2024 წლის 14-15 სექტემბერს, თბილისის დედაენის ბაღში, მე-18 აგრობაზარმა „უნიკალური ქართული გემო“ საქართველოს რეგიონებში დამზადებული, სოფლის მეურნეობის ქართული ნიშური პროდუქტები წარადგინა.
ღონისძიება ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში FAO-ს ორგანიზებით განხორციელდა. აგრობაზრის მიზანს ღონისძიების მონაწილე ფერმერების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია წარმოადგენს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციების გამომხატველი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის წარმოჩენის გზით.
აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ 60-მა მონაწილემ წარადგინა რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტი, ალკოჰოლური სასმელები, ტკბილეული, თაფლი, ჯემები და სხვა კულინარიული ნაწარმი. მწარმოებელთა უმრავლესობა ასევე დაესწრო სურსათის უვნებლობის ტრენინგს, რომელიც FAO-ს სურსათის უვნებლობის უფროსმა ექსპერტმა – სალომე გიგაშვილმა ჩაატარა. საგანმანათლებლო შეხვედრაზე აგრობაზრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ზოგადი მოთხოვნებისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკების შესახებ. მათ ასევე გაიგეს მეტი ეტიკეტირებაზე, რაც პროდუქტის კვებითი ღირებულების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ FAO, შვედეთისა და ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში აგრობაზრის მონაწილეებს საკუთარი პროდუქტის კვებითი ღირებულების დადგენაში ეხმარება, რათა მათ ეტიკეტების შექმნა შეძლონ. 2024 წლის ბოლოს, FAO გეგმავს, რომ აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ მონაწილეების წარმოებულ სურსათზე სრულყოფილი საეტიკეტო ინფორმაცია იყოს დატანილი, ღონისძიების მონაწილეთა კონკურენტუნარიანობის დასაზრდელად.
აგრობაზრის მონაწილეების უმეტესობა საქართველოში, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული პროექტების ბენეფიციარია. მათ თანადაფინანსების გრანტები მიიღეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ან მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვნენ.
„ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ფერმერებსა და მწარმოებლებს საკუთარი წარმოების გაუმჯობესებაში ახალი დანადგარების, მეთოდოლოგიებისა და კარგი პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობით. სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობისა და ტურისტების ნდობისა და ლოიალურობის მოსაპოვებლად. მიხარია, რომ ნიშური პროდუქტის ამდენი მწარმოებელი, მოწადინებულია აღნიშნული სტანდრების საკუთარ პრაქტიკაში ინტეგრაციით და ამგვარად, მომხმარებლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მდიდარი მემკვიდრეობის აღმოჩენის შესაძლებლობის ხელშეწყობისთვის“, განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.
„აგრობარზრის „უნიკალური ქართული გემო“ მეშვეობით, ჩვენ 70 მწარმოებელს მივეცით ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ღონისძიების წარმატება მასში მონაწილეთა მიერ მიღწეული შედეგებით აისახება. მათ გაყიდვები მინიმუმ 15 პროცენტით გაზარდეს, ხოლო კოლექტიური შემოსავალი – 35 პროცენტით. ტრენინგებისა და კომერციული პლატფორმად ჩამოყალიბებული აგრობაზრით, ვაგრძელებთ იმის დემონსტრირებას, რომ მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების, უნიკალური და უვნებელი პროდუქტი ნამდვილად მოთხოვნადია საქართველოს ბაზარზე“, ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.