თეთრი კაპისტონი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ზემო იმერეთში, იძლევა ხარისხოვან ღვინომასალას შამპანურისა და სუფრის ღვინისათვის. ადგილობრივ მევენახეთა შორის თეთრი კაპისტონის სინონიმები არ არის ცნობილი.
უცხოეთის ამპელოგრაფიულ ნაშრომებში (პიულა, გოეთე, ვიალა და ვერმორელი) თეთრი კაპისტონი მოკლედ აღწერილი და დახასიათებულია კაპისტონიბლან (თეთრი) და ზეკროულა კაპისტონის სახელწოდებით. უკანასკნელი მოყვანილია, როგორც თეთრი კაპისტონის ვარიაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული თეთრი კაპისტონი სულ სხვა ჯიშია და აღწერილ ჯიშისაგან საგრძნობლად განსხვავდება, პირველ რიგში, ყვავილის ტიპით-რაჭულ თეთრ კაპისტონს ფუნქციონალურად მდედრობითი ტიპის ყვავილი აქვს.
კაპისტონი თეთრი ადგილობრივი იმერული ვაზის ჯიშია. იგი გამოსულია კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან. მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი მეტად ახლო დგას იმერული ვაზის სხვა ჯიშებთან და განსხვავდება მათგან ძირითადად ყურძნის უფრო ნაადრევი სიმწიფით. თავისი მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით თეთრი კაპისტონი ეკუთვნის პროლ. პონტიცა N ეგრ. ჯგუფს.
ჯიშის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ მონაცემები შემონახული არ არის. აკად. ივ. ჯავახიშვილი რიგ მოსაზრებებზე დაყრდნობით, თეთრ კაპისტონს თვლის საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ჯიშად; და მართლაც, შედარებით უფრო ძველ ლიტერატურულ წყაროებში თეთრი კაპისტონი გასული საუკუნის მეორე ნახევარში უკვე კარგად ცნობილ ჯიშად გვევლინება. ასე მაგალითად, თეთრი კაპისტონი დასახელებული და მოკლედ აღწერილი აქვთ ი. ბახტაძეს, ვ. სტაროსელსკის და პროფ. კ. მოდებაძეს, რომელთაც მოკლე დახასიათების გარდა აღნიშნული აქვთ ჯიშის გავრცელების არეალიც, სახელდობრ შორაპნის ყოფილი მაზრის მთაგორიანი სოფლები და შემაღლებული ადგილები.
ბოტანიკური აღწერა
ჯიშის დასახასიათებლად გამოყენებულია საქარის საცდელი სადგურის მონაცემები და ჯიშზე არსებული ლიტერატურული მასალები.
ახალგაზრდა ყლორტი. მოზარდი ყლორტის (15-20 სმ) წვერი, გვირგვინი და პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ფოთოლაკი შებუსვილია ორივე მხრიდან ქეჩისებრი ბუსუსით და მორუხო თეთრია, მკვეთრი მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის (მესამე, მეოთხე) ფოთლები კარგავს ზემო მხრიდან შებუსვას და იღებს მომწვანო-მოყვითალო ფერს მოვარდისფრო იერით, ხოლო ქვემო მხრიდან საკმაო სქელი შებუსვის გამო ინარჩუნებს მორუხო თეთრ შეფერვას მოვარდისფრო იერით. მესამე იარუსის მეხუთე, მეექვსე) ფოთლები იღებს მოყვითალო წვანე ფერს.
ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყვითალო ყავისფერია მონაცრისფრო ზოლების გაყოლებით მუხლთშორისების გასწვრივ. მუხლები უფრო მუქია, ვიდრე მუხლთშორისები, რომელთა სიგრძე საშუალოდ 9-12 სმ შეადგენს.
ფოთოლი. კარგად განვითარებული შუა იარუსის ფოთლები საშუალო ზომისაა, მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 18-დან 20 სმ-მდე, ხოლო განი 16-დან 19 სმ-მდე. საშუალო ფოთლის სიგრძე-სიგანე შეადგენს 19-18 სმ. ფოთოლი მომრგვალო, ან ოდნავ ოვალური ფორმისაა, ხშირად სამი, იშვიათად ხუთნაკვ- თიანია. ზოგჯერ გვხვდება სრულიად დაუნაკვთავი, ან ოდნავ დანაკვთული ფოთლებიც. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად გვხვდება სწორიც. ფოთლის შუა ნაკვთი ოდნავ წინწამოწეული და ხშირად მახვილკუთხიანია. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, მისი ზედაპირი შედარებით სწორია.
ზედა ამონაკვეთების სიღრმე საგრძნობლად ცვალებადობს, ჩვეულებრივ იგი საშუალო სიღრმისა, ან იშვიათად მასზე უფრო ღრმაა. უფრო ხშირად ამონაკვეთები ღია ჩანგისმაგვარი ფორმისაა, ან თითქმის პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია. იშვიათად გვხვდება აგრეთვე დახურული კვერცხისმაგვარი თვლიანი ან ვიწრო ელიფსისებრი თვლიანი ამონაკვეთებიც. ამონაკვეთების ფუძე მომრგვალოა, ზოგჯერ იგი წამახვილებულია. იშვიათად გვხვდება აგრეთვე ჯიშისათვის დამახასიათებელი ცალკბილიანი ამონაკვთებიც.
ქვედა ამონაკვეთები ზედა ამონაკვეთებთან შედარებით ნაკლებად განვითარებულია. უფრო ხშირად ამონაკვეთები ზეზეურია, ფორმით შეჭრილი კუთხისებრი, ან თითქმის პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია. ამონაკვეთების ფუძე მომრგვალო ან ოდნავ წამახვილებულია. ხშირად ამონაკვეთები სულ არ არის განვითარებული ან ოდნავ შესამჩნევია.
ყუნწის ამონაკვეთი ჩვეულებრივ ღიაა, იგი ღრმა და განიერია. უფრო ხშირად მისი ფორმა კვადრატული ან თაღისმაგვარია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. გვხვდება აგრევე მრგვალი ან წამახვილებულფუძიანი ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც. ხშირად დეზიანი ყუნწის ამონაკვეთებიც გვხვდება.
დაკბილვა. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება სწორი სამკუთხედისმაგვარი მახვილწვერიანი, იშვიათად სამკუთხედისებრი, ოდნავ გამოზნექილი გვერდებიანი ან ვიწრო სამკუთხედისებრი წაწვეტებულწვერიანი კბილებით. გვერდითი, ანუ მეორე რიგის ძარღვები ბოლოვდება სამკუთხედისებრი ცალგვერდგამოწეული მახვილწვერიანი კბილებით.
ფოთლის ქვედა მხარის შებუსვილობა საკმაოდ სქელია, იგი გარდამავალია აბლაბუდისებრიდან ქეჩისებრისაკენ და ფოთლის ქვემო მხრიდან მოფენილია საკმაო სქელი ჯაგრისებრი ბუსუსით.
ყუნწი მოწითალო ღვინისფერია, მისი სიგრძე ფოთლის ქვემო მხრიდან მოფენილია საკმაო სქელი ჯაგრისებრი ბუსუსით. ყუნწი მოწითალო ღვინისფერია, მისი სიგრძე ფოთლის შუა ძარღვის ტოლია, ან ოდნავ მასზე უფრო გრძელი.
ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია. ყვავილში ხუთი ან ექვსი მტვრიანაა. მტვრიანათა ძაფების სიგრძე ერთი მეოთხედით უფრო გრძელია ბუტკოს სიმაღლესთან შედარებით, იშვიათად ეს შეფარდება 1,5 და მეტსაც აღწევს. ბუტკო კონუსისებრი ფორმისაა, კარგად განვითარებული ყელით (სვეტით) და მომრგვალო გაუყოფელი დინგით.
მტევანი. მტევნები საშუალო ზომისაა, მათი სიგრძე მერყეობს 14-დან 17 სმ-მდე, ხოლო განი 8-დან 10 სმ-მდე. საშუალო მტევნის ზომა 15X10 სმ შეადგენს. უფრო ხშირად მტევანი მხრიანი, კონუსისებრი ფორმისაა, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის მტევნებიც. მტევნების აგებულება მკვრივია, იშვიათად გვხვდება საშუალოზე უფრო მკვრივი მტევნებიც. მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევებულია და რქის ფერისა. იგი მოკლეა, მისი სიგრძე საშუალოდ 2,5-3,5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე უდრის 6-7 მმ. ყუნწის ბალიში ვიწრო კონუსისებური ფორმისაა და დაფარულია მორუხო ფერის ხორკლებით.
მარცვალი. მარცვალი საშუალო სიმსხოსია, რომლის სიგრძე მერყეობს 1,7-1,9 სმ-მდე, ხოლო განი 1,6-დან 1,79 სმ-მდე. საშუალო მარცვლის ზომა შეადგენს 1,75X1,68 სმ. მარცვალი მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალურია,. მარცვალი მომწვანო ყვითელია. მზის მხარეზე მოქარვისფრო ყვითელია, მარცვლის კანი თხელი და საკმაოდ მკვრივია, იგი დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი ოდნავ მკვრივი და მდნარია, წვენი უფერული, გემო ტკბილი სასიამოვნო. ჯიშური არომატი სუსტად არის გამოსახული.
წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს ერთიდან ოთხამდე. საშუალოდ ერთ მარცვალზე ორი წიპწა მოდის. წიპწა წვრილია, მისი სიგრძე 6-8 მმ, ხოლო განი 3,0-3,5 მმ აღწევს. წიპწის ტანი მუქი ყავისფერია, ნისკარტისაკენ კი მოყვითალოა. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი კვერცხისმაგვარი ან იშვიათად მომრგვალო ფორმისაა და ირგვლივ შემოფარგლულია ვიწრო ღრმა ხაზით. ქალაძა ოდნავ გარეთ არის გამოწეული. მისი ზედაპირი სწორია, ან ოდნავ შეზნექილია შიგნით. მუცლის მხარის ღარები არაღრმაა, პარალელურად მიემართება ნაწიბურის გასწვრივ და ქრება ნისკარტის არეში. მუცლის ღარის ფუძე მოყვითალო ფერისაა. ნისკარტი ცილინდრული ფორმისაა, სიგრძით 1,5-1,8 მმ. ნისკარტის წვერი მოყვითალოა და დაფარულია ხორკლებით.
აგრობიოლოგიური დახასიათება სავეგეტაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა
დაკვირვებები სავეგეტაციო პერიოდისა და მის ცალკეულ ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა: საქარის საცდელ სადგურზე ქ. ზესტაფონში საკოლექციო ვენახში, რომელიც გაშენებული იყო ვაკეზე 149,7 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან; მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ს. კურდღელაურში ქ. თელავის მახლობლად, საკოლექციო ვენახი გაშენებული იყო ცივ-გომბორის მთის კალთებზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 562,3 მ უდრის და უკრაინის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ქ. ოდესაში.
ფენოლოგიური დაკვირვებანი დაკავშირებულია ვენახების მახლობლად მოწყობილ მეტეოროლოგიურ სადგურების მონაცემებთან. საკოლექციო ვენახი სარ-მავთულზეა გამართული და ფორმირებულია ორმხრიანი შპალერის წესით.
კვირტის გაშლა იმერეთის პირობებში (საქარის საცდელი სადგური) იწყება აპრილის პირველ ნახევარში, ხოლო ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის ბოლო რიცხვებში. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა საშუალოდ 169 დღეს უდრის, ხოლო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ამ პერიოდში 3360º უდრის, უკრაინაში (ქ.ოდესა) სავეგეტაციო პერიოდი 166 დღემდე გრძელდება და აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3280º აღწევს.
იმერეთის საწარმოო ვაზის ჯიშებს შორის თეთრი კაპისტონი საადრეოა, მისი ყურძენი 12-15 დღით უფრო ადრე მწიფდება და ამ მხრივ იგი მეტად საინტერესოა ზემო იმერეთის-საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის რაიონის შემაღლებულ ადგილებისათვის, რადგან აქ იმერეთის ძირითადი საწარმოო ვაზის ჯიშები-ციცქა და ცოლიკოური ყოველწლიურად სრულ სიმწიფეს ვერ ასწრებს. კახეთის პირობებში თეთრი კაპისტონი რქაწითელთან ერთად ან მასზე ცოტა უფრო გვიან მწიფდება და კარგი მოსავლიანობითაც ხასიათდება. ფრანგ ამპელოგრაფ პიულას ცნობით თეთრი კაპისტონი კარგად მწიფდება საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში, სადაც მისი შაქრიანობა თბილ ჰავიან წლებში 23º აღწევს (ბომეთი).
თეთრი კაპისტონის ერთწლიანი ნაზარდი (რქები) ვაზის მასობრივ ფოთოლცვენამდე თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.მოსავლიანობა. თეთრი კაპისტონი მსგავსად საქართველოს უმრავლეს ვაზის ჯიშებისა ადრე იწყებს პირველი და სრული მოსავალის მოცემას. მოსავლის პირველ ნიშანს იგი იძლევა დარგვიდან მეორე წელს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს იძლევა, იმერეთის ძირითად საწარმოო ვაზის ჯიშებთან შედარებით თეთრი კაპისტონის მოსავლიანობა საშუალოა.
ადგილობრივ მევენახეთა შეფასებით თეთრი კაპისტონი საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია. პროფ. თ. კვარაცხელიას შეფასებით თეთრი კაპისტონის მოსავალი მერყეობს 1,5-დან 2,0 კგ-მდე ძირზე, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით ძველ ნარგავებში შეადგენს საშუალოდ 60-80 ცენტნერს. შედარებით უფრო მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება თეთრი კაპისტონი ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგებზე.
კახეთში მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებული დაკვირვებების მიხედვით 1 ძირის საშუალო მოსავალი 3 კვ. მ კვების არეზე 2,214 გ უდრიდა, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 73 ცენტნერს შეადგენს.
თეთრი კაპისტონი მოსავლიანობის კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება, მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს საშუალოდ 1,3-დან 1,85-მდე და შეადგენს 1,5 (ზესტაფონში) და 1,63 (თელავში). თითოეულ რქაზე ჯიში უფრო ხშირად ორ, იშვიათად ერთ ან სამ მტევანს ინვითარებს. მტევნის საშუალო წონა 80-100 გ უდრის. კარგად განვითარებულ მტევნების წონა 250-300 გ აღწევს. ამასთან ერთად ჯიში ხასიათდება ნაყოფიანი ყლორტების სიმრავლით (80-90%).
როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს მოსავალი საშუალოდ 60-70 ცენტნერს შეადგენს ჰექტარზე. პროფ. კ. მოდებაძეს, შორაპნის ყოფილი მაზრის ღვინოების ხარისხის მიმოხილვის დროს, აღნიშნული აქვ, რომ თეთრი კაპისტონი ხასიათდება მრავალი დადებითი თვისებით და ადგილობრივ მევენახეთა შორის დამსახურებულად აქვს სახელი მოხვეჭილი. ცხადია, ასეთი სახელის მოხვეჭა, პირველ რიგში, ღვინის ღირსება-ხარისხით, მოსავლიანობითა და გარემო პირობებთან კარგი შეგუებით უნდა აიხსნას. უნდა ითქვას, რომ ამ თვისებებით თეთრი კაპისტონი ნამდვილად ხასიათდება ზემო იმერეთის ჰავის პირობებში.
სოკოვან ავადმყოფობათა, მავნებლებისა და გარემო ფაქტორების მიმართ გამძლეობა
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა თეთრ კაპისტონს კარგი აქვს. ზოგიერთი მევენახის ცნობით მისი გამძლეობა მილდიუმის მიმართ არადამაკმაყოფილებელია. პროფ. თ. კვარაცხელიას დაკვირვებებიც მოწმობს, რომ თეთრი კაპისტონი ადვილად ზიანდება მილდიუმისაგან.
ჩვენი დაკვირვებით თეთრი კაპისტონის გამძლეობა მილდიუმის მიმართ, როგორც იმერეთში, ისე კახეთში სხვა ჯიშებთან შედარებით, საშუალოა. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება თეთრი კაპისტონი ნაცრის მიმართ, ხოლო ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოა, ამ მხრივ იგი ჩამორჩება ციცქას და დონდღლაბს. დაკვირვებებით ზამთრის ყინვებისა და ცივი გაზაფხულის გავლენის შედეგად ჯიშის საგრძნობი დაზიანება იმერეთის პირობებში აღნიშნული არ ყოფილა.
ნიადაგს თეთრი კაპისტონი განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ უყენებს, იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. გარდა დაჭაობებულ და ძლიერ მძიმე ეწერ ნიადაგებისა. თუმცა მაღალი ღირსების ღვინოს ჯიში სერებისა და ფერდობ ადგილების ნეშომპალა-კარბონატულ ტიპის ნიადაგებზე იძლევა, სახელდობრ, ხარაგაულის რაიონის მაღლობ ადგილებში _ სოფ. ბაზალეთში, ღარისხევში, თეთრაწყაროში, ისლარში, ფარცხნალში და სხვ.
საძირე ვაზის ჯიშების მიმართ მას კარგი მონათესაობა აქვს. იგი კარგად ემყნობა და ხარობს, ნიადაგის ქიმიური შედგენილობისა და ფიზიკური თვისებების შესაბამისად, ჩვენში გავრცელებულ ძირითად საძირეებზე.
ტექნოლოგიური დახასიათება
თეთრი კაპისტონი უდავოდ საღვინე ვაზის ჯიშია. ყურძნის გარეგნული შეხედულება, მტევნის მექანიკური შედგენილობის მაჩვენებლები, მარცვლის გემო და წვენის ქიმიური შემცველობა წინასწარ აპირობებს ყურძნის საღვინედ გადამუშავების მიზანშეწონილებას. მართლაც, თეთრი კაპისტონიდან დგება მაღალი ღირსების ღვინომასალა შამპანურისათვის და სუფრის ხარისხოვანი ღვინისათვის. აღნიშნულის ნათელსაყოფად ქვემოთ მოყვანილია ყურძნის მექანიკური შედგენილობის, ყურძნის წვენის შაქრიანობა-მჟავიანობის მაჩვენებლები და დაყენებული ღვინის ქიმიური ანალიზის მონაცემები.
თეთრი კაპისტონის ყურძენი წვენის საკმაო დიდი გამოსავლიანობით ხასიათდება. წარმოების პირობებში წვენის გამოსავლიანობა შედარებით უფრო ნაკლებია, ხოლო ნახევრად წარმოების პირობებში იგი შეადგენს შამპანურისათვის გადამუშავებისას 75%, ხოლო სუფრის ღვინისათვის გადამუშავებისას 76%.ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა. თეთრი კაპისტონი საკმაოდ დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს, განსაკუთრებით შუა იმერეთის სოფლებში ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგებზე.
ჯიშისათვის დამახასიათებელია მაღალ შაქრიანობასთან ერთად შედარებით მაღალი მჟავიანობის შენარჩუნება. ამ ნიშნის მიხედვით იგი საგრძნობლად განსხვავდება სხვა ჯიშებიდან, რაც ძვირფას თვისებას წარმოადგენს განსაკუთრებით შამპანურის დასამზადებლად. ორჯონიკიძის რაიონის თიხნარ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე თეთრი კაპისტონის შაქრიანობა 23% აღწევს, ხოლო მჟავიანობა იშვიათად 8,5-7,8%-მდე ეცემა.
შაქრიანობა-მჟავიანობის დინამიკის მონაცემებით, თეთრი კაპისტონი შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვებისა და მასთან ერთად მაღალი მჟავიანობის შენარჩუნების კარგი უნარით ხასიათდება. ჯიშის ეს თვისება მეტად მნიშვნელოვანია შამპანური ღვინის წარმოებისათვის. მართლაც, თეთრი კაპისტონი მეტად შესაფერ და მაღალხარისხოვან მასალას იძლევა ამ მიმართულებით.ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი.
თეთრი კაპისტონის ყურძენს იყენებენ ძირითადად სუფრის ღვინის დასამზადებლად, უფრო ხშირად, როცა ჯიში ცალკე ნაკვეთზეა გაშენებული მისგან წმინდა ღვინო მზადდება, ან სხვა ჯიშებთან ერთად იწურება, თუ იგი ნარევის სახითაა ვენახში წარმოდგენილი. ყურძენი როგორც საადრეო მცირე რაოდენობით მიდის აგრეთვე საჭმელადაც. უკანასკნელ წლებში ჩვენში შამპანური წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით თეთრი კაპისტონს ძირითადად იყენებენ შამპანურის დასამზადებლად, როგორც ცალკე, ისე სხვა ჯიშებთან ერთად.
თეთრი კაპისტონისაგან ადგილობრივ გლეხურ მეურნეობებში _ იმერული ტიპის ღვინოს ამზადებენ. ყურძენს საჭყლეტი მანქანით წურავენ და წვენს საწნეხელში ათავსებენ. გამოწნეხილ წვენს ასხამენ გარეცხილ სუფთა ქვევრებში სადუღრად და ყოველ დეკალიტრ წვენზე 0,8-1,0 კგ სუფთა ჭაჭას უმატებენ. ამის შემდეგ ქვევრს უტოვებენ ჰაერის ამოსასვლელს, ახურავენ მჭიდროდ სარქველს და თიხით ლესავენ. დადუღების შემდეგ ღვინოს სუფთად გადაიღებენ სხვა ქვევრში.
იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ღვინო უნდა დამზადდეს, თეთრ კაპისტონს კრეფენ სხვადასხვა შაქრიანობა-მჟავიანობის დროს. შამპანურის დასამზადებლად ყურძენი იკრიფება 18-19% შაქრიანობისა და 10-12‰ მჟავიანობის დროს, ხოლო სუფრის ღვინის დასამზადებლად ყურძენი უნდა დაიკრიფოს 20-22% და 8-10‰ მჟავიანობის დროს. ყურძნის წვენში ეს შაქრიანობა-მჟავიანობა შუა იმერეთში 15 სექტემბრიდან, ხოლო ზემო იმერეთში 15 სექტემბრიდან, ხოლო ზემო იმერეთში (ხარაგაულის რ-ნი) 20-25 სექტემბრიდან გროვდება. შამპანურისათვის კი ყურძენი უნდა დაიკრიფოს დაახლოებით ერთი-ორი კვირით უფრო ადრე. ამ დროისათვის ყურძენში ხშირად შამპანურისათვის სასურველი შაქრიანობა-მჟავიანობა მყარდება.
თეთრი კაპისტონისგან დგება მაღალი ხარისხის სუფრის ღვინო, განსაკუთრებით როცა ვენახი მთის სერების და ფერდობების ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზეა გაშენებული. რიგი ავტორიტეტული სპეციალისტებისა თეთრი კაპისტონის სუფრის ღვინოს მაღალ შეფასებას აძლევს, როფ. კ. მოდებაძე თეთრ კაპისტონს თვლის მრავალი დადებითი თვისებებით შემკულ ჯიშად, რომელმაც საპატიო სახელი დაიმსახურა ადგილობრივ მევენახეთა შორის; ვ. სტაროსელსკის იგი კარგი ღირსების სუფრის ღვინის ჯიშად მიაჩნია; ვ. დემეტრაძე ახასიათებს კაპისტონის ღვინოს, როგორც კარგი ღირსების მასალას შამპანურისათვის.
საინტერესო ცნობა თეთრი კაპისტონის შესახებ მოეპოვება აგრეთვე ფრანგ ამპელოგრაფ პიულიას (Pulliat) უკანასკნელს ჯერ კიდევ 1868 წელს მიუღია ქ. ქუთაისიდან აჯამეთის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დირექტორის ბარონ ლონგეილისაგან დასავლეთ საქართველოს 25 ვაზის ჯიში და მათ რიცხვში თეთრი კაპისტონის რქებიც. საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში თეთრი კაპისტონი მთელი ათი წლის მანძილზე ხასიათდებოდა კარგი ზრდით და ყოველწლიური უხვი და ხარისხოვანი მოსავლით. ზოგიერთ წლებში მისი შაქრიანობა 23% აღწევდა. თავისი დაკვირვებათა საფუძველზე ამპელოგრაფი პიულია თეთრი კაპისტონის შესახებ წერს: ყურძნის მაღალი ხარისხი და მისი ადვილი მწიფობა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, იმის ღირსია, რომ ამ ჯიშს მიექცეს ჩვენი მევენახეების ჯეროვანი ყურადღება.
სადეგუსტაციო კომისიის საერთო შეხედულებით და დასკვნით საქართველოში მაღლაი ღირსების შამპანური შეიძლება დამზადდეს შესაფერ მიკრორაიონებში შემდეგი ჯიშებიდან: თეთრი კაპისტონიდან, რაჭულ მცვივანიდან, ციცქასაგან და ძელშავიდან.
ყველა ეს მონაცემები უდავოდ მოწმობს თეთრი კაპისტონის ღვინის მაღალ ღირსებას განსაკუთრებით, როცა იგი შამპანური წესითაა დამზადებული. და მართლაც, ამ წესით დამზადებული კაპისტონის ღვინო ხასიათდება: ნაზი გემოთი, სასიამოვნო სიხალისით და კარგად გამოსახული ბუკეტით სიძველეში, ხოლო ადგილობრივი წესით დაყენებისას იგი იძლევა ნაზ, ჰარმონიულ, სასიამოვნო გემოს სუფრის ღვინოს, კარგად გამოსახული დავარგების ბუკეტით.
თეთრი კაპისტონის ღვინო საკმაოდ მდიდარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება. აღსანიშნავია მაღალ ალკოჰოლიანობასთან ერთად შედარებით მაღალი მჟავიანობა და საკმაო დიდი სხეული (ექსტრაქტი).
თეთრი კაპისტონი მეტად საინტერესო ჯიშია, იგი ადგილობრივ და ფრანგულ შამპანურ ჯიშებთან შედარებით იძლევა მაღალი ღირსების ღვინომასალას შამპანურისათვის. საფრანგეთის შამპანური ჯიშები იმერეთის პირობებში ვერ ინარჩუნებს საჭირო მჟავიანობას და შედარებით დუნე გამოდის, მაშინ რდესაც თეთრი კაპისტონის ღვინო მაღალი გემური თვისებებთან ერთად საკმაოდ მაღალი და მასთან სასიამოვნო მჟავიანობის ხასიათდება.
მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს იძლევა თეთრი კაპისტონი აგრეთვე ევროპული და იმერული წესით დაყენებისას. მისი ღვინო სიძველეში ძლიერ ბუკეტთან ერთად, საკმაო სხეულით, სინაზით და სასიამოვნო სიხალისით ხასიათდება. განსაკუთრებით კარგია ბაზალეთის, ღარისხევის, თეთრაწყაროს, ფარცხნალის, ხარაგოულის, ისლარისა და სხვ. სოფლების თეთრი კაპისტონის ღვინო. ამ თვისებების გამო ჯიშმა პროფ. კ. მოდებაძის გადმოცემით საპატიო სახელი დაიმსახურა ადგილობრივ მევენახეთა შორის.
თეთრი კაპისტონის ყურძენს, მისი ნაადრევი სიმწიფის გამო, მოსახლეობა ნაწილობრივ იყენებს საჭმელად. აგრეთვე მისგან საცდელად დამზადებულ უალკოჰოლო ყურძნის წვენის ნიმუშები კარგი ღირსებით ხასიათდება. მაღალ შაქრიანობასთან ერთად ყურძნის წვენი შეიცავს მაღალ მჟავიანობას, რაც მას აძლევს მეტ სიხალისეს და უფრო სასიამოვნოს ხდის სასმელად.
აღნიშნული დადებითი თვისებების მიუხედავდა, თეთრი კაპისტონი მცირედ არის გავრცელებული. ეს შეიძლება აიხსნას ჯიშის სათანადოდ შეუფასებლობით, რადგან მთლიანად იმერეთისათვის, კერძოდ, ზემო იმერეთისათვის თეთრი კაპისტონი როგორც სადრეო, მოსავლიანი და მასთან ხარისხოვანი ჯიში მეტად შესაფერი და სასურველია. ჩვენში შამპანური მრეწველობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია ზემო იმერეთის რაიონებში ამ ჯიშის უფრო ფართოდ გავრცელება.
ვარიაციები. თეთრი კაპისტონის ვარიაციები ჯერ აღმოჩენილი არაა. ვიალა და ვერმორელის ფრანგულ ამპელოგრაფიაში დასახელებულია ზეკროულა კაპისტონი, როგორც თეთრი ვარიაცია (ალბათ შავი კაბისტონისა), რომელიც მათივე ცნობით 15 დღით უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ჩვეულებრივი კაპისტონი. ასეთი საადრეო ვარიაცია ჯერ ნაპოვნი არ არის, თვით ვარიაციის სახელწოდება ზეკროულა, აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, დამახინჯებული გამოთქმა უნდა იყოს სიტყვა შეკრულისა, რომელიც მტევნის სიმკვრივის აღმნიშვნელი ცნება უნდა იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ რაჭული თეთრი კაპისტონი საგრძნობლად განსხვავდება იმერული თეთრი კაპისტონისაგან და მისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული ჯიშია.
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
საერთო შეფასება და რაიონირება
თეთრი კაპისტონი ადგილობრივი, იმერული მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ზემო იმერეთვის მევენახეობის რაიონებში თეთრი კაპისტონის ნარგაობა უფრო ხშირად ნარევის სახით, ხოლო შუა იმერეთის სოფლებში ცალკეული ძირები გვხვდება.
თეთრი კაპისტონისაგან დამზადებული საშამპანურე ღვინომასალა მაღალი ღირსებით ხასიათდება, რომელმაც მოიპოვა მოწონება და მაღალი შეფასება მიიღო მთელ რიგ ავტორიტეტულ სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე, რომელთა საფუძველზე იგი მიჩნეულია შამპანური წარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად. შამპანური წესით დაყენებული თეთრი კაპისტონის ღვინო ხასიათდება ძლიერი ბუკეტით, ნაზი გემოთი, საკმაო სხეულით და სასიამოვნო სიხალისით. მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს იძლევა თეთრი კაპისტონი ევროპულ და იმერულ წესით დაყენებისას, ახასიათებს სასიამოვნო გემო, საკმაო სხეული და სიხალისე.
ჯიში საშუალო, ხოლო კარგი მოვლის პირობებში საშუალოზე მეტი მოსავლიანობით ხასიათდება, მის მთავარ ღირსებას შეადგენს ღვინის მაღალი ხარისხი და მისი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება (შამპანური, სასუფრე იმერული და ევროპული ტიპის ღვინოები, ყურძნის უალკოჰოლო წვენი და სუფრის ყურძენი).
ჯიშის უარყოფით თვისებად ითვლება მისი შედარებით სუსტი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობის (მილდიუმის) მიმართ, რაც თანამედროვე მოწინავე აგროტექნიკის გამოყენებით ადვილი დასაძლევია სწორი და დროული წამლობის ჩატარებით.
ჯერჯერობით თეთრი კაპისტონი ძვირფას საწარმოო ვაზის ჯიშების სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილი არ არის, თუმცა იგი როგორც შედარებით საადრეო ჯიში უადვოდ პერსპექტიულია ზემო იმერეთში შამპანური წარმოებისათვის, ხოლო შუა იმერეთში სუფრის ღვინისა და შამპანურისათვის. ამიტომ სასურველია იგი ფართოდ დაინერგოს აღნიშნულ რაიონებში.
ჯიში ფართო საწარმოო მასშტაბით უნდა გამოიცადოს აგრეთვე საქართველოს დანარჩენ რაიონებშიაც მის შემდგომი გავრცელებისათვის უფრო პერსპექტიული რაიონების შესარჩევად და ძვირფასი ჯიშების სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში შესატანად.
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.