ერთწლოვანი საკვები ბალახების თესვის დრო, ნორმები და წესები

ერთწლოვანი, საკვები, ბალახები

ერთწლოვან საკვებ ბალახებს დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მათი თესვა-მოყვანა წარმოებს ცხოველთა საკვებად, ადამიანის საზრდოდ და მრეწველობისა და წარმოების მრავალი დარგისათვის ნედლეულის მისაღებად.

ერთწლოვანი საკვები ბალახები ითესება მაშინ, როდესაც ნიადაგი იმდენად შეშრება, რომ სათესის მუშაობა არ დაბრკოლდება და 10 სმ სიღრმეზე დასათესი კულტურებისათვის შესაფერისი ტემპერატურა დამყარდება;

თესლს უნდა ჰქონდეს კარგი თესვითი ღირსებები და აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნილებებს;

ერთწლოვანი პარკოსანი კულტურები სითბოს მიმართ შედარებით ნაკლებ მომთხოვნი არიან, მათი თესლი გაღივებას იწყებს 10-20C სითბოს პირობებში, აღმონაცენი უძლებს მოკლე ხნით 50-60C ყინვას, ხოლო თოვლის საფარქვეშ უფრო მეტსაც.

ტენის მიმართ სამარცვლე პარკოსანი კულტურები დიდი მომთხოვნი არიან, განსაკუთრებით ზრდა-განვითარების დაწყების პერიოდში. ბარდა, ხანდური, ცულისპირა, ცერცვი, ცერცველა, ხანჭკოლა, შარბათი, ხანჭკოლა მართალია გრილი ჰავის მოყვარული მცენარეებია, მაგრამ მათი მოყვანა წარმატებით შეიძლება საქართველოს თითქმის ყველა რაიონში;

ბარდა, ხანდური, ცულისპირა, ცერცვი და ცერცველა კარგად იტანენ სიცივეს, ამიტომ მათი თესვა უნდა ჩატარდეს ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე მინდვრის სამუშაოების დაწყების პირველ დღეებში.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, სადაც წყალი არ დგება, ეს კულტურები შეიძლება შემოდგომასა და ზაფხულში დაითესოს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზამთრის ბოლოს, ადრე გაზაფხულზე და ზაფხულში. საშემოდგომო ცერცველა ითესება საშემოდგომო თავთავიანების თესვის ვადებში;

სიმინდი, სორგო, სუდანურა და ფეტვი აღმოცენებას იწყებენ მაშინ, როდესაც ნიადაგის 10 სმ-იან ფენაში ტემპერატურა 10-120C მიაღწევს. ეს მცენარეები აღმოცენების დროს ვერ იტანენ ყინვას და ადვილად იღუპებიან; სიცივისაგან წამონაზარდიც ზიანდება, ამიტომ ისინი უნდა დაითესოს მოგვიანებით.

აღნიშნული ტემპერატურის პირობებში ჯერ ითესება სიმინდი და ფეტვი, ხოლო თესვის შუა პერიოდში ან მის შემდეგ _ სორგო და სუდანურა. მწვანე კონვეიერისათვის სორგო და სუდანურა ითესება 2-3 ვადაში 10-15 შუალედით.

ნათესის დანიშნულების მიხედვით ერთწლოვანი საკვები ბალახები უნდა დაითესოს განსაზღვრული სათესი ნორმით და ნიადაგში გარკვეულ სიღრმეზე იხ. ცხრილი.

ერთწლოვანი საკვები ბალახების თესვის ნორმები და ჩათესვის სიღრმე კულტურების მიხედვით

მდელო

თესვის აღნიშნული ნორმები საორიენტაციოა და გათვალისწინებულია პირველი კლასის კონდიციური თესლებისათვის. თესვის ნორმა შეიძლება შეიცვალოს ადგილობრივი პირობების, ნათესის დანიშნულების, ჯიშის, აგროტექნიკურ ღონისძიებათა და სხვათა გათვალისწინებით.

თესლის ნაკლები სამეურნეო ვარგისიანობის შემთხვევაში (მაგრამ სტანდარტის ფარგლებში) თესვის ნორმა სათანადოდ უნდა გადიდდეს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ნაწვერალზე, აგრეთვე მობნევით თესვისას ნორმა უნდა გადიდდეს 10-15%-ით;

ბარდა, ხანდური, ცულისპირა, ცერცველა, ინკარნატული სამყურა, ხანჭკოლა, კოინდარი ითესება მარცვლოვანი კულტურების სათესით მწკრივებს შორის 7,5-15 სმ დაშორებით.

სიმინდის, ცერცვის და სოიას თესვა წარმოებს სიმინდის სათესი მანქანებით ფართო მწკრივებში. მათი თესვა შეიძლება ჩატარდეს აგრეთვე კვადრატულ-ბუდობრივი ან ბუდობრივი წესით, ბუდნებს შორის 45X45, 45X70 და 70X70 სმ, ბუდნაში 4-6 თესლის ჩათესვით.

მსხვილთესლიანი ბალახების თესვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამომთეს აპარატს (კოჭებმა თესლი არ უნდა დაამტვრიოს).

სამეურნეო დანიშნულების, კლიმატურ-რელიეფური პირობებისა და ჯიშის მიხედვით სიმინდი და სორგო ითესება როგორც სუფთა, ისე ნარევებში პარკოსნებთან: მწკრივად, მწკრივთა შორის მანძილი _ 45-60-75 სმ, მწკრივებში მცენარეთა შორის დაცილება 15-20-30 სმ; ფართომწკრივიან ზოლიან ნათესად ზოლებშორის 45-60 სმ, მწკრივებშორის _ 15 სმ, მწკრივში მცენარეთა შორის – 15-20-30 სმ და ბუდობრივად _ 50X60, 70X40, 60X40 სმ ბუდნაში სიმინდის 2 და სოიას 2-3 მცენარის დატოვებით.

სორგოს ბუდობრივად თესვის დროს მცენარეთა რაოდენობა ბუდნაში იზრდება 4-5 მცენარემდე, კვადრატულ-ბუდობრივად თესვის დროს კვების არე უნდა იყოს 45X45, 50X50, 60X60, 70X70 სმ. ბუდნაში სიმინდის ორი და სოიას 2-3 მცენარის დატოვებით. გვალვის პირობებში აღნიშნული კულტურები უნდა დაითესოს შედარებით გადიდებული კვების არითა და ბუდნაში შემცირებული მცენარეთა რაოდენობით;

სუდანურა და ფეტვი მწვანე საკვებად და სათივედ უნდა დაითესოს ჩვეულებრივად მწკრივში მწკრივთა შორის 7,5-15 სმ მანძილით. სათესლედ და სასილოსედ კი ფართო მწკრივებში (30-45 ან 60 სმ);

ერთწლოვანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების ნარევის თესვა შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად და ერთი სათესლე ყუთიდან. თესვის დროს ყუთში თესლი გამუდმებით უნდა აირიოს; როდესაც კომპონენტების თესლი ზომით იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ერთი ყუთიდან მათი თესვა არ ხერხდება, მაშინ თესვა უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე, ერთიმეორეზე გადამბული მისაბმელი სათესი მანქანებით;

ერთწლოვანი წვრილთესლიანი ბალახების თესვის შემდეგ ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს საგორავებით. ეს ოპერაციები განსაკუთრებით საჭიროა მშრალ რაიონებში და სანაწვერალო თესვის პირობებში, როდესაც ხნული ბელტიანია; ნიადაგის დატკეპნა თესვის წინაც უნდა ჩატარდეს. სასურველია ნიადაგის დატკეპნა თესვასთან ერთად მიმდინარეობდეს ერთ აგრეგატში.

გ.ცაგურიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

თქვენი რეკლამა