მსხალი (Pyrus communis L.) ტიპიური ზომიერი კლიმატის ხილია, რომლის წარმოშობის ძირითადი კერები განლაგებულია აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკებში (ჩინეთი), მცირე და შუა აზიაში.
სახეობათა წარმოქმნის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს სამხრეთ კავკასია და კერძოდ, საქართველო, სადაც მსხლის მრავალი სახეობაა აღწერილი. რომელთაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია პანტები (Pyrus caucasica Fed.) და ბერყენები. სწორედ პანტიდან წარმოიშვა მსხლის ადგილობრივი ჯიშების უმრავლესობა.
მსხალი მიეკუთვნება ვარდისებრთა (Rosacea) ოჯახს, Pyrus-ის გვარს, რომელიც აერთიანებს 24-ზე მეტ სახეობას. ძირითადი სამრეწველო ჯიშები წარმოშობილია ორი სახეობიდან – Pyrus communis L. (ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალიაში გავრცელებული ჯიშები) და Pyrus pyrifolia Burm. (სამხრეთ და ცენტრალურ ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ჯიშები).
მსხალი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ და მაღალი საწარმოო ღირებულების მქონე ხილად ითვლება. მისი მსოფლიო წარმოება საშუალოდ 24 მლნ. ტონას უდრის. ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა ჩინეთი სადაც ყველწლიურად 4 მლნ ტონა მსხალს აწარმოებენ, შემდეგ მოდის არგენტინა, იტალია და აშშ. მსხლის კულტურის საერთო ფართობი, 2017 წლის მონაცემებით მსოფლიოში შეადგენს 1 136 700 ჰა-ს.
იხილეთ: მსხლის დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები
მე-19 საუკუნის მიწურულამდე საქართველოში მხოლოდ მსხლის ადგილობრივი წარმოშობის ჯიშები არსებობდა. მსხლის უცხოური ჯიშები პირველად ქართლის ვაკეზე გავრცელდნენ. ეს ჯიშები ყინვებისადმი ნაკლებად მდგრადები იყვნენ, რის გამოც ნაკლებად გვხვდებიან მთიან რეგიონებში.
მსხლის ქართული, ადგილობრივი ჯიშები დაყოფილია ოთხ ჯგუფად:
→ გულაბი მსხლები, დაჯგუფების საფუძველს წარმოადგენს ნაყოფის არომატული თვისებები და დიდი ზომა;
→ პანტა მსხლები, ამ ჯგუფში გაერთიანების საფუძველია ნაყოფის ჩაშავება მომწიფების დროს, როგორც ეს ველურ სახეობას – პანტას ახასიათებს;
→ კალოს მსხლები, ამ ჯგუფში შედის სიმწიფის საადრეო პერიოდის მსხლები – ივლის-აგვისტო;
→ ხეჭეჭური მსხლები.
საქართველოში აღწერილია და გავრცელებულია მსხლის 60 – ზე მეტი ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიში. საქართველოში მსხლის წარმოება შეადგენს 14 ათას ტონას (საქსტატი 2017) მსხლის ჯიშები საუკეთესო პროდუქციას იძლევა ქართლში, კახეთში და მესხეთში.
კვებითი ღირებულება და გამოყენების მიმართულებები
მსხლის კულტურის ფართო გავრცელებას ხელს უწყობს ნაყოფის მაღალი კვებითი ღირებულება. კარგი მსხმოიარეობა, კურკოვან კულტურებთან შედარებით ნაყოფის შენახვისა და ტრანსპორტაბელობის უკეთესი უნარი, ნაყოფის გამოყენების მრავალფეროვანი ხასიათი (ნედლად, ჯემი, წვენი, კომპოტი, ჩირი).
მსხალი არ არის კალორიული ხილი, მაგრამ დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს. ნაყოფში ნახშირწყლების შემცველობაც არ არის მაღალი და შეადგენს 7.61-13.17%, მაგრამ ვაშლის მსგავსად მდიდარია ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით.
ნაყოფი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C, B, და E ჯგუფის ვიტამინებს და მინერალური ნივთიერებებიდან, სპილენძს, რკინას და მანგანუმს. ასევე მაღალკომერციული მნიშვნელობა აქვს მსხლის მერქანს. იგი გამოიყენება ძვირფასი ავეჯის და მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადებლად.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.