აილანთუსი, ჩინური ხემყრალა

Ailanthus – აილანთუსი, ოჯახი Simarubiaceae – ხემყრალასებრნი.

გვარში 15 სახეობაა, რომლებიც გავრცელებულნი არიან სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში. დიდი ზომის, სწრაფმოზარდი, ფოთოლმცვენი ხეებია. ფოთლები დიდია, მორიგეობით განლაგებული, კენტფრთართული, გაშლისას უსიამოვნო სუნის.

აილანთუსი (Ailanthus altissima), ჩინური ხემყრალა

ბოტანიკური აღწერა

გავრცელებულია ჩინეთსა და იაპონიაში. აქვს 30 მ-მდე სიმაღლე, კენტფრთართული, 45-60 სმ-მდე სიგრძის და 2-4 სმ სიგანის ფოთლები, 8-10-წყვილძარღვიანი და კიდეებზე წამწამებიანი ფოთოლაკები. ყვავილები ორსქესიანია. ჯამი 5-ფოთოლაკიანია, გვირგვინი კი 5-6-ფურცლიანი. ფრთიანა წაგრძელებულია, ბრტყელი, 3-4 სმ სიგრძის და 1 სმ სიგანის, ჩალისფერ-ყვითელი.

სარეველა მცენარის სახელითაა ცნობილი, რადგან სწრაფად მრავლდება თესლითა და ფესვის ნაბარტყით და იკავებს ახალ-ახალ ადგილებს, იჭრება ადგილობრივ ფიტოცენოზებში და კონკურენციას უწევს როგორც ბალახოვან, ისე მერქნიან მცენარეებს.

აილანთუსი

მცირე აგროტექნიკა

ახასიათებს სწრაფი ზრდა. 5 წლის ნარგავი სიმაღლეში 5 მ-ს აღწევს. სინათლისმოყვარულია. ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არაა. იზრდება მშრალ ქვიან, ღორღიან და ქვიშიან სუბსტრატებზე, მაგრამ უკეთ ვითარდება ნოტიო თიხნარებზე, თუმცა საკმაოდ გვალვაამტანია. ყინვაგამძლეობა საშუალო აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.

მოზრდილი მცენარეები გაცილებით მდგრადები არიან და დაზიანების გარეშე იტანენ -20-230C ტემპერატურას. უფრო დაბალზე კი ვარჯი იყინება, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში სწრაფად ხდება მისი აღდგენა ახალი ყლორტების განვითარების ხარჯზე. ტენიანობის მიმართ ინდიფერენტულია, თუმცა არიდულ პირობებში უფრო ნელა იზრდება და მალე იწყებს წვერხმელობას.

აილანთუსი

გამწვანებაში გამოყენება

ბევრ ქვეყანაში პოპულარული დეკორატიული მცენარეა სწრაფად ზრდის, მავნებელ-დაავადებების მიმართ მდგრადობისა და უჩვეულო ფოთლების გამო. იყენებენ დიდი დახრილობის ფერდობების გასატყიანებლად, ნიდაგდამცავი და წყალშემნახავი ნარგავების შესაქმნელად. დეკორატიული მოზაიკური ფოთლებითა და მოვარდისფრო-წითელი ნაყოფებით ნარგაობას „ტროპიკულ“ იერს აძლევს. კარგია ხეივნების შესაქმნელადაც.

ბაღის დიზაინერი

შექმნაზე მუშაობდნენ:

ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

თქვენი რეკლამა