საღსაღაჯი (საკმლის ხე) – Pistacia Mutica; Pistacia atlantica 10-12 მ-მდე სიმაღლის და 1 მ-მდე დიამეტრის ხეა, გაშლილი, განიერი, ბურთისებრი, თხელი ვარჯით.
მისი ტოტები გლუვი და მონაცრისფროა, ღერო კი მოშავო ფერის, ღრმად დამსკდარი სქელი ქერქით. მერქანი მძიმე, მაგარი, მკვრივი და გამძლეა.
ნაყოფი შემოდგომაზე ჯერ მწვანე, შემდეგ მოწითალო ფერის ან ღია მოლურჯოა. ერთ ხეზე ხშირად ორფერადი ნაყოფია განვითარებული და ფოთლების ჩამოცვენის შემდეგაც დიდხანს რჩება ხეზე. საკვებად არ გამოიყენება.
საღსაღაჯი (საკმლის ხე) სინათლისა და სითბოს მომთხოვნია. იგი ყოველთვის ღია ადგილებში, ან ტყის ნაპირებზეა გავრცელებული. გვხვდება ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში. მთებში ადის ზღვის დონიდან დაახლოებით 600-650 მ-მდე.
საკმლის ხე ძლიერი სიმშრალის ამტანია, ამიტომაც, მისი გავრცელების არეალია: ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ხმელთაშუა ზღვის განაპირა ქვეყნები, ყირიმი, მცირე აზია, ირანი, კავკასია.
ცოცხლობს 1000 წლამდე, ნელამზარდია. საღსაღაჯი დეკორატიული მცენარეა, გამოიყენება მშრალი ადგილების გასატყევებლად, ბაღებსა და პარკებში. მისი მერქანი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში, გემთშმენებლობაში, სახარატო და სადურგლო წარმოებაში.
ჭრილობის მიყენების შედეგად, ღეროდან ჟონავს საკმელი, რომლისგანაც ამზადებენ კევს. სამკურნალო მცენარეა, გამოიყენება სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ.
საღსაღაჯი (საკმლის ხე) შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“ (1982 წ.) და „წითელ ნუსხაში“ (2006). IUCN-ის კატეგორიაა: მოწყვლადი (VU).
ეროვნული სატყეო სააგენტო