ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის აგროტექნოლოგია და ტექნოლოგიური რუკა

ყვავილოვანი, კომბოსტო, ბოსტნეული

ზოგადი ცნობები

ყვავილოვან კომბოსტოს, ისევე როგორც კომბოსტოს სხვა სახეობებს ერთი ველური წინაპარი ჰყავს, სამშობლო ხმელთაშუა ზღვის ევროპული და აფრიკული სანაპიროებია. კომბოსტოს ეს სახეობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხუთი-ექვსი საუკუნით ადრე იყო ცნობილი.

საქართველოში პირველი წერილობითი ცნობები კომბოსტოს შესახებ მე 8-მე 9 საუკუნეებს მიეკუთვნება (გიორგი მერჩულე). ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ კომბოსტო საქართველოში ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო კულტივირებული, ვიდრე გიორგი მერჩულეს თხუზულებაშია მოხსენებული, რადგან აქ დასახელებულია კომბოსტოს იშვიათი სახეობა კალნაბი, იგივე ყვავილოვანი კომბოსტო.

ბოლო პერიოდში ყვავილოვანი კომბოსტო საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, იგი მოყავთ მკვრივი თავის (თანაყვავილედის) გამო. თავი და ქორფა ფოთლები საკვებად მოიხმარება უმად, მოშუშული, შემწვარი, მოხარშული, ამზადებენ გარნირებს. მოიხმარება საკონსერვო წარმოებაში მარინადების და მწნილების დასამზადებლად. ეს კულტურა ძვირფასი დიეტური პროდუქტია, მისგან მზადდება მრავალი გემრიელი,  დიეტური კერძი, იგი განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის.

კომბოსტოს სხვა სახეობებისგან განსხვავებით ყვავილოვანი კომბოსტო უფრო სათუთია და მოვლისას მეტ ყურადღებას საჭიროებს, ყველა აგროტექნიკური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს დროულად და თანმიმდევრობით. თუ სიცოცხლის დასაწყისში სხვა სახეობების მსგავს მოთხოვნილებას იჩენს გარემო პირობების მიმართ და ჩითილის ფაზაში მცირე ყინვებსაც დაუზიანებლად იტანს, თავის ფორმირებისას, როგორც მცირე ყინვები, ისე მაღალი სიცხეები უარყოფითად მოქმედებს მოსავლის რაოდენობაზე, ხარისხზე და შენახვის უნარიანობაზე.

ყვავილოვანი კომბოსტოს ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება. Brassica cauliflora L.

ყვავილოვანი კომბოსტო შედის კომბოსტოსებრთა (Brassicaceae) ოჯახში, მისი თესლი წვრილია, მრგვალი, ფერი მუქი ან ოდნავ ღია ყავისფერი, 300–350 ცალი თესლი  1 გრამს იწონის, 1000 თესლის მასა 3-4 გრ-ია, ადვილად ღივდება. ხელსაყრელ პირობებში  ღივები დათესვიდან მესამე–მეოთხე დღეს ამოდის. შენახვის კარგ პირობებში აღმოცენების უნარს 4–6 წლის მანძილზე ინარჩუნებს.

ყვავილოვანი კომბოსტო მიეკუთვნება ორლებნიანთა კლასს, ფესვთა სისტემა მთავარღერძაა და ნიადაგში მძლავრად განვითარებული. ღერო მაღალი, ფოთოლი ჯიშების მიხედვით ზოგი გრძელ ყუნწიანი, ზოგიც მოკლე. ფოთოლი ძირითადად წაგრძელებული კვერცხის მაგვარი ძლიერ დაძარღულია. ფოთლის ფერი ჯიშების მიხედვით შეიძლება იყოს მუქი მწვანე, ან ღია მწვანე ნაცრისფერი ელფერით და იისფერი.

ყვავილოვანი კომბოსტო  სიცივის ამტან, ყინვაგამძლე მცენარედ ითვლება, განსაკუთრებით გამძლეა ის ყინვებისადმი ღივისა და ჩითილის სტადიაში.

ქიმიური შედგენილობა

კვებითი ღირებულებით  ყვავილოვან კომბოსტო გარდა ბროკოლისა მაღლა დგას ყველა კომბოსტოსნაირებზე, პროდუქტიულ ნაწილში- თავში აზოტოვანი ნივთიერებების თითქმის ნახევარი შედგება ადვილად მოსანელებელი ცილებისგან.

თავიან კომბოსტოსთან შედარებით ორჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს. მშრალი ნივთიერების შემცველობა 6-10 %-ია, მათ შორის 1-5 % შაქრებს, 1.5-4 % ცილას, 1,6 % კაროტინს, B1, B2, PP ვიტამინებს, მინერალურ მარილების მნიშვნელოვან რაოდენობას: ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს,იოდს, რკინას, ფოსფორს.

როგორც ავღნიშნეთ ყვავილოვანი კომბოსტო ძვირფასი დიეტური პროდუქტია. მასში უფრო ნაკლები ცელულოზაა, ვიდრე თეთრთავიან კომბოსტოში და ამოტომაც უფრო სასარგებლოა კუჭის დაავადებათა დროს. ეს კულტურა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ღვიძლის დაავადებები და ათეროსკლეროზი.

ნიადაგის შერჩევა

ყვავილოვანი კომბოსტო მოითხოვს ნაყოფიერ, უხვტენიან და კარგად დამუშავებულ ნიადაგს, მისთვის ასევე ვარგისია მძიმე, მსუბუქი და საშუალო თიხნარი ნიადაგები. თუმცა მისი მოყვანა ნებისმიერ ნიადაგზე შეიძლება, გამონაკლისია ქვიშიანი და ჭაობიანი ნიადაგები.

ყვავილოვანი კომბოსტოს მოვლ–მოყვანის ინტესიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის, წინამორბედების შერჩევას ერთ–ერთი მთავარი ადგილი უკავია, ამიტომ დარგვამდე ყურადღება უნდა მიექცეს  წინამორბედ კულტურებს. მისთვის კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, თავთავიანები, მრავალწლიანი ბალახები და სხვა. კომბოსტოსნაირების  შემდგომ იმავე ნაკვეთზე ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა დაუშვებელია, რადგან ადგილი აქვს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას  და მავნებელ–დაავადებების გავრცელებას, ისინი ხომ ერთნაირი მავნებელ-დავადებებით ზიანდებიან.  რეკომენდებულია აღნიშნული სახეობა თავის ნაკვეთს 4–5 წლის შემდეგ დაუბრუნდეს.

ყვავილოვანი კომბოსტო  სინათლის და ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ნაკვეთის შერჩევის დროს ეს ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული.

ნიადაგის არის რეაქცია უნდა იყოს ნეიტრალური (pH 6-7).

ნიადაგის დამუშავება

ყვავილოვანი კომბოსტოსთვის ნიადაგის დამუშავება ხდება ნიადაგურ–კლიმატური ზონების მიხედვით. გაზაფხულზ დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში,  აუცილებლად უნდა მოიხნას შემოდგომით ღრმად 25–30 სმ. სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია გვიან შემოდგომით, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე.

ანალიზის არ ქონის შემთხვევაში ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ  უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქი 50–60 ტ/ჰა–ზე, ხოლო, თუ ნაკელი არ გვაქს მაშინ მინერალური სასუქები N150 P120K90 კგ. ამ დოზით მოქმედი ნივთიერება. ფოსფორიანი და კალიმიანი სასუქი შეგვაქს ძირითადი ხვნის წინ, ხოლო გამოკვებაში აზოტიანი. აზოტიანი სასუქის ნახევარი შეგვაქს დარგვის წინ კულტივაციის ჩატარებამდე, ხოლო დარჩენილი დოზა თავის ფორმირების დაწყების წინ.

ყვავილოვანი, კომბოსტო, ბოსტნეული

ჩითილის გამოყვანა და გადარგვა

ყვავილოვანი კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოყავთ, თუმცა მისი მოყვანა შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის თესვით. საქართველოში ყვავილოვანი კომბოსტო  მოსავალი შეიძლება მოვიყვანოთ 2–ჯერ. პირველი მოსავლის მიღების მიზნით დაცულ გრუნტში  თესლი უნდა იქნას დათესილი   კასეტებში იანვრის ბოლო თებერვლის დასაწყისში. მარტის ბოლოს 35–40 დღიანი ჩითილი უნდა იქნას გადარგული  ღია გრუნტში მუდმივ ადგილზე მწკრივად, მწკრივთა შორის მანძილი 60–70 სმ. მცენარეთა შორის 25-30 სმ., ირგვება ზოლებრივადაც, ოთხმწკრივიანი, ან ექვსმწკრივიანი ზოლი.

მეორე მოსავლის მიღების მიზნით მაისის ბოლოს თესლი  უნდა იქნას დათესილი ღია საჩითილე კვალში და ივლისის შუა რიცხვებში გადატანილი იქნას მუდმივ ადგილზე. ღია საჩითილე კვალი დარგვის წინ აუცილებლად ჭარბად უნდა იქნას მოირწყული, რათა ამოღებისას ფესვები ნაკლებად დაზიანდეს. ჩითილის დარგვა ხდება ხელით და სარგავი მანქანით. მცენარეები ირგვება პირველ ფოთლამდე და აუცილებლად უნდა მოირწყოს.

ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავის ფორმირება უნდა მოხდეს სიგრილეში.  ყვავილოვან კომბოსტოს  მოყვანა სხვა კომბოსტოსნაირ სახეობებთან შედარებით რთულია.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრის შულავერის ენერგეტიკულ სათბურში 2017 წელს  დავაყენეთ მოსასინჯი ცდა ყვავილოვანი კომბისტოს თესვის ვადების შესწავლა საადრეო მოსავლის მიღების მიზნით მზის თბიერების მარტივი ტიპის ენერგეტიკულ სათბურში. ამ მიზნით 14 თებერვალს  საჩითილეში ( აგურის ენერგეტიკული სათბური) დაითესილი იქნა თესლი. 30- მარტს ჩითილი გადარგული იქნა, როგორც გვირაბისებურ პოლიეთილენის ენერგეტიკულ სათბურში ასევე ღია გრუნტში. პირველი მოსავალი დახურულ ( მარტივი ტიპის ენერგეტიკული სათბური) გრუნტში აღებული იქნა 18- მაისის, ხოლო ღია გრუნტში 8-ივნისს. მიღებული იქნა საუკეთესო მოსავალი, როგორც ღია გრუნტში, ასევე დახურულში. ღია გრუნტში ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავალი  აღებული იქნა 32 ტ/ჰა-ზე, დახურულში კი 40 ტ/ჰა-ზე.

2018 წელს გაგრძელდა იგივე ცდა, ამ მიზნით სექტემბერ, ოქტომბერ და ნოემბრის თვეში, ექვს ვადაში შულავერის აგურის ენერგეტიკულ სათბურში დათესილი ჩითილები შესაბამისად გადარგული იქნა სხვადასხვა დროს  (30-35 დღის ჩითილები) მარტივი ტიპის ენერგეტიკულ სათბურში. პირველ ვადაში ნათესიდან  შერჩევით პირველი მოსავალი აღებული იქნა 7 მარტს, მეორე ვადაში ნათესიდან 14 მარტს, ეს ის პერიოდია როცა ასეთი ტიპის სათბური არ არის დაკავებული სხვა კულტურებით. მოსავლის აღება გრძელდებოდა აპრილის პირველ ნახევრამდე. მიღებული იქნა საუკეთესო ხარისხის, მაღალი მოსავალი ( თავის საშუალო მასა 1325 გრ).

მოვლა

ყვავილოვანი კომბოსტოს  მოვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ტენის მოყვარული მცენარეა, განსაკუთრებით მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს ჩითილის და თავის ფორმირების პერიოდში. ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი და ყოველთვის ფხვიერი, ამიტომ მწკრივთაშორის და მცენარეთაშორის  ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს  ხელით 2–ჯერ მაინც, ჩატარდეს კულტივაცია 2–ჯერ.

ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავლის ხარისხზე ტენის ნაკლებობა ძალიან ცუდად მოქმედებს, მისი პროდუქტიული ნაწილი უდროოდ იწყებს განვითარებას და თავები გამოდის მეტად მცირე ზომის და უხარისხო (გაუხეშებული), მაგრამ არც ზედმეტი ტენიანობაა მისთვის სასარგებლო. ამ შემთხვევაში მცენარეების უმრავლესობა თავს საერთოდ არ გაიკეთებს, ან თუ გაიკეთა იქნება უხარისხო.

გამოკვება – თავის ფორმირების დაწყების წინ შეგვაქს აზოტიანი სასუქის დარჩენილი დოზა და აგრეთვე შეიძლება გამოვიყენოთ წუნწუხი (1:20) ხარჯი 5 ლიტრი კვადრატულ მეტრზე. სხვა სახეობის კომბოსტოსგან განსხვავებით ყვავილოვანი კომბოსტოს თეთრი და ნაზი თავების მისაღებად გამოიყენება ე.წ. „თავების გათეთრების“ ხერხი, რაც გულისხმობს მზის პიდაპირი სხივებისგან თავების  დაცვას. ამ მიზნით რამდენიმე შიგნითა ფოთოლი იწევა თავების ზემოთ და იკვრება შესახვევი მასალით, ან ფოთლების ჩატეხვით ხდება თავების დაფარვა. ასევე გამოყენება სელექციური ჯიშები, რომელთა თავებს ბუნებრივად აქვს ფოთოლი გადაფარებული.

მოვლაში იგულისხმება დაცვა მავნებელ–დაავადებებისგან. ყვავილოვან კომბოსტოს ძირითადად უჩნდება ჯვაროსანთა ოჯახისათვის დამახასიათებელი მავნებლები: რწყილები, ბუგრები, ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა, ჩრჩილი, ფრთათეთრა  მათ საწინაამღდეგოდ გამოიყენება ინსექტიციდები მაგ. აქტელიკი  ხარჯვის ნორმა 0,5 ლ/ჰა., ვერტიმეკი ნაწლავური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდი ხარჯვის ნორმა 0,8–1,2 ლ/ჰა (ან სხვა შესაბამისი).

დაავადებები: ჩითილის პერიოდში პითიუმი, ფუზარიოზი.

ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის თავისებურებიდან გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ხერხი ე.წ ზრდის დასრულება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში წარმატებით შეიძლება  გამოყენებული იქნას ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის ტექნოლოგიაში: ზამთრის პირას მოსავლის აღებისას თუ მცენარეებმა სათანადოდ ვერ განივითარეს თავები და მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, ყინვების დადგომამდე მცენარეებს ამოთხრიან, მიაწყობენ  ნაგებობაში (კვალსათბური, სარდაფი, ბოსტნეულის სანახი და სხვა) და ფესვებს მიაყრიან მიწას.

ზრდის დასასრულებლად არჩევენ კარგად შეფოთლილი მცენარეებს (20-25 ფოთოლი), რომლებსაც განვითარებული აქვს 5 სმ. დიამეტრის 100 გრამიანი. 20-25 გრამიანი თავის მქონე მცენარეები ზრდის დასრულებისას იძლევიან დაბალი ხარისხის პროდუქციას. ზრდის დასრულების პროცესში  თავი მატულობს 3-4 ჯერ, რაც ხდება ფოთლებში დაგროვილი ასიმილატების პროდუქტიულ ნაწილში გადადინების ხარჯზე.

ყვავილოვანი კომბოსტოს ზრდის დასასრულებლად საუკეთესოა დაბალი დადებითი ტემპერატურა 0-დან +2 გრადუს ცელსიუსამდე და ფარდობითი ტენიანობა 85-90 %-ის ფარგლებში.

მოსავლის აღება

ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავლის აღება ხდება შერჩევით 4-5 დღეში ერთხელ, სანამ თავი დაიფანტება, აღებული მოსავალი უნდა ინახებოდეს 0 გრადუს ტემპერატურის  და  98–100 % ჰერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში, ამ პირობებში მისი შენახვა შეგვიძლია 2–3 კვირის განმავლობაში. მაცივრის გარეშე მოსავლის აღებიდან მალე უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია, რათა არ მოხდეს თავის დაფანტვა, რაც იწვევს მისი სასაქონლო ღირებულების დაკარგვას.

ყვავილოვანი კომბოსტოს ტექნოლოგიური რუკა ერთ ჰექტარზე წარმოებისთვის,
კვების არე 70X30 სმ.ყვავილოვანი, კომბოსტო, ბოსტნეული

* შენიშვნა: საშუალო მოსავალი განისაზღვრება 20 ტონით ჰექტარზე;
ერთი კგ.ყვავილოვანი კომბოსტოს საშუალო ღირებულება 1.2 ლარი;
დანახარჯი განისაზღვრება 7390 ლარით;
მთლიანი შემოსავალი შეადგენს 2400 ლარს;
აქედან გამომდინარე მოგება შეადგენს 16610 ლარს.

** წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენებით ხარჯი გაიზრდება 3500 ლარით.

*** ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილში თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასები შეიტანეთ.

ავტორები:

ელენე მოთიაშვილი-სიჭინავა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

გ. ბადრიშვილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სამსახურის უფროსი.

თქვენი რეკლამა