წიწაკა მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს. ეს მცენარე წარმოშობით სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. XVI საუკუნის დასაწყისში იგი ესპანეთიდან გავრცელდა ევროპაში.
მისი ნაყოფი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს (C, P, B ჯგუფის ვიტამინებს, კაპსაცინს). მისი სასარგებლო და დიეტური თვისებების გამო, სათბურში წიწაკას აწარმოებს საკმაოდ ბევრი ქვეყანა.
ჩვენთან სათბურებში წიწაკის წარმოება არ არის გავრცელებული, მაგრამ თითქმის მთელი წლის მანძილზე (ივლის-ოქტომბრის გარდა), მასზე მაღალი მოთხოვნა და ფასი საკმოდ მიმზიდველს ხდის მის წარმოებას.
სათბურებისთვის არჩევენ სპეციალურ ჰიბრიდებს.
წიწაკა საკმაოდ მომთხოვნია ნიადაგისადმი. ამიტომ, ძირითადი დამუშავების წინ 1 ჰა-ზე შეაქვთ 100 ტ გადამწვარი ნაკელი (ან სხვა შესაბამისი სასუქი), 500-700 კგ ფოსფორი და 600-800 კგ კალიუმი. 250-350 კგ აზოტი გამოიყენება წარმოების პროცესში, დამატებითი გამოკვების სახით.
წიწაკის 50-60 დღიან ჩითილებს რგავენ ერთ მწკრივად 80-100 სმ-ის მწკრივი, მწკრივებს შორის 50-60 სმ-ის დაშორება, მწკრივში 25 – 35სმ (დამოკიდებულია ჯიშებზე) ან ორ მწკრივად 65X35-45 სმ სქემით, 2,5-3,5 მცენარე 1მ2-ზე.
წიწაკის მოვლა მოიცავს ჰაერის ტემპერატურის, ნიადაგის ტენიანობისა და კვების ოპტიმალური რეჟიმის დაცვას. დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 23-260C, მოღრუბლულში 20-220C, ღამით 17-190C.
წიწაკის წარმოებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებას. გრუნტის მაღალი ტენიანობა აუარესებს აერაციას, ამცირებს ფესვების მშთანთქმელობის უნარს, მცენარეები იღებენ მომწვანო-მოყვითალო ელფერს.
ნიადაგის დაბალი ტენიანობა არასასურველია, რადგან ამ დროს მცენარე ჩამორჩება ზრდაში, მუხლთაშორისები მოკლდება, წარმოიქმნება წვრილი, პატარა ნაყოფი.
მცენარეთა პირველ მორწყვას ახდენენ თბილი (25-260C) წყლით, გადარგვისას და შემდეგ 8-10 დღეში. მსხმოიარობის დაწყებიდან გრუნტის ტენიანობა უნდა იყოს 75%, ხოლო მასიური მსხმოიარობის დროს კი 80%.
მორწყვას ახდენენ მილებით, დაწვიმებით მცენარეთა ძირებში ან წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენებით.
მორწყვის შემდეგ სათბურს კარგად ანიავებენ. ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა უნდა იყოს 65-75%. მაღალი ტენიანობის დროს შეინიშნება სუსტი ყვავილობა და მსხმოიარობა, ხოლო დაბალი ტენიანობისას – ნაყოფი ხშირად ავადდება ჭრაქით.
გადარგვიდან 10-12 დღის შემდეგ, ღეროს 3-4 სმ-ზე შემოაყრიან ტენიან ნიადაგს, რათა გააძლიერონ დამატებითი ფესვების წარმოქმნა.
წარმოებისას აუცილებელია აზოტოვანი სასუქებით დამატებითი გამოკვების ჩატარება. გამოკვებას აწარმოებენ ყოველ ორ კვირაში, მორწყვასთან ერთად, აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
ძლიერ მზარდ მცენარეებს მოხრისა და ღეროების დამტვრევის თავიდან აცილების მიზნით ახვევენ შპალერზე, ისევე როგორც პომიდორს.
თავდაპირველად აბამენ ცენტრალურ ღეროს, შემდეგ გვერდით ტოტებს, ფორმირებისას ტოვებენ 3-4 ღეროს, შემდეგ მათგან არჩევენ 2 ყველაზე ძლიერს, რომლებსაც შემდეგში აიყვანენ შპალერზე. დანარჩენ ღეროებს იყენებენ მხოლოდ პირველი მსხმოიარობისთვის, მათზე ერთი-ორი ნაყოფის დატოვებით.
საადრეო ჰიბრიდების მწვანე ნაყოფის კრეფას იწყებენ გადარგვიდან 35-45 დღის შემდეგ. მათ ჭრიან ყოველ ორ დღეში, ძალიან ფრთხილად, რადგან მცენარის ღეროები საკმაოდ მყიფეა და ადვილად იმტვრევა.
მოსავლიანობა საშუალოდ შეადგენს 10-13 კგ/მ2-ზე.
ავტორი: ილია მჭედლიძე, სმმ დოქტორი /მებოსტნეობა/
იხილეთ აგრეთვე: წიწაკის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია