თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები დასავლეთ საქართველოში

ვაზის, საღვინე, ჯიშები

საქართველო ვაზისა და ღვინის კულტურის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა განეკუთვნება მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას და მდიდარია ვაზის ადგილობრივი ჯიშებით, რომელთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

კულტურული ვაზის ამ რაოდენობის ჯიშების მიღებას ასწლეულობით შრომა, კვლევა, ძიება და ცოდნის თაობიდან თაობაზე გადაცემა დასჭირდა. ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდებთან, გამორჩეულ მიკროკლიმატთან და ნიადაგთან ერთად, სწორედ ქართული ვაზის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება განაპირობებს ქართული ღვინის უნიკალურობას.

ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონებში წარმოშობილი ვაზის ადგილობრივი ქართული ჯიშები ქმნიდა და დღესაც ქმნის ქართული ღვინის მრავალფეროვნებას. ქართული ვაზის ჯიშების ასეთი სიმდიდრე მიანიშნებს, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები

ცოლიკოური

(სინონიმები: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური და სხვა) ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. იმერეთის გარდა, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში.

გაშენების ფართობის მიხედვით, რქაწითელის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია საქართველოში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით.

მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი, სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები, რომელთაც ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემური მაჩვენებლები, ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა.

ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-9,5 გ/ლ. ცოლიკოურისაგან მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები „სვირი“ (ციცქასთან ერთად) და „ტვიში“.

ციცქა

(სინონიმები: შანთი, მამალი ციცქა) ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

ციცქასგან დამზადებული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს. ახასიათებს მცენარეული ტონები.

საქართველოში ციცქა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

ციცქა საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია – იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,9-10,5 გ/ლ.

ციცქასგან, ცოლიკოურთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო „სვირი“.

კრახუნა

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე, მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად.

ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიით და სასიამოვნო გემოთი.

იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი მოოქროსფრო-ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს.

ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას, კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატით და ხალისიანი მჟავიანობით.

ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონის რაიონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5 გ/ლ.

წულუკიძის თეთრა

(სინონიმი: რაჭული თეთრა) თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებული რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების დასამზადებლად.

ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოხატული არომატი და ნაზი სასიამოვნო გემო ცაცხვის თაფლის სურნელით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა- 7,0 გ/ლ.

კაპისტონი თეთრი

(სინონიმი: კაპისტონი) ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფიდან. ევროპული და იმერული წესით დაყენებული კაპისტონი თეთრის ღვინო

ხასიათდება ლამაზი, მიმზიდველი შეფერვით, კარგი სხეულით, სიხალისით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით, რომელსაც ახასიათებს მდიდარი ბუკეტი, ნაზი გემო, საკმარისი სხეული და მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობა.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – შუა და ზემო იმერეთის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შედგენს 23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,0-10,0 გ/ლ.

კუნძა

(სინონიმები: კუმსი ყურძენი, კუმსა) ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადი სახელწოდება „კუნძა“ და ასევე სინონიმი „კუმსა“ მიღებული აქვს მტევნების აგებულების გამო.

კუნძას ღვინო მოყვითალო-ჩალისფერი, კარგად დაწმენდილი, საკმაოდ სხეულიანი, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით და სასიამოვნო მჟავიანობით. აღნიშნული ჯიში გამოიყენება უალკოჰოლო ყურძნის წვენის და ხარისხიანი საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად.

საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია – იმერეთში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს -20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-9,0გ/ლ.

დონდღლაბი

(სინონიმები: მჭკნარა, მჭკნარა დონდღლაბი) ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთიდან. დონდღლაბის რამდენიმე ვარიაციაა ცნობილი: მწვანე დონდღლაბი, თავწითელა დონდღალაბი და მჭკნარა დონდღლაბი. ჩამოთვლილი ვარიაციებიდან პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა მჭკნარა დონდღლაბი.

მჭკნარა დონდღლაბი საღვინე ვაზის ჯიშია. ცალკე დაყენებული მისი ღვინო ღია მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ ექსტრაქტული და ჰარმონიულია. მისი გამოყენება შეიძლება ციცქასთან და ცოლიკოურთან ერთად კუპაჟში საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების ღვინოების დასამზადებლად, ხოლო ცალკე – ყურძნის წვენისა და საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად.

ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – იმერეთის ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს – 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,6-9,3გ/ლ.

მცვივანი რაჭული

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, საკმაო სხეულით, სურნელებითა და კარგი გემოთი. გამოიყენება აგრეთვე მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზემო რაჭის პირობებში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0- 20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0 გ/ლ. რაჭული მცვივანის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია იგი დაირგას ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

საკმეველა

(სინონიმები: საკმიელა, საკმელა, საკმელაი) ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია. გურიის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გამოიყენება საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შადგენს 19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5გ/ლ.

ჭვიტილური

(სინონიმები: ჭვიტილაური, ჭვიტილოური, ჭკვიტილური) ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ჭვიტილურის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით.

საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია – სამეგრელოში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის ბოლოს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,8%-ს, ხოლო მჟავიანობა- 8,1-8,9გ/ლ.

ავასირხვა

(სინონიმები: ავასარხვა, აოსირხვაჟი, აჟიში, აუასირხვა, ავასირხვაჟიში) ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია აფხაზეთის მევენახეობის რაიონებში. ავასირხვასგან მზადდება მოყვითალო-ჩალისფერი, ნაზი, შინაარსიანი, საკმაოდ ხალისიანი ღვინო, რომელსაც კარგად განვითარებული ჯიშური არომატი აქვს.

ისტორიულად, ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას, ავასირხვასგან ამზადებდნენ ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს, რომელსაც ბუნებრივი ცქრიალი, საკმაო სიმაგრე, სასიამოვნო სიტკბო და კარგად განვითარებული ჯიშური არომატი ჰქონდა.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – გუდაუთის მევენახეობის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,5 გ/ლ.

კამური თეთრი

(სინონიმები: თეთრი კამურა, კამურა, კამურის ყურძენი) ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე-საღვინე მიმართულებისაა. ყურძენი ინახება და ტრანსპორტაბელურია. კამური თეთრისგან მიიღება ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო, მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობით.

ჯიშმა საუკეთესო თვისებები გამოავლინა თბილისის საგარეუბნო ზონაში, სადაც მისგან მიიღეს მაღალხარისხიანი ღვინო ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, მდიდარი სხეულით და მაღალი გემური თვისებებით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს – 19,0-20,0 %-ს.

„ჩვენი სოფელი“

ფოტოზე – რაჭული მცვივანი
ასოციაცია „ქართული ღვინოს“/GWA ფოტო.

აგროკავკასია წარმატებებს გისურვებთ!

იხილეთ: ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი

თქვენი რეკლამა