მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი კომერციული დარგია.
ციტრუსოვანთა ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, მჟავებით, ორგანულ მჟავათა მარილებით, პექტინოვანი ნივთიერებებით და ვიტამინებით.
ციტრუსოვანთა გვარში შემავალი სახეობებიდან, საქართველოში ფართო სამრეწველო მნიშვნელობა მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს აქვს. რაც შეეხება სხვა სახეობებს -გრეიფრუტს, ციტრონს და პომპელმუსს, მათ ნაკლებად კომერციული მნიშვნელობა აქვთ და ერთეული ნარგაობის სახითაა გაშენებული.
ციტრუსებისათვის ნიადაგის შერჩევა
ციტრუსების გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მიკროკლიმატური პირობები (რელიეფი, ადგილმდებარეობის სიმაღლე, ზღვიდან დაშორება). ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ ზამთრის პირობებისადმი კულტურათა ცალკეული სახეების, ჯიშების შეგუების შესაძლებლობები.
ციტრუსოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.
ციტრუსების გასაშენებლად ნიადაგი მზადდება დარგვამდე ერთი ან ორი წლით ადრე. შერჩეული ნაკვეთები უნდა გათავისუფლდეს ბუჩქებისაგან, მათი ფესვები ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს. ნიადაგის მომზადებისას, უნდა შევიტანოთ ფოსფოროვანი სასუქი 500 კგ/ჰა-ზე დამუშავების მთელ სიღრმეზე.
ამის შემდეგ, უნდა დაითესოს წინამორბედი კულტურები (სიდერატები, მარცვლოვნები). მესამე წელს, დარგვის წინ, ვაკე და ფერდობ ადგილებზე (150-მდე დაქანებისას) ეწყობა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45- 50 სმ სიღრმეზე, ხოლო 15-300-მდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები.
ციტრუსოვანი კულტურების სარგავი მასალის გამოყვანა
ციტრუსოვანთა ნერგების გამოყვანა ხდება სპეციალურად მოწყობილ სანერგე მეურნეობებში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ნერგი უნდა იყოს იმუნური და ახასიათებდეს ჯიშის მემკვიდრული ნიშან-თვისებები.
პოლიეთილენის პარკებში ციტრუსოვანთა ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია, გრუნტში გამოყვანასთან შედარებით, შემდეგი უპირატესობით ხასიათდება: ნერგების რეალიზაცია-დარგვა მუდმივ ადგილზე შეიძლება ჩატარდეს წლის ყველა პერიოდში; ფესვთა სისტემის მთელი მასა დაუზიანებლად შენარჩუნებულია და ნერგის გახარების უნარი იზრდება 100%-მდე.
მანდარინისა და ფორთოხლისათვის სტანდარტულ ნერგებს უნდა ჰქონდეთ 15-20 სმ; ლიმონის ნერგებს 10-15 სმ სიმაღლის შტამბი 2-3 ძირითადი გვერდული ტოტი.
ნაკვეთის დაგეგმვა და ნერგების დარგვა
ვაკე ადგილებსა და 15 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე მთლიანი დამუშავებისას, მცენარეები ირგვება სწორკუთხოვნად.
მანდარინისა და ლიმონისათვის მცენარეთა შორის მანძილი 2-2,5 მეტრი, ფორთოხლისათვის და გრეიფრუტისათვის 3-3,5 მეტრი, მწკრივთაშორის მანძილი 4-5 მეტრია. მანდარინის ნაგალა ფორმებისათვის კვების არე შესაძლებელია 2×3 მ-მდე შემცირდეს.
ასეთი განლაგებისას, ერთ ჰექტარზე ეტევა: მანდარინი უნშიუ 1000 ძირი, ფორთოხალი 750-800 ძირი, მეირის ჯიშის ლიმონი 1200 ძირი, საადრეო-ნაგალა მანდარინი 2000 ძირი. ტერასებზე მცენარეთა შორის მანძილი ჰორიზონტალურად განლაგებულ მწკრივებში დაახლოებით იგივეა.
ციტრუსოვანთა ნერგი მუდმივ ადგილზე შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ირგვება, გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე.
დარგვის წინ, მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ ორმოს (90 სმ დიამეტრი 40-50 სმ სიღრმე), მასში შეაქვთ 10-12 კგ გადამწვარი ნაკელი ან ტორფნაკელიანი კომპოსტი, სუპერფოსფატი 50 გრამი. მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შეტანილ იქნას 1 კგ დეფეკაციური ტალახი.
დარგვის წინ, თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი, ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში, ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან; თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი, დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში, შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება. თითოეული ნერგი აიკვრება ჭიგოზე.
ნიადაგის დამუშავება და განოყიერება
ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გაშენების პირველ ორ წელს, ციტრუსოვანი ნარგაობის ორმეტრიანი ზოლი (თითო მეტრი მცენარის ორივე მხარეზე), სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მუშავდება 3-4 ჯერ და იმულჩება მცენარეული მასით.
რიგთაშორის დარჩენილ 2-3 მეტრიან ზოლებში ითესება ზაფხულის და ზამთრის სიდერატები, ასევე შესაძლებელია ამ ზოლის ბუნებრივი ბალახებით დატოვება.
ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით, ახალგაზრდა ბაღებში ნაკელი ან ტორფკომპოსტი ერთ ხეზე შეაქვთ: 1-5 წლამდე 15-25 კგ, 10 წლისა და მეტი ხნის ბაღებში 30-40 კგ. შეტანის ვადაა შემოდგომა-ზამთარი, ნიადაგის მსუბუქი დამუშავებით.
მინერალური სასუქებიდან შეაქვთ აზოტი, წმინდა საკვები ელემენტის მიხედვით 1-3 წლამდე 30-40 გ, 4-5 წლამდე 60-80 გ, 6-8 წლამდე 100-150 გ, ათი წლის ზემოთ 200-250 გ ყოველ წლიურად, ხოლო 6 წლის შემდეგ, ოთხ წელიწადში ერთხელ, 250 გ სუფთა ელემენტის სახით ერთ ხეზე. კალიუმი 1-5 წლამდე 50 გ, 6 წელზე ზევით, ყოველ 2 წელში ერთხელ, 100-120 გ სუფთა ელემენტი ერთ ხეზე.
თუ ნიადაგის მჟავიანობა იზრდება, საჭიროა პერიოდულად მოკირიანება. კირი შეაქვთ გადაბარვისას გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით 15 სმ სიღრმეზე. მიკროელემენტებიდან, ნიადაგისა და მცენარის ანალიზის საფუძველზე გამოიყენება თუთია, მანგანუმი, ბორი.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბაზარზე შემოვიდა ორგანო-მინერალური სასუქები, რომელთა გამოყენებაც ნიადაგს ანოყიერებს და ამდიდრებს მიკროორგანიზმებით, ორგანიკით და სხვა საკვები ელემეტებით. შესატანი დოზა 500-1000 კგ/ჰა-ზე.
საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში ციტრუსოვანი კულტურები განიცდიან წყლის დეფიციტს, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ადგილი აქვს ყვავილების წარმოქმნას და ნასკვების განვითარებას. ასეთ პირობებში, როგორც ვაკე, ისე ფერდობ ადგილებში რეკომენდებულია დაწვიმებით მორწყვა, გამაგრილებელი მორწყვა და წვეთური მორწყვა.
მორწყვის ყველა სახე იძლევა მაღალ ეფექტს. მოსავლიანობა იზრდება 30-40%-ით. გვალვების პირობებში, ციტრუსოვანთა ბაღებში ასევე რეკომენდებულია ორგანული და მცენარეული მულჩის გამოყენება, ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში ყოფნა.
ციტრუსოვანთა გასხვლა – ფორმირება
ციტრუსოვანთა ვარჯის ფორმირება სანერგეში იწყება და გრძელდება პლანტაციაში. დარგვიდან მე-2-3 წელს პირველი ზრდის ყლორტები ისხვლება 30-40 სმ სიმაღლეზე. მსხმოიარე ბაღებში, მთელი ვეგეტაციის მანძილზე, სასურველია ძლიერად მზარდი ყლორტების 1/2-1/3-ით დამოკლება, ვარჯი რომ ზედმეტად არ ჩახშირდეს.
ხეების გასხვლას ატარებენ გაზაფხულზე, როდესაც აშკარად ჩანს ზამთრით გამოწვეული დაზიანებები. გასხვლის დროს უნდა გვახსოვდეს: მანდარინის მცენარეები ძირითად მოსავალს იძლევიან გასული წლის მეორე ზრდის ნაზარდებზე, ხოლო მცირე ნაწილი – მიმდინარე წლის პირველი ზრდის ყლორტებზე.
ფორთოხალი და გრეიფრუტი ნაყოფს უმთავრესად ივითარებს მიმდინარე წლის გაზაფხულის პირველი ზრდის ყლორტებზე, ლიმონი მეიერი კი, ნაყოფებს იძლევა სანაყოფე ნაზარდებზე, რომლებიც წარმოიქმნება მიმდინარე წლის ზრდის ყლორტებზე. განსაკუთრებით საჭიროა ლიმონის ზრდის რეგულირება მთელ სავეგეტაციო პერიოდში, ძირითადი ყლორტების წვეროების წაკვეცით (პინცირებით).
გასხვლის შედეგად დაგროვებული ნარჩენი მასა უნდა შეგროვდეს, გატანილ იქნას ბაღიდან და დაიწვას. უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, რეკომენდებულია ყვავილებისა და ნასკვების ნორმირების მეთოდის გამოყენებაც.
ციტრუსოვანთა მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
მავნებლების და დაავადებების მიერ ციტრუსოვანთა კულტურებზე მიყენებული ზარალი, ბრძოლის ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, 20 დან 50 %-მდე იზრდება.
ციტრუსოვანთა ნარგავების ძირითადი მავნებლებია: ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ციტრუსოვანთა ბეწვიანი, წითელი და ვერცხლისფერი ტკიპები, ჩხირისებრი (იაპონური, ყავისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი), მძიმისებრი ფარიანები, იაპონური და ჩინური ცვილისებრი, წაგრძელებული ბალიშა და რბილი, ზღვისპირა, ვაზის ფქვილისებრი, ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანები, ნარინჯოვანთა ბუგრი, მარმარილოს ღრაჭა, ფოთოლხვევიები, კალიები, მახრა და მავთულა ჭიები.
ციტრუსოვანთა უმთავრესი დაავადებებია: მალსეკო (ხმალა), გომოზი, ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი, ანთრაგნოზი, მეჭეჭიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფესვის სამხრეთული სიდამპლე.
ცხრილში N1 მოცემულია ბრძოლის ღონისძიებები. მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ სავეგეტაციო პერიოდში ქიმიური მეთოდის გამოყენებისას ტარდება ოთხჯერადი შესხურება ინსექტიციდის+ფუნგიციდის, აკარიციდებისა და ზეთის კომბინირებული ნაზავით.
ცხრილი N1
ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდიდან ცრუფარიანების კერებში ხდება კრიპტოლემუსისა და როდოლიის გაშვება. მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ ციტრუსოვანთა ახალგაზრდა ბაღებში იყენებენ ჰერბიციდებს.
ციტრუსოვანთა მოსავლის აღება
მანდარინი უნდა მოიკრიფოს მაშინ, როდესაც კანის 2/3 დამახასიათებელ ყვითელ ფერს მიიღებს. მანდარინის კრეფის ვადები ჯიშებისა და რეგიონების მიხედვით ცვალებადია. საადრეო ჯიშები კოვანო ვასე და ქართული საადრეო იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, საგვიანო ჯიშები (უნშიუ) ნოემბრის თვეში. რეგიონების მიხედვით, აფხაზეთსა და სამეგრელოში მანდარინი 10-15 დღით ადრე მწიფდება, ვიდრე აჭარა-გურიაში.
ფორთოხალი იკრიფება ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში. ლიმონის ნაყოფის კრეფა, მიუხედავად მისი კანის შეფერილობისა, დასაშვებია მაშინ, როდესაც ის მიაღწევს სტანდარტულ სიმსხოს (50მმ) და წვნიანი გახდება.
ნაყოფის კრეფა წარმოებს მშრალ ამინდში, სპეციალური ნაყოფსაჭრელი მაკრატლით. მოკრეფილი ნაყოფი ფრთხილად ეწყობა ყუთებში.
აგროკლიმატური რისკები და ციტრუსოვანთა მოსავლიანობა
ციტრუსოვანთა ნარგაობისათვის აგროკლიმატური რისკებიდან შესაძლებელია დასახელდეს:
- ზამთრის ყინვები
ციტრუსოვანთა კულტურები ყინვებისადმი განსაკუთრებულ მგრძნობიარობას იჩენს. ლიმონისთვის დამღუპველია -8-90C; მანდარინისათვის -11-120C; ფორთოხლისათვის და გრეიფრუტისათვის -9-100C. ძლიერი ყინვებისგან დასაცავად მიმართავენ ფესვის ყელთან მიწის შემოყრას 30-35-სმ სიმაღლეზე. ასევე გამოიყენება მცენარეთა შეფუთვა, გაზით გათბობა-შებოლება და სხვა ღონისძიებები.
- საგაზაფხულო წაყინვები
რადიაციული წაყინვები განპირობებულია ნიადაგის ზედაპირის ინტენსიური გაციებით მოწმენდილ-წყნარ ღამეში. ნიადაგის ზედაპირზე წარმოიშობა ტემპერატურის ინვერსია. ტემპერატურა -2-40C-მდე ეცემა.
წაყინვების დადგომის სეზონია აჭარა-გურიაში 20 აპრილიდან 5 მაისამდე, სამეგრელო-აფხაზეთში – 15 აპრილიდან 1 მაისამდე. ზიანდება ახალგაზრდა ყლორტები, სანაყოფე კვირტები. წაყინვების საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებაა შებოლება (ნამჯა, თივა, ძველი საბურავები და სხვა).
- სეტყვა
სუბტროპიკულ ზონაში სეტყვის საშიშროება იშვიათი მოვლენაა, თუმცა არის ერთეული შემთხვევები გახაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც სეტყვა სერიოზულ ზიანს აყენებს ახალგაზრდა ყლორტებს, ასევე ტექნიკურ სიმწიფეში მყოფ ნაყოფებს. სეტყვით დაზარალებულ მცენარეებსა და ნაყოფებს უტარდებათ პრეპარატებით წამლობა.
- ხანგძლივი გვალვები
ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ყოველ მე-2-3 წელს დაფიქსირებულია საგაზაფხულო და საზაფხულო გვალვები. გვალვების ხანგრძლივობა 30-50 დღეა. ნიადაგში ტენის ძლიერი დეფიციტი იწვევს ნასკვების და ნაყოფების მასიურ ცვენას, ფოთლების ჭკნობას და ხმობას. ასეთ პირობებში მაღალეფექტიანი ღონისძიებაა მორწყვა.
- უხვთოვლიანობა
ტენიან სუბტროპიკებში უხვთოვლიანობა ხშირი შემთხვევაა. რეგიონებისა და ზონების მიხედვით თოვლის საბურველის სიმაღლე 0,30-1,5 მ-მდე მერყეობს. შესაძლებელია ერთი დღე-ღამის განმავლობაში 1 მეტრი სისქის თოვლიც კი მოვიდეს. დიდთოვლიანობა იწვევს ხეების მექანიკურ დახლეჩვა-დაზიანებას, აძლიერებს ყინვების მოქმედებას. საჭიროა, დროულად გათავისუფლდეს მცენარეები თოვლისაგან.
- ეროზია, მეწყერული მოვლენები, წყალდიდობები
საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში ნალექების არათანაბარი განაწილება ქმნის ეროზიისა და მეწყერული მოვლენების განვითარების საშიშროებას. განსაკუთრებით შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე, უხვი ნალექებისა და თოვლის დნობის პერიოდში, ადგილი აქვს ზვავებს, მეწყერებს, ნიადაგის ეროზიას, წყალდიდობას.
ციტრუსოვანთა ბაღები, რომლებიც აღნიშნული მოვლენების ზემოქმედების ქვეშ მოხვდებიან ძლიერ ზიანდებიან ან მთლიანად ნადგურდებიან. აღნიშნული უარყოფითი ქმედებების სალიკვიდაციოდ, საჭიროა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.
უნდა გახსოვდეთ: ციტრუსოვანთა ბაღებში მაღალხარისხოვანი სტანდარტული ნაყოფების მიღება შესაძლებელია მხოლოდ აგროტექნიკური ღონისძიებების სრულყოფილად გატარების შემთხვევაში. რომელიმე ერთი ღონისძიების უგულებელყოფაც კი შესაძლებელია გახდეს მოსავლის მთლიანი განადგურების, ან მცენარის გახმობის მიზეზიც კი.
თუ აგროტექნიკის რომელიმე რგოლი დაირღვა, ფერმერები მიიღებენ არასტანდარტულ ნაყოფებს, რომლის რეალიზაცია გართულდება და ფერმერთა შემოსავლებიც შემცირდება.
„ჩვენი სოფელი“
დააზღვიეთ მოსავალი, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები – გაზარდეთ საკუთარი შემოსავალი! აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!