საფენა – თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

საფენა, ვაზის, ჯიში, კახეთი

საფენა თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ღვინო რბილია ჰარმონიული და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.

წარმოშობა: კახეთი

საფენას ღვინო არის რბილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ჰარმონიული და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. რქაწითელთან და მწვანე კახურთან ერთად გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

გავრცელებული იყო ალაზნის მარცხენა მხარის სოფლებში: ფშაველი, ართანა, სანიორე, ენისელი, შილდა.

ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური ფორმისაკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სიძლიერისაა. ყვავილი მდედრობითი სქესისაა.

მტევანი საშუალო ზომის, განივკონუსური, დატოტვილი, ზოგჯერ მხრიანი. მხრის სიგრძე მტევნის ნახევრამდე აღწევს. გვხვდება ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც. საშუალო სიკუმსისაა, ზოგჯერ მეჩხერი.

მარცვალი საშუალო ზომის, მომრგვალო, მოყვითალო ელფერით. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, რბილობი საშუალოზე ნაკლებ მკვრივი, სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი, გამოხატული ჯიშური არომატით.

საფენა, ვაზის, ჯიში, კახეთი

სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 133-158 დღეა. მტევნის წონა 80-დან 400 გრამამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.3-22.7%-ს, მჟავიანობა 5.7-7გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა