გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 47 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 9 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში დაფიქსირდა 7 სამართალდარღვევა, 6-6 ფაქტია გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში, კახეთში – 3, გურიაში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 2; თითო-თითო ფაქტი გამოვლენილია აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში; 7 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – აღნიშნულ პერიოდში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით – 34 და ფაცერის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია.
მიმდინარე წლის ივნისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 200 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, შაორის ტბიდან, ასევე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან. მდინარე ალაზანზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი, გამოვლენილია უპატრონოდ მიტოვებული 1 ერთეული თევზმახე.
წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი