ბათომურა ადგილობრივი სასუფრე ვაზის ჯიშია აჭარიდან.
ბათომურა – სინ.: ბათომის ყურძენი. 1970 წლის მონაცემებით, გურია-აჭარაში მაღლარად, ცალკეული ძირების სახით იყო გავრცელებული.
ფოთოლი საშუალო ზომისაა და მრგვალი, ზოგჯერ ოვალურიც, ან მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი, ქვედა მხარეს აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია.
მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ან საკმაოდ დიდი ზომისაა, ოვალური, მუქ-წითელი ფერის. დაფარულია თხელი ცვილოვანი ფიფქით. რბილობი საკმაოდ ხორციან-წვნიანია.
ვაზი ძლიერი ზრდისაა, რქა კარგად მწიფდება. საშუალოზე დაბალმოსავლიანია (4,5-4,8 ტ/ ჰა). ნაყოფი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მესამე დეკადაში შედის, აგროვებს 17-18%-მდე შაქარს, 9,5-8,0 გ/დმ3 ტიტრული მჟავიანობით და სიმწიფის საგვიანო პერიოდის სასუფრე ჯიშებს მიეკუთვნება.
ბათომურა ძლიერ ზიანდება ნაცრით, შედარებით ნაკლებად – ჭრაქით. გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნად.
ფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA)
თ. კობაიძე, ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი.