ნაშრომში განხილულია თელავის ვაზის ჯიშთა კოლექციაში დაცული მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის შედეგები და მათი ამპელოგრაფიული დახასიათებები.
შესავალი
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი კუთხეა მევენახეობამეღვინეობის თვალსაზრისით, რასაც განაპირობებს მისი ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები. მატერიალური კულტურის ძეგლები და ლიტერატურული მასალები მეტყველებს ამ ზონაში მევენახეობა-მეღვინეობის დიდ მნიშვნელობაზე.
უძველეს წარსულში მოსახლეობას დიდი რუდუნებით შეურჩევია ვაზის საუკეთესო ჯიშები მიკროზონების შესაბამისად და თითოეული მათგანისთვის ღვინის დაყენების სპეციალური წესები დაუზუსტებიათ. კახური ვაზის ჯიშებმა რქაწითელმა, საფერავმა, მწვანემ, ხიხვმა, ქისმა და მათგან დამზადებულმა ღვინოებმა არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გაითქვეს სახელი.
უნდა აღნიშნოს, რომ კახეთი აბორიგენული ვაზის ჯიშების სიმრავლით გამოირჩევა, რომელთა შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ს. ჩოლოყაშვილს, დ. ტაბიძეს, მ. რამიშვილს, ვ. ლოლაძეს, ნ. ქარუხნიშვილს, ნ. ცერცვაძეს და სხვებს.
კახური ვაზის ჯიშების გენოფონდში ამჟამად 90-მდე დასახელების ჯიშია, რომელთა დიდი ნაწილი თავმოყრილია ამპელოგრაფიულ კოლექციებში. ვაზის თითოეული ჯიში, პროფ. მ. რამიშვილის სიტყვებით, ისტორიული ძეგლია.
რქაწითელის, საფერავის, მწვანეს, ხიხვის, ქისის და სხვათა შექმნაზე ქართველმა მევენახეებმა ისეთივე დიდი შრომა დახარჯეს, როგორც სვეტიცხოველის, გრემის ან იყალთოს აკადემიის აგებაზე. მაგრამ, ზოგჯერ ჩვენს დიდებულ წინაპართა მიერ შექმნილ ამ უნიკალურ ძეგლებს არ ვიცავთ და კურსი შედარებით იოლი გზისკენ გვაქვს აღებული.
შედეგად, ფართოდ ვრცელდება მხოლოდ რქაწითელი და საფერავი, ხოლო დანარჩენი ძვირფასი ჯიშები დავიწყებას ეძლევა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომში შესწავლილი და აღწერილი იქნა თელავის ამპელოგრაფიულ კოლექციაში დაცული ზოგიერთი მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშები.
მასალები და მეთოდები
ვაზის კახური ჯიშების აღწერა ჩატარდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ვაზის ქართული ჯიშების კოლექციაში, სადაც თითოეული ჯიში წარმოდგენილია 10-10 მცენარის ოდენობით.
ჯიშის აღწერისათვის გამოყენებული იყო მევენახეობაში მიღებული ამპელოგრაფიული აღწერის მეთოდები (Ампелография СССР, 1946; მ. რამიშვილი, 1986). კოლექცია გაშენებულია 1987 წელს.
ჭროღა
ჭროღა მოიპოვება თითო-ოროლა ძირი გურჯაანის და თელავის რაიონის ვენახებში.
ახალგაზრდა ყლორტი (12-15 სმ) და მისი წვერო გვირგვინითა და ორი-სამი გაუშლელი ფოთოლაკებით ყოველი მხრიდან დაფარულია აბლაბუდისებრი ბუსუსით. ფოთოლაკები ვერცხლისფერია და შემოვლებულია წითელი ზოლი. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, ზოლები სუსტადაა გამოსახული. მუხლის ფერი არ განსხვავდება რქის ფერისაგან. მუხლთაშორისების სიგრძე 8-10 სმ-ია.
ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა სიგრძით 11 სმ და სიგანით 12 სმ. ფორმა მომრგვალოა, ხუთნაკვეთიანი. ამონაკვეთი ღიაა, ელიფსური ფორმის. ყუნწის ამონაკვეთი ღია თაღისებურია. ფირფიტის ზედაპირი ოდნავ დანაოჭე-ბულია. ქვედა მხარე შეუბუსავია. კიდეები დაკბილულია სამკუთხედისებური დიდ-პატარა კბილებით. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა. შეუბუსავია და მოწითალო ფერისაა.
მტევანი (სურ. 1) მცირე ზომისაა, კუმსი, ცილინდრულ-კონუსისებური ფორმის. სიგრძე 8-10 სმ-ია, სიგანე 5-6 სმ. ყუნწის სიგრძე 1.5-2.0 სმ-ია. მტევნის მასა 100-120 გ-ია, მარცვლების რაოდენობა 117-125 ცალია.
მარცვალი მრგვალია, მოყვითალო ფერის. სიკუმსისაგან მარცვლის გვერდები შეზნექილია. მარცვალს ბოლოში მუქი წერტილები აქვს. მისი ზომებია 1.0X1.0 სმ. მარცვალი ძნელად სცილდება ყუნწს და დამარცვლის დროს იჭყლიტება. მარცვლის ყუნწი და საჯდომი მწვანე ფერისაა. კანი თხელი აქვს, რომელიც დაფარულია ცვილით. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო გემოსი.
წიპწა რბილობს ძნელად სცილდება. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-3-ია. წიპწა წვრილია, ყავისფერი, მომრგვალო ფორმის, ნისკარტი უფრო ღია ფერისაა. ჯიში მცირე მოსავლიანია. სრული სიმწიფის პერიოდში ყურძენში შაქრიანობა აღწევს 25.0 %. მჟავიანობა 4.5 მგ/დმ3.
ჯიში სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა.
ბეგლარის ყურძენი
ბეგლარის ყურძენი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია. მოიპოვება თითო-ოროლა ძირი საინგილოში, ძირითადად სოფ. კახში.
ფოთოლი საშუალო ზომისაა. არის დიდი ზომის ფოთლებიც (20.5X19.0 სმ). ფირფიტის მოხაზულობა მომრგვალოა, სამ-ხუთ ნაკვთიანი. დანაკვთა ღრმაა, ელიფსური ფორმის ამონაკვეთით. ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებური ფორმისაა. ზედაპირი ამობურცულია და დანაოჭებული. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელი აბლაბუდისებური ბუსუსით. წვეროები ოდნავ დახრილია ქვემოთ. კიდეები დაკბილულია დიდ-პატარა სამკუთხედისებური კბილებით. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა, მწვანე ფერისაა და მოწითალო ზოლები დასდევს. ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი (სურ. 2) დიდი ზომისაა (22.0X12.0 სმ) ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი, კუმსი, ახასიათებს წვრილმარცვლიანობაც. მტევნის მასა 300-350 გ-ია. მარცვლების რაოდენობა მტევანში 285 ცალია.
მარცვალი მოყვითალო ფერისაა, მრგვალია, ოდნავ შებრტყელებული წვეროთი, ზომით 1.7X1.7 სმ, დაფარულია ცვილით. კანი რბილია და ელასტიური. რბილობი საკმაოდ წვნიანია, კანი ადვილად სცილდება რბილობს. ჯიშური არომატი არ იგრძნობა. მარცვალში 2-3 ცალი წიპწაა. წიპწა მომრგვალოა კარგად გამოხატული ნისკარტით და ღარით, რომლითაც იგი თითქმის ორადაა გაყოფილი.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, მუქი ლაქებითა და უფრო მუქი ზოლებით. ზედაპირი ხორკლიანია. მუხლთშორისები რქის ფერთან შედარებით უფრო მუქია. მუხლთშორისების სიგრძე 10-12 სმ-ია. სრულ სიმწიფეში შაქარი 20.0 %-ია, მჟავიანობა კი 6.0 მგ/დმ3.
ჯიში მგრნობიარეა სოკოვან დაავადებათა მიმართ.
მწკლარტა
მწკლარტა გვხვდება სიღნაღის რაიონის ვენახებში.
ფოთოლი განიერ-ოვალური ფორმისაა, სამნაკვთიანი. გვხვდება დაუნაკვთავი ფოთლებიც. ფირფიტის სიგრძე 15 სმ-ია, სიგანე 15.8 სმ. ზედაპირი დანაოჭებულია. ქვედა მხარე დაფარულია სქელი ჯაგრისებური ბუსუსით. ფოთლის კიდეები დაკბილულია დიდ-პატარა სამკუთხედისებური წვეტიანი კბილებით. ყუნწთან აქვს ღია თაღისებური ამონაკვეთი. ყუნწის სიგრძე მთავარი ძარღვის სიგრძის ტოლია, ფერი მომწვანოა და შებუსული ჯაგრისებური ბუსუსით. ყვავილი ორსქესიანი აქვს.
მტევანი (სურ. 3) საშუალო ზომისაა (18-19 სმ), მეჩხერია და მხრიანი, ფორმით კონუსისებური. მხარი თითქმის მტევნის სიგრძის ნახევარია. მასა 250-300 გ-ია. მტევანში მარცვლების რაოდენოდა 165-200 ცალია. ყუნწის სიგრძე 6-7 სმ-ია, გახევებულია და მუქი ყავისფერია.
მარცვალი მუქი ლურჯი ფერისაა, მრგვალი – ოდნავ ოვალური, საშუალო ზომის. კანი სქელი, უხეში, დაფარულია ცვილით, რბილობი კნატუნაა. მარცვალში 1-2 წიპწაა. წიპწა ადვილად სცილდება რბილობს, მუქი ყავისფერია, ნისკარტი მოკაუჭებულია და წვერმომრგვალებული. ღარი კარგადაა გამოხატული.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, ოდნავ დაზოლილია მუქი ფერის ზოლებით, შებუსულია თხელი, ქეჩისებური ბუსუსით. მუხლთაშორისი 7-8 სმის სიგრძისაა. სრული სიმწიფის პერიოდში მწკლარტა აგროვებს 19.0 % შაქარს. მჟავიანობა 6.0 მგ/დმ3-ია.
ჯიში გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ.
ზაქათალის თეთრი
ზაქათალის თეთრი გვხდება მინარევის სახით ზაქათალის ვენახებში. მიეკუთვნება კახური ვაზის ჯიშების ჯგუფს.
ფოთოლი საშუალო ზომისაა (18X18 სმ), მომრგვალო-გულისებრი ფორმის, მცირედ სამნაკვთიანია, ზოგი ფოთოლი დაუნაკვთავია, ფოთლის ზედაპირი ამობურცულია და დანაოჭებული, ქვედა მხრიდან დაფარულია ჯაგრისებური ბუსუსებით, კიდეები დაკბილულია სამკუთხედისებური არათანაბარი კბილებით. ყუნწის ამონაკვეთი ღია თაღისებურია. ყუნწი მთავარი ძარღვის ტოლია, მწვანე ფერის, რქასთან ახლოს მოწითალო ფერის. ყვავილი მდედრობითია.
მტევანი (სურ. 4) მეჩხერია, ახასიათებს მარცვალცვენა და წვრილმარცვლიანობა, მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა (12X5 სმ), ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის. ყუნწი მოკლეა 2-3 სმ სიგრძის. მწვანე ფერის. მტევნის მასა საშუალოდ 75-100 გ-ია. მტევანში დიდ-პატარა მარცვლების რაოდენობა საშუალოდ 100-120-ია.
მარცვალი საშუალო ზომისაა (2.0X2.0 სმ), მრგვალი, ღია ყვითელია და მოწვანო ელფერით. კანი თხელია, რბილობი ლორწოვანია. მარცვლის ყუნწი მწვანე, ბალიში ხორკლიანი, მარცვალი ადვილად სცილდება ყუნწს, წიპწა კი რბილობს ძნელად სცილდება. მარცვალში წიპწა 2-3-ია, რომელიც ღია ყავისფერია, ნისკარტი მომწვანო ფერისაა და წვერო მომრგვალებულია.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, მუქი ყავისფერი ზოლებით. მუხლებთან უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთშორისების სიგრძე 10-12 სმ-ია. სრული სიმწიფის პერიოდში აგროვებს 21.0 % შაქარს, სიმჟავე კი 5.5 მგ/დმ3.
ზაქათალის თეთრი სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა.
წნორის თეთრი
წნორის თეთრი მოიპოვება წნორის (სიღნაღის რაიონი) მიდამოებში მინარევის სახით.
ახალგაზრდა ყლორტის წვერი გვირგვინითა და პირველი ორი-სამი ჯერ კიდევ კარგად გაუშლელი ფოთოლაკებით შეუბუსავია, მომწვანო-მოყვითალო ფერით და გარშემო ნარინჯისფერი ზოლი აქვს შემოვლებული.
ფოთოლი საშუალო ზომისაა (14-16 სმ), ოვალური ფორმის, გვხვდება მომრგვალო ფორმის ფოთლებიც. ხუთნაკვთიანია, დახურული ამონაკვეთით. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური ფორმის. ფოთლის ზედაპირი მცირედაა დანაოჭებული. ქვედა მხარე შეუბუსავია. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა და ნარინჯისფერია. კიდეები დაკბილულია სამკუთხედისებური კბილებით. ყვავილი ორსქესიანია
მტევანი (სურ. 5) ცილინდრული ფორმისაა, იშვიათად ცილინდრულკონუსური, კუმსი. მტევნის ზომებია 20X10 სმ. ყუნწის სიგრძე 2.0 სმ. მტევნის მასა 280-300 გ-ია. მარცვალცვენა და წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. მარცვლების რაოდენობა მტევანში საშუალოდ 180-200 ცალია.
მარცვალი მომრგვალო-ოვალურია (1.8X1.6 სმ), მომწვანო-ყვითელი ფერის, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი თხელი და ელასტიურია, რბილობი წვნიანია. მარცვალი ადვილად სცილდება ყუნწს. მარცვალში 2-3 წიპწაა, რომელიც მუქი ფერისაა, წიპწის ნისკარტი მორმგვალოა, ღარი მკვეთრადაა გამოსახული.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, შეუბუსავია, მუხლების ფერი არ განსხვავდება რქის ფერისაგან. მუხლთაშორისის სიგრძე 8-10 სმ-ია. ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ მკვეთრად გამოსახულია. სრულ სიმწიფეში აგროვებს 22.0 % შაქარს, მჟავიანობა კი 5.2 მგ/დმ3.
სოკოვან-დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება.
კახის თეთრი
კახის თეთრი გვხვდება თითო-ოროლა ძირი კახის რაიონში და ნაწილობრივ ქვემო ქართლში.
ახალგაზრდა ყლორტი გვირგვინითა და კარგად გაუშლელი ფოთოლაკებით ყოველი მხრიდან შებუსულია აბლაბუდისებური ბუსუსებით. ფოთოლაკები მორუხო-თეთრი ფერისაა და კიდეებზე ვარდისფერი ზოლები დასდევს.
ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, ფორმით მომრგვალო-ოვალისებურია, სამ ან ხუთნაკვთიანია, საშუალოდ დანაკვთული. წვეროს ამონაკვეთები უფრო ღრმადაა დახურული. ყუნწის ამონაკვეთიც დახურულია, იშვიათად ღიაა. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია სქელი ქეჩისებური ბუსუსით. კიდეები დაკბილულია ხერხისმაგვარი კბილებით. ყუნწი მწვანეა, ოდნავ შებუსული. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა.
მტევანი (სურ. 6) ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, მეჩხერი. მხრები მტევნის სიგრძის მესამედისაა. მტევნის სიგრძეა 15 სმ, სიგანე 9 სმ. ყუნწის სიგრძე 1.5 სმ-ია, მტევნის მასა 200-230 გ. მარცვლების რაოდენობა 80-100 ცალია მტევანში. ყვავილი მდედრობითია.
მარცვალი მრგვალია, საშუალოზე მსხვილი. ყვითელი ფერის. კანი თხელია. რბილობი მკვრივი და წვნიანია. მარცვალი დაფარულია ცვილით. წიპწა 2-3-ია, ღია ყავისფერი, ნისკარტი მომწვანოა წვრილი წვერით, ადვილად სცილდება რბილობს.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, მუქი ყავისფერი წერტილებით. მუხლები უფრო მუქი ყავისფერია, მუხლთაშორისების სიგრძე 4-5 სმ-ია. სრულ სიმწიფეში შაქარი 23.0 %-ია, მჟავიანობა კი 4.7 მგ/დმ3-ია.
ჯიშს მავნებელ-დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობა ახასიათებს.
ღვინის თეთრი
ღვინის თეთრი თითო-ოროლა ძირის სახით მოიპოვება გურჯაანის რაიონში.
ახალგაზრდა ყლორტის წვერო გვირგვინითა და პირველი ორი-სამი გაუშლელი ფოთოლაკებით ვერცხლისფერია, შეუბუსავი. ყლორტი გვირგვინის ქვემოთ მდებარე მესამე ფოთლიდან შებუსულია თხლად და ღია მომწვანო ფერისაა.
ფოთოლი საშუალო ზომისაა. ფორმით გულისმაგვარია, გვხვდება ოვალური ფორმისაც, 3-5 ნაკვთიანია, ზერელე ამონაკვთებით. ფოთლის ზედაპირი ძარღვების გასწვრივ ძლიერაა დანაოჭებული. ქვედა მხარე შეუბუსავია. ფოთლის ზომებია 14X14.5 სმ. ყუნწთან ღია თაღისებური ამონაკვეთი აქვს. კიდეები დაკბილულია ხერხისებური კბილებით. შუა წვეროები კარგად გამოკვეთილი და ოდნევ მოხრილია. ყუნწი მთავარ ძარღვზე გრძელია და მომწვანო ნარინჯისფერია.
მტევანი (სურ. 7) საშუალო ზომისაა, ახასიათებს მცირე ზომის მტევნებიც, კუმსია, ფორმით ცილინდრულ-კონუსური. მტევნის სიგრძე 10-13 სმ-ია, სიგანე 4-6 სმ. ყუნწის სიგრძე 2-3 სმ-ია. ყუნწი მუქი ფერისაა და გახევებული. მასა 130-180 გ-ია. მტევანში 110-120 დიდ-პატარა ზომის მარცვალია.
მარცვალი საშუალო ზომისაა (1.5X1.5 სმ), მოყავისფრო-ყვითელია, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი თხელია, ელსატიური. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წიპწა ძნელად სცილდება რბილობს. მარცვალში 2-3 წიპწაა.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, დაზოლილია, მუხლთან მუქი ყავისფერია, მუხლთაშორისის სიგრძე 3-6 სმ-ია. ჯიში შედარებით ადრე მწიფდება. სრულ სიმწიფეში 22 %-ს შაქარს აგროვებს, მჟავიანობა კი 5.2 მგ/დმ3–ია.
კახის თეთრი მგრძნობიარეა ნაცრისადმი.
მსხვილთვალა თეთრი
ღვინის თეთრი გავრცელებულია გარე კახეთში (საგარეჯოს რაიონი).
ფოთოლი დიდია (23-22 სმ), მომრგვალო ფორმისა, ხუთნაკვთიანია. ზედა ამონაკვთები საშუალო სიღრმისაა, მცირე ელიფსური ფორმით, გვხვდება დახურულ ამონაკვეთიანი ფოთლებიც. ყუნწის ამონაკვეთი ღია თაღისებური ფორმისაა. ფოთლის ზედაპირი დანაოჭებულია და ამობურცული, ქვედა მხარე შეუბუსავია. კიდეები დაკბილულია ხერხისებური კბილებით. ყუნწი ნარინჯისფერია – ღია მწვანე ზოლით. ყუნწის სიგრძე მთავარი ძარღვის ტოლია. ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი (სურ. 8) დიდი ზომისაა (23X9 სმ), ახასიათებს საშუალო ზომის მტევნებიც (18X6 სმ). ცილინდრული ფორმისაა, იშვიათად ცილინდრულკონუსისებური. ყუნწის სიგრძე 20-25 სმ-ია. მტევნის მასა 350-250 გ. მარცვლების რაოდენობა 200-220 ცალია. წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს.
მარცვალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა, მრგვალი (2.0X2.08 სმ). კანი თხელი აქვს, რბილობთან შეზრდილი. რბილობი მკვრივია, კნატუნა, მცირედ წვნიანი. წიპწა რბილობს ადვილად სცილდება. მარცვლის ყუნწი გახევებული და მწვანე ფერისაა, ბალიში მომწვანო-მოყვითალოა. საშუალო მოსავლიანი ჯიშია. სრულ სიმწიფეში შაქარი 20 %-ია, მჟავიანობა 4.9 მგ/დმ3.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია. რქას მთელ სიგრძეზე დასდევს მუქი ფერის ზოლები. მუხლები მუქი ფერისაა. მუხლთაშორისების სიგრძე 5-6 სმ-ია.
ჯიში ნაცრისა და ჭრაქის მიმართ საშუალო გამძლეობისაა, წვიმიან ამინდში ადვილად ლპება.
იყალთოს წითელი
იყალთოს წითელი ნაკლებად გავრცელებული ადგილობრივი ვაზის ჯიშია. ერთეული ძირების სახით გვხვდება თელავისა და ახმეტის რაიონის ვენახებში. ჯიშის წარმოშობის დროის შესახებ ლიტერატურაში არავითარი ცნობა არ მოიპოვება.
ფოთოლი საშუალო ზომის (17.0X11.5 სმ), ოვალური ფორმისაა. ქვედა მხრიდან შებუსულია აბლაბუდისებური ბუსუსებით. ზედა მხარე შეუბუსავი და დანაოჭებულია. ხუთნაკვთიანია, ღრმად დანაკვთული, ამონაკვეთები დახურული ელიფსური ფორმისაა და ნარინჯისფერი ზოლები დასდევს, შებუსულია აბლაბუდისებური მცირე ბუსუსებით. ფოთლის ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა. ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი (სურ. 9) ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, საშუალო სიმკვრივის. ახასიათებს მეჩხერი მტევნებიც. მტევნის სიგრძე 13-14 სმ-ია, სიგანე 5-6 სმ. ყუნწი 2-3 სმ-ია და მწვანე ფერი აქვს. მტევნის მასა 150-200 გრამია. მტევანზე 120-160 ცალი მარცვალია.
მარცვალი ოვალური ფორმისაა. ადვილად სცილდება ყუნწს. რბილობი წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოსია. მარცვლის ფერი მუქი ლურჯია, დაფარულია ცვილით. მარცვლის ზომებია 1.3X1.1 სმ. ყუნწის სიგრძე 0.5 სმ. მარცვალში 2-3 წიპწაა. წიპწა ყავისფერია, ღია ფერის ნისკარტით და კარგად გამოხატული ღარით. მუცლის მხარე უფრო ღია ფერისაა, ქალაძა ამობურცულია.
ერთწლიანი რქა ღია ყავისფერია, რომელსაც მუქი ყავისფერი ზოლები გასდევს. მუხლთაშორისების სიგრძე 10-12 სმ-ია. ჯიშს ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. ყურძნის წვენის შაქრიანობა 20 %-ია, მჟავიანობა 5.7 მგ/დმ3.
ჯიში ნაცრის მიმართ შედარებით მგრძნობიარეა.
ავტორები:
ო. ქურთიაშვილი, გ. ამბროსიძე, ნ. დათუაშვილი, ნ. გიორგობიანი, ლ. ჩიკვაიძე
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის კახეთის საცდელ-საკონსულტაციო ცენტრი, თელავი.
ფოტოსურათები: დ. მაღრაძე, რ. ჭიპაშვილი