მეთოდებია: ცენტრალურ-ლიდერული ან ჯიშური თავისებურიდან გამომდინარე მრავალლიდერული ჯამისებრი ან იარუსული სისტემით ფორმირება. ლიდერული წესით ფორმირებისას გამოყოფენ ლიდერს, აცილებენ კონკურენტს.
გასხვლისას განსაკუთრებულ ყურადღებას ეთმობა ტოტების დამოკლებას მსხმოიარობის ტიპიდან გამომდინარე. თუ ტყემლის მოცემულ ჯიშს აქვს მიდრეკილება ძლიერი დატოტვისა და ჩახშირებისაკენ, ახდენენ მხოლოდ ჩამახშირებელი ტოტების ამოჭრას, დატოტვის ნაკლებუნარიან ჯიშებს კი ამოკლებენ 1/3 ან 1/4-ით.
შემდგომი მოვლა
ტყემალი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მცენარე კარგად რეაგირებს მოვლაზე. მოვლის გარეშე, მცენარე სუსტდება და დაბალი ხარისხის მოსავალს იძლევა.
პირველ წლებში, ტყემლის მოვლა გამოიხატება გაფხვირებაში, მორწყვაში, მავნებლებთან ბრძოლაში, დაზიანებული და გამხმარი ტოტების მოცილებაში. თუ ტყემალი დარგულია შესაბამის ნიადაგზე, ნაყოფიერებამდე როგორც წესი არ კვებავენ.
ნაყოფიერების დაწყებიდან ორგანული სასუქის სახით შეაქვთ გადამწვარი ნაკელი, შემოდგომაზე 2-3 წელში ერთხელ, 10კგ.-1მ2-ზე გაანგარიშებით.
მინერალური სასუქი შეაქვთ ყოველ წელს (გაზავხულზე-აზოტიანი, ზაფხულის დასაწყისში კალიუმიან-ფოსფორიანი). ზედმეტი სასუქი იწვევს მწვანე მასის ზედმეტად განვითარებას-მოსავლიანობის შემცირების ფონზე.
იხილეთ აგრეთვე: ალუჩა – დარგვა, სხვლა-ფორმირება, ჯიშები, ბაღის გაშენება