კულტურის ზოგადი დახასიათება
ფეიჰოა (Feijoa sellowiana) საუკეთესო ხარისხის, გემრიელსა და არომატულ ნაყოფს იძლევა, რომელიც გამოიყენება როგორც ნედლი ასევე დაკონსერვებული სახით, მისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის მურაბას, ჯემს, ჟელეს, მარმელადს, უალკოჰოლო სასმელებს და ლიქიორებს.
ფეიჰოას ნაყოფი შეიცავს ორგანიზმისათვის ადვილად შესათვისებელ იოდს, რაც მას განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ფეიჰოას მწიფე ნაყოფი შეიცავს: მშრალ ნივთიერებას 30.7-40.3%, შაქრებს 8.2- 12.5%, სიმჟავეს 2.3-3.1%.
ფეიჰოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა (ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, არგენტინა), სადაც ის ტროპიკულ ტყეებში მარადმწვანე ბუჩქებად იზრდება. საქართველოში ის 1900 წელს შემოიტანეს და დარგეს სოხუმის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში.
ფეიჰოა საკმაოდ ყინვაგამძლე და გვალვაგამძლე მცენარეა. მისი ღერო-ტოტები -13-14°C-ზე ზიანდება, ხოლო -16-18°C-ზე ფესვის ყელამდე იყინება. ფეიჰოას კულტურისათვის მოსული წლიური ნალექების რაოდენობა 500-600მმ სავსებით საკმარისია. ვერ იტანს ზაფხულის გახანგძლივებულ ნალექებსა და მაღალ შეფარდებით ტენიანობას, განსაკუთრებით ყვავილობის პროცესში(ივნისი-ივლისი). ასეთ შემთხვევაში აქტიურად ვითარდება ყვავილებისა და ნასკვების ნაცრისფერი სიდამპლე, რის გამოც ადგილი აქვს ნასკვების მასიურ ცვენას.
საქართველოში ფეიჰოასათვის საუკეთესო აგროკლიმატურ ზონად აფხაზეთი, სამეგრელო და კოლხეთის დაბლობის (აბაშა, სენაკი, ლანჩხუთი, ფოთი, ხობი) რეგიონები მოიაზრება. რაც შეეხება აჭარა-გურიის რეგიონებს აქ ფეიჰოას ზრდისთვის ყველაზე კარგი პირობებია, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო, ზოგიერთ წლებში მსხმოიარობა დაბალია, თუ დროზე არ ჩატარდა ყვავილების ლპობის საწინააღმდეგო ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები.
ფეიჰოას ჯიშობრივი შემადგენლობა
ფეიჰოა, როგორც ყველა სხვა ხეხილი, თესლით გამრავლების დროს ნიშანთვისებათა ძლიერ დათიშვას იძლევა. ფორმათა დიდ სიჭრელეს ვამჩნევთ იმ ნარგაობაშიც, რომელიც საქართველოში მოიპოვება.
ამჟამად კულტურაში გვხვდება ფეიჰოას შემდეგი ფრანგული ჯიშები: ანდრე, ბესონი, პერე.
ჯიში “ანდრე“- ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ნაყოფი მოგრძო, ან ოვალური ფორმისაა, ნაყოფის ფუძე მომრგვალებულია, წვერი კი მრგვალია, კანი მოუხეშო, ღია მწვანე, მოთეთრო ელფერით. ნაყოფი მწიფდება ნოემბერ- დეკემბერში. თვითგამანაყოფიერებელი ფერტილური ჯიშია, ხასიათდება უხვი მსხმოიარობით.
კალიფორნიული ჯიშებიდან ჩვენში გავრცელდა: ჩოისეანა, სუპერმა და კულიჯი. ეს ჯიშები სელექციურია.
ჩოისეანას-ნაყოფი დიდი ზომისაა, სიმეტრიული, ოვალური, საუცხოო გემოს მქონე ადრეული ჯიშია. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. ჯიში მოითხოვს დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვას.
სუპერმას- ხე 3.5 მ. სიმაღლისაა, მსხმოიარობაში შედის მე-4 წლიდან. ნაყოფი წააგავს ჩოისეანას ნაყოფს, ისიც დიდი ზომისაა, არომატული და ძლიერ გემრიელი, მწიფდება უფრო გვიან ვიდრე ჩოისეანა.
კულიჯი- თვითფერტილური ჯიშია და არ საჭიროებს დამამტვერიანებელს. ნაყოფი გრძელია, სწორი, გლუვი, ოვალური. ზემოთ აღწერილ ჯიშებზე უფრო პატარაა.
ფეიჰოას ჯიშობრივი შემადგენლობის აუცილებრივ ცოდნას ფერმერებისათვის აქვს შემდეგი დატვირთვა:
1. მათ საკარმიდამო ნაკვეთებზე გააშენონ მხოლოდ მაღალმოსავლიანი, უხვადმსხმოიარე მცენარეები;
2. ნაყოფის სიმწიფის პერიოდების მიხედვით გასაშენებლად შეარჩიონ როგორც საადრეო, ისე საგვიანო ჯიშები;
3. მცენარეთა დამტვერიანების თავისებურებებიდან გამომდინარე სწორად შეარჩიონ თვითდამამტვერიანებელი ჯიშები, ხოლო ჯვარედინდამამტვერიანებელი ჯიშების შემთხვევაში გაითვალისწინონ ნარგაობაში დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვა.
ფეიჰოას გამრავლება
არსებობს ფეიჰოას გამრავლების ორი წესი: გენერაციული (თესლით) და ვეგეტატიური (კალმებით, გადაწვენით). გამრავლების ყველაზე ადვილ წესად მიჩნეულია თესლით გამრავლება.
თესლით გამრავლებისას წინასწარ ორი-სამი წლით ადრე შეირჩევა მაღალმოსავლიანი, კარგი კომერციული ნიშანთვისებების მქონე სადედე ხეები, რომლებიც თვითდამტვერვით მსხმოიარობენ. ამასთან კარგი იქნება თუ გვეცოდინება სადედე მცენარის ჯიშური წარმომავლობა.
სადედე ხეებიდან ნაყოფებს იღებენ სრული სიმწიფის სტადიაში. უმჯობესია თავისთავად ჩამოცვენილი მსხვილი ნაყოფები. შეგროვლ ნაყოფებს ათავსებენ სარდაფში 10-15 დღით, თესლის კარგად მომწიფების მიზნით.
თესლის დასამზადებლად ნაყოფი იჭრება სიგრძეზე, რბილობიდან ფრთხილად იღებენ თესლის მასას და ათავსებენ მინის ქილაში. ასხამენ სუფთა წყალს და ტოვებენ 5-7 დღის განმავლობაში დუღილის დაწყებამდე. ადუღებულ მასას ურევენ მინის წკირს სანამ თესლი არ გამონთავისუფლდება რბილობის ძირითადი მასისაგან. მიღებული მასა ირეცხება 1,2,3 მმ. დიამეტრის ნაჩვრეტებიან საცერზე. გარეცხილი თესლი წვრილი და მსუბუქია 1 000 ცალი თესლი იწონის 1,6 გრამს.
ფეიჰოას თესლნერგების გამოყვანა
თესლნერგები გამოყავთ ორანჟერიაში ან კვალსათბურში. ორანჟერიაში თესლი ითესება ხის ყუთებში (70x70x15სმ), ყუთების ფსკერზე იყრება ქვიშა დრენაჟისთვის 2-3სმ. სისქით, შემდეგ კი ყუთები ივსება ნიადაგის ხელოვნური ნარევით. სუბსტრატად იყენებენ წითელმიწა ან ალუვიური ტიპის ნიადაგს, გადამწვარ ნაკელს და მდინარის სილას 2:1:1-ზე შეფარდებით. დასათესად გამზადებულ ყუთებში ყოველი 4-5 სმ-ის დაცილებით გაყავთ 2-3 მმ. სიღრმის კვლები. კვლებში ყოველ 1სმ-ზე ითესება თესლი. ზემოდან ეყრება 2-3მმ-სისქით გაცრილი მიწა, ფრთხილად იტკეპნება და ირწყვება პულვერიზატორით. ორანჟერიებში თესლის თესვის ვადაა 15 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე, კვალსათბურებში 15 მარტიდან 5 აპრილამდე.
თესლის კარგად აღმოცენების მისაღებად ორანჟერიაში და კვალსათბურებში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 22-25°C, აღმოცენების პერიოდი გრძელდება 20-25დღეს, აღმოცენების უნარი 50-60% შეადგენს.
აპრილის ბოლოს, როდესაც ნათესი განივითარებს 5-7 ფოთოლს ( 7-8 სმ. სიმაღლის ღეროს) იწყებენ მის გადარგვას ღია გრუნტში წინასწარ გამზადებულ კვლებზე, ან სპეციალური საკვები სუბსტრატით შევსებულ 20×15 სმ-ის ზომის პოლიეთილენის პარკებში.
საერთაშორისო სტანდარტებით სადღეისოდ მიღებულია ნერგების გამოზრდა პოლიეთილენის პარკებში, ამ მიზნით პარკებში იყრება, ალუვიური ან ფხვიერი წითელმიწა ყამრი ნიადაგისა და ტორფის ნარევი. ყოველ 1კგ. ნიადაგის ნარევს (ერთ პარკს) ემატება 1,5 გრ. სუპერფოსფატი. შევსილი პარკები მჭიდროდ ეწყობა 150 სმ-ის სიგანისკვლებზე, კარგად ირწყვება. გადარგვის დროს ფეიჰოას ნათესარის ფესვი 1/3-ით იკვეცება და პარკში ფრთხილად ირგვება 10-12 სმ-ის სიღრმეზე. გადარგვის შემდეგ ტარდება მორწყვა.
ზრდის დაწყებამდე მიზანშეწონილია ნერგების დაჩრდილვა მზის აწვისაგან დასაცავად. გახაფხულ-ზაფხულის პერიოდში თესლნერგები 3-4 ჯერ ირწყვება ამონიუმის გვარჯილის 0.3-0.5%-იანი ხსნარით. აზოტიანი წყალხსნარით მორწყვის შემდეგ ხდება მცენარეების სუფთა წყლით ხანმოკლე მორწყვა. პოლიეთილენის პარკებში გამოყვანილი ფეიჰოას ნერგი იმავე წლის შემოდგომაზე აღწევს 30-40 სმ. სიმაღლეს, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობით და მუდმივ ადგილზე გადარგვისას 100%- იანი გახარებით.
ვეგეტატიური გამრავლება
ფეიჰოას მაღალმოსავლიანი ერთგვაროვანი პლანტაციების მისაღებად მიმართავენ ვეგეტატიურ გამრავლებას მწვანე კალმების დაფესვიანებით. კალმებს იღებენ მხოლოდ ახალგაზრდა, წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან, რომლებიც ხასიათდებიან რეგულარული მსხმოიარობით და მაღალხარისხოვანი მოსავლით.
კალმების აჭრის ოპტიმალური ვადა 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდეა. კალმებს ჭრიან 8-10 სმ. სიგრძის 5-6მმ. სიმსხოს 2 ზედა ფოთლით. დაკალმება წარმოებს ორანჟერიებში ან კვალსათბურებში. სუბსტრატად ვარგისია წითელმიწა ნიადაგისა და ფრეზირებული ტორფის ნარევი 3:1 თან შეფარდებით. კვალსათბურებზე და სტელაჟებზე ეწყობა კარკასები კალმების გადასახურავად.
გადასახურად უმჯობესია რძისებრი პოლიეთილენის ფირი. დაკალმება ხდება რიგთაშორის 10სმ. ხოლო რიგში კალმებს შორის 4-5სმ. დაშორებით, 3-4სმ. სიღრმეზე. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში პოლიეთილენის ფირს ზემოდან ეფარება დოლბანდი, ან სხვა თეთრი ფერის მაჩრდილობელი ქსოვილი. კალმების მაღალი დაფესვიანების მიზნით ხშირად გამოიყენება ზრდის-სტიმულიატორების დაბალკონცენტრიანი ხსნარები, რომელშიდაც დაკალმებამდე კონებად შეკრული დაჭრილი კალმები თავსდება ქვედა ფუძით 24 საათის განმავლობაში.
დაფესვიანების ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს : გრუნტში 20-22°C, კარკასის შიგნით ჰაერში 23-24°C. მორწყვა ტარდება პულივიზატორით, ფოთლების შენამვამდე. დაუშვებელია კალმების ჭარბი მორწყვა, ასევე დაუშვებელია ნიადაგის სუბსტრატის გამოშრობა. ფეიჰოა ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა იდეალური პირობებისა და სტიმულიატორების გამოყენების ფონზე გახარება- დაფესვიანება 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს.
თუ კი საამისო პირობები არსებობს ფეიჰოას კალმების დაფესვიანება შესაძლებელია მოხდეს არა მხოლოდ უშუალოდ გრუნტში, არამედ წინასწარ სუბსტრატით შემზადებულ პოლიეთილენის პარკებში, რომელშიდაც მოვლისა და ნერგების გაზრდის პროცედურები გაიოლებულია. მეორე წლის შემოდგომაზე ფეიჰოას დაფესვიანებული ნერგი აღწევს 35-45 სმ. სიმაღლეს და ვარგისია მუდმივ ადგილზე დასარგავად.
ფეიჰოას პლანტაციის გაშენება
ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ ფეიჰოა ნიადაგის მხრივ დიდად მომთხოვნი არაა. ის კარგად ვითარდება საშუალო და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე. კოლხეთის დაბლობზე ფეიჰოას კულტურისათვის პირველ რიგში ასათვისებელ ნიადაგებს ეკუთვნის ალუვიური, სილნარი, ეწერი და სუსტი ეწერი ნიადაგები.
გარდა ნიადაგური ფაქტორისა გასათვალისწინებელია გრუნტის წყლის სიახლოვე, აბსოლუტური მინიმუმების საშუალო ტემპერატურა, ცივი და ცხელი ქანების მოქმედების სიხშირესა სიძლიერეს. რაც შეეხება აჭარა, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის გორაკ ბორცვიან წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგებს აქ ფეიჰოას კულტურას ზრდა-განვითარებისა და მსხმოიარობის საუკეთესო პირობები აქვს.
ფერმერულ მეურნეობებში სადღეისოდ ფეიჰოას სპეციალური სამრეწველო პლანტაციები ნაკლებად მოიპოვება, იგი ძირითადად გვხვდება ცალკეული ნარგაობის სახით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ურეკის, სუფსის, აბაშის, სენაკის, ხობის რეგიონებში შეხვდებით საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებულ 0.1-0.5 ჰა ფართობის მქონე პლანტაციებს.
ამ ზონებში ნიადაგის ჭარბი ტენიანობის გამო აწყობენ 12 მეტრიან ოვალურ კვლებს სადრენაჟო არხებით, ნიადაგს 2-3 წლით ადრე აკულტურებენ და რგავენ ფეიჰოას მცენარეებს 3 მწკრივად 4×3მ- ის სიხშირით ანუ 4 მეტრი მწკრივებს შორის, 3 მეტრი მწკრივში მცენარეთა შორის. ანალოგიურად წარმოებს ნაკვეთისაგეგმვა გორაკბორცვიან ზონებში. ვაკე ადგილებზე მწკრივთა შორის მანძილი შესაძლებელია იყოს 4მ. მცენარეთა შორის 3 მეტრი. რაც შეეხება 100ზე ზემოთ დაქანებულ ფერდობებს აგეგმვა წარმოებს გარდიგარდმო-ჰორიზონტალურად. სარგავ ზოლზე მოინიშნება რგვის ადგილები 3×3მ- ზე.
ნიადაგს წინასწარ ამუშავებენ 45სმ. სიღრმეზე, დამუშავებისას შეაქვთ ფოსფორიანი სასუქი 200-250კგ. ანგარიშით ჰექტარზე. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ 30- 40სმ. სიღრმის ორმოს, მასში შეაქვთ 10კგ. ტორფკომპოსტი, 250გრ. სუპერფოსფატი და 100გრ კალიუმის მარილი.
დასარგავად გამოიყენება პოლიეთილენის პარკში გამოყვანილი 1 ან 2 წლიანი სტანდარტული ნერგები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატი.დარგვის დროს ნერგს ფრთხილად აშორებენ პოლიეთილენის პარკს და მიწის კომთან ერთად ათავსებენ წინასწარ შემზადებულ ნიადაგის ნარევში, ნერგს ასწორებენ ვერტიკალურად, ფრთხილად აყრიან ნიადაგს და ტკეპნიან.
ნერგებით პლანტაციის გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე 15 სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე, გაზაფხულზე პირველი მარტიდან აპრილის ბოლომდე. პლანტაციის გაშენების დასასრულს თითოეული ფერმერი ადგენს ნაკვეთის პასპორტს, რომელშიც დაფიქსირდება: გაშენების წელი, ადგილმდებარეობა, ჯიშური შედგენილობა, გაშენებისსიხშირე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი ასევე აუცილებელია სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობისათვის.
ფეიჰოას პლანტაციების მოვლა
დარგვის შემდეგ 15 აპრილიდან 1 სექტემბრამდე ვაკე ადგილებზე წარმოებს დარგული მწკრივების 2მ. სიგანის ზოლების დამუშავება 3-4 ჯერ ხელით. რიგთაშორისებში კი ტარდება კულტივაცია. ფერდობ ადგილებზე ყველა ოპერაცია ხელით ტარდება. შტამბის ირგვლივ 50სმ. მცენარის ახლოს სარეველები ხელით უნდა მოცილდეს და ნიადაგი ფრთხილად გაფხვიერდეს. დარგვის მეორე-მესამე წელს ნიადაგის გამკვრივებასთან ერთად მცენარის ირგვლივ 8-10 სმ სიღრმეზე უნდა შემოიბაროს. ამ პერიოდში აუცილებელია ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა.
ახალგაზრდა პლანტაციის რიგთაშორისებში 1-5 წლამდე ითესება შემოდგომა-ზამთრის ან ზაფხულის სიდერატები, თესვა წარმოებს მცენარის შტამბიდან 60-70სმ-ის დაშორებით. სასურველია სიდერატების ნიადაგში ჩახვნა-ჩაკეთება რაც აუმჯობესებს მცენარეთა კვების რეჟიმს.
პლანტაციის გაშენების მეორე წელს უნდა ჩატარდეს დაღუპული, ან მექანიკურად ძლიერ დაზიანებული მცენარეების ახლით შეცვლა იგივე ჯიშებით.
ფაიჰოა მართალია ინვითარებს კომპაქტურ და შეკრულ ვარჯს, თუმცამცენარის მერქნის ფაშარი აგებულების გამო ძალზე მტვრევადია. ამდენად მცირეოდენი მექანიკური დაწოლა იწვევს ახალგაზრდა ღერო-ტოტების დაზიანებას. დაზიანება კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება დიდთოვლიანობის შემთხვევებში. ამისათვის 6-7 წლის ასაკამდე მიზანშეწონილია ახალგაზრდა ნარგაობის ვარჯის შეკვრა 3-4 ადგილას რბილი სახვევით.
ზრდასრულ პლანტაციებში დიდთოვლიანობის შემთხვევაში აუცილებებლია ნარგაობის თოვლისაგან დაბერტყვა. გაზაფხულზე ფეიჰოას შეკრული მცენარეები გაიხსნება, თოვლისა და სხვა ბუნებრივი მიზეზებითდაზიანებული ტოტები სეკატორით ან ხერხით მოიჭრება და გაიტანება პლანტაციიდან.
ფეიჰოას პლანტაციის განოყიერება
ორგანული სასუქებიდან სრულმსხმოიარე ნარგაობაში შეიტანება ნაკელი და ტორფკომპოსტი 20-40კგ ერთ ხეზე. მინერალური სასუქებიდან გამოიყენება აზოტმჟავა ამონიუმი (გვარჯილა) 33-34%, გოგირდმჟავა ამონიუმი (21-22%) და კალიუმის მარილი (35-40%).
ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები შეიტანება ნარევის სახით შესაბამისი დოზების დაცვით, შეტანა ხდება შემოდგომით , ან ადრე გაზაფხულზე, შტამბის ირგვლივ მსუბუქი გადაბარვის დროს.
აზოტიანი სასუქები შეტანახდება ორ ვადაში: 60% გაზაფხულზე გადაბარვისთანავე, ხოლო 40% ყვავილობის შემდეგ არა უგვიანეს 10-15 ივლისისა.
ფეიჰოას მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
ნერგების წარმოების პროცესში სასათბურე პირობებში აღმონაცენებს აზიანებს: მახრა, ხვატარი, ნემატოდა, თრიფსი, ღრაჭა, ბუგრები. დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია სამხრეთული სკლეროციული სიდამპლე, რომლის სოკო მიცელიუმი იჭრება ნათესარის ქსოვილებში და იწვევს ფესვის ყელის ლპობას. ასევე ფუზარიოზი ჭარბი ტენისა და მაღალი მჟავიანობის პირობებში იწვევს ნერგების ფესვებისა და კალმებზე წარმოქმნილი კალიუსის ლპობას.
მავნებლების წინააღმდეგ სანერგეში თესვისა და კალმების დარგვის წინ აწარმოებენ პექსაქლორანის შეტანას 5-8სმ სიღრმეზე. ფიტოპათოგენური სოკო- ორგანიზმების წინააღმდეგ კი საჭიროა ნიადაგის წინასწარ დეზინფექცია 2-3%- იანი კარბატიონის სამუშაო ხსნარით.
ნაყოფმსხმოიარე ფეიჰოას პლანტაციებში მავნებლებიდან გვხვდება აბლაბუდიანი და ბეწვიანი ტკიპა, ფარიანები და ცრუფარიანები, ავადმყოფობებიდან: ყვავილებისა და ნასკვების ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების ყავისფერი და ნაცრისფერი ლაქიანობა. მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ საჭიროა სანიტარულ- ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.
ბრძოლის ქიმიური მეთოდებიდან გამოიყენება სპილენძის ქლორჟანგის 0.4%-იანი ან სილსაქსილის სამუშაო ხსნარით შეწამვლა ვეგეტაციის დაწყებამდე და ნაყოფების გამონასკვის შემდეგ.
ნაყოფის კრეფა და რეალიზაცია
ფეიჰოას პლანტაცია მსხმოიარობაში შედის გაშენების მეოთხე, მეხუთე წელს, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში და მომწიფებისთანავე იწყებს ჩამოცვენას, ამიტომ მისი ნაყოფის შეგროვება პერიოდულად ხდება. მოკრეფილი და შეგროვებული ნაყოფები ხარისხდება. წვრილი ნაყოფები გამოიყენება გადამუშავებისათვის. მსხვილი ნაყოფები ეწყობა 10-12კგ ზომის ყუთებში და იგზავნება სარეალიზაციოდ. ფეიჰოას ნაყოფი ვერ ეგუება შენახვას, თუმცა სპეციალურ სამაცივრო დანადგარების პირობებში, მისი შენახვის პერიოდი შესაძლებელია გახანგრძლივდეს.
შემდგენელი: ზაურ გაბრიჩიძე
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი