პანეში სამეგრელოში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. მისი პროდუქცია ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობის ორდინარული ტიპის ღვინოების დასამზადებლადაა განკუთვნილი.
პანეშის მეტად მოკლე დახასიათება მოცემულია აკად. ივ. ჯავახიშვილისა და აგრ. ერ. ნაკაშიძის შრომებში. დასახელებული ავტორები პანეშს ათავსებენ დაბალხარისხოვან ვაზის ჯიშთა ჯგუფში.
პ. ვიალას მიხედვით კი იგი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფშია მოქცეული. პანეში შედარებით უფრო დაწვრილებით აღწერილია პროფ. ს. ჩოლოყაშვილის ამპელოგრაფიაში, რომელსაც ავტორი აკუთვნებს ორდინარული ღვინის მომცემ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სხვა უფრო დაწვრილებითი ცნობები სამეგრელოში პანეშის წარმოშობისა ან შემდგომი გავრცელების შესახებ არც ძველ და არც ახალ ლიტერუტურულ წყაროებში არ მოიპოვება.
წლების განმავლობაში წარმოებდა სამეგრელოს რაიონებში მევენახეობის როგორც წარსულის, ისე თანამედროვე მდგომარეობის გამოკვლევა, ამ მხარეში გავრცელებულ ვაზის ჯიშთა შესწავლის მიზნით. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვაზის აბორიგენული ასორტიმენტი ფართოდ ყოფილა წარმოდგენილი სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში და განსაკუთრებით მდინარეთა ხეობების ზონებში _ სამხრეთით და სამხრეთ_აღმოსავლეთით დაქანებულ ნაკვეთებზე.
პანეში გავრცელებული ყოფილა მდ. ტეხურისა და ენგურის შუა და ზემო წელში, შედარებით მცირე მასივებად ყოფილა აგრეთვე იგი გავრცელებული მდ. ჭანისწყლის ხეობაშიც _ წალენჯიხისა და ზუგდიდის მთისპირა მიკროუბნებში.
ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, პანეში ფართო მასივების სახით ყოფილა წარმოდგენილი მდ. ტეხურის ხეობაში და, როგორც ადასტურებენ, წითელყურძნიან ჯიშთა შორის ოჯალეშის შემდეგ მეორე ადგილი სჭერია. ამის დამამტკიცებელია ამ ხეობის შუა და ზემო წელში ტყეების ზონაში დღემდე შემორჩენილი პანეშის მეტად ხნიერი ვაზები, რომლებიც მოუვლელობის შედეგად გაველურებულია და მათი მოსავალი მხოლოდ ხელსაყრელ ამინდზეა დამოკიდებული.
როგორც გადმოგვცემენ, მოსახლეობა პანეშისაგან ძირითადად მასობრივად მოსახმარებელ ღვინოს ამზადებდა ადგილობრივ გამოსაყენებლად. პროდუქციას იყენებდნენ აგრეთვე ყურძნადაც და ამ მიზნით შემოდგომით ვაზზე ტოვებდნენ ყურძენს მოუკრეფავად და შემდეგ საჭიროების მიხედვით კრეფდნენ, ან შემოდგომითვე კრეფდნენ და აკიდოების სახით ინახავდნენ. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად პანეშის მაღლარები თითქმის განადგურდა. ამჟდამად გადარჩენილია მისი მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი მაღლარად მდ. ტეხურის, ჭანისწყლისა და ენგურის ხეობებში.
თავის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშანთვისებების მიხედვით პანეში კოლხეთის ვაზის კერის წარმომადნენელია და გავრცელების როგორც წარსული, ისე თანამედროვე არეალის მიხედვით სამეგრელოს ენდემურ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. სამეგრელოს გარდა აღნიშნული ჯიში არსად არ არის ნახული, არც საქართველოს გარეთ არის იგი არსად მოხსენებული.
ჩვენი ღრმა რწმენით, პანეში წარმოქმნილია ამ მხარის ეკოლოგიურ პირობებში ბუნებრივი გამრავლების გზით. მრავალი საუკუნის განმავლობაში მან განიცადა ცვლილებები, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ჯიში და ადამიანის მიერ კულტურულ პირობებში ჩაყენების შედეგად გამოავლინა დადებითი ნიშან-თვისებები, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო მის ფართო გავრცელებას.
ბოტანიკური აღწერა
პანეში აღწერილია სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ-ნი). ვაზები დამყნობილია რიპარი X რუპესტრის 3306-ზე, დაყრდნობილია სარზე და ფორმირებულია ქართული წესით ერთ სანაყოფე-სამამულეზე. ვენახის ნიადაგი წითელმიწა-ქვეთიხნარია და ნაკვეთი სამხრეთისკენაა დახრილი.
ახალგაზრდა ყლორტი. პირველი, ახლად გაშლილი ფოთოლი ღია მწვანეა და ზემო მხრიდან ქეჩისებრ დაფარულია თეთრი ბუსუსით. ზოგჯერ, განსაკუთრებით მის პერიფერიულ ნაწილებში, შესამჩნევია მცირეოდენი სიწითლე.
ფოთლის ყუნწი დაფარულია მთლიანად ბეწვისმაგვარი ბუსუსით ქეჩისებრ და სიწითლე გადაკჰრავს. მისი მომდევნო მეორე ნორჩი ფოთოლი ღია მწვანეა, მოყვითალო ელფერი აქვს და ზედა მხრიდან საკმაოდ სქლად არის დაფარული თეთრი-მონაცრისფრო ბუსუსით, ქვედა მხრიდან კი ქეჩისებრ დაფარულია ბუსუსით და პერიფერიისაკენ მცირეოდენი მოწითალო ელფერი ახლვს. მესამე ნორჩი ფოთოლი ფერითა და ბუსუსიანობით მეორე ფოთლის მსგავსია, ოღონდ ზედა მხრიდან ბუსუსი უფრო მცირედ ემჩნევა და ისიც ძარღვების გასწვრივ.
ახალგაზრდა ყლორტი მრგვალია და საკმაოდ ძლიერ დაფარულია მოთეთრო_მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ყლორტის წვერს ხშირად მოწითალო ელფერი გადაჰკრავს.ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია, ყავისფერია და ოდნავ არის დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. მუხლთაშორისის სიგრძე 10-16 სმ აღწევს. რქას მუქი ფერის წვრილი ზოლები აქვს.
ფოთოლი.ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალოზე დიდია, სქელია და საერთო მოყვანილობით ოდნავ ოვალურია, თანაც საკმაოდ დანაკვთული. მისი საშუალო სიგრძე 16,7 სმ, ხოლო სიგანე 15,95 სმ აღწევს. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურული და კვერცხისებრია. ნაკვეთები საკმაოდ გადაფარებულია ერთმანეთზე. ამონაკვეთის ფუძე მომრგვალოა ან ბრტყელი, გვხვდება, მაგრამ იშვიათად, ჩანგისებრი ამონაკვეთიც, შემდგარი სამი ან ოთხი ძარღვისაგან და მომრგვალოფუძიანი. იშვიათ შემთხვევაში ამონაკვეთის ფუძეზე განვითარებულია ერთი ან ორი უბრალო კბილი.
ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად მთლიანად დახურულია და ვიწრო ელიფსური ნასვრეტი აქვს. იშვიათად ღიაა, მცირედად ჩაჭრილი კუთხით. ქვედა ამონაკვეთი მცირედაა ჩაჭრილი. ფოთოლი სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან სწორ კუთხეს ქმნის, იშვიათად ბლაგვსაც.
ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია და ამოზნექილი გვერდები და მახვილი წვერი აქვს, გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი ან მომრგვალო ხერხკბილა კბილებიც. მეორეული კბილები სამკუთხედისებრია და მომრგვალებულწვერიანი ან ისევ სამკუთხედისებრია და ამოზნექილგვერდებიანი და წამახვილებულწვერიანი. იშვიათად ხერხკბილა სამკუთხედისებრიცაა.
ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ სქლადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ზედა მხარე უფრო ხშირად მსხვილი ბუშტისებრია ან ბადისებრ_დანაოჭებული. გვხვდება ტალღისებრი ზედაპირიანი ფოთლებიც. ფოთლის ზედაპირი ღარისებრი მოყვანილობისაა ან ნაპირებჩამოწეულია, იშვიათად ძაბრმაგვარ ღარისებრიც. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8_0,9 უდრის, იგი მცირედაა შებუსვილი და ღია მწვანეა, ხოლო ფუძესთან წითელი ღვინის ფერი ხდება.
ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. მტვრიანები თითქმის ორჯერ უფრო გრძელია ბუტკოზე და ნორმალურადაა გადახრილი ბუტკოდან. ზოგ მტვრიანას ახასიათებს ძლიერ გადახრა. ყვავილში ხუთი მტვრიანაა, იშვიათად ოთხი და ექვსიც. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 500_900 აღწევს.
მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 4_6 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 11-14,5 სმ, სიგანე 7-11 სმ უდრის. მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ-კონუსისებრია. აქვს ფრთა, რომლის სიგრძე აღწევს მტევნის სიგრძის ნახევარს. მტევნის ყუნწი თითქმის შუამდე გახევებულია; დანარჩენი ნაწილი ყუნწისაა და თვით კლერტი ბალახმაგვარია და ღია მწვანე ფერისაა.
მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 5-7 მმ აღწევს, იგი მწვანე ფერისაა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერი კონუსისებრია. ბალიშის ბოჭკოები შეღებილია მუქი წითელი ღვინისფრად. მარცვლის მოგლეჯის დროს ბალიშზე რჩება კანის ნაწილები. მარცვალი თითქმის შავია. ზომით საშუალო ან საშუალოზე დიდია. მისი სიგრძე 15,0 მმ, ხოლო სიგანე 14,2 მმ აღწევს. მსხვილი მარცვლის სიგრძე 18 მმ, ხოლო სიგანე 17,0 მმ უდრის, მცირე მარცვლის სიგრძე კი 11 მმ, სიგანე-10,2 მმ. მარცვალი ოდნავ ოვალურია, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია, საკმაოდ სქელკანიანი (კანი ადვილად იღეჭება) და წვნიანია. შემფერავი ნივთიერება რბილობში არ არის, კანში კი იგი საკმაო რაოდენობით მოიპოვება. მარცვლის კანზე საკმაო რაოდენობითაა ცვილი.
წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა. უფრო ხშირად კი 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 6_7,5 მმ, ხოლო სიგანე 3_5,5 მმ აღწევს. წიპწა მუქი ყავისფერია და მწვანე-მოყვითალო ელფერი ახლავს. ქალაძა თითქმის ოვალურია და მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილში ან ოდნავ ქვემოთ, იგი ოდნავაა გამოსახული. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტი მწვანე-მოყვითალოა, მისი სიგრძე 1-1,5 მმ უდრის.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ-ნი) რიპარიაXრუპესტრის 3306-ზე დამყნობილი ქართულად დაყენებული დაბლარი პანეშის ვეგეტაცია – შემდეგნაირად მიმდინარეობს:
ვაზის გაღვიძება იწყება მარტის დამლევს. კვირტების გამოფურჩქვნა მიმდინარეობს აპრილის პირველ რიცხვებიდან. ვაზი ყვავილობას იწყებს პირველ ივნისიდან და ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში 12-15 ივნისამდე მთავრდება. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლო რიცხვებში (28.VIII), ხოლო მასობრივად ყურძენი 20 ოქტომბრიდან მწიფდება. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ იწყება 10-12 ნოემბრიდან და მთავრდება ნოემბრის ბოლო რიცხვებში.
ამრიგად, პანეშის სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 200 დღეს, ხოლო ფოთოლცვენის დამთავრებამდე 244 დღეს აღწევს.
ვაზის ზრდა. სოფ. ნაკიფუს ზონაში დაბლარად და ქართული წესით ფორმირებულ და სათანადოდ მოვლილ პანეშის ნარგავებს საშუალო ზრდა-განვითარება ახასიათებს. შედარებით ღონიერ ნიადაგზედაც არ იჩენს იგი გადაჭარბებულ ზრდას (ზუგდიდის ზონა) და ამ შემთხვევაშიაც ჯიშისათვის ჩვეული განვითარებაა მისთვის დამახასიათებელი.
სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე 1,5_2 მ აღწევს. მაღლარზე პანეშის ვეგეტატიური ნაწილების განვითარება საშუალოზე მცირეა, რაც, ეჭვს გარეშე, მოუვლელობისა (მაღლარის გასხვლა, გაფურჩვნა, წამლობა და სხვა ოპერაციები სრულებით არ ტარდება) და საკუთარ ძირზე არსებობის გამო ფილოქსერის მავნე მოქმედების შედეგია.
როგორც აღნიშნული იყო, პანეშის სავეგეტაციო პერიოდი მნიშვნელოვნადაა გახანგრძლივებული. სავეგეტაციო პერიოდის გახანგრძლივება შედეგია იმისა, რომ ამ ზონაში ხანგრძლივი თბილი შემოდგომა იცის. მიუხედავად ამისა დაბლარზე ვაზის ვეგეტატიური ნაწილები რქების სახით სრულ სიმწფიეს აღწევს ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდისათვის და ამ დროისათვის ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს იღებს. მაღლარ ვაზებზე, რომლებიც საერთოდ მოუვლელია, რქის წვერის ნაწილები ხშირად (განსაკუთრებით, როდესაც გაძლიერებულია სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება) ვეღარ ასწრებს მომწიფებას და ზამთარში იყინება.
მოსავლიანობა. პირველ ნიშნებს პანეში იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც. ამ შემთხვევაში იგი ივითარებს თითო-ოროლა არატიპიურ მტევანს. სრულ მოსავალს პანეში იძლევა მეხუთე წლიდან. ჯიში საკმაოდ უხვმოსავლიანია.
პანეშის მოსავლიანობის (სამი წლის საშუალო) მონაცემების მიხედვით ვაზზე მოსავლიანი ყლორტები 82% შეადგენს. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,8 უდრის. რქაზე ხშირად 2 მტევანია განვითარებული, იშვიათად 3 ან 1. ნაკიფუს პირობებში ერთი ძირი დაბლარი ვაზის მოსავალი 2,5 კგ-მდე აღწევს, ხოლო გაანგარიშებული მოსავალი ერთ ჰექტარზე 80-90 ცენტნერამდე.
ვაზი ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე სხვლას. დაკვირვება ცხადყოფს, რომ თუ იგი სათანადოდაა მოვლილი (ორი სანაყოფითა და ორი სამამულით) დატვირთვა ამ ჯიშისათვის 20-24 კვირტის დატოვებით სავსებით საკმარისად უნდა იქნეს მიჩნეული. ამით მოსავალი შეიძლება გაიზარდოს ჰექტარზე 100-120 ცენტნერამდე.
სამეგრელოს თბილ, ტენიან ეკოლოგიურ პირობებში სხვა ჯიშების მსგავსად პანეშისათვისაც აუცილებელია მზით უხვად განათებული სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებული ნაკვეთების შერჩევა. გარდა იმისა, რომ ამგვარ ნაკვეთებზე სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ვაზზე შემცირდება, ყურძენი სავსებით საღი და ჯიშისათვის დამახასიათებელი გემური თვისებებისა მიიღება.
ცუდი ამინდის შემთხვევაში პანეშმა ყვავილცვენა იცის, რაც 15%-მდე აღწევს. მტევანში შემჩნეულია აგრეთვე დაწვრილმარცვლიანება, ოღონდ მცირე რაოდენობით (2-3%).
გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ პანეში მეტად მგრძნობიარეა. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება იგი ჭრაქით. ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ პანეშის თითო_ოროლა მაღლარი ვაზის მწვანე მასა მასობრივად ავადდება ჭრაქით. მხოლოდ ზოგიერთ წლებში, როდესაც სოკოს განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები არ არის, პანეშის მწვანე ნაწილები აღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ განვითარებას და მოსავალიც ამის შესაბამისად საკმაოდ უხვია.
დაბლარი ვაზებიც განიცდის ჭრაქის მოქმედებას მიუხედავად იმისა, რომ მოვლის მხრივ შედარბით უკეთეს პირობებში იმყოფება. ამიტომ ვეგეტაციის პერიოდში ბორდოს ხსნარით 5-6-ჯერ შეწამვლა აუცილებელ აგროტექნიკურ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული.
ფილოქსერის მიმართ პანეში მეტად სუსტ გამძლეობას იჩენს. სწორედ ამით აიხსნება მისი მაღლარების მასობრივად გადაშენება. წალენჯიხის რაიონის პირობებში პანეში სრულებით არ ზიანდება ზამთრისა და გაზაფხულის ყინვებისაგან. ვაზი დროულად იღვიძებს და მისი ვეგეტაცია ნორმალურად მიმდინარეობს.
სამეურნეო ტექნოლოგიური დახასიათება
პანეში დანიშნულებით საღვინე ჯიშია. შესაფერ ეკოლოგიურ პირობებში (სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებული ნაკვეთები და კალციუმის კარბონატების შემცველი ნიადაგები) მისგან შეიძლება დამზადდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკმაოდ მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო. იგი საყურადღებოა აგრეთვე, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძნის ჯიში. ყურძენი კარგად ინახება თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში.
მექანიკურ-ქიმიური ანალიზისათვის და სანიმუშო ღვინომასალის დასამზადებლად, პანეშის დაბლარი ვენახის ყურძენი დაიკრიფა სოფ. ნაკიფუს ზონაში. აქვე მოგვყავს სამი წლის მოსავლის მექანიკური ანალიზის საშუალო მონაცემები:
საშუალო მტევნის წონა 192,8 გ. დიდი მტევნისა 250 გ, ხოლო მცირე მტევნის კი 105 გ აღწევს. მარცვლების რაოდენობა მტევანზე მერყეობს 90_დან 135_მდე, საშუალოდ კი 105 უდრის. მტევანში მარცვლები შეადგენს 95,5%, კლერტი _ 3,8%, წიპწა _ 5,3%, კანი _ 18,8% და წვენის გამოსავალი _ 74,8%. ამრიგად, პანეშის წვენის გამოსავლიანობა საკმაოდ დიდია, რაც საღვინედ განკუთვნილი ვაზის ჯიშისათვის ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.
100 მარცვლის წონა 180 გ აღწევს. 100 მარცვალში 184-მდე წიპწაა, რომელთა საშუალო წონა 8,8 გ. უდრის. აქედან ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 36%, ორწიპწიანი-46%, სამწიპწიანი-16% და ოთხწიპწიანი-2%. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის ტკბილში შაქრიანობა 19-20%, ხოლო საერთო მჟავიანობა 9,8 აღწევს.
პანეშისაგან სანიმუშო ღვინო დამზადებულ იქნა სოფ. ნაკიფუში ი. მალაშხიას მიერ. ამ ღვინის ანალიზი ჩატარდა საქართველოს სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიაში დაჭაშნიკების შედეგად პანეშის ღვინომ გამოამჟღავნა ალკოჰოლის ნორმალური შეცულობა, საკმაო ჰარმონიულობა, ხალისიანი მჟავიანობა და საკმაო სხეულიანობა, რაც ორდინარული ღვინის მოთხოვნას სავსებით აკმაყოფილებს.
ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები: ყურძენი მოიკრიფა სოფ. ნაკიფუს, ხვედრითი წონაა 0,9969, ალკოჰოლი 10,4º. საერთო მჟავიანობა 8,2‰, მქროლავი მჟავიანობა 0,58‰, ექსტრაქტი 21,54%, ტანინი 0,81%, შაქარი 0,33%, გლიცერინი 4,98%, ალდეჰიდები 0,007%.
როგორც ანალიზის შედეგებიდან ჩანს, პანეშის ღვინის ქიმიური ბუნება ადასტურებს იმ შეფასებას, რაც მან მიიღო დაჭაშნიკების შედეგად. ალკოჰოლის ნორმალურ რაოდენობასთან ერთად (10,4º), იგი შეიცავს ოდნავ მომეტებულ, მაგრამ ხალისიან მჟავიანობას (8,2‰), მცირე მქროლავ მჟავიანობას (0,58) და საკმაო სხეულს (21,54).
ჯიშის საერთო შეფასება და დარაიონება
სამეგრელოში გავრცელებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის პანეში უდავოდ ყურადღების ღირსია, როგორც საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, იგი ოჯალეშთან ერთად უნდა გავრცელდეს სამეგრელოს მთისპირა რაიონებში.
მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული აგრეთვე საჭმელ ყურძნად, მხოლოდ ადგილობრივ, რადგან შორეულ ტრანსპორტს იგი ვერ იტანს. ყურძენს დიდხანს შენახვის უნარი აქვს. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი _ გაზაფხულამდე ინახება.
ამ ჯიშის უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ სუსტი გამძლეობა. ეს ნაკლოვანებანი წარმატებით შეიძლება იქნეს დაძლეული. პირველის საწინააღმდეგოდ საჭიროა ვაზების 5-6-ჯერ ბორდოს ხსნარით შეწამვლა და 3-ჯერ გოგირდის შეფრქვევა, ხოლო ფილოქსერისაგან დაცვის მიზნით ვაზი ნამყენზე უნდა იქნეს გადაყვანილი.
ჩვენი დაკვირვებით პანეში წარმატებით შეიძლება დაინერგოს სამეგრელოს მთისპირა ზონის რაიონებში.
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.