ოქროწვიმა (Laburnum anagyroides) – ოჯახი პარკოსნები (Leguminosae) ლამაზი ფოთოლმცვენი ბუჩქი ან ხეა. გავრცელებულია ევროპაში. აქვს ღია მწვანე ფერის, რთული, სამმაგად დანაკვთული ფოთლები და გრძელ ჩამოკიდებულ მტევან ყვავილედად შეკრებილი ყვითელი ყვავილები.
ბოტანიკური აღწერა
5-7 მ-მდე სიმაღლის ფოთოლმცვენი ხე ან ბუჩქია დაკიდებული ტოტებით. ღერო დაფარულია თხელი, მუქი მონაცრისფრო ქერქით. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში. ფოთლები სამყურაა, 60-80 სმ სიგრძის, ყუნწიანი, მოგრძო ელიფსური ფორმის. ფოთოლაკები მოკლეყუნწიანია, ზედა მხრიდან შიშველი, ქვევიდან კი ნორჩობაში თეთრბუსუსიანი.
ყვავილები ღია ყვითელია, დაკიდულ მტევნისებრ ყვავილედებში შეკრებილი. ყვავილედი 20-30 სმ სიგრძისაა. ბუჩქი უხვად ყვავილობს აპრილ-ივნისში. ნაყოფი პარკია, ხაზურა, 50-80 მმ სიგრძის, მრავალთესლიანი. თესლები წვრილია, შავი ფერის. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით, კალმებით.
მცირე აგროტექნიკა
სინათლისმოყვარულია. კარგად ვითარდება ზომიერად ნოყიერ, კირის შემცველ, კარგად დრენირებულ ნიადაგებზე. ცუდად იტანს მკვრივ, მძიმე ნიადაგს და გრუნტის წყლების ზედაპირულ მდებარეობას. თბილისის პირობებში ყინვებითა და გვალვებით არ ზიანდება. გვაძლევს თვითნათესს.
გამწვანებაში გამოყენება
ქალაქების მწვანე მშენებლობაში ხშირად იყენებენ როგორც ხანგრძლივად, ლამაზად მოყვავილე ბუჩქს. ეფექტურად გამოიყურება გაზონზე სოლიტერად, ასევე მეჩხერ ჯგუფად მუქფოთლიანი მცენარეების ფონზე, ტყის პირებსა და ფერდობებზე, თავისუფლად მოზარდ ცოცხალ ღობეებში. ბაღში მისი დარგვის შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ მისი ყველა ნაწილი შხამიანია.
ბაღის დიზაინერი
შექმნაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი; მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.