ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა ძლიერაა დამოკიდებილი დედა ფუტკრის ხარისხზე.
რაც უფრო დიდი რაოდენობით დებს დედა კვერცხს მით უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება ოჯახი და მით მეტი ფუტკარი იქნება დაკავებული ნექტარისა და ყვავილის მტვერის შემოტანით.
ფუტკრის ოჯახში, რომელსაც ერთ წლიანი დედა ყავს შემოდგომაზე 69,2%-ით მეტ კვეცხს დებს ვიდრე ორ წლიანი და 193,3%-ით მეტს ვიდრე სამწლიანი დედა. ანალოგიური სურათია ჩვეულებრივად ადრე გაზაფხულზე.
ფუტკრის დედების გამოყვანის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩემი გამოცდილებიდან დედების გამოყვანა შეიძლება დაიწყოთ, როცა ბუნებაში საშუალო დღიური ტემპერატურა მიაღწევს 16°С . ყველასათვის საერთო პირობას წარმოადგენს, რომ აღმზრდელი ოჯახი უნდა იქნეს ჯამრთელი და ძლიერი.
ადრე გაზაფხულზე, ხარისხიანი სადედეების მისაღებად საჭიროა 12 ჩარჩოიანი ოჯახის სრული დაობლება და ბუნებაში მცირე ღალის არსებობა. ხოლო 15 მაისიდან, როდესაც ფუტკრის ოჯახში ფუტკრის რაოდენობა მიაღწევს 4-5 კგ.-ს სადედეების მისაღებად ვიყენებ ფუტკრის იმ ოჯახების ნაწილობრივ დაობლებას, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ა) ფუტკრის ოჯახს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამამლე ბარტყი.
ბ) ბარტყი სულ მცირე 7-8 ჩარჩოზე.
გ) ოჯახი უკვე უნდა აშენებდეს სადედე ჯამებს, მაგრამ არ უნდა იყოს სანაყარე მდგომარეობაში.
დ) ფუტკრის ოჯახში უნდა იყოს თაფლისა და განსაკუთრებით ჭეოს საკმარისი მარაგი.
მინიმუმ–6-8 კგ თაფლი და 2-3 ჩარჩო ჭეო.
ე) აღმზრდელი ოჯახის ყოველ ჩარჩოზე 300-350 გრამი ფუტკარი უნდა იყვეს.
ფუტკრის დედების ხელოვნურად გამოყვანის დროს 12 საათიანი ფუმფლის მისაღებად გაკეთებული მაქვს 20 ცალი სპეციალური 6 ჩარჩოიანი ნუკლეუსის ყუთები, რომლებშიც ჩასანამყენებელი მასალის მისაღებად ვაკეთებ ნუკლეუსებს ჯიშიანი დედებით სელექციის გზით შერჩეული ოჯახებიდან.
შერჩეულ ფუტკრის ოჯახებს წინასწარ უტარდებათ შერჩევა ფიგიენური ტესტის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ დაავადებისადმი მედეგი ფუტკრის ოჯახები.
სამ ჩარჩოიან ნუკლეუსებში ჭარბადაა ფუტკარი და უზრუნველყოფილია საკვებით. აქედან შუა ჩარჩო გამიზნულია ჩასაკვერცხად და განაპირა ორი სავსეა ჭეოთი და თაფლით. როცა ხელოვნურად შეზღუდულია დედის კვერცხის დება, იგი დებს ცოტა და დიდი ზომის კვერცხებს საიდანაც იჩეკებიან უფრო დიდი ზომის ფუმფლი და შესაბამისად მათგან გამოჩეკილი დედებიც მაღალი ხარისხისაა.
ყოველ ჩანამყენებას ვაკეთებ სამი სხვადასხვა დედის კვერცხიდან, რომ არ მოხდეს სხვის საფუტკრეში ერთი დედის შვილები. საფუტკრეში ახალი სისხლის აღსარევად ყოველი წლის გაზაფხულზე საქართველოს მთიან რეგიონებში ვყიდილობ 5 საუკეთესო ფუტკრის ოჯახს და მათგან ვაკეთებ საჯიშე დედებინ ნუკლეუსებს.
ნუკლეუსში შუანა ჩარჩოს ჩადებიდან მეოთხე დღეს, ვიღებ მას და ვიყენებ სადედეების მისაღებად. მის მაგივრად კი ვდებ ახალ ჩასაკვერცხ ჩარჩოს. ჩარჩოს შუაგულში არის 24 საათიანი ფუმფლი მის გარშემო კი 6-18 საათიანი, ისინი “ცურავენ” ფუტკრის რძეში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვინაიდან მთელი ფუტკარი გადართულია ცოტა რაოდენობის ფუმფლის გამოკვებაზე და რძეს დიდი რაოდენობით ასხამენ.
მე უპირატესობას ვანიჭებ 12 საათიან ფუმფლს. ჩანამყენების დროს ფუმფლის ჩანამყენებას ვაკეთებ სპეციალური ამერიკული ან ჩინური წარმოების შპატელით, რომელსაც ფუმფლი ამოაქვს რძესთან ერთად და სადედე ჯამში იდება ისე, რომ ფუმფლს არც ეხები. ჩანამყენებულ სადედე ჯამში რძე იმდენია, რომ ორმაგი ჩანამყენებული გეგონებათ. შესაბამისად მიღება თითქმის 100%-ია.
პერიოდულად საჯიშე დედებიან ნუკლეუსებს ვაძლიერებ გამომავალ ბარტყიანი ჩარჩოებით. ამოღებულ ჩაკვერცხილ ჩარჩოებს ულაგებ მეორე კორპუსში, რძეზე მომუშავე ოჯახებს ამით ჩანამყენებული ჩარჩოს გვერდით სულ მაქვს ღია ბარტყიანი ჩარჩო და ოჯახებიც ძლიერია.
საფუტკრეში ყველა 12 ჩარჩოიანი სკა აღჭურვილია ვერტიკალური ფანერის ტიხარით, რომელშიც ჩასმულია განემანის ბადის ნაჭერი ზომებით 10×15 სმ. გამყოფი ფანერა სკას ყოფს 9 და 3 ჩარჩოიან განყოფილებებად და ორივეს თავისი საფრენი აქვს.
ადრე გაზაფხულზე როცა ბუნებაში ჯერ კიდევ სიცივეა, ფანერაში ჩასმულ განემანის ბადეს ვფარავ წინასწარ გამზადებული თუნუქის ნაჭერით და პატარა განყოფილებაში ვაკეთებ ორ ჩარჩოიან ნუკლეუსებს, ვაძლევ მწიფე სადედეებს და გამომყავს საადრიო განაყოფიერებული დედები, რომლებზეც მოთხოვნილება ყოვლთვის დიდია.
სადედეების მისაღებად ვიყენებ რუსული წარმოების პლასმასის სადედე ჯამებს. ისინი ჩარჭობილია 15 მმ-იანი სიფართის თამასებში. თითო თამასაზე, 2,9 მმ-იან ნახვრეტში ჩამაგრებულია 25 სადედე ჯამი, რომლების ამოძრობა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.
ორი ცალი თამასა მაგრდება ვიწრო 15 მმ-იან ჩარჩოზე ლურსმნით ისე, რომ მათ შეეძლოთ ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო. ახლად ჩანამყენებულ სადედეჯამებიან ჩარჩოებს 16-24 საათით ვალაგებ წინასწარ გამზადებულ ოჯახებში ე. წ. სტარტერებში.
გამოკვლევებიდან და ჩემი დაკვირვებებიდანც დადასტურდა, რომ სადედეებიდან, რომლებიც ძიძა ფუტკრებმა აიყვანეს კვებაზე ჩადებიდან პირველ საათებში გამოდის უფრო დიდი ზომის და ხარისხიანი დედები.
ამიტომ 16 საათის შემდეგ საწყისი ოჯახებიდან ვიღებ ჩანამყენებულ სადედე ჯამებიან ჩარჩოებს და ვახდენ ჯამების გადაწყობას მათში ჩასხმული რძის რაოდენობის მიხედვით.
მწიფე სადედეების მისაღებ ჩარჩოზე, როცა ბუნებაში მცირე ღალაა ვტოვებ არაუმეტეს 25 სადედე ჯამისა, ხოლო გვიან ზაფხულში და უღალობის პერიოდში 15-20 სადედემდე. დანარჩენ ჯამებს ვამაგრებ ჩასანამყენებელ ჩარჩოებზე თითოზე 50- 50 ცალს და ვალაგებ აღმზრდელ ოჯახებშიფუტკრის რძის ასაღებად. ჩანამყენებულ ჩარჩოს ვათავსებთ უდედო განყოფილებაში ღია ბარტყიან და ჭეოიან ჩარჩოებს შორის.
საუკეთესო ხარისხის დედების მისაღებად საჭიროა ბუნებაში მცირე ღალა მაინც უნდა არსებობდეს. უღალობის პერიოდში აღმზრდელ ოჯახებს ვაძლევ დღეში ორჯერ 250 გრამ თაფლის წყალხსნარს, რომელშიც წყლის 10% შეცვლილია ცხიმ მორთმეული რძით.
ჩანამყენებიდან 10 დღის შემდეგ, ე.ი. მეთერთმეტე დღეს ამომაქვს მწიფე სადედეებიანი ჩარჩო აღმზრდელი ოჯახებიდან და ვაკეთებ სადედეების გამოწუნებას. დაგვიანების შემთხვევაში პირველი გამოსული დედა ფუტკარი გაანადგურებს სხვა სადედეებში მყოფ დედა ფუტკრებს.
ვიწუნებ ყველა მოხრილ და პატარა სადედეს. ზოგ ლიტერატურაში წერია ჩანამყენებიდან მეათე დღეს ამოღება, რასაც მე არ ვეთანხმები, ჩემს პრაქტიკაში არ მქონია შემთხვევა დედა გამომპარვოდეს სადედეებიდან, თუ დაიცავთ ზუსტად ჩანამყენებისა და ამოღების გრაფიკს.
მწიფე სადედეების გარკვეულ ნაწილს ურიგებ ნუკლეუსებს განაყოფიერებული დედების მისაღებად, ნაწილს ვალაგებ ჩემით დამზადებლ სპეციალურ გალიებში და ვათავსებ მათ ე. წ. ინკუბატორში, უდედო ფუტკრის ოჯახში გადაბეჭდილბარტყიან ჩარჩოებს შორის.
ჩანამყენებიდან მე-13 დღეს, საღამოს საათებში ვამოწმებ გალიებში გამოსული დედების ხარისხს. სადედებს, რომლებიდანაც დედებმა დააგვიანეს გამოსვლა (მხედველობაში მაქვს მე-14 დღე) ვაუქმებ, რადგან მათ დავიდარობის მეტი არაფერი არ მოაქვთ.
სანუკლეუსე სკებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სანუკლეუსე სკები და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა განაყოფერებული დედა ფუტკრების წარმოების ძირითადი კაპიტალია. მე აქ არ განვიხილავ თუ რა ტიპის ნუკლეუსები არსებობს, ამისათვის არსებობს სპეციალური ლიტერატურა, შევეხები მხოლოდ ჩემ სანუკლეუსე სკებს.
მაღალხარისხოვანი განაყოფიერებული დედების მისაღებად ვიყენებ დადანის სტანდარტულ ჩარჩოებზე დამზადებულ ნუკლეუსებს. ამისათვის სტანდარტული 12 ჩარჩოიანი ყუთი 4 მმ-იანი ფანერებით გატიხრული მაქვს 4 ნაწილად. თითო განყოფილებაში 2-3 დადანის სტანდარტულ ჩარჩო იდება და აქვთ თავისი საფრენი.
ასეთი ნუკლეუსები უფრო სტაბილურია, მთელი წლის განმავლობაში გვიან შემოდგომამდე მუშაობენ, მათი რემონტი უფრო მარტივია მხედველობაში მაქვს მათი გათანაბრება, არ ჭირდებათ სპეციალური ჩარჩოების დამზადება და ყუთებსაც ვიყენებ ნებისმიერი დანიშნულებისათვის.
მათ ჩვეულებრივად ედგმება მეორე კორპუსი და შემიძლია ოჯახი თაფლზე ვამუშაო.
ნუკლეუსების ჩამოყალიბების დროს, თითოეულ ნუკლეუსში ვდებ ერთ ბარტყიან და ერთ ჩარჩოს ჭეოთი და თაფლით.
დადებით თვისებებთან ერთად აქვს უარყოფითიც, ნუკლეუსის დასახლებისათვის საჭიროა დიდი რაოდენობის ფუტკარი და ჩარჩოები. მაგალითად, 200 ნულლეუსის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულ მცირე 400 დადანის ჩარჩო ეს კი 40-45 ძლიერი ოჯახის ტოლფასია.
განაყოფიერებული დედა ფუტკარი ამომყავს სადედის მიცემიდან 14-18 დღეში და ვათავსებ დედის გადასაგზავნ ხის გალიაში, რომელშიც წინასწარაა მოთავსებული მაგრად მოზელილი მკვრივი ყანდი. დედა ფუტკარს ვიჭერ ფრთებით ან მკერდზე ორი თითის მოკიდებით, იქვე უმატებ 5-6 მუშა ფუტკარს და გალიას ვხურავ. დედის გადასაგზავნ გალიებს მე თვითონ ვამზადებ და უკანა მხარეს დაკრული აქვს ეტიკეტკა, რომელზეც მითითებულია ჩემი მისამართი და საიტის დასახელება.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დედა ფუტკრის მუცელზე შეხება. გამყოლ ფუტკრებად გალიაში არ უნდა მოხვდნენ ახლად გამოჩეკილი ვერცხლის ფერი ახალგაზრდა ფუტკრები და არც დიდ მუცლიანი ძიძა ფუტკრები, ვინაიდან მათ ჯერ კუჭი არ აქვთ გაწმენდილი და მალე იღუპებიან. იმის გამო, რომ ვაკეთებ სადედეების გადარჩევას დედები გამოდიან დიდი ზომის და კვერცხის დებას იწყებენ სადედის მიცემიდან მე-10-11 დღეს.
ამიტომ მაისში, ივნისში და ივლისში დედები ამომყავს ყოველ 15 დღეში, ხოლო აგვისტო- სექტემბერში ყოველ 18-20 დღეში. დედების განაყოფიერებისთვის კარგი ამინდების არსებობის შემთხვევაში, იმ დედებს რომლებმაც არ დაიწყეს კვერცხის დება სადედის მიცემიდან მე-16 დღეს ვანადგურებთ და ვაძლევთ ახალ მწიფე სადედეს ან ახალგაზრდა გაუნაყოფიერებელ დედა ფუტკარს ინკუბატორიდან.
ნუკლეუსიდან განაყოფიერებული დედა ფუტკარის ამოყვანიდან რამოდენიმე საათში ან ამოყვანიდან მეორე დღეს ნუკლეუსებს ვაძლევთ მწიფე სადედეებს “დამცავი ზამბარას” საშუალებით. “დამცავი ზამბარას” გამოგონებული იყო შვენი თანამემამულე ბ-ნ ირაკლი რაზმაძის მიერ და პრიმიტიულად მზადდება 2 მმ-იანი ალუმინის ან სპილენძის მავთულისაგან.
სიცივის შემთხვევაში, საჭიროა “დამცავი ზამბარას” შეთბობა და სადედეების ჩალაგების შემდეგ სადედე რომ არ გაცივდეს მათი მოთავსება პენოპლასტისგან გაკეთებულ ყუთში, რომელშიც ჩადებულია თბილი წყლით სავსე პლასტმასის ბოთლები.
ბოთლებს ზემოდან დაფარებული აქვს გოფრირებული ქაღალდი და ორმაგი ნაჭერი. იმ ნუკლეუსებს, რომლებსაც აკლია ფუტკარი ან საკვები, ვეხმარებით მეზობელი ნუკლეუსებიდან ან სარეზერვო ოჯახებიდან. ყოველი მწიფე სადედის მიცემისას ნუკლეუს ვაძლევთ 200 გრ. ყანდს, რომელსაც დამატებული აქვს მწარე აბზინდას ნაყენი.
საშუალო ზომის საფუტკრეში (40-60 ფუტკრის ოჯახი), მეფუტკრეს ყოველთვის უნდა ქონდეს 4 სათადარიგო ახალგაზრდა განაყოფიერებული დედა, ამისათვის საჭიროა 1 სანუკლეუსე ყუთი, რომლის დამზადება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს შედეგი კი უზომოდ დიდი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს თქვენ საინტერესო და საჭირო საქმიანობაში.
ავტორი: ი. გიგაშვილი; bestbee.ge; სტილი დაცულია