ვაშლის ჯიში გალა

ვაშლის, ჯიში, გალა

ვაშლის ჯიში გალა (Gala)

წარმოშობა: გამოყვანილია ახალ ზელანდიაში 1930-იან წლებში, სელექციონერ ჯეიმს ჰატონ კიდის მიერ ჯიშების გოლდენ დელიშესი და კიდს ორანჟ რედის (Golden Delicious X Kidd’s Orange Red) ჰიბრიდიზაციით.

გალა, მრავალი ქვეყნის ვაშლის წარმოების ლიდერია და აქტიურად გამოყენებულია ვაშლის სასელექციო პროგრამებში როგორც მშობელი ფორმა (მიღებულია ჯიშები – Jazz, Kanzi, Envy, Pacific rose, Sweetie და სხვ.)

კლონები – გალას 20-მდე ჰიბრიდული ფორმაა ცნობილი. მათ შორის ყველაზე პოპულარულია როიალ გალა, მუნდიალ გალა, ულტრა რედ გალა, გალაქსი, გალა მასტი, გალა შნიგა, გალა შნიგა შნიკო, დევილ გალა და სხვ. ახალი კლონების გამორჩევა ძირითადად ხდება ნაყოფის ინტენსიური შეფერვის, სიდიდის მსხმოიარობის ტიპისა და ზომის მიხედვით.

გავრცელება: საქართველოში ჯიში შემოტანილია გასული საუკუნის ბოლოს. ზოგიერთი ახალი კლონი (გალა გალაქსი, გალა შნიგა) საქართველოში ინტროდუცირებულია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.

მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდისაა, ხასიათდება განიერი პირამიდული ფორმის მეჩხერი ვარჯით. ღეროდან ჩონჩხის ტოტების გამოსვლის კუთხე მახვილია – 450-750, ზემოთ მიმართული.

ყლორტების სიგრძე – საშუალო, ან გრძელი, სისქე – საშუალო, მოწითალო-მოყავისფრო ფერის. ყლორტებზე კარგად შეიმჩნევა საშუალო, ან დიდი ზომის, ყვითელი ფერის წინწკლები. კვირტები პატარა, მოყავისფრო, სუსტად დაშვებული, ღეროზე მიკრული. ჯიში ხასიათდება უხვი შეფოთვლით.

ფოთოლი მოგრძო-კვერცხისებური, ან მოგრძო-ოვალური ფორმის, მკვეთრი წვერით. მწვანე, ოდნავ პრიალა, ფირფიტის კიდე – მრგვალკბილა. ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მიმზიდველია ვიზუალურად, ერთგვაროვანი. სიდიდით საშუალო ან საშუალოზე დიდი (165 – 190გ), ზომა – (H66 X D77მმ). ფორმა – მრგვალი, ან მომრგვალო კონუსური.

ნაყოფის კანი ნაზი, გლუვი, ბრწყინავი, მშრალი. საკრეფ სიმწიფეში ფერი – მომწვანო მოყვითელი და მოხმარებით სიმწიფის ფაზაში – მკვეთრი ყვითელი. ნაყოფის ძირითად ნაწილი (75 – 80 %) ალისფერ-წითელი შეფერვისაა, ოდნავ შესამჩნევი თეთრი წერტილებით. რბილობი ღია ყვითელი, მკვრივი, ხრაშუნა, წვნიანი, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის. მომჟავო-მოტკბო გემოსი, საშუალო არომატით. სადეგუსტაციო შეფასების ბალი – 5,0 (5-ბალიანი სისტემით).

ვაშლის, ჯიში, გალა

მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 12.8-15.2% (Brix); შაქარი – 8.8-10.8გ/100გ; ტიტრული მჟავიანობა – 0.52-0.64 %.

ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები

ზრდა და მსხმოიარობა. ჯიში მიეკუთვნება ვაშლის მსხმოიარობის III ტიპს, ახასიათებს საშუალოდ რეგულარული მსხმოიარობა. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-2-3 წელს (საძირე M9). ძირითადად მსხმოიარობს სანაყოფე ჩანთებზე და ერთწლიან ტოტებზე. ნაყოფები მჭიდროდ მიმაგრებულია ტოტებზე და სიმწიფის პერიოდში ნაკლებად ახასიათებთ ცვენა, უხვი მსხმოიარობის დროს ნაყოფის აქვს მიდრეკილება დაწვრილებისკენ, ამიტომ ნაყოფების გამონასკვის პერიოდში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დანორმება. მოსავლიანობა საშულოზე მაღალია. სრულმსხმოიარე ხის საშუალო მოსავალი – 18.3 – 21.3კგ (1ჰა-ზე 3000 ხეზე გადაანგარიშებით 59 – 63 ტონა).

დამტვერვა. დიპლოიდია. ყვავილობს აპრილის მესამე დეკადაში (ხანგრძლივობა 10-12 დღე, ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშია. მისი ოპტიმალურ დამამტვერიანებელ ჯიშებია გოლდენ დელიშესი, აიდარედი, ბრაბერნი, გრანი სმიტი.

გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ. სოკოვანი დაავადებების მიმართ ნაკლებად რეზისტენტულია. ჯიში მეტად მიმღებიანია ქეცის მიმართ და საშუალოდ მიმღებიანია ნაცრის მიმართ. სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. მწიფდება აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ ნახევარში. ახასიათებს არათანაბარი სიმწიფე. სასურველია დაიკრიფოს ორ ვადაში. მოიხმარება მოკრეფისთანავე. სარდაფის პირობებში ინახება 2-3 თვე. სამაცივრე პირობებში (0-10C) კი 6 თვე.

საშემოდგომო-საზამთრო მოხმარების პერიოდის, ტრანსპორტაბელობის უნარის მქონე, საუკეთესო ხარისხის ჯიშია. გამოიყენება როგორც ნედლად, ასევე გადასამუშავებლად – წვენის, ჩირის, ჩიფსების და ჯემების დასამზადებლად.

ვაშლის, ჯიში, გალა

ჯიშის დადებითი თვისებები. ერთ-ერთი საუკეთესო საგემოვნო თვისებების მაღალმოთხოვნადი ჯიშია. ფართოდ გამოიყენება სელექციაში.

ჯიშის უარყოფითი თვისებები. მგრძნობიარეა ვაშლის ქეცის მიმართ. აქვს მიდრეკილება ნაყოფის დაწვრილებისკენ. ახასიათებს ნაყოფების დასკდომა ყუნწის მიმაგრების ადგილზე.

ზოგადი შეფასება. რეკომენდებულია სამრეწველო ბაღების გასაშენებლად აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.

ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

თქვენი რეკლამა