ბოტანიკური აღწერა
აღმოსავლეთის ბიოტა (აღმოსავლეთის ტუია; Biota orientalis; Platycladus orientalis; Thuja orientalis) – 7-15 მ-მდე სიმაღლის ხეა. ხშირად მიწის პირიდანვე იტოტება და ბუჩქად იზრდება.
ღერო დაფარულია მუქი მონაცრისფრო ქერქით და ფირფიტებად სცვივა. ყლორტები ვერტიკალურ სიბრტყეში აქვს განვითარებული, რის გამოც ვარჯი კვერცხისებრ ლამაზ ფორმას ღებულობს. ბუნებრივად გავრცელებულია ჩინეთში.
წიწვები მუქი მწვანეა, ქერქლისებრი, ჯვარედინ-მოპირისპრედ კრამიტისებურად განლაგებული. მამრობითი თავთუნები მრგვალია, ყვითელი. ყვავილობს აპრილში. მდედრობითი გირჩები მოგრძო კვერცხისებრია, 10-12 მმ სიგრძის, მომწიფებამდე ხორცოვანი, მოცისფრო-მომწვანო. მწიფე კი გახევებულია, მოწითალო-ყავისფერი.
თესლი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. მრავლდება თესლით, კალმებით, თვითნათესით. დიდი ხანია შემოტანილია კულტურაში, ამჟამადაც მრავლადაა წარმოდგენილი, თბილისისა და მისი შემოგარენის გამწვანებაში, იზრდება ურწყავ პირობებშიც. ჩვენს პირობებში გაველურებულია.
აგროტექნიკა
ერთ-ერთი ნაკლებადმომთხოვნი წიწვოვანი კულტურაა. იზრდება მზეზეც და ჩრდილშიც და ამავე დროს დეკორატიულობას არ კარგავს. ნიადაგს რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ უყენებს. კარგად გრძნობს თავს ბაღის ნებისმიერ გრუნტზე, გარდა მეტისმეტად მკვრივი ნიადაგებისა და გრუნტის წყლების ზედაპირული მდებარეობისა.
დარგვისას ორმოში ყრიან დაახლოებით ერთ ვედრო ორგანულ ნაზავს და 100-120 გ სრულ მინერალური სასუქებს. დამატებით გამოკვებას იწყებენ დარგვიდან 1-2 წლის შემდეგ.
ტუიას კარგი ზრდისთვის ესაჭიროება ნოტიო ნიადაგი და ჰაერი, ამისათვის საჭიროა რწყვა და ვარჯზე წყლის დაწვიმება კვირაში ერთხელ. ადვილად იტანს კრეჭვას, ამიტომ იდეალურია ცოცხალი ღობეების შესაქმნელად. ყინვაგამძლეა, კარგად იტანს -200C-ს. კარგად ფორმირდება.
გამწვანებაში გამოყენება
საუკეთესოა მისი მარადმწვანე ცოცხალი ღობეები.
ბაღის დიზაინერი
შექმნაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი; მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.
იხილეთ გარეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა