ქლიავი (Prunus domestica L) ფართოდ გავრცელებული პოლი მორფული ხეხილოვანი კულტურაა, რომელიც ხასიათდება ქვესახეობების, ჯიშების, ფორმებისა და პოლიპლოიდური ფორმების მრავალფეროვნებით.
სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ შინაური ქლიავი სავარაუდოდ წარმოშობილი უნდა იყოს ტყემლისა (P. cerasifera) და კვრინჩხის (P. Spinosa) სპონტანური შეჯვარების შედეგად.
ზოგიერთი უახლოესი ციტოგენეტიკური და გენეტიკური კვლევა განიხილავს ჰიპოთეზას, რომ შინაური ქლიავი მიღებულია მხოლოდ ტყემლის პოლიპლოიდური 2 X, 4 X, 6 X ფორმებისგან. ასევე მიიჩნევა, რომ შინაური ქლიავის წარმოშობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენს სამხრეთი კავკასია, თავისთავად საქართველოც, სადაც ტყემალი და კვრინჩხი ბუნებრივად სპონტანურად იზრდება ერთმანეთის გვერდით.
ქლიავის თანამედროვე სამრეწველო ჯიშების სორტიმენტი ძირითადად შედგება შემდეგი სახეობებისაგან: Prunus domestica (შინაური ქლიავი), Prunus Salicina (ჩინურ-იაპონური ქლიავი), Prumus Cerasifera (ტყემალი) და მათი ინტერსპეციფიკური ჰიბრიდებისგან.
შინაური ქლიავის ჯიშებს ასევე აჯგუფებენ სამეურნეო- ფენოტიპური მახასიათებლების მიხედვით და მასში გამოიყოფა შემდეგი ცალკეული კლასტერები:
უნგრულები (ssp. domestica) – მუქი ლურჯი იისფერი შეფერვა, მკვრივი რბილობი, (იტალიური უნგრულა, შავქლიავა, სტენლი და სხვ.), რენკლოდები – ლომბარდიული (ssp italica var. claudiana, rotunda) – მწვანე ან მოყვითალო-მოწითალო ფერის, მრგვალი მსხვილი ნაყოფი, კურკა თავისუფალი, ორმაგხერხკბილა ფოთოლი – ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და სხვ.), კვერცხისებური ქლიავები (ssp intermedia) – ყვითელი ან წითელი, ელიფსური ნაყოფები, კურკა ძნელად სცილდება (ჯეფერსონი, კოლუმბია, ვიქტორია, კვერცხისებური ყვითელი და სხვ.), მირაბელები (ssp syriaca) – წვრილი მრგვალი მჟავე ყვითელი ან წითელი ქლიავები – ნანსის მი-რაბელი, მეცის მირაბელი და სხვ.) კვრინჩხისებური ქლიავები (ssp insititia) და სხვ.
ცაკლე გამოიყოფა ე.წ. ჩინურ-იაპონური ქლიავების (Prunus salicina) რიგი, რომელიც აერთიანებს კომერციული დანიშნულებისათვის გამიზნულ მეტად მნიშვნელოვან ჯიშებს, რომლებიც ზოგადად ხასიათდებიან პატარა კურკით, ინტენსიური წითელი, ყვითელი ან შავი შეფერვით, ორიგინალური საგემოვნო თვისებებით და შენახვის უკეთესი უნარიანობით.
კულტურულ ქვესახეობების, ჯიშებისა და ფორმების სიმრავლე, რომლებიც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში, საშუალებას იძლევა, რომ ქლიავი აწარმოონ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ განედებზე, როგორც სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთით.
ქლიავის ყოველწლიური მსოფლიო წარმოება 11.8 მილიონ ტონას შეადგენს (FAOსტატ 2018). ქლიავის კულტურის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა (2018 წლის მონაცემებით) ჩინეთია – 6.7 მილიონი ტონა. ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებლები არიან – რუმინეთი – 435 ათასი ტონა, აშშ- 420 ათასი ტონა და სერბეთი 330 ათასი ტონა. მოსავლის მოცულობით გამოირჩევა ასევე ირანი, თურქეთი და ჩილე (330-290 ათასი ტონა). (FAOშტატ, 2017), ევროპაში ქლიავის წარმოებით გამოირჩევიან საფრანგეთი და იტალია.
საქართველოში ქლიავი გავრცელებულია თითქმის ყველგან (ქართლი, კახეთი, ზემო იმერეთი, აფხაზეთი, მესხეთი, რაჭა-ლეჩხუმი), თუმცა, სამრეწველო მიზნით ძირითადად აწარმოებენ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ რეგიონებში – შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი გააჩნია სასუფრე და საჩირე მიმართულების ქლიავის სამრეწველო ჯიშების წარმოებას.
უკანასკნელი წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად ქლიავის ყოველწლიური წარმოება 3800 ტონიდან (2017 წელი) 13100 ტონამდე (2017 წელი) მერყეობს (GEO სტატ 2019). ქლიავის წარმოების ძირითად რეგიონს მაინც შიდა ქართლის რეგიონი წარმოადგენს (მთელი წარმოების 50 %).
ქლიავის სამრეწველო ჯიშების სორტიმენტი ძირითადად მოიცავს ინტროდუცირებულ ისეთ ჯიშებს, როგორიცაა სტენლი, იტალიური უნგრულა, ალტანის რენკლოდი, კვერცხისებური და ა.შ., თუმცა ქლიავის ადგილობრივ ფორმებიდან ასევე გავრცელებულია და ინტერესს იწვევს შავქლიავას, ჭანჭურის, თეთრი ქლიავის, წყალქლიავას ჯიშ-პოპულაციები, რომლებიც განსხვავდებიან მთელი რიგი ფენოტიპური და მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით: კურკის ფორმა, რბილობის სიმკვრივე, სიმწიფის პერიოდი. ნაყოფის ზომა და ფერი და სხვ.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.