ვაშლის გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება

ვაშლი, ბაღი, გარემო

ნიადაგი

ნიადაგის მიმართ მოთხოვნილება დამოკიდებულია საძირეების ადაპტაციის უნარზე. ნაგალა (სუსტი) და საშუალო საძირეზე დამყნობილი ჯიშები ზედაპირული ფესვთა სისტემის გამო მოითხოვენ ნაყოფიერ და კარგ ფიზიკო-ქიმიური თვისებების მქონე ნიადაგებს.

ვაშლის წარმოება შესაძლებელია მრავალი ტიპის ნიადაგებზე გარდა დაჭაობებული, დამლაშებული, ბიცი და ბიცობიანი ნიადაგებისა. მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღება შედარებით მსუბუქ ალუვიურ და საკმაოდ ტენიან, კარგი აერაციის მქონე ლამიან ნიადაგებზე.

ტემპერატურული რეჟიმი

თესლოვან კულტურათა შორის, ვაშლი ყველაზე ყინვაგამძლეა. საქართველოს კლიმატური პირობები ამ მიმართულებით არ წარმოადგენს ვაშლის ჯიშების გავრცელების შემაფერხებელ ფაქტორს. ვაშლის ჯიშების ყინვაგამძლეობა – 30 – 35℃ ფარგლებშია, გასათვალისწინებელია რომ ნაგალა (სუსტი) საძირეების ყინვაგამძლეობა -27-30℃ არ აღემატება.

ვაშლის ჯიშების წარმატებული მოყვანისთვის მოითხოვენ სითბოს კონკრეტულ რაოდენობას, კვლევებით დადგენილია, რომ კომერციული მოსავლის მისაღებად აუცილებელია 2800 – 3400℃ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (DD; ∑ > + 5℃).

ნალექები

ვაშლის (განსაკუთრებით ზამთრის სიმწიფის პერიოდის) ჯიშები, გამორჩეულად ნაგალა და საშუალო საძირეებზე დამყნობილი – მოითხოვენ ტენიანობას. მისთვის სასურველია 800-1000 მმ ნალექების რაოდენობა – ურწყავ პირობებში და 450-700მმ სარწყავ ზონაში.

ვაშლის ჯიშები ჰაერის ფარდობითი ტენიანობის მიმართ ხასიათდებიან განსხვავებული დამოკიდებულებებით, აღსანიშნავია, რომ ისინი ჭარბტენიან რეგიონებში ადვილად ავადდებიან სხვადასხვა სახის სოკოვანი დაავადებებით (ქეცი, ფესვის ყელის ფიტოფტორა და სხვ.).

მავნებელ-დაავადებები

ვაშლის კულტურა ზიანდება სხვადასხვა სახის მავნებელ დაავადებებით, რომლთა მიერ გამოწვეული დაზიანება ხშირ შემთხვევაში მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს.

ვაშლის ძირითადი მავნებლებია: ვაშლის ნაყოფჭამია, ვაშლის ხერხია, ბურტყლა ბუგრი, ამერიკული თეთრი პეპელა, კოკრიჭამია ცხვირგრძელა, ვაშლის მენაღმე ჩრჩილი, მსხლის ფსილა, ვაშლის ფოთლიხვევია, კალიფორნიის ფარიანა და სხვ.

დაავადებებიდან ვაშლის ბაღში გვხვდება: ქეცი, ნაცარი, მსხლის ჟანგა, ვაშლის შავი კიბო, ფესვების ბაქტერიული კიბო, ვაშლის მოზაიკა და სხვ. აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ გამოყენებული უნდა იქნეს დაცვის ინტეგრირებული მეთოდები.

ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები