რჩევები პომიდვრის მოვლა-მოყვანის შესახებ – ბარაქა

პომიდორო, მოვლა, ბარაქა

მანამ, სანამ პომიდვრის მოვლისა და მოყვანის შესახებ დავიწყებთ უშუალო საუბარს, პირველ რიგში, გამოვყოთ და განვიხილოთ პომიდვრის ვეგეტატიური ზრდის ეტაპები, ესენია:

ინდეტერმინანტული – მაღალმოზარდი მცენარე, გამოიყენება სათბურებში, ნაყოფები თანდათან მწიფდებიან, რაც იძლევა მოსავლის ეტაპობრივად აღების საშუალებას.

დეტერმინანტული – დაბალმოზარდი მცენარე, იყენებენ ღია გრუნტზე მოსაყვანად, ნაყოფი მწიფდება ერთდროულად და მოსავლის აღებაც შესაბამისად ერთბაშად ხდება.

ზრდის ფაზები შეგვიძლია გავაერთიანოთ 6 ძირითად პერიოდში:

1. თესვიდან აღმოცენებამდე;
2. აღმოცენებიდან ჩითილის გადარგვამდე;
3. გადარგვიდან ბუტონების წარმოქმნამდე;
4. ბუტონების წარმოქმნიდან ყვავილობამდე;
5. ყვავილობიდან ნაყოფების ფორმირებამდე;
6. ნაყოფების ფორმირებიდან სიმწიფემდე.

*თავის მხრივ ამ პერიოდებში საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაც განსხვავებულია

თითოეული ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰიბრიდის ან ჯიშის მახასიათებლებზე და ასევე გარემო პირობებზე.

პომიდორო, მოვლა, ბარაქა

ნიადაგის შერჩევა

პომიდორი მოყავთ როგორც ღია, ასევე  დახურულ გრუნტზე. უმჯობესია მსუბუქი თიხნარი და თიხნარი ნიადაგები. ოპტიმალური pH 6.0-6.5. უფრო მაღალ ან დაბალ pH – ის შემთხვევაში, საკვები ელემენტების ათვისების კოეფიციენტი მცირდება.

ტემპერატურა

პომიდვრის ზრდისთვის საჭირო ტემპერატურა, აღმოცენებიდან სიმწიფემდე, არის 10 ℃ – 30 ℃.

ტემპერატურასთან ერთად მნიშვნელოვანია სინათლის ინტენსივობა, რაც განაპირობებს ფოტოსინთეზის მიმდინარეობასა და შაქრების დაგროვებას მცენარეში. კარგი განათების პირობებში მცენარე ენერგიულია და შესაბამისად, მსხმოიარობაც იმატებს.

ირიგაცია

პომიდორი სითბოს მოყვარული მცენარეა და გამძლეა მსუბუქი გვალვებისადმი თუმცა წყლით უზრუნველყოფა აუცილებელია. განსაკუთრებული მოთხოვნილება მცენარეს ყვავილობის წინ უჩნდება.

ღია გრუნტზე პომიდვრის მოთხოვნილება წყლის მიმართ მერყეობს 4000-6000 მ3/ჰა-ზე, სათბურში 10000 მ3/ჰა- მდე. ფესვთა სისტემის 70% ნიადაგის 20 სმ ფენამდეა განვითარებული. საწყავი სისტემებიდან საუკეთესოა წვეთოვანი ტიპის საწყავი სისტემის გამოყენება. დაწვიმებითი მორწყვის შემთხვევაში, საგრძნობლად იზრდება სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი. რწყვის რეჟიმი აგრეთვე დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზეც. იმ შემთხვევაში თუკი ნიადაგი ან წყალი არის დამლაშებული საჭიროა წყლის რაოდენობის გაზრდა 20%-30%-ით, ან სპეციალური პრეპარატების გამოყენება, რომელიც დამლაშებას ამცირებს.

მცენარეთა დაცვა

მავნებელ-დაავადებათა კომპლექსი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ფერმერისთვის, განურჩევლად სასოფლო-სამეურნეო კულტურისა. პომიდვრის შემთხვევაშიც ეს პრობლემა ხშირია და საჭიროა დროული და გონივრული ღონისძიებების ჩატარება. სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება კონტაქტური, კონტაქტურ-სისტემური და სისტემური პრეპარატები.

გამოკვება

მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მცენარის სწორი გამოკვება. ძირითადი N-აზოტი P-ფოსფორი K-კალიუმი მაკროელემნების გარდა, საჭიროა მეორადი მაკრო და მიკროელემენტები, როგორიცა Mg-მაგნიუმი, Ca-კალციუმი, Fe-რკინა და სხვა.  სასუქების და მათი დოზების შერჩევა ხდება ნიადაგის ანალიზის საფუძველზე. გამოკვება ხორციელდება ნიადაგიდან და ფოთლიდან ვეგეტაციის სხვადასხვა ეტაპზე.

კომპანია ბარაქა გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის სათესლე მასალას, ნიადაგში და ფოთლიდან შესატან სასუქებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, პროფესიონალი აგრონომების ჩართულობას მცენარის თესვიდან მოსავლის მიღებამდე და სხვა აუცილებელ მომსახურებას, რომელიც ფერმერს შესაძლებლობას მისცემს, რომ მიიღოს ჯანსაღი და ბარაქიანი მოსავალი.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“ ვებ გვერდი: WWW.BARAKA.GE

თქვენი რეკლამა