წეკო – ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება, თესვა

წეკო, თესვა

სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა

წეკო მნიშვნელოვანი ტექნიკური მცენარეა. მისი ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით ნიკოტინს და ორგანულ მჟავებს.

წეკოს თანამედროვე ჯიშის ფოთლებში 5-დან 15%-მდე ნიკოტინია და 25-20%-მდე ორგანული მჟავები, მათ შორის 10%-ზე მეტს ლიმონმჟავას შეადგენს, წეკოს ფოთოლში ორჯერ მეტია ლიმონმჯავა, ვიდრე თვით ლიმონის ნაყოფში.

წეკო მოჰყავთ უმთავრესად მოსაწევად, მის ფხვნილს (ბურნუთს) იყენებენ საყნოსავად, ნიკოტინსულფატი და სხვ; რომლებსაც ფართოდ იყენებენ სოფლის მეურნეობაში მავნებლების წინააღმდეგ, პირუტყვის ქეცის სამკურნალოდ, ცხვრის გასაბანებლად და სხვ.

წეკოს ნედლეულს ამუშავებენ ნიკოტინის მჟავას (ვიტამინი PP) და ლიმონმჟავას მისაღებად, რასაც ფართო გამოყენება აქვს კვებისა და საფეიქრო მრეწველობაში.

ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება 

წეკო – (ლათ. Nicotiana rustica) ერთწლოვანი მცენარეა, სიმაღლით 1.2 მ-მდე. მისი ფოთლები ყუნწიანია, გულისებრი ან კვერცხის მოყვანილობის, ფოთლის ფირფიტა დანაოჭებულია, ღია მწვანე ან მოყვითალო-მწვანე ფერისაა, ფოთოლთა რაოდენობა მცენარეზე 20-მდეა.

ყვავილი ორსქესიანია, შეკრებილია ყვავილედად. მთელი მცენარე დაფარულია თავაკებიანი და მარტივი ბუსუსით, რომლებიც სპეციფიკურ სურნელებას გამოსცემენ.

წეკოს ახასიათებს თვითგანაყოფიერება, მაგრამ გამორიცხული არ არის მწერების საშუალებით ჯვარედინ განაყოფიერების შესაძლებლობაც.

ნაყოფი ორბუდიანი კოლოფია, რომელშიც ბევრი თესლია. წეკოს თესლი ძლიერ წვრილია, 1000 თესლის წონა 0.25-0.35 გ-ს უდრის, მაგრამ ის გაცილებით უფრო მსხვილია ვიდრე თამბაქოს თესლი.

ფესვთა სისტემა მძლავრად აქვს განვითარებული, ნიადგში ჩადის 1.5 მ-მდე, მაგრამ ფესვების მთავარი მასა ნიადაგს 30-40 სმ ფენაშია მოქცეული.

წეკოს თესლი ნორმალური აღმოცენებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-250C.

წეკო საჭირობს ჰუმუსიან ნოყიერ ნიადაგებს, კარგია მისთვის შავმიწა თიხნარები, ქვიშიანი და თიხიანი კორდიან-ეწერიანი ნიადაგები, ღარიბ ნიადაგებზე წეკო უმნიშვნელო მოსავალს იძლევა.

ნიადაგის დამუშავება წეკოსათვის წარმოებს მზრალად ხვნის წესით 25-30 სმ სიღრმეზე.

წეკო მოჰყავთ ორი წესით: ჩითილის დარგვით და უშუალოდ მინდორში თესლის თესვით. ჩითილი ირგვება აპრილის დამლევს, მაისის დასაწყისში, ჩრდილოეთ რაიონებში კიდევ უფრო გვიან. დასარგავად იყენაბენ ჩითილის სარგავ მანქანებს.

მცენარეთა სიხშირე ფართობის ერთეულზე განისაზღვრება ჯიშისა და ნიადაგური პირობების მიხედვით, ჩვეულებრივ, ჰექტარზე თავსდება 60-65 ათასი მცენარეს. (ფართოფოთლიანი ჯიშები) ან 70-80 ათასი მცენარე (წვრილფოთლოვანი ჯიშები).

წეკოს თესავენ ადრე, საგაზაფხულო პურეულის თესვის პერიოდში.

დასათესად იყენებენ წინასწარ გაღივებულ და მშრალი თესლის თანაბარ ნარევს. მშრალი თესლი 8-10 დღით გვიან ამოდის. თუ წაყინვებისაგან ადრე აღმოცენებული გაღივებული თესლი დაიღუპა, მშრალი თესლი იწყებს აღმოცენებას და ნათესის სისრულე უზრუნველყოფილი იქნება.

წეკოს თესავენ ფართო მწკრივებად 50-60 სმ-ზე. ჰექტარზე საჭიროა 2-3 კგ თესლი. თესლის ჩათესვის სიღრმე არა უმეტეს 1 მ-ია, ამის გამო წეკოს დასათესად ნიადაგი კარგად  უნდა იქნეს დამუშავებული და გაფხვიერებული.

პირველი მწკრივთაშორის გაფხვიერება უნდა შესრულდეს რაც შეიძლება ადრე, როგორც კი მწკრივები გამოჩნდება, შემდეგ გაფხვიერება ტარდება სისტემატურად და ამასთან ერთად მწკრივში იმარგლება სარეველები.

ორი ნამდვილი ფოთლის ფაზაში მიმართავენ ნათესის დათაიგულებას კულტივატორებით, თაიგულების სიგრძე მწკრივში 10-15 სმ-ს უდრის, თაიგულებს შორის მანძილი კი კვადრატულ-ბუდობრივად დატოვების დროს_50 სმ-ს, ჩვეულებრივ მწკრივად გამოხარშვისას 25-27 სმ-ს. 2-3 დღის შემდეგ თაიგულები გამოიხშირება და რჩება 3-5 კარგად განვითარებული მცენარე. 10 დღის შემდეგ საბოლოო გამოხშირვას ატარებენ.

წეკოს სავეგეტაციო პეეიოდია 80 — 130 დღეა.

მაღალხარისხოვანი ნედლეულის მისაღებად, ისევე, როგორც თამბაქოს კულტურისას, საჭიროა მცენარეს წაეჭრას თავები და მოსცილდეს ნამხრევები.

მოსავლის აღება ხდება ფოთლის ტექნიკური სიმწიფის ფაზაში. ამ დროს ფოთოლი უფრო მკვრივია, მაღალი, რის გამოც გადახრილია ძირს. მცენარეს აქვს მისთვის დამახასიათებელი წეკოს ძლიერი სუნი.

წეკო საკმაოდ მაღალმოსავლიანი მცენარეა, ჰექტარზე იღებენ 30-35 ც წეკოს ფოთლის მოსავალს.

ავტორი: თ.დარსაველიძე, ს.მ მეცნიერებათა დოქტორი

თქვენი რეკლამა