პირველ რიგში, რა არის რძე? ესაა რთული ქიმიური შემადგენლობის ბიოლოგიური სითხე, რომელსაც გამოიმუშავებს ძუძუმწოვარი ცხოველების მდედრის სარძევე ჯირკვალი. ის გამოიყოფა სარძევე ჯირკვლიდან ლაქტაციის პერიოდში – ხბოს მოგებიდან გაშვებამდე.
ესაა ახალშობილთა კვების სრულფასოვანი და შეუცვლელი პროდუქტი. რძის შემადგენლობაში შედის: წყალი, ცხიმი, რძის შაქარი, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, ფერმენტები და იმუნური სხეულები.
რძის მწარე გემო ძროხის გაშრობის წინ აიხსნება ფერმენტ ლიპაზის მოქმედებით, რომელიც ცურშივე იწყებს რძის ცხიმის დაშლას. როგორც წესი, ლაქტაციის მეცხრე თვის ბოლოს – მეათეს დასაწყისში მონაწველ რძეს აქვს მომწარო გემო.
მეორე მიზეზია ფერმენტ რედუქტაზის მომატებული შემცველობა. ამ ფერმენტის ყველაზე მეტი რაოდენობა არის რძის პირველ ჭავლში, ამიტომ წველის დაწყების წინ რეკომენდებულია ცხოველის საგულდაგულოდ ჩამობანა და რძის პირველი ჭავლების ჩამოწველა ცალკე ჭურჭელში.
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩამოწველა იატაკზე. უმჯობესია ავიღოთ ტოლჩა მასში ჩაფენილი შავი ქსოვილით. რძის ჩამოწველისას შავ ქსოვილზე შეიძლება განვსაზღვროთ, დაავადებულია თუ არა ძროხა მასტიტის ფარული ფორმით (თუ დაავადებულია, ქსოვილზე იქნება ნაფიფქი). ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ვეტერინარს.
უდიდეს გავლენას რძის საგემოვნო მაჩვენებლებზე ახდენს უხარისხო საკვების მიცემა. ასევე, თუ რძე ინახება. სპეციფიკურ ფერს, სუნსა და გემოს რძეს ანიჭებს მცენარეები: ანისული, ძირა, კამა, ცერეცო, გვირილა. გემოზე, ფერსა და სუნზე გავლენას ახდენს აგრეთვე რძის ჰაერისმიერი კონტაქტი ქლორთან, კუპრთან, ამიაკთან, კრეოლინთან, ბელეკონთან, სამკურნალო პრეპარატებთან. კატეგორიულად დაუშვებელია ცურზე სოლიდოლის წასმა ნახეთქებისა და პაპილომების სამკურნალოდ.
რძეს ქაშაყის გემოსა და სუნს აძლევს შაქრის ჭარხლის ფოთლის სილოსი და ბადაგი. ამიტომ ისინი უნდა მივცეთ შეზღუდული რაოდენობით.
ხშირად, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, რძეს აქვს საპნის გემო და აქაფებული შესახედაობა. ამას იწვევს მინდვრის შვიტა. ასეთივე გავლენას რძეზე ახდენს ცხოველის დაავადება – ტუბერკულოზი. შმორის სუნს რძე იძენს ძროხისათვის დაობებული საკვების მიცემა.
გაზაფხულზე რძეს შეიძლება ჰქონდეს თალგამისა და ბოლოკის სუნი და გემო. მიზეზია ცხოველების ძოვება მინდვრებში, სადაც იზრდება ბოლოკურა, თალგამურა, ველის მდოგვი. შემოდგომაზე დიდი რაოდენობით კომბოსტოს მიღება რძეს ანიჭებს კომბოსტოს სუნსა და გემოს, ის ხდება წყალწყალა. ცხოველების მიერ ველური ნივრის ან ხახვის შეჭმისას რძე იძენს ნივრისა და ხახვის სუნსა და გემოს. (ძველად ამ მეთოდს იყენებდნენ ცხოველზე “თვალის საცემად”).
რძის საგემოვნო თვისებებზე გავლენას ახდენს აგრეთვე ფიზიკური ფაქტორებიც (მზე, სათავსოს ცუდი ვენტილაცია, ჭურჭლის გაშრობა კვამლთან ახლოს, რძის შენახვა გაკვამლულ სათავსში).
საგემოვნო მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად რძე ხშირად იძენს მისთვის არადამახასიათებელ ფერს. ასე მაგალითად, ზედმეტად ყვითელი მიუთითებდეს არა მხოლოდ ძროხის მიერ სტაფილოს, გულყვითელას, მზესუმზირას ყვავილების შეჭმაზე, არამედ ცხოველის დაავადებაზე თურქულით, ციმბირის წყლულით, ყვითელათი, ჩირქოვანი მასტიტით, ლეპტოსპიროზით, პიროპლაზმოზით.
რძის ფერს ცვლის აგრეთვე ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებიც. ყვითელი ელფერი შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ ზემოჩამოთვლილი მიზეზებისაგან, არამედ ცხიმის მაღალი შემცველობის დროსაც.
რძე შეიძლება იყოს ასევე მოცისფრო-მოლურჯო და მოვარდისფრო-მოწითალო ელფერისა. მოცისფრო-მოლურჯოს აძლევს ბალახები: კამეჩა, კესანე, ცერცველა, წიწიბურა, თეთრი სამყურა, ჭაობის შვიტა, ენძელა, იონჯა (ლურჯი, ყვავილობის ფაზაში), აგრეთვე ხაშხაშის კოპტონი. ასეთივე ფერს რძე იძენს ცურის დაავადებისას მასტიტით ან სარძევე ჯირკვლის ტუბერკულოზით. (წყლით ფალსიფიცირებისას ანდა ცხიმის მოხდისას რძეს ასევე უჩნდება მოლურჯო ელფერი).
მოვარდისფრო-მოწითალო ფერს რძე იძენს საძოვარზე ან თივასთან ერთად ისეთი ბალახების შეჭმისას, როგორიცაა ენდრო, ბაია, საკვები კომბოსტო, რძიანა, ისლი, ლელქაში, ჩვეულებრივი შვიტა, მინდვრის მდოგვი, წითელი ჭარხალი, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების ახალგაზრდა რტოების, აგრეთვე ზოგიერთი დაავადებისა და მოწამვლის დროს. წითელ ფერს რძე იძენს პიროპლაზმოზით დაავადებისას.
გემოს ცვლილებასთან ერთად რძე იცვლის თხევადობასაც. გასაკუთრებით ხშირად ის არის ბლანტი, წელვადი, ლორწოვანი ან პირიქით, წყალწყალა. რძე არის ხოლმე აგრეთვე აქაფებული, “ადუღებული”, “ქვიშიანი”. სქელი, ბლანტი, წელვადი, ლორწოვანი – დამახასიათებელია გაშრობის წინ და გაშრობის პერიოდში. ამ დროს ის შეიძლება იყოს მწარე.
დამპალი და დაობებული საკვების მიცემა ასევე იწვევს იმას, რომ რძე ხდება ბლანტი, წელვადი. (განსაკუთრებით ვაქცევ მეპატრონეთა ყურადღებას: კონსისტენციის შეცვლა ძალიან ხშირად მიუთითებს ცხოველის დაავადებაზე თურქულით, მასტიტით, ციმბირის წყლულით, პერიპნევმონიით, ინფექციური ყვითელით, აგრეთვე საჭმლის მონელების მოშლაზე.) მადუღარა (აქაფებული) რძეს იწვევს დიდი რაოდენობით შაქრის ჭარხლის ფოთლისა და უხარისხო სილოსის მიცემის გამო, რომელიც შეიცავს ერბომჟავასა და პროპიონმჟავას.
“ფხვნილისებრი” რძე – საკვებში კალციუმის მეტობა ანდა სარძევე ჯირკვლის კედლებისა და სადინარების ანთება. “წყალწყალა რძე” წყალწყალა საკვების, დამპალი კარტოფილის, ყურძნის ჭაჭის, ბუყის მიცემა და ა.შ. ზოგჯერ წყლიანობა მიუთითებს სარძევე ჯირკვლის ქრონიკულ ტუბერკულოზზე.
ამიტომ მეცხოველეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ ყველა ჩამოთვლილ ნიშანს, ისინი საერთოა ცხოველებისთვისაც და ადამიანისთვისაც, მათ შორის ბაქტერიული წარმოშობის ნიშნები.
ძალიან ხშირად მწარე გემოს რძეს აძლევს მასში კაზეინის დაშლა პეპტონებამდე. პასტერიზებულში – სპოროვანი ჩხირების განვითარება ლპობის ბაქტერიების ჯგუფიდან; აქაფებულ რძეში – ამოკოკებისა და მიკროკოკების განვითარება სიცივეში რძის ხანგრძლივად შენახვისას. რძის მძაღე გემო აღინიშნება ცხიმის დაშლის შედეგად ერბომჟავის, ალდეჰიდების, კეტონების, ეთერებისა და სხვა ნივთიერებათა წარმოქმნით.
ყველა საეჭვო შემთხვევაში რეკომენდებულია მიმართვა სპეციალისტ ვეტერინართან, რომელიც დასვამს ზუსტ დიაგნოზს.
მიხეილ ჭიჭაყუა, ასოციაცია “მომავლის ფერმერი”,
მთავარი ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი.