დედა ფუტკრის განაყოფიერება ხდება ჰაერში მამალი ფუტკრების მიერ, პოლეანდრიული შეჯვარებით (მდედრის შეწყვილება რამდენიმე მამრთან) რაც ამცირებს ახლონათესაურ კავშირს და ზრდის ოჯახში მუშა ფუტკრების გენეტიკურ მრავალფეროვნებას.
საინტერესოა თუ როგორ ხდება ჰაერში შეწყვილება ან სად იყრის თავს ათასობით მამალი ფუტკარი?
მამლების თავშეყრის ადგილი (DCA -მთა) ეს არის ადგილი, სადაც მამლები და დედა ფუტკარი ჰაერში წყვილდებიან, სკის დატოვების შემდეგ მამლები დღეში რამდენიმეჯერ მოინახულებენ მთა-ს.
მამალი ფუტკარის სქესობრივად მომწიფებას დაბადებიდან 14 დღე სჭირდება, ამ დრომდე ის მხოლოდ კუჭის გასასუფთავებლად ფრენს გარეთ, ხოლო მომწიფების შემდეგ უკვე მზად არის თავშეყრის ადგილზე გასაფრენად.
მამლები კარგად განვითარებულნი უნდა იყვნენ, რათა დედა ფუტკართან შეჯვარდნენ. მათ უნდა ქონდეთ ძალა ფრენისათვის და საკმარისი სპერმატოზოიდები, რაც შეჯვარების შემდეგ დედის სპერმატეკაში გადაინაცვლებს.
ვაროა დესტრაქტორი დიდ გავლენას ახდენს მამალი ფუტკრის ჩამოყალიბების პროცესში, მისი პარაზიტობის შედეგად შესაძლოა მამალი შეჯვარებისათვის უვარგისი გახდეს, მამლების სრულფასოვან ჩამოყალიბებაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს ცილოვანი შიმშილი (ცილების გარეშე მამალი სრულფასოვნად ვერ ჩამოყალიბდება).
მთა-ს დიამეტრი 30-200 მეტრია, ხოლო მიწის ზედაპირიდან 15-40 მეტრ სიმაღლეს აღწევს.
მამლებს სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე თავშეყრის ადგილი შეუძლიათ აირჩიონ და სხვადასხვა მთა-ს ეწვიონ. შესაძლოა მათ ყოველ წელიწადს ერთიდაიგივე ადგილი შეარჩიონ თავშეყრისათვის, მაგრამ ამას რატომ აკეთებენ, ჯერჯერობით მეცნიერებისთვის დაუდგენელია. არის ვარაუდი, რომ ამ ფაქტორს დედამიწის მაგნიტური ველები განაპირობებს.
მთა უმეტესად გაშლილ ადგილებშია. მამლები დედის მოახლოებას მის მიერ გამომუშავებული ფერომონებით გრძნობენ, რაშიც მათ სენსორულ ანტენებს დიდი დანიშნულება აქვს, რადგან თუ დედა ფუტკარი აცდება თავშეყრის ადგილს, ის შეუმჩნეველი დარჩება მამლებითვის.
მთა-ს ფორმირებაზე გავლენას მამლების მიერ გამომუშავებული ფერომონები და ხმოვანი სიგნალები ახდენს. ამ ფერომონების საშუალებით გასანაყოფიერებლად გამოფრენილი დედა ფუტკარი ხვდება, რა მიმართულებით გაფრინდეს.
მამლები ამჯობინებენ მთა სკასთან ახლოს აირჩიონ, მაგრამ საინტერესოა რატომ?
სანამ დედა ფუტკარი გასანაყოფიერებლად გამოფრინდება მას ძიძა ფუტკრები საკვებს მიაწვდიან, რათა შორ მანძილზე საფრენად ენერგია მოემატოს და მას ეს საკვები ერთ გამოფრენაზე ყოფნის, ხოლო მამლებს საკვები არ ყოფნით და საკვები მარაგის შესავსებად ოჯახში დაბრუნება უწევთ, ამიტომაც არჩევენ სკასთან ახლოს ყოფნას.
შეჯვარების შემდეგ ყველა მამალი კვდება.
შეჯვარების თავისუბურებები
1. მამლებს უყვართ სითბო. 18°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ისინი თავშეყრის ადგილზე არ მიფრინავენ.
2. მამალი ფუტკრები კარგად გრძნობენ და ითვლიან დროს, ამინდის შესაბამისად 14:00-დან – 18:00-სთ-მდე შუალედში მიფრინავენ თავშეყრის ადგილზე.
3. თავშეყრის ადგილს აცდენილი დედა ფუტკრით არ ინტერესდებიან.
4. მამლებს შეუძლიათ რამდენიმეჯერ მიფრინდნენ თავშეყრის ადგილზე, სკაში დაბრუნებისას ისინი შეივსებენ საკვების მარაგს და დაუბრუნდებიან მთა-ს.
5. თავშეყრის ადგილზე შესაძლოა ათასობით მამალი ფუტკარი შეგროვდეს.
6. დედასთან დაახლოებით 7-11 მამალი შეწყვილდება, 90 მილიონი სპერმის უჯრედი მოხვდება დედის კვერცხსავალ მილში, ხოლო აქედან 7 მილიონი სპერმის ნარევი გადავა სპერმათეკაში.
7. შეჯვარების შემდეგ მამლები იხოცებიან. დედა ფუტკარი სკაში ბრუნდება ,,შეჯვარების ნიშნით’’, მამალი ფუტკრის ენდოფალოსით, რაც ბოლო მამლისგან მოყვება, რათა სპერმა გზაში არ გადმოეღვაროს. ოჯახში დაბრუნებულ დედას ამ ნიშანს ძიძები მოაშორებენ.
შემდგენელი: მარიამ კილაძე