ნოშრიო – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ვაზის, ჯიში, ნოშრიო, რაჭა

ნოშრიო  წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია,  წარმოშობის ადგილია – რაჭა, სინონიმი – ნოშვრიო.

წარსულში ნოშრიო წმინდა ნარგავებად ყოფილა გავრცელებული ამბროლაურის რაიონში, სხვა ჯიშებთანაა შერეული სოფ. ბუგეულში, საკეციასა და აბანოეთში. ნოშრიო გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა აბლაბუდისებრად და ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება ცილინდრულიც. კუმსია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი ან შავი, თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი.

ნოშრიოს სავეგეტაციო პერიოდი 151 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდისაა. მტევნის საშუალო წონა 142 გრამია. ყურძნის სრულ სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22.8-23.6%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6.1-7.9 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თქვენი რეკლამა