თხილის გავრცელების აგროეკოლოგიური ზონების დახასიათება

თხილი, აგროზონა

რეზიუმე: საქართველოში ბუნებრივი პირობების მკვეთრი ცვალებადობა ქმნის ამა თუ იმ კულტურის გავრცელების შესაბამის ზონას. დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სადაც ტენიანი სუბტროპიკული კლიამტია თხილის კულტურა სამრეწველო მნიშვნელობით ვრცელდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეული ზონები განსაკუთრებით შიდა კახეთის გაღმა მხარე, რომელიც ბუნებრივი პირობებით უახლოვდება დასავლეთ საქართველოს, რეკომენდირებული აგროტექნიკური სამუშაოების გატარებით გაზრდის თხილის საწარმოო გავრცელების არეალს. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უნდა მოხდეს მოსავლიანობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება.

ბუნებრივი პირობების ცვალებადობა ქმნის ამა თუ იმ კულტურის გავრცელების შესაბამის ზონას:

შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, რომელიც მოიცავს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს და აფხაზეთის რაიონებს; გავრცელების შესაძლებლობის მიხედვით დომინირებს ნოტიო სუბტროპიკული ჰავის მოყვარული აბორიგენული თხილის კულტურა.

აღმოსავლეთ საქართველოში შავი ზღვიდან მეტი დაშორების გამო, ჰავა შედარებით კონტინენტურია. ნალექების წლიური რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირეა და ჰავა შედარებით მშრალი;

თხილის კულტურის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ნორმალური ყვავილობა დამოკიდებულია ზამთრის პერიოდის ტემპერატურულ პირობებზე, მოსავლიანობა კი სავეგეტაციო პერიოდში ნიადაგის და ჰაერის ტენიანობის რეჟიმზე, რომელსაც უმთავრესად ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განაპირობებს.

აღმოსავლეთ საქართველოში თხილის გავრცელებისათვის ხელსაყრელია ცალკეული ზონები, განსაკუთრებით შიდა კახეთის გაღმა მხარე, რომელიც აგროკლიმატური მახასიათებლები უახლოვდება დასავლეთ საქართველოს თხილის გავრცელების ზონების მონაცემებს.

თხილის წარმოების ზონები შეიძლება შეირჩეს შიგა კახეთის გამოღმა მხარეში, გარე კახეთის ჩრდილო დასავლეთით, ქვემო ქართლის დასავლეთ და შიდა ქართლის მთისწინა ნაწილში, სადაც სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით გაფარ- თოვდება თხილის საწარმოო გავრცელების არეალი;

აგროკლიმატური ზონების მიხედვით ზამთრის ტემპერატურული პირობების განსხვავება სხვადასხვა პერიოდის ყვავილობის ჯიშების გაადგილებას მოითხოვს, სავეგეტაციო პერიოდში სითბოს რაოდენობა თხილის ჯიშების გავრცელების საზღვრებს, ხოლო ნალექების რაოდენობა წელიწადის დროების მიხედვით ბაღების მორწყვის ნორმებს და ვადებს განაპირობებს.

აჭარა-გურია

აჭარა-გურიის შავიზღვისპირეთის ზოლი, რომელიც ზღვის დონიდან 200 მ. სიმაღლემდე მდებარეობს, ხასიათდება ერთგვაროვანი აგროკლიმატური მაჩვენებლებით.

აჭარა-გურიის ვაკე უხვი ატმოსფერული ნალექებით ხასიათდება, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დაბლობ ნაწილში 13-14,50C, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3850-4450 გრადუსის ფარგლებში იცვლება; იანვრის საშუალო ტემპერატურა მთელ აჭარაგ-ურიის ვაკეზე, მთისწინების ჩათვლით 4-70C -ის საზღვრებში იცვლება;

აღნიშნული პირობები ხელსაყრელია ყვავილობის ნორმალური მიმდინარეობისათვის; აჭარის ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 2600-3200 მ-ს უდრის, სავეგეტაციო პერიოდში 52-56% მოდის. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 74-82%-ის ფარგლებშია.

აჭარა-გურიის ვაკეზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძირითადად ეწერი და ალუვიური ტიპის ნიადაგებია, სანაპიროს დადაბლებულ ზოლში კი დაჭაობებული, აღმოსავლეთით შემაღლებულ ნაწილში წითელმიწა ნიადაგები, ბორცვების დამრეც ფერდობებზე კი მცირე სისქის გაეწრებული წითელმიწები.

აჭარა-გურიის მთისწინა და მთიანი მხარე მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრზე, ზევით, სადაც ქედების ფერდობები მიმართულია დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 200-1500 მ. სიმაღლის ფარგლებში 14-დან 6,5 გრადუსამდე მცირდება;

ფერდობის დახრის მიმართულების მიხედვით შეიძლება შეირჩეს მიკროზონები, სადაც შესაძლებელია თხილის საადრეო ჯიშების გავრცელება; ნალექების საერთო რაოდენობა 3200-1600 მმ. ფარგლებშია; სავეგეტაციო პერიოდში მოდის 800 მმ-ზე მეტი.

აჭარა-გურიის მთისწინებსა და მთიანეთის ნიადაგები მრავალფეროვანია, ძირითადად გვხვდება ტყის ყომრალი და გაეწრებული ნიადაგები, რომლებიც ცვლიან წითელმიწა ნიადაგებს; მაღალმთიან ზოლში კი ტყის ყომრალი და გაეწრებული ნიადაგები იცვლება მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით. მდ. სუფსის ხეობაში ალუვიური უკარბონატო, თიხნარი და ქვიშნარი ნიადაგებია.

კოლხეთის დაბლობი

კოლხეთის დაბლობი დასავლეთ საქართველოს ყველაზე დაბალი ადგილია, რომელსაც მდ. რიონი ორ ნაწილად ყოფს; დაბლობი მოიცავს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს და აფხაზეთის ტერიტორიების დაბლობ ნაწილს, სადაც გაერთიანებულია ზღვის დონიდან 200 მეტრ სიმაღლემდე არსებული ფართობები.

კოლხეთის დაბლობზე წლის ყველა სეზონში თბილი, შავი ზღვიდან მონაბერი ნოტიო ჰაერის მასების ზეგავლენით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთარია და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით.

აღნიშნულ ზოლში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,5-14,5 გრადუსის ფარგლებშია. ყველაზე ცივი თვის საშუალო წლიური ტემპერატურა 3,5-60C, ატმოსფერული ნალექები 1400-2000 მმ-მდეა, ნალექების წლიური რაოდენობიდან 40-55% სავეგეტაციო პერიოდში მოდის.

კოლხეთის დაბლობი გამოირჩევა ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობით, რაც ხელსაყრელია სითბოს და ტენის მოყვარული თხილის კულტურისათვის; სამგრელოში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 75-84%-ს აღწევს, იმერეთში 72-77%, გურია-აჭარაში კი 79-83%-ს.

კოლხეთის დაბლობზე მდ. რიონის ხეობის დინების გასწვრივ დამახასიათებელია ძლიერი ქარების ზემოქმედება, რომლებით განსაკუთრებით საზიანოა ყვავილობის პერიოდში.

ამიტომ აუცილებელია ქარსაფარი ზოლების გაშენება ქარის ქროლვის, სიძლიერის და ინტენსივობის გათავლისწინებით. დაბლობის სანაპირო ზოლში გავრცელებულია წითელმიწა გაეწერებული ნიადაგები, რომელიც ესაზღვრება ალუვიურ, ჭაობიან და ყვითელმიწა-ყომრალ ნიადაგებს.

მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს კერძოდ, იმერეთში, უხვი ნალექების მიუხედავად ზაფხულში ადგილი აქვს გვალვასაც. რაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე, ამ შემთხვევაში საჭიროა ბაღის მორწყვა.

შიდა ქართლი

შიდა ქართლის დაბლობზე ჰავა ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალია, სიმაღლის მატებით ჰავა ზომიერად ნოტიო ხდება. ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 600-1500 მ. სიამღლემდე 10,5-4,5 გრადუსს შორის იცვლება. იანვრის საშუალო ტემპერატურა კი _ 0,5-2,0 გრადუსია.

გაზაფხულის საგვიანო წაყინვები აპრილის მეორე ნახევარში წყდება; ნალექების წლიური ჯამი 900 მმ-ზე მეტია. ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 600 მმ-ს უდრის. ჰაერის შეფარდებითი სინოტივე 75%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებლები ხელსაყრელ რეჟიმს ქმნის თხილის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით მორწყვის ჯერადობა დამოკიდებულია გვალვიანი პერიოდის ხანგრძლივობაზე. ზონაში გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთისა და მისი საწინააღმდეგო სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარები.

ქარებს საშუალო წლიური სიჩქარე და ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი ზონაში საკმაოდ დიდია. ქარის ზეგავლენის მიხედვით ზონა I კატეგორიას მიეკუთვნება, ამიტომ ძირითადი ქარსაფარი 5-8 რიგიანი, ხოლო დამატებითი 2 რიგიანი უნდა იყოს.

შიდა ქართლის ნიადაგური საფარი მრავალფეროვანია. გვხვდება ალუვიური ტიპის, ასევე ყავისფერი და რენძინო-ყავისფერი, მთა-ტყე მდელოს და ტორფიანი ნიადაგები. ზონაში დიდი ფართობი უჭირავს ყომრალ და რენძინო-ყომრალ ნიადაგს.

კახეთი

კახეთი ხასიათდება ზომიერად ნოტიო ჰავით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა და სითბოს ჯამი მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს შედარებით ნაკლებია ვიდრე მარჯვენა მხარეს, თხილის შესაძლო გავრცელების საზღვრებში 4200-18000-ის ფარგლებშია. ნალექების წლიური ჯამი 1200 მმ –ს ჭარბობს. ნალექების საერთო რაოდენობიდან 68-70% სავეგეტაციო პერიოდში მოდის.

თხილის მოსავლის მისაღებად საჭიროა ჰაერისა და ნიადაგის სათანადო ტენიანობა.ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობა ზონის უმეტეს ნაწილში 72-74% ფარგლებშია.

ზონაში გავრცელებულია ტყის ყომრალი და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგები, მთისწინების ზოლში გვხვდება ტყის ყავისფერი ნიადაგები, რომელიც გამოირჩევა ჰუმუსიანი გარდამავალი ჰორიზონტების 30-40 სმ სისქით და 6-7%-იანი შემცველობით. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდელოს ყავისფერი დამლაშებული და შავმიწა ნიადაგებია გავრცელებული;

თხილის კულტურის გავრცელების არეალისა და მოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდა, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უნდა მოხდეს.

აღსანიშავია, რომ თხილის კულტურის ზრდა-განვითარებაზე ჰავას უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს. თხილის ფართობების გაზრდა რეკომენდირებულია ამ კულტურის გავრცელების ისტორიულ-ტრადიციულ რაიონებში არსებული ხელსაყრელი კლიმატური ზონებისა და მიკროზონების გამოვლენის ხარჯზე. სამრეწველოდ დარაიონებული ჯიშების ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებით.

ავტორები: ი. ვასაძე; ნ. მიროტაძე, ვ. გოგიტიძე /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია./

იხილეთ (დაკლიკეთ) აგრეთვე: თხილი – დარგვა, გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები

თქვენი რეკლამა